Feeds:
Posts

Posts Tagged ‘high’


როგორც იქნა მოვწყდი მიწას და ვლივლივებ ჰაერში, მივაღწიე ატმოსფეროს ზედა საზღვარს, მაგრამ აქ ჰაერი ცოტაა ვიგუდები… ვიფუშები, ვებრძვი უჰაერობას, ვხროტინებ და თან მსიამოვნებს, რომ მე ამსიმაღლეზე ვარ და ადამიანები ჭიანჭველებივით მოჩანან ქვემოთ, პატარა სათამაშოები…

სულისხუთვა მავიწყდება და ბავშვივით მიხარია, რომ ქვემოთ მყოფებს შემიძლია თავზე დავაფურთხო ზემოდან. მე ვიფურთხები, ვიგინები, ტანსაცმელს ვიფხრეწ და თავზე ვაყრი, როდესაც ტანსაცმელი მითავდება ტანს ვიფხაჭნი და რაც მძვრება, სისხლიანი ხორცის ნაჭრები, იმასაც ქვემოთ ვუშვებ. მე ის აღარ მჭირდება, რაც უფრო მსუბუქი ვიქნები, მით უფრო ადვილად ავფრინდები ზემოთ. არ მჭირდება მე ძუძუ, არ მჭირდება მე გულმკერდი, არც თიკმელი არ მჭირდება, არც ხორცი არ მჭირდება ფეხებზე… წაიღეთ, წაიღეთ…

ცივი და უცხო ჰაერი სჭვალავს ჩემს ნახევრადდაფლეთილ ფილტვებს, რომლებიც ყოველ შესუნთქვაზე სასაცილოდ იბერებიან და იფუშებიან, იბერებიან და იფუშებიან… არც ფილტვები არ მინდა, არაფრად არ მჭირდება ფილტვები მე აქ. მე ვხვდები, რომ ღმერთთან ძალიან ახლოს ვარ და ცოტაღა მაკლია მის მისაღწევად, ამიტომ ფილტვებსაც ქვემოთ მოძრავ ჭიანჭველებს ვაყრი თავზე და… ვჩერდები… აღარ მივფრინავ არც ზემოთ და არც ქვემოთ, უბრალოდ ვლივლივებ, ჩონჩხად და ზედ ხორცის სისხლიანი ნაფლეთები მკიდია. რა კარგია აქ, ნეტავი სულ აქ ვიყო, ვერ ვგრძნობდე ვერც მიწას, ვერც ცას, ვერც ხელს, ვერც ფეხს, არ მქონდეს არაფერი რაც შემაწუხებდა… უტკივილოდ კარგია… და მე უცებ დავინახე… ღმერთი დავინახე… ის ზუსტად ჩემნაირად იყო, სასაცილოდ შემოფლეთილი და სახეზე ღვთიური ნეტარება ეწერა. ეს ხომ მე ვარ? მე ღმერთი ვყოფილვარ! მე ვარ ღმერთი! ღმერთი ვარ მე!!!

მიწა საოცარი სისწრაფით მიხლოვდება… ვგრძნობ როგორ ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე ჩამიხუტოს, ადამიანები აღარ არიან ჭიანჭველების ხელები, სწრაფად იზრდებიან და თავები ზემოთ აქვთ მოქცეული, ჩემს ვარდნას უყურებენ, ჩემსავე ნაწილებს ჯიჯგნიან და წაშლილ თვალებში პირუტყვული ინტერესი უკრთით. მიწა კი… მას არანაირი ინტერესი არ უკრთის თვალებში, ის უბრალოდ მელის, ხელებგაშლილი მელის, რომ ჩავეხუტო. ბოლო წამს გავიგე მსუბუქი წამოკივლება და ირგვლივ დაბნელდა.

მე კიდევ ერთხელ მოვკვდი.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,756 other followers

%d bloggers like this: