დიდთავა სემი (ნოველა)


-მამა, სკოლაში დიდთავას მეძახიან და რა ვქნა?
-არაფერი არ ქნა, ცოტა ხანი დაიცადე და ყველაფერი კარგად იქნება…

ეს ჩემი შვილია, სემი, ჩემი დიდთავა სემი, ნუ დიდთავა რა, უბრალოდ სხვა მისი ასაკის ბავშვებთან შედარებით ცოტა მოზრდილი თავი აქვს და ამის გამო ბავშვები, როგორც ხშირად  ხდება მათ ასაკში, დიდთავას ეძახიან, რაც სემს წყინს, მე კი ძალიან არ მიყვარს, როდესაც ჩემს ერთადერთ მემკვიდრეს რაღაც წყინს, მე ხომ ჯერ კიდევ მაშინ შევპირდი ცხონებულ დედამისს, რომ ყველანაირად ვიზრუნებდი ჩვენს შვილზე და ისე ვიზამდი, რომ არავის ეწყენინებინა მისთვის, როცა სემი ჯერ კიდევ ნაჭრებში გახვეული გაჰკიოდა პატარა საწოლიდან. ახლა კი იძულებული ვარ ეს დანაპირები ავასრულო, რაღაც ძალა მაიძულებს ამას.

აი თუნდაც ჩემი სამსახური. სემი სკოლაში სწავლობს, მესამე კლასშია და მისი სკოლა, საერთო სარგებლობიდან გამომდინარე, ჩემი სამსახურის გვერდზეა, ამიტომ სემი სკოლის მერე ყოველთვის ჩემთან მოდის ხოლმე და საღამომდე ჩემს ან უფროსის კომპიუტერზე კარტს თამაშობს, ან ინტერნეტში დაძრომიალობს იმ საიტებზე, რომლებიც არაა დაბლოკილი. ჩემი თანამშრომლები, როდესაც საქმე არ აქვთ, სემზე კაიფით ირთობენ ხოლმე თავს, თან ყოველთვის ცდილობენ ეს ყველაფერი ისე ქნან, რომ მე არ ვიყო იმ დროს სადმე ახლოში. აი ამასწინათაც, უფროსთან ვიყავი თათბირზე ჩასული და ოთახში რომ ჩამოვედი, სემი ფანჯარასთან იდგა გაბუსხული სახით და გარეთ იყურებოდა.
-რა გჭირს, სემ?
პასუხის ნაცვლად  სემმა ხელში რაღაც ნივთი ჩამიდო და ოთახის ბოლოში თავის კომპიუტერთან ფაშასავით წამოჭიმულ ბატონ კონსტანტინეზე მიმითითა. ხელზე დავიხედე და თვალები ავახამხამე – ხელისგულზე პატარა რულეტკა მედო, დაახლოებით ისეთი, მკერავები რომ იყენებენ ნაჭრის საზომად ლენტებს. სახეზე წამოვწითლდი, მაგრამ არაფერი მითქვამს, რულეტკა ჯიბეში ჩავიდე და ოთახიდან გავედი.

-ასეთი ხომ არ გექნებათ, ასე ათიოდე ცალი?
-კი, მეტრიანები გინდათ თუ ორიანები?
-იყოს ორიანები, მეგობარს სამკერვალო აქვს და  მთხოვა მეყიდა.
-აი ინებეთ.

იმ დღეს მე მშვიდად მეძინა, მეორე დღეს კი ოფისის კარი რომ შევაღე, უამრავი გაოცებული, აწითლებული და შეშფოთებული სახე დამხვდა შეკრებილი, კუთხეში ორი პოლიციელისფორმიანი ტრიალებდა და თანამშრომლებს კითხავდა. როგორც ბატონი იოსების მდივანი ნატუკასგან გავიგე, ამ დილით ბატონი კონსტანტინე სამსახურში არ გამოცხადებულა და მოგვიანებით კი პოლიციელები მოსულან და ამბავი მოუტანიათ – ბატონი კონსტანტინე თავის სადარბაზოს შესასვლელში უპოვიათ ჩამომხრჩვალი, თან რაც ყველაზე უცნაურია, მკერავები რომ იყენებენ, ისეთი საზომი ლენტებისგან დაწნულ თოკზე. ”თვალები კი ამოთხრილი ქონდა და პალტოს ჯიბეში ეწყო” – დაამთავრა მოყოლა ნატუკამ და გაფართოებული თვალებით ამომხედა. ”უცნაურია” – ვუპასუხე მშვიდად და ყავა დავისხი.

სემი  იმ დღესაც მოვიდა ჩემთან, სკოლის მერე. სანამ სემი ბატონი იოსების კომპიუტერზე კარტების თამაშით ირთობდა თავს, ხოლო ბატონი იოსები თავზე ხელს უსვამდა და მამამისის უფროსს რომ შეეფერება ისეთი ტონით რაღაცეებს ელაპარაკებოდა, მე კუთხეში ვიდექი, ფანჯარასთან და ყავას ვწრუპავდი, თან ვფიქრობდი. საათმა ექვსი ჩამოარტყა თუ არა, სემს ხელი მოვკიდე და სახლისკენ გავემართეთ. იმ ღამეს ძალიან საშინელი სიზმრები მტანჯავდა, ხშირად მეღვიძებოდა ისეთი შეგრძნებით, თითქოს სემს ვიღაც მართმევდა. დაახლოებით დილის ოთხი საათი რომ ხდებოდა, უცებ გამახსენდა ერთი შემთხვევა, რომელიც ძილის საშუალებას არ მაძლევდა, უცებ წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი.

მეორე დღეს ოფისი გუშინდელზე უფრო არეული და შეძრწუნებული დამხვდა. ნატუკა გუშინდელისგან განსხვავებით საშინლად არეული იყო, მაგრამ მის სლუკუნსა და ზლუქინს შორის მაინც გავარჩიე, რომ ბატონი იოსები ამ დილით უპოვია თავისივე მეუღლეს ლოგინში, მთლიანად გასისხლული, ხელები იდაყვებში ქონდა გადაჭრილი და ”საერთოდ არ სუნთქავდა, წარმოგიდგენია? საერთოდ!”. სად წავიდა ბატონი იოსების ხელები იდაყვების ქვემოთ, ეს უკვე ვეღარ გავიგე. ”ნატუკა, მესმის ყველაფერი, მაგრამ ერთი კადრებში ჩაირბინე და ქალბატონ იზოლდას ეს ქაღალდები ჩაურბებინე რა, სასწრაფოა” – გავუწოდე ნატუკას ქაღალდების დასტა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ნატუკა უფრო აზლუქუნდა და მომიყვა, რომ თურმე ქალბატონი იზოლდაც დაღუპულა წუხელის, გაუგებარი მიზეზით, მატარებელს გაუტანია. ”და რაც მთავარია, ხელები იპოვეს” – ამოისლუკუნა ნატუკამ და ოთახიდან გავარდა.

აღმოჩნდა, რომ ხელები მართლაც უპოვიათ, ოღონდ არა ბატონი იოსების, არამედ ქალბატონი იზოლდასი, ისინი მისი გვამიდან, უფრო სწორად რაც მისი გვამიდან დარჩა იმ შხეფებისგან არც თუ ისე შორს იყო, რელსებზე მიბმული. ამიტომაც გაიტანა ქალბატონი იზოლდა მატარებელმა. არაფერი მითქვამს და სემს არც თუ ისე პატარა თავზე ხელი გადავუსვი.

დანარჩენი მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. ამ შემთხვევებიდან მესამე დღეს სემის მთელი კლასი  ექსკურსიაზე წავიდა, სემი რა თქმა უნდა სახლში დარჩა, არც მე და არც მას არ უნდოდა, რომ მისი თავი ყოფილიყო მთელი დღის პროგრამაში. მაგრამ ბავშვები იმ საღამოს არ დაბრუნებულან, მეორე დღეს კი სკოლაში შემაძრწუნებელი ცნობა გავრცელდა – წუხელის, როდესაც ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, ავტობუსი ხრამში ჩავარდნილა და ლავაშივით გაბრტყელებულა. ცხადია არავინ გადარჩა და ავტობუსიც ისე დაისრისა, რომ გამოძიებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდებოდა იმის გასაგებად, რომ მუხრუჭის და რულის ტროსები შემთხვევით არ გაწყვეტილა ერთდროულად. ამ ყველაფერს დაემატა ერთი შემთხვევაც, რომელიც მეორე დღეს მოხდა ჩვენს ოფისში. დილით, სანამ ყველა მოვა, მოდის დამლაგებელი, ორიოდე საათით ადრე და ოთახებს ალაგებს, გააქვს ჩვენი ნააზროვნების ნარჩენები, დაჭმუჭნული ქაღალდების და ბიჩოკების სახით. შემდეგ მიდის, მტვერსასრუტს და ინსტრუმენტებს საწყობში ინახავს და იატაკის საწმენდი გამოაქვს. მაგრამ ამ უცნაურ დილით დამლაგებელმა ჯოხი ვერ იპოვა, სამაგიეროდ იპოვა ჩვენი ბუღალტერიის ერთ-ერთი სტაჟიორი ნინუცა, რომელსაც ძალიან უცნაური პოზიცია ეკავა ამ ჯოხის მიმართ – იგი მთელ ტანში ქონდა გაყრილი და ორიოდე მტკაველზე პირიდანაც ამოსდიოდა, დაახლოებით ისე, როგორც შესაწვავი გოჭია წამოცმული შამფურზე. დამლაგებელი ხანშიშესული ქალი იყო, ამიტომაც მისი პირველი რეაქცია ის იყო, რომ გული წაუვიდა. ოფისი მხოლოდ ორიოდე საათში იღებოდა, ამიტომაც ნინუცას შიშველი გვამი და გულწასული დამლაგებელი ორი საათი გვერდიგვერდ ეყარა საწყობში. არადა ნინუცა კარგი გოგო იყო, მერე რა, რომ ჩემი და სემის ბუღალტერიაში შესვლისას მაშინვე რაღაც უცნაურ, ”ფხუკ”-ის მსგავს ხმას გამოსცემდა და ყველანაირად ცდილობდა სიცილი ხველებით და სახეზე ქაღალდების აფარებით დაეფარა, სამაგიეროდ, როდესაც გამომძიებელი მის გვამს სწავლობდა შენიშნა, რომ ჯოხის თავისუფალ ბოლოზე ლამაზად იყო ამოკაწრული ოთხი ასო – ”ფ.ხ.უ.კ.”.

ამ ამბების მერე დაახლოებით ორიოდე კვირა გავიდა, ყველაფერი თანდათან მიწყნარდა, მე ძიძა ავიყვანე  და სემიც აღარ მოდიოდა ხოლმე სკოლის შემდეგ ჩემთან, სამსახურში.  ოფისში მეტი აღარავინ მომკვდარა და მუდმივმა დაძაბულობამაც თანდათან გაიარა. მე დამაწინაურეს და ბატონი იოსების ადგილზე გადავჯექი, ცხადია ნატუკა კომპლექტში მოყვა ახალ თანამდებობას. ერთ დღესაც ნატუკამ შიდა ტელეფონით მახარა, რომ დირექტორი მიბარებდა, თათბირზე. მეც ჰალსტუხი შევისწორე და მაქსიმალურად საქმიანი და ამაყი სახით ჩავედი ქვემოთ.

დირექტორის კაბინეტში ათიოდე მნიშვნელოვანი და საქმიანი გამომეტყველების ჰალსტუხოსანი იყო შეკრებილი და რაღაცაზე ჩუმად ხმაურობდნენ.
-აი, ბატონებო, ესეც ჩვენი განყოფილების ახალი უფროსი – წარუდგინა ჩემი თავი დირექტორმა იქ შეკრებილებს – როგორც უკვე გითხარით, საიმედო და პერსპექტიული კადრია, თავის საქმის პროფესიონალი და ამავე დროს მოსიყვარულე მამა. რა ქვია თქვენს შვილს?
– სემი…
დარბაზში უეცრად სიცილმა იფეთქა. ოთახში რომ შიშველი მდივანი შემოვარდნილიყო უეცრად, ის უფრო ნაკლებად გამიკვირდებოდა, ვიდრე ეს მოულოდნელი მხიარულება. ჩემი გაოცებული და ალეწილი სახე რომ დაინახა დირექტორი უფრო გადაბჟირდა, მერე სიცილი რომ შეეჩერებინა წყალი ერთი მოქნევით გადაკრა და ამოილუღლუღა:
– ღმერთო ჩემო, რა უცნაური კაცი ხართ, სემი რა სახელია?!

დაახლოებით ერთ კვირაში, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა და მუდმივმა დაძაბულობამ ისევ გაიარა, მე ისევ დამაწინაურეს და ამჯერად დირექტორის სავარძელში გამოვიჭიმე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე ჯერ კიდევ მაშინ შევპირდი ცხონებულ დედამისს, რომ ყველანაირად ვიზრუნებდი ჩვენს შვილზე და ისე ვიზამდი, რომ არავის ეწყენინებინა მისთვის, როცა სემი ჯერ კიდევ ნაჭრებში გახვეული გაჰკიოდა პატარა საწოლიდან.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

29 thoughts on “დიდთავა სემი (ნოველა)”

  1. o m g !

    ვუჰ..რამხელაა, მაგრამ სულ წავიკითხე o.O და ვგონებ ამაღამ ძილი არ მიწერია :D

    ისე კიდე :უპ:..რეალლყ

  2. ბის :)
    არადა ეს ტექსტი მე არ მომიგონია, სიზმარში ვნახე :)

    მართლა სიზმარში ვნახე ოღონდაც :Юзер:

  3. აქ ორი ვარიანტი გავიაზრე…

    ერთირომ სემი ჟლეტდა ყველაფერს და მეორე ცოტა მისტიური რომ სემს ყავდა ვიღაც უჩინარი და უძლეველი მცველი..ანლგეოზის პონტში…

    ანგელოზი რა ეხლა…კეთილი მასტიარ იყო პროსტა მფარველი იყო ოღონდ ისეთი რა ისპალნიწელი კაცი…

    ჰოდა გადაურა დედის თავეზ ყველას სემის პონტში…

    ფანტაზია მეც მაქვს :D

  4. თავიდან მეც ვიფიქრე სემი ხო არ მაიმუნობს თქო?:)

    დედამისის სულიც გამახსენდა
    მოკლედ ჩაგვაფიქრა ყვავამ:D

  5. რა უცნაური ხედვა გაქვთ ყველაფრის :)
    სემის დედა მოკვდა და ”მე” ჩალიჩობდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ… რატომაც :)

    ანუ დაახლოებით სერიული მკვლელის ჩანაწერებივითაა :)

  6. და ეს ყველაფერი სიზმარში ნახეე?? მეც ვნახე ამას წინათ ერთი მაზოხისტური სიზმარი რომელშიც მოვკვდი და მაგრად გამისწორდა:D ბევრი სისხლები და რამე…. მარა შენ უფრო მაგარი გინახავს, ინტრიგებით სავსე:)

  7. ინტრიგებით კი არა გამაღვიძეს, თორემ მანდ რატომღაც ვიღაც მღვდელიც კვდებოდა მგონი და კიდევ ვიღაცეები :)

  8. ვაახ დაჟე მღვდელიც იჩითებოდაა?? ეეე რა დროს იციან გაღვიძება რა..:( ისე ეგეთ სიზმრებს მე რომ მკითხო არაფერი ჯობია
    აი ისეთს რომ ნახავ და მერე კაი ხანი სულ იმაზე რომ ფიქრობ

  9. მშვენიერია (დიდი სულაც არ იყო)
    მე მიყვარს ეგეთი ნაწარმოებები მაგრამ ეს რა იყო ===>>>””დასტოინად””

  10. ტიტუ, რა იყო ეს, დასაწყისში მაინც გაგეფრთხილებინეთ, 1 საათია შუაღამის ! :D

    ისე, ეს სმაილიკი სემს არ ეხებოდა, მე მიყვარს დიდთავა ბავშვები და სემიც კაი სახელია :)))

  11. ჯოხის თავისუფალ ბოლოზე ლამაზად იყო ამოკაწრული ოთხი ასო – ”ფ.ხ.უ.კ.”.

    ჰაჰა კარგია კი არა, ძალიან კარგია!

    ვაჰ რა სიამოვნებით გადავიღებდი ამაზე ფილმს რომ იცოდე
    დავაი გადავიღოთ!!! :)

      1. კი მსახიობები დიდი პრობლემაა :( ამ ტიპის ფილმში მსახიობზე ბევრია დამოკიდებული. მე მაინც მგონია რომ ახალი სახეები უფრო გაამართლებს

        კიდევ ფული უნდა :)))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s