Feeds:
ჩანაწერები

თუკი ქალაქში ცხოვრობ, ჩემსავით და მამულები არ გაქვს, სადაც შეგიძლია ბევრ ჰექტარზე ხორბალი და ქერი დათესო, მაგრამ სულის სიღრმეში მიწის ყივილი მაინც ჩაგესმის, ეს პოსტი შენთვისაა.

აივანზე, ფანჯარაზე და ზოგადად ქოთანში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა არც ისე რთული და წარმოუდგენელი პროცესია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო – საკმარისი ზომის ქოთანი (სასურველია თუ 10 ლიტრზე მეტი მოცულობის იქნება), მიწა, სასურველი ბოსტნეულის თესლი და მზე. მზე ამ შემთხვევაში მთავარი ინგრედიენტია, რადგან უმზეოდ მხოლოდ სოკოს მოყვანაა შესაძლებელი. სასურველია თუკი ფანჯარა ან აივანი, სადაც ბოსტნეულის მოყვანას ვაპირებთ, იქნება სამხრეთის – ამ შემთხვევაში მზე ყველაზე მეტად მიუდგება ნათესებს, ან დასავლეთის – ჩამავალი მზე უფრო მწველია, ვიდრე ამომავალი. თუკი ფანჯარა ან აივანი ჩრდილოეთის მხარესაა და მზე არასოდეს ადგება ზედ, მაშინ შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანის ოცნებაზე ხელი აიღოთ. ჩრდილში არაფერი გაიზრდება.

ახლა ცოტა დაწვრილებით გავყვეთ ყველა პუნქტს. ამ პოსტის დაწერის მომენტში მე თავად მაქვს აივანზე დაახლოებით ერთი კვირის ნათესები, ასე რომ პოსტს ორიგინალი ფოტოებითაც გავაჯერებ. მაშ ასე, პუნქტი:

1.  თესლები – თუკი თბილისში ცხოვრობთ, ბოსტნეულის თესლის შოვნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ადვილია. ვაგზლის მოედანზე, კონკრეტულად კი დეზერტირების ბაზრის წინ (ბავშვთა სამყაროდან ჩამავალ ქუჩაზე) არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზრობა, სადაც იყიდება დეკორატიული ყვავილები, მიწა და ბოსტნეულის თესლები. თესლები ასევე იყიდება დიდუბის მეტროს მიდამოებში, მაღაზიებში, რომლებსაც “მცენარეთა მოვლის საშუალებები” აწერია, ბევრია ეგეთი.
აივნის მასშტაბისთვის, სადაც მიწის საერთო ფართობი არ აღემატება რამდენიმე კვადრატულ მეტრს, რამდენიმე ლარის თესლი სრულიად საკმარისია. თითო სახეობის მცენარისთვის 50 თეთრის რომ ვიყიდოთ, ჩვენს ხელთ არსებული ქოთნების ათმაგ რაოდენობასაც ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვა – თესლები იაფია და ხელმისაწვდომი.ჩემს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ქოთნისთვის შევიძინე 3 ლარის თესლი, რაც ქვედა სურათზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაუნანებლად დავთესე, ამ რაოდენობას ფაქტიურად არაფერი მოკლებია:001 - teslebi

2. მიწა, ქოთნები და დათესვა – ქოთნად გამოდგება ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც აქვს საკმარისი მოცულობა. საკმარისი მოცულობა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის სხვადასხვაა – ბოლოკს და მწვანილს თუ რამდენიმე ლიტრა ეყოფა, კიტრს და პამიდორს ბევრი უნდა. ფაქტიურად რაც მეტი, მით უკეთესი. მიწის ყიდვა იქვეა შესაძლებელი, სადაც თესლების (ზედა პუნქტში წერია). ყიდვა თუ არ გნებავთ, ნებისმიერი მიწა წავა, მთავარია სასუქი არ მოაკლდეს და თიხიანი, ანუ წებოვანი არ იყოს. მოკლედ, როგორ მიწას და ქოთანსაც ვიშოვით ავიღებთ და დავთესავთ შიგნით თესლებს. თავიდან ჯობს, თუ საკმაოდ ბლომად ჩაიყრება თესლები, რადგან ჯობია ბევრი ამოვიდეს და მერე ამოითხაროს ზედმეტები, ვიდრე ცოტა დავთესოთ და საერთოდ არ ამოვიდეს.

აი, “რაც ვიშოვე იმაში” დათესილი პამიდორი ჩერი. რაც მთავარია, ქოთანს აუცილებლად უნდა ქონდეს ქვემოდან ნახვრეტები, რათა ზედმეტი წყალი გარეთ გამოვიდეს და მცენარის ფესვები არ დაალპოს. დათესვისას არაა აუცილებელი და არც სასურველი, რომ კურკები მაინცდამაინც ქოთნის ძირამდე ჩავტენოთ, 5-10 მილიმეტრი არის უნივერსალური სიღრმე ნებისმიერი ბოსტნეულისთვის. უფრო ნაკლებ სიღრმეზე დათესილი შეიძლება გამოშრეს და საერთოდ არ დაიწყოს ამოსვლა, უფრო ღრმად დათესილი კი ზედაპირამდე სანამ ამოვა, მანამდე დაიღუპოს.

პამიდორი ჩერის ნათესი 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში.

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი - ნათესები

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი – ნათესები

3. დათესვის შემდგომი მოვლა – არც ეს პუნქტია რთული. ქოთნები უნდა დაიდგას სითბოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ მოირწყას. სითბო და საკმარისი რაოდენობის წყალი (ოღონდ არა ზედმეტი) ხელს უწყობს თესლების სწრაფად გაღვივებას და შესაბამისად, სწრაფად ამოსვლას. ნათესები ამოსვლას იწყებს სხვადასხვა დროს, ბოსტნეულის სახეობის მიხედვით. ჩემს შემთხვევაში პირველი ამოიწვერა ბოლოკი, ორიოდე დღეში, შემდეგ კიტრი – ესეც თითქმის მასე, მერე რეჰანი და თითქმის ერთი კვირის თავზე, როცა უკვე იმედიც არ მქონდა, რომ საერთოდ ამოვიდოდა – პამიდორი ჩერი.

ქვემოთ: პირველ სურათზე ბოლოკის ნათესები მეხუთე დღეს, მეორეზე კი ბოლოკი და კიტრი დათესვიდან მერვე დღეს.

005 - natesi dge xuti 006 - natesi dge rva

4. ამოსვლის შემდგომი მოვლა – თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ჩვენი ძვირფასი ბოსტნეულის და მწვანილის ნათესი ამოსული იქნება იმდენად, რომ ადვილი მისახვედრია – ამდენი რამე საწყის ქოთანში არ დაეტევა. შეგვიძლია ნელნელა ამოვძირკვოთ სუსტი ღერები და რამდენიმე ძლიერი დავტოვოთ, მერე მათგანაც ნელნელა გამოხშირვით საბოლოოდ ერთ ქოთანში მივიღებთ ერთ, ყველაზე ძლიერ ძირს. მაგრამ მეორე, უფრო ჟმოტური მეთოდიც არის. რადგან მცენარეები უკვე ამოვიდა და ახალი ძირებისთვის თავიდან დათესვას და იმათი ამოსვლის ლოდინს დრო უნდა, ვაცდით ამ ახალ ამოსულებს გაზრდას რაღაც დონეზე და შემდეგ, რამდენიმე ძლიერ ნერგს ვანაწილებთ ახალ ქოთნებში. შესაბამისად, ერთი დათესვით ვიღებთ ბევრ, რეალურად რამდენ ქოთანს და შესაბამის მიწასაც ვიშოვით, იმდენ ძირ ბოსტნეულს. მწვანილს გამოხშირვა არ ჭირდება, ბალახია მაინც და მაგის მოსავლის მოწევას არ ველით, მთავარია ბევრი ფოთოლი ქონდეს, ამას კი ერთადაც კარგად მოახერხებენ ძირები.

5. სასუქები და ამბები – ბოსტნეულს სასუქი ჭირდება. სასუქის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია მარტო უმაღლესი ხარისხის, ტყის მიწაზე. ჩვეულებრივ, არც ისე ნოყიერ მიწას, ჭირდება დამატებით საკვები ნივთიერებების დამატება. სასუქი არსებობს ორგვარი – მინერალური და ორგანული. ორგანულში შედის ნაკელი და მსგავსი რამეები, მინერალურში კი… მინერალურები. მე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ გამოყენებული მიწის ნაყოფიერებას დიდად არ ვენდობი (წინა წლებში მარწყვები მომყავდა იგივე მიწაში და რეალურად, საკმაოდ გამოფიტულია), გადავწყვიტე სასუქის გამოყენება. მინერალურის, რადგან ნაკელის და კომპოსტის შოვნის თავი არ მქონდა.

ზემოთხსენებულ, დიდუბის მეტროსთან არსებულ “მცენარეთა მოვლის საშუალებები”-ს მაღაზიაში შევიძინე უნივერსალური, NPK (აზოტ-ფოსფორ-კალიუმის) სასუქი, კონცენტრაციით 16:16:16 და ნელ-ნელა ვამატებ მიწას. ეს სასუქი წარმოადგენს მოვარდისფრო გრანულებს, რომელიც წყალში არც ისე ხალისით იხსნება. ამიტომ ჯობია დავფხვნათ და ფხვნილი მოვაყაროთ მიწას. მორწყვასთან ერთად ეს სასუქიც ნელ-ნელა ჩავა მიწაში. მოყრის რაოდენობა – ცოტა. ეს საკმაოდ კონცენტრირებული სასუქია და მისი ინსტრუქცია გვამცნობს, რომ ჰექტარზე დაახლოებით 100-150 კილოგრამი გამოიყენება. კვადრატულ მეტრზე რომ გადმოვთვალოთ, 10-15 გრამი გამოდის სულ. შესაბამისად, თუკი ერთ კილოგრამს ვიყიდით, რომელიც სულ რაღაც ლარნახევარი ღირს, ჩვენს მინიბოსტანს ის წლების განმავლობაში ეყოფა.

სასუქის შეტანა ზოგადად ჯობია მიწის სიღრმეშივე, ანუ სანამ ქოთნებში მიწას ჩავყრით და დავთესავთ, მანამდე რომ ავურიოთ. თუმცა, არც მერე დამატებაა პრობლემა. მთავარია, ნათესებს წყალი არ მოვაკლოთ და ეს სასუქიც ეტაპობრივად ჩავა ნიადაგის სიღრმეში, ფესვებისკენ.

NPK სასუქი (აზოტი - ფოსფორი - კალიუმი). ფონზე - ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

NPK სასუქი (აზოტი – ფოსფორი – კალიუმი). ფონზე – ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

6. რა ვქნათ შემდეგ? – მას შემდეგ, რაც ეს მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ათიოდე დღის ნათესი მივიღეთ, საჭიროა გაფართოებაზე ფიქრი. გაფართოება ყველაზე მეტად ჭირდება კიტრს და პამიდორს. ამიტომ, სანამ ნათესები ძალას იკრებენ და იზრდებიან, აჯობებს გავამზადოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ჭურჭლები მათ გადასარგველად ცალ-ცალკე ქოთნებში. გვახსოვდეს – რაც უფრო მეტ ქოთანში გადავანაწილებთ კიტრის და პამიდვრის წამოზრდილ ჩითილებს და მეტ საერთო სივრცეს მივცემთ, რათა ფესვები კარგად განვითარდეს, მით მეტი იქნება მოსავალი. ბოლოკს, მწვანილს და სხვა მსგავს რამეებს, რომლებმაც პირდაპირ არ უნდა მოისხან მიწისზედა ნაყოფი, ამ მხრივ ნაკლები პრეტენზია აქვთ. თუმცა, არყის ჭიქისხელა ჭურჭელში გაზრდა მაინც არ გამოვა, არაფრის.

როდესაც (თუკი ოდესმე) გადარგული მცენარეები ყვავილებს გამოისხავენ, ჩვენ მოგვიწევს ფუტკრის როლის შესრულებაც. გაყვავილებული ბოსტნეული პერიოდულად უნდა შევარხიოთ, რათა გავაძლიეროთ ყვავილების დამტვერვა. დამტვერვის გარეშე რომ ნაყოფს ვერ მივიღებთ, ეს ბოტანიკის მე-7 კლასის წიგნშიც წერია. ასე რომ, მცირედი, პერიოდული შექანავება ჩვენს ნარგავებს არაფერს აწყენს, მთავარია არ გადავამლაშოთ და ძირი ხელში არ შეგვჩეს. ასევე, უკვე წამოზრდილ მცენარეებს ჭირდება საყრდენები, კიტრის და პამიდვრის ზოგიერთ ჯიშს კი (პამიდორ ჩერის, მაგალითად) სულაც თოკი, რადგან ისინი რამდენიმე მეტრზე იზრდება. ამ საყრდენებზე მცენარეების მიბმისას საჭიროა სიფრთხილე. გახსოვდეთ, რომ წვრილი ღერო, რომელსაც კარგად მიაბავთ საყრდენზე, ცოტა ხანში გამსხვილდება და მჭიდროდ შემოჭერილი საბელის შემთხვევაში, გაიგუდება და ზემოთ ზრდას ვეღარ გააგრძელებს დიდი ხალისით.

ზრდის და ნაყოფის დამწიფების ყველა ეტაპზე ბოსტნეულის უმეტესობას ბევრი მზე და წყალი ჭირდება. თუმცა, არის ერთი შეზღუდვა, რაც კიტრს და პამიდორს აქვს. ზაფხულის მწველ მზეს ისინი დიდად ვერ უძლებენ. ასე რომ, თუკი დათესვა ჩემსავით გვიან მოგივათ და წინ დიდი და ცხელი ზაფხული გელით, ჯობია თუკი მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ – საჩრდილობელი ბადე ამ შემთხვევაში სავსებით გამოდგება, ის შეამცირებს მზის ნათებას, თუმცა მთლიანად ჩრდილშიც არ ამყოფებს მცენარეს. წყლის დასხმისას კი ერთი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი – წყალი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს ფოთლებს და ნაყოფს, ჯობია თუკი მას უბრალოდ ძირში დავასხავთ.

ასევე საფიქრალია პარაზიტები, ხოჭოები და მსგავსი მავნე არსებები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებით შეუძლიათ მცენარის და მოსავლის დაზიანება, ან სულაც მოსპობა, თუმცა ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ და შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თუკი მცენარეთა მოვლის მაღაზიებში მიხვალთ და შესაბამისი მცენარის სავარაუდო პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს მოიმარაგებთ. Better safe, than sorry.

ეს არის ძირითადი წესები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ არარსებული მამულების პირობებში, მხოლოდ საკუთარი აივნის და ქოთნების იმედად, ბოსტნეული. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემს ახალამოწვერილ ნათესებსაც.


აი, თითქმის დადგა გაზაფხული, გამოჩნდა პირველი მზე და ჩვენც ყველა ასე ვართ:

სეზონები

დადგა გაზაფხული და ყველა ასე ვართ


სულ რაღაც დღეს, მეგობრებთან ერთად წამოვიწყეთ ასეთი მშვენიერი რამ – ვიდეო შოუ, ცოტათი შემეცნებითი, ცოტათი გასართობი, სახელად “ყვავის შოუ”. ცოტა ისეთი სათაურია, პირდაპირი და მოურიდებელი, მაგრამ მოსარიდებელი რა გვაქვს, რომ დავფიქრდეთ. ასე რომ, მინდა წარმოგიდგინოთ ამ გადაცემის პირველი, საცდელი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ცნობილ ადამიანებს.

icon

სანამ ვიდეოს ნახავდეთ (ან თუ გნებავთ, ვიდეოს ნახვის შემდეგაც), გადადით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და დაალაიქეთ, ბევრ სასარგებლო რამეს შეიძენთ ამით. ესეც გვერდი – ყვავის შოუ / CrowShow

ახლა კი თავად ვიდეო, მცირედი, გადმოკოპირებული აღწერით:

“ყველა ადამიანი მიიღებს ცხოვრებაში თავისი დიდების 15 წუთს” – ენდი ვორჰოლი. მაგრამ როგორ ხდებოდნენ ადამიანები ცნობილები, ისტორიის განმავლობაში? ამის შესახებ ამ გადაცემაში შეიტყობთ.

შემდეგ გადაცემებზე უკვე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ცოტა მეტი science თემები შევიტანოთ მასში. ასე რომ, გვისურვეთ წარმატებები და დატკბით ვიდეოთი.


თავი მაქვს ცარიელი. რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავი მაქვს ცარიელი. ბევრი იდეა მიტრიალებს, ბევრიც დრაფტი მაქვს აქვე შენახული, მაგრამ ამ მომენტში არაფერი მოდის.

თუმცა, ერთ რამეს მაინც გკითხავთ – კარგა ხანია, რაც ჩემზე არ გამიკეთებია ტატუ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ეს ერთი იდეა მომივიდა – პლანეტ ექსპრესის ხომალდი Futurama-დან. თან მომწონს და თან მეზარება. ჩემში რომ დიდი დოზითაა სიზარმაცე, ეგ უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. ასე რომ, იქნებ ვინმემ მითხრას, რომ ეს ძალიან კარგი იქნება ტატუდ და მეც ვძლიო სიზარმაცეს. ჰა? ჰაა?

ღირს ამის დახატვა?

ღირს ამის დახატვა?

სხვა ტატუ აზრები და სხვებზე გაკეთებული ტატუები, ალბათ იცით სადაც უნდა ნახოთ. თუ არ იცით, მიყევით ამ ლინკს: http://www.facebook.com/tattoobig

სანამ საკითხზე იფიქრებთ, მანამდე გადახედეთ დევიანტზე ნაპოვნ რამდენიმე ლამაზ სურათს და გაიფერადეთ განწყობა.

The weeping woman

The weeping woman

ავტორი: http://daekazu.deviantart.com/

ავტორი: http://daekazu.deviantart.com/

დანარჩენები თქვენ დაძებნეთ.


დღევანდელი, ახალი ტრენდის გათვალისწინებით, აი მოვლილ წვერიან კაცებს რომ ლამბერსექსუალები დაარქვეს, პატარა კომიქსი მინდა შემოგთავაზოთ. ბეტმენსექსუალი!

ლამბერ... თხლაშან!

ლამბერ… თხლაშან!


თბილისში 2015 წლის ზამთარი უთოვლო, მაგრამ ცივი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ფაფუკი საფარი არ ალამაზებს ქალაქს, ამ რამდენიმე დღის წინ მაინც გადავიღე რამდენიმე ისეთი ხედი, რომლებიც ცუდი სანახავი არ უნდა იყოს.

ასე გამოიყურება თბილისი ქართლის დედის მიდამოებიდან. ჩემი სასაპნე ფოტოაპარატი, რომლის ერთადერთი ღირსება ასე თუ ისე ნორმალური ოპტიკური ზუმია, უკეთესი სურათების გადაღების საშუალებას არ იძლევა. ასე რომ, დატკბით იმით, რაც გამოვიდა.

გავა წლები, ვნახავთ ამ ფოტოებს და ვიტყვით – აი, თურმე როგორი ყოფილა თბილისი 2015 წელსო.

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

თბილისის ხედი ქართლის დედიდან, ფონზე თოვლიანი მთები

საფენი და ტამპონები

საფენი და ტამპონები

თბილისის ხედი ქართლის დედიდან

იუსტიციის სოკოები და მიმდებარე ადგილები

სამების ეკლესია

სამების ეკლესია

ვაზისუბანი? სავარაუდოდ ვაზისუბანი

ვაზისუბანი? სავარაუდოდ ვაზისუბანი

თვით ქართლის დედა

თვით ქართლის დედა


-აუ გურამჩიიკ, ძალიან მაგარ რამეებს დებ ხოლმე სულ, სად პოულოობ?

90-იანები წლების ბოლოში, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირველად მომიწია კომპიუტერთან შეხება. ეს იყო IBM-ის მოდელის რაღაც კალკულატორი, რომელზეც პროგრამირების რომელიღაც მარტივი ენა ეყენა მხოლოდ, მწვანე ეკრანი ჰქონდა და კლავიატურა რატომღაც რუსული განლაგებით მუშაობდა. ამ კალკულატორზე მიჩვეულს ფაქტიურად ახალი სამყარო გადამეშალა თვალწინ, როდესაც ფერადეკრანიან, ვინდოუს 3.01-იან და მაუსიან კომპიუტერთან მომიწია შეხება. ეს იყო ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ჩემი კლასელის მამა მუშაობდა და მე და ეს ზემოთხსენებული კლასელი, გაკვეთილების მერე მივდიოდით ხოლმე.

მაშინ კომპიუტერული თამაშები “ერთდისკიან და ორდისკიან” კატეგორიებად ჯერ არ იყოფოდა, იყო მხოლოდ ერთფლოპიანი თამაშები, ერთ ფლოპიზე რომ ბევრი ეტევა ეგეთი თამაშები და რაღაც სუპერ-მეგა-უზარმაზარი თამაში თვითმფრინავებზე, რომელსაც მთელი ორი ფლოპი ჭირდებოდა. ვისაც არ ახსოვს გეტყვით, რომ ერთ ფლოპი დისკზე მთელი 1.44 მეგაბაიტი ეტეოდა. მოკლედ, მასშტაბები გასაგებია.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინტერნეტში. ავტორი: http://meago.deviantart.com/

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინტერნეტში. ავტორი: http://meago.deviantart.com/

შემდეგ გამოჩნდა “ვაკის ინტერნეტები” – რაღაც ფონდის რაღაც ოფისი, სადაც ჩაეწერებოდი წინასწარ ტელეფონით და მერე კვირის რომელიღაც დღეს მიდიოდი. და ხო, იქ ინტერნეტი ჰქონდათ! ეს იყო რაღაც ფანტასტიკა! Netscape ბრაუზერი და მთელი 5 კილობიტი წამში სიჩქარე! გარდა იმისა, რომ ინტერნეტით შესაძლებელი იყო სრულიად უცხო ადამიანებთან დალაპარაკება, ასევე შესაძლებელი იყო სურათების ნახვაც. მახსოვს, მე და ჩემი კლასელი ერთად დავდიოდით ხოლმე, თან რამდენიმე სხვადასხვა სახელით ვეწერებოდით, რომ კვირაში რამდენჯერმე გვქონოდა მისვლის ბედნიერება. მივათრევდით ხოლმე ერთ შეკვრა ფლოპი დისკებს და ვავსებდით ინტერნეტში ნანახი ფოტოებით. ძირითადად ქალების და მანქანების.

ასეთი მეთოდით მოპოვებული ფოტოები, ცხადია, უფრო ძვირფასი და საინტერესოც იყო. მიგვქონდა მერე ეს ფოტოები ფლოპით ფიზიკის ინსტიტუტის კომპიუტერზე და თუკი შუქი იყო, გახარებულები ვათვალიერებდით ხოლმე, თან ზოგჯერ, თუკი რაიმე სუპერ-პუპერ მოდელის ან მანქანის ფოტო გამოერეოდა, აღტაცებას ვერ ვმალავდით ხოლმე – “სად ნახე ეს ფოტო, ძალიან მაგარია!”

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თითქმის ოცი. ახლა ვზივარ საკუთარ კომპზე, მაშინდელი მასშტაბებით თუ შევხედავთ – უსასრულოდ ძლიერ, უსასრულოდ დიდი HDD-ს მქონე და უსასრულოდ სწრაფი ინტერნეტით აღჭურვილ მეგა მანქანაზე და ფეისბუქის ან სხვა საიტების გვერდებს უგემურად ვსკროლავ. რამე გასართობი მინდა? ჩავწერ გუგლში “რამე გასართობი” და ყველაფერი წამში მაქვს. ხშირად ჩაწერაც არ ჭირდება, გასართობი თავისით გეყრება თავზე, ფოტოშოპით გაკეთებული უცნაური ფოტოები, ფეიკ და არც ისე ფეიკ სელებრითი ვიდეოები და მსგავსი გემრიელობები.

მოკლედ რომ ვთქვათ, სამოთხეა მოწყენილი ადამიანისთვის. და ასეთი მოწყენილი ადამიანი, როდესაც ფეისბუქის სკროლვისას წავაწყდები რაიმე ფოტოს, მაგალითად როგორ ჭამს ტერმინატორი შაურმას, შეიძლება დალაიქებაც დამეზაროს. ეს ხომ აღარ არის საოცრება, ეს ხომ 90-იანების ბოლო აღარაა, ეგეთი რამეებით უკვე სავსეა ჩვენს გარშემო ყველაფერი. და უეცრად, მსგავსი ფოტოს ქვეშ ვხედავ გაოცებულ და აღტაცებულ კომენტარს – “ვაიმე, გურამჩიკ, სად პოულობ ასეთ რამეებს?”

ამ დროს მგონია, რომ მსგავსი კითხვის ავტორისთვის ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოა, სახლში IBM-ის ძველი მოდელის კალკულატორი უდევს და ინტერნეტი ფლოპი დისკებით დააქვს. სხვანაირად შეუძლებელია ასეთი ხბოს აღტაცება და გაოცება გამოხატო.

ალისა საოცრებათა სამყაროში. ავტორი: http://jejejeca.deviantart.com/

ალისა საოცრებათა სამყაროში. ავტორი: http://jejejeca.deviantart.com/

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,144 other followers

%d bloggers like this: