რამდენს გადაიხდი – არტიდეასთვის


Infecter Mushroom – Tasty Mushroom (sound track)

…ბნელა, დახუთული და ნესტიანი ჰაერია, უცნაური სუნით გაჟღენთილი, სუნი ოფლის, ალკოჰოლის, ქალის, კაცის და ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. სიბნელეს ხანდახან ელვა კვეთს და წამით ჩანს სახეები, წაშლილი, დამახინჯებული, არაადამიანური, ორ-ორი ცხვირებით და უცნაური, თითქოსდა არაბუნებრივ ადგილას ამოსული მესამე თვალებით. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს და ვატყობ, რომ სიბნელე ნელ-ნელა ქრება, ვარდისფერი, სქელი და წებოვანი ნისლით ივსება გარემო… მე ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ რომელიღაცა ორცხვირა და სამთვალა დემონი მეჯახება და უფსკრულში ვვარდები…

…მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ვერ ვარჩევ, მართლა მწვანეა თუ არა ბალახი, იმდენად ახლოს მაქვს სახესთან, მაგრამ რადგანაც სუნი ბალახის აქვს და ბალახი მწვანეა, ალბათ ეს ბალახიც მწვანე იქნება. ასე რომ მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ნამდვილად ვერ ვხვდები, ვწევარ თუ არა, სხეულს ვერ ვგრძნობ, მაგრამ რადგანაც ცხვირთან ასე ახლოს ვგრძნობ ბალახის სუნს, ე.ი. ზედ ვწევარ, პირქვე…

თვალები გავახილე და გადმოვბრუნდი, ცოტა ხანს გაოცებული ვუყურებდი ცას და თვალებს ვაფახულებდი, მერე კი ჩამეცინა – ცის ადგილას ზუსტად ისეთი ბალახი იყო, როგორზეც მე ვიჯექი, გარშემო მთლიანად ბალახისფერი სამყარო იყო… და ეს საოცარი ბალახის სურნელი…

…დაახლოებით ერთი საათია უკვე რაც ბალახის ჰორიზონტისკენ მივაბიჯებ, უფრო სწორად მივრბივარ, მაგრამ არაფერი შეცვლილა ირგვლივ, ისეთივე მოკლედ და იდეალურად ერთნაირად შეკრეჭილი ბალახით ვარ გარშემორტყმული, არც ჰორიზონტი ახლოვდება, არც არაფერი ხდება. ისეთი შეგრძნება მიჩნდება ნელ-ნელა, რომ რაღაც ბურთში ვარ ჩაკეტილი და როგორც ციყვი გალიაში, ისე დავრბივარ ერთ ადგილზე. ერთია რომ დაღლის მაგივრად, ყოველი ნაბიჯის მერე, უფრო და უფრო მეტ სიმსუბუქეს და ძალას ვგრძნობ…

ორი დღე-ღამის სირბილის შემდეგ შევატყვე, რომ ირგვლივ მაინც ხდებოდა რაღაც, ბალახი ნელ-ნელა ფერს იცვლიდა, თანდათან გაყვითლება დაიწყო და ალაგ-ალაგ მიწაც გამოჩნდა, პირველი დღის ბოლოსთვის (საოცარია მაინც, საიდან ვიგებდი დროს…) უკვე ჩემი საკუთარი ფეხის ხმა მესმოდა, სიხმელე შეპარული ბალახის შრიალთან ერთად. აქედან მოყოლებული შეძრწუნებული ვადევნებდი თვალს როგორ ქრებოდა მწვანე ბალახი და მის ადგილს როგორ იკავებდა ნელ-ნელა ჯერ ყავისფერი მიწა, რომელმაც ნელ-ნელა გამოშრობა და მტვრადქცევა იწყო, მერე ღორღი, ერთი კვირის თავზე კი უკვე კლდეებზე დავრბოდი… გარშემო, ქვემოთაც და ზემოთაც კლდე იყო. თანდათან დავრწმუნდი, რომ ბურთში არ ვიყავი ჩამწყვდეული, რადგანაც ცაც და მიწაც ერთ მხარეს მიდიოდა…

ზედა კლდემ ნელ-ნელა მაღლა აწევა დაიწყო, მისი ადგილი კი ნისლმა დაიკავა, რომელიც თანდათან გამუქდა, გასქელდა და ბოლოს უზარმაზარ შავ ღრუბლად დამაწვა ზედ ისეთი ძალით, რომ მე ძირს დავეცი, დავესრისე კლდეს, ირგვლივ ისევ ჩამობნელდა და გაიელვა. შიშმა შემიპყრო, შემბოჭა მთლიანად, მე მოვიკუნტე, როგორც წვიმაში გაგდებული ლეკვი და ამაკანკალა. უეცრად ნისლმა ფორმების მიღება დაიწყო, აგერ ნიანგმა ჩამირბინა, იქეთ ვიღაცამ ხელი გამოიშვირა ჩემსკენ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე სწრაფად იცვლებოდა ელვების ფონზე, რომ თვალის მიდევნებას ვერ ვასწრებდი. ბოლოს თვალი გამიშტერდა ერთ წერტილზე, რომელიც უძრავად იყო მთელს ამ ქაოსში, გამახსენდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ეს წერტილი მუდამ თან დამყვებოდა, გზას მინათებდა, აი ახლაც მწვანედ მიყურებს და მიღიმის, რაღაც უცნაურ ფიგურებს ხატავს ნისლზე, რომელსაც ბალახის სუნი აღარ აქვს, საიდანღაც მეცნობა ეს სუნი, ოდნავ მოტკბო, ცოტათი უცნაური… თანდათან სხვა წერტილებიც გამოიკვეთა, ნათურა, მეორე ნათურა, მესამე ნათურა, სამივე წითლებია, მერე ლურჯი ნათურებიც დავინახე, რომლებიც უაზროდ და დაუღლავად ტრიალებენ და ყოველგვარ იმედს მისპობენ, რომ ოდესმე გაჩერდებიან, მაგრამ მე სხვა გზა მაინც არ მაქვს, უნდა ვიჯდე და ველოდო, როდის დავბრუნდები ამ სამყაროში…

გვერდზე სავარძლიდან წვერებიანი კაცი წამოდგა, რომელიც ამ დროის განმავლობაში შეუჩერებლად მაკვირდებოდა, თან პარალელურად ორიოდე ნაშას ელაპარაკებოდა დაბალი და გარყვნილი ტონით, ნელ-ნელა და რწევით მომიახლოვდა. შტორმში მეგონა თავი, ისე სასაცილოდ ქანაობდა აქეთ-იქეთ, იატაკის ქანაობის რიტმში, სულ მეგონა, რომ ეს-ესაა გადავარდება სავარძლის იქეთ-თქო, მაგრამ წვერებიანი კაცი საოცარი სისხარტით ახერხებდა წონასწორობის შენარჩუნებას, თან სახეში მიყურებდა და რაღაცას ჩამყვიროდა სახეში, ელვა-ქუხილის ხმა რომ დაეფარა, რომელიც დენსფლორიდან ჩამოდიოდა ქვემოთ. ბოლოს მისი ხმა როგორც იქნა გავიგე…

-კარგია?
-რაა?
-კარგი იყო მეთქი, გეკითხები…
-აა, ჰო, ძალიან მაგარი იყო…
-ხომ გითხარი, უმაღლესი ხარისხისაა-მეთქი. გინდა კიდე?
-გაქვს?
-რა თქმა უნდა მაქვს. რამდენს გადაიხდი?

დავფიქრდი… რამდენის გადახდა შეიძლება მწვანე ბალახზე ერთკვირიან გასეირნებაში? არაფერი მიპასუხია და თვალები დავხუჭე…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s