მე ომში (მესამე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მეოთხე] [მეხუთე]

მთელი ღამის განმავლობაში ორჯერ წამოგვყარეს, ავტობუსებში ჩასხედით და სადღაც მივდივართო, ავიყრებოდით, გავრბოდით, გამოვრბოდით და ბოლოს ცრუ განგაში აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ დილისკენ ისე დაგვეძინა, რომ ”ყურთან რომ ზარბაზანი დაეცალათ ვერ გავიგებდით”. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდით.

დაახლოებით შვიდის ნახევარზე (საათზე დახედვის თავი აღარცერთს არ გვქონდა, სავარაუდო დროა ეს), როდესაც უკვე სიზმარში დაახლოებით მეათე საავიაციო შეტევას ვუძლებდი და ვიტანჯებოდი, ძილღვიძილში რაღაცამ საშინლად დაიჭექა. თვალები რომ გავახილე, ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ სინამდვილეს ვხედავდი. გარშემო მთელი ტროტუარი მოფენილი იყო შუშის ნაფშვენებით, თანდათან გამოფხიზლებასთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა ხმაური, ყვირილი, ღრიანცელი, ხალხი შეშინებული გარბოდა, ოღონდაც არავინ არ იცოდა საით და რას გაურბოდა. არ შემშინებია, რადგან ვერ მოვახერხე, პანიკამ ყველაფერი წამართვა, შეშინების უნარიც კი, ვიჯექი ნამტვრევებით მოფენილ პარალონზე და გაშტერებული სახით ვუყურებდი ჩამსხვრეულ ფანჯრებს. ვიღაცამ შემაჯანჯღარა და შიშის მშობლიური გრძნობა დამიბრუნა, სასწრაფოდ წამოვხვეტე ყველაფერი, იარაღი, ბუშლატა და რაც მთავარია, ჩემი გადამრჩენელი ჩანთა, რომელმაც ასკოლკებისგან დამიცვა და რაც შემეძლო შორს გავიქეცი, ანუ ქუჩის მეორე მხარეს.

ათიოდე წუთი იქნებოდა გასული, როდესაც ხალხს პანიკამ გადაუარა და შიში ამოძრავებდა. დაგვბომბეს? თუ დაგვბომბეს, შენობა რატომ დგას, მარტო შუშებია გამოღებული. იქვე ორ ბიჭზე გადაკიდებული და საოცრად შეშინებული როჟა მოდის, ცალი ფეხით კოჭლობს და ხელებს მუცელზე იკიდებს. ახლაღა გამიელვა თავში – სადაა სასწრაფო? ჩანთა ძირს დავდე, ზედ დავჯექი და უაზროდ გავაბოლე. ყველანი ჩუმად ვისხედით და იმაზე ვფიქრობდით, რამდენი რამის გაკეთება გვინდოდა ცხოვრებაში და როგორ ვერ ვასწრებდით…

რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი და რაღა თქმა უნდა ყველა ასპროცენტიანი ვერსიის განხილვის შემდეგ, რომლებშიც შედიოდა ყველაფერი, დივერსიიდან დაწყებული რუსების რაღაც ზეზუსტი იარაღით დამთავრებული, რომელსაც შეეძლო 50 კილომეტრიდან ჭურვის ფანჯარაში შემოგდება აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძველი ბოილერის აფეთქებას მოყოლია, რომელიც ხუი ივო ზნაეტ ვის მოაფიქრდა რომ ჩაერთო, შუა ზაფხულში. ასე იყო თუ ისე, თხუტმეტამდე დაჭრილი ავტობუსით წაიყვანეს სადღაც და ცოტა მოგვიანებით ერთიც გამოასვენეს საკაცით, სახეზე ნაჭერაფარებული. აი მანდ მოგვერღვა სახეები ყველას…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

5 thoughts on “მე ომში (მესამე ნაწილი)”

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s