ჩემი ბავშვობის პიროტექნიკა


სურიკი და ბრონზა ყველა ბავშვის ხელში!

საახალწლოდ თბილისი 90-იანი წლების გროზნოს ემსგავსება. პატარა ჯოხარ დუდაევები, მამამ რომ სიგარეტზე ჩააგზავნა და ხურდა ძმაკაცებისთვის კევის საყიდლად დაუტოვა, იმ ფულით სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ასაფეთქებლებს ყიდულობენ და უკვე მეასედ ამოწმებენ – ამასაც ისეთივე ხმა და ეფექტი ექნება თუ არა, როგორც წინა ას ცალ სხვა ასაფეთქებელს. აფეთქებენ ყველგან, ყველაფერს და ძირითადად გამვლელების შეხტომასა და გინებაზე კაიფობენ.

90-იანების თბილისში კი საქმე სხვანაირად იყო. მაშინ ბაზრობაზე კალაშნიკოვის ტყვიებს უფრო ადვილად იშოვიდი, ვიდრე პატარა ასაფეთქებელს. ამიტომაც ბავშვები უფრო გამომგონებლები იყვნენ. იყვნენ იმიტომ, რომ მე როდესაც 90-იანების ბავშვი გავხდი, ეს გამოგონებები უკვე დამხვდა, საბჭოთა მოზარდების მიერ შექმნილი. საბჭოთა პიროტექნიკაზე მაქვს საუბარი, რომელიც არამარტო საახალწლო გასართობს წარმოადგენდა, არამედ მთელი მეცნიერება იყო. პიროტექნიკის შექმნა-გამოყენების ტემპიც ზაფხულობით აღწევდა პიკს, როდესაც კურორტის გარეშე დარჩენილი ბავშვები ეზოებში ბირჟაობდნენ და ხეების ჩრდილში ახალ შეარაღებას ქმნიდნენ.

შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ბოლტ-გაიკა და მასში ჩაყრილი ასანთის თავები. საერთოდაც, ასანთის თავები ბევრ მსგავს აპარატში გამოიყენებოდა, რადგან მაშინ, მოგეხსენებათ, ასანთი ერთი კაპიკი ღირდა, მოსკოვში გადაფრენა კი 37 მანეთი. ბოლტგაიკური ასაფეთქებელი საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი იყო და ქუჩაში ნაპოვნი ნაწილებითაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, იგი მრავალჯერადი იყო. მოკლედ, ვპოულობდით სადმე ორ ცალ ბოლტგაიკას,bolt-gaika რომელიც აუცილებლად ძველი და ოდნავ მორყეული უნდა ყოფილიყო. საინტერესო დაკვირვებაა, რომ ბოლტ-გაიკები რატომღაც ყველგან ეყარა, ალბათ საბჭოთა მაღალტექნოლოგიური მანქანები ისე იყო დაპროექტებული, რომ თავისით ცვიოდა ნაწილები. ასანთის მოფშვნილ თავებს, რომლებსაც წინასწარ ვამზადებდით (მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება) ვტენიდით ამ მორყეულ ბოლტში, ორივე მხრიდან კარგად ვუჭერდით და ასაფეთქებელიც მზად იყო. საკმარისია მისი ვერტიკალურად ასროლა და თუკი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მიწაზე დაცემისას მშვენიერ ხმას გამოსცემს.

ამ საოცარი აპარატის პრინციპული სქემა რუსულ ინტერნეტში დღესაც არის შემორჩენილი და მას უცვლელად გთავაზობთ:

მეორე ლეგენდარული ასაფეთქებელი იყო, რაღა თქმა უნდა, სურიკი და ბრონზა. მე პირადად ეს აპარატი არასოდეს დამიმზადებია, ამიტომაც ზუსტი რეცეპტიც არ ვიცი, თუმცა ეფექტი ნანახი მაქვს – ფოლგაში ან ცელოფანში გახვეულ სურიკსა და ბრონზას ესვრიან კედელს და ეს საოცრება ასეთივე საოცარი ხმითა და საკმაოდ მყრალი ბოლით ფეთქდება. თუკი ვინმე მის რეცეპტურას სრულად ფლობთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

asanti-cherzeშემდეგი ტიპის პირო-სათამაშო ნაკლებად განეკუთვნება ასაფეთქებლების ტიპს, ის უფრო ხელოვნების ნიმუშია. მსგავსი ხელოვნების ნიმუშის ხილვა, რაღა თქმა უნდა ძველი შექმნილის, დღესაც შეგიძლიათ გაურემონტებელი სადარბაზოების ჭერზე. ეს არის, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ჭერში სასროლი ასანთის ღერები. თქვენი არ ვიცი და ჩემი სადარბაზოს ჭერი საკმაოდ ინტენსიურად იყო დამწვარი და ნახევრად დამწვარი ასანთის ღერებით შელამაზებული. ეს აპარატი ყველაზე იაფი ჯდებოდა (არ დაგვავიწყდეს – ასანთი ერთ კაპიკად) და შესაბამისად ყველაზე მეტადაც იყო გავრცელებული. ასანთის ღერს ვღეჭავდით, ცხადია უგოგირდო მხრიდან, მერე კი საკმაო ხანს ვუსვამდით წინასწარ ფურთხით დამუშავებულ ცარცის კედელზე. მცირედი გაწაფულობის შემთხვევაში, მოკლე დროში ბლომად ასეთი სათამაშოს დამზადება შეიძლებოდა – ასანთის ღერი, რომლის ცალ მხარეზე გოგირდია, მეორე მხარეს კი საკმაოდ გულისამრევი რამ, ფურთხისა და ცარცის გორგალი. ვუკიდებთ ასანთს ცეცხლს და ვისვრით ჭერში, სადაც ის ცარციანი მხრით ეწეპება და ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, ასანთის ღერი ბოლომდეც კი იწვის. მონა ლიზაც მზადაა. ამ ყველაფრის ვიზუალიზაციაც შემიძლია შემოგთავაზოთ მარცხენა სურათში:

გადმოცემით გამიგია, რომ არსებობდა კიდევ ერთი ტიპის ასაფეთქებელი, სავარაუდოდ ქიმიის კარგად მცოდნე პიონერების მიერ მოგონილი. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო გლიცერინი და მარგანცოვკა, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება არ მიცდია, ან გლიცერინი არ მქონდა ხოლმე, ან მარგანცოვკა. ასე რომ ამ ლეგენდის რეცეპტსაც თქვენგან ველი.

კიდევ ერთი მშვენიერი გასართობი, რომელიც ასევე ასანთის თავებზე მუშაობდა, იყო კომპაქტური სატკაცუნო. მისი მთავარი კონსტრუქცია ველოსიპედის სპიცაზე იყო აგებული. სპიცის თავში, აი რითიც ბორბალზე მაგრდება, ვტენიდით საწვავს, ამ შემთხვევაში კვლავაც ასანთის გოგირდ-ფოსფორს, ვუჭერდით მეორე მხრიდან ასევე სპიცას (თუ სწორად მახსოვს) და ლაწან! ნებისმიერ დარტყმაზე მშვენიერი, კომპაქტური და რაც მთავარია, rechargable ხლოპუში მზად იყო. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იყო სკოლაში, ეფექტურობა სამმაგად მატულობდა, თუ ეს ყველაფერი გაკვეთილზე ხდებოდა. მართალია უკუჩვენების სახით მშობლის დაბარება მოყვებოდა ამას სკოლაში, მაგრამ ეფექტი ამად ღირდა.

სკოლაზევე გამახსენდა კიდევ ერთი აპარატი, რომელიც ერთჯერადი იყო და იმ დროისათვის საკმაოდ დეფიციტურ მასალას მოითხოვდა. მაგრამ მისგან იმხელა ეფექტი იყო, რომ ზოგჯერ გაკვეთილიც კი იშლებოდა ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ეს საოცრება არის სიგარეტის ფოლგაში გახვეული პინგ-პონგის ბურთის ნაფშვენები. აფეთქებას და ხმაურს ის არ იწვევდა, მაგრამ თუკი ვინმეს ერთხელ მაინც აქვს იგი გამოყენებული, ემახსოვრება როგორ სქელ, მძიმე და საფუძვლიან კვამლს იძლეოდა პინგ-პონგის ბურთი. მისი ერთი დადებითი თვისება კიდევ ის იყო, რომ ავტორ-ტერორისტს შეეძლო სრულიად ანონიმური დარჩენილიყო – ცეცხლის მოკიდებიდან და გადაგდებიდან სრული სიმძლავრით აკვამლებამდე საკმაო დრო გადიოდა, რის გამოც მასწავლებელს გასროლის მომენტი შეუმჩნეველი რჩებოდა. ხოლო როდესაც შეამჩნევდა, უკვე გვიანი იყო, მთელი კლასი, ხოლო თუკი ავტორს ბურთის ნაფშვენები არ დაენანებოდა და ბლომად ჩატენიდა აპარატში, მთელი სკოლაც, თეთრი მომყრალო კვამლით ივსებოდა.

არ მინდა იფიქროთ, რომ საბჭოთა წარმოება ისე უკან იყო, რომ ბავშვებს ყველაფრის ჩვენი ხელით კეთება გვიწევდა. მაღაზიებშიც შეიძლებოდა მაშინ პიროტექნიკის უდავო სასწაულის შეძენა. ეს იყო კარდონის მოკლე მილი, რომელსაც ბოლოში ძაფი ჰქონდა. თუკი ძაფს აკურატულად გამოქაჩავდით და არ მოწყვეტდით, მაშინ მსუბუქი ტკაცუნის ფონზე თავზე მრგვალად დაჭრილი ქაღალდები გადაგეყრებოდათ. ცხადია, ამ სასწაულით ვერავის გააოცებდი, ამიტომაც შეიქმნა ყველა ზემოთმოყვანილი კუსტარული სათამაშო. კიდევ კარგი, რომ დენთი ისეთივე ხელმისაწვდომი არ იყო ბავშვებისთვის, როგორც ასანთის ღერები, ან თუნდაც პინგ-პონგის ბურთები, თორემ წარმომიდგენია რამდენი ცალხელა 20-40 წლის ახალგაზრდა ივლიდა დღეს საქართველოში.

ეს იყო ის ძირითადი პიროტექნიკა, რაც მე გამახსენდა. თუკი რამე გამომრჩა, ან თუკი ვინმე უფრო სასწაულ ტექნოლოგიას ფლობდით, არ მოგერიდოთ და დაწერეთ კომენტარებში. შემოვუნახოთ მომავალ თაობას საბჭოთა სასწაულები!

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

17 thoughts on “ჩემი ბავშვობის პიროტექნიკა”

  1. 1 კოვზი სურიკი, ორი ბრონზა, 3 პატარა ქვა გაახვიე ვერცხლის ქაღალდში, მყარად შემოახვიე სკოჩი და გროზნო აღებულია :დ

  2. როგორც მახსოვს “სურიკს” და “ბრონზას” აზავებ 1/2-ზე, თუ მაინცდამაინც 1/3-ზე (“სურიკი” უფრო ძვირი იყო ხოლმე), და პატარა ქვებთან ერთად მჭიდროდ კრავ პარკში, ქვები თუ “კაჟის” იქნება საერთოდ გადასარევი იმიტო რო კედელს რო ესვრი წარმოქმნის ნაპრერწკალს რაც აფეთქებს მერე, რჩება სუნი და შავი ლაქა კედელზე, რაც უფრო დიდი იქნება ბომბი მით უფრო დიდი ხმა აქვს… სჯობს ხელთათმანებით გააკეთო თორე თითებს “ჭამს”… ხეზ რომელი, სურიკი თუ ბრონზა მარა კი მეწვოდა ხოლმე ხელები

  3. მაგ პინგ-პონგის ბურთს “დიმაუშკა” ერქვა :)
    ისე საბჭოთა “ხლაპუშკისგანაც” (კარდონის მილი) შეიძლებოდა კარგი ბომბის გაკეთება, მთავარია დაშლისას არ აფეთქებულიყო :)

  4. კიდევ ბევრი საინტერესო რამ არსებობდა, მაგალითად – ვიღებდით სგუშჩონკის ბანკას და ძირში ვუკეთებდით ნახვრეტს, ამის მერე წინასწარ ამოთხრილ მცირე ზომის ორმოში ვასხავდით წყალს და ვაგდებდით კარბიდის ნატეხებს, სწრაფადვე ვაფარებდით ამ ათუხთუხებულ სუბსტანციას სგუშონკის ქილას, ზემოდან ვადებდით გაზეთს და რათქმაუნდა ვუკიდებდით ცეცხლს. სანამ გაზეთის ალი სგუშჩონკის ბანკამდე მიაღწევდა ის უკვე სავსა იყო კარბიდის მიერ წარმოქმნილ აირით და ბა-ბახ!!! აფეთწებას თან ახლდა ძალზედ დიდი ხმა და თან ამ ბანკის მინიმუმ მე-7 სართულის დონემდე ჰაერში ასროლა :)

  5. მე უცებ გამახსენდა დიმაუშკა და “ტანკის ფითილი” :) ორივე საკაიფო კვამლს იძლეოდა. ასევე კალის ნაჭერს დაადებდი ასანთის ღერებს, რომლებიც ქვაზე იდო. ხოდა მეორე ქვას რომ დაარტყავდი ზემოდან – სკდებოდა. :)

  6. ანალგინის და გიდროპერიტის დაფშვნილი ტაბლეტები ერთმანეთში არეული და ქაღალდის ნაგლეჯში გახვეული. კონსისტენცია არ მახსოვს. 2:1 ან 1:2 იყო.
    მოკლედ როდესაც ამ ტაბლეტების ფხვნილებს ერთმანეთში ურევდი და მჭიდროდ შეკრავდი ქაღალდით (ანუ კარგად დაკუჭავდი ქაღალდს) იწყებოდა ქიმიური რეაქცია. ნაერთი თავისი იწყებდა გახურებას. ბოლოავდა და გულისამრევ სუნს აყნებდა. ანონიმურობა აქაც გარანტირებული იყო. მიაგდებდი შესვენებაზე მასწავლებლის მაგიდის ქვეშ და ელოდებოდი :)

  7. არ მახსოვდა ბოლტ-გაიკებით გაკეთებული ასაფეთქებელი :დ:დ მადლობა რომ უბედური ბავშვობა გამახსენე:)

  8. აუ მე მახსოვს მეზობლები მყავდნენ ძმები იმენა ისეთ რაღაცეებს იგონებდნენ რო რავი ალუმინის პატარა მილში ყრიდნენ რავი რას “ლეჟანკას” ეძახდნენ ხმა ქონდა რავი რაღაც არანორმალურად დიდი ასევე “ვზრივპაკეტა” ოღონდ როგორც მახსოვს ესენი გასაკეთებლად ძაან საშიში იყო როგორც გამოსაყენებლად იმიტო რო ამოქმედებიდან დაახლოებით 2-3 წამში ფეთქდებოდა

  9. მაგრამ ეს ეგრედწოდებული “ლეჟანკა” ყველაზე მაგარ რამედ ითვლებოდა პრობლემა ასევე იმაში იყო რომ მისი მასტერი სანთლით საძებარი იყო Da Nu Rac Ar შემიძლია არ ვთქვა ეს არის მსრალი ყინული ასევევ კარბიტი რაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s