34 წელი მეორედ

სადღაც 4 წლის მე

2018 წელი მოვიდა. ეს, ოღონდ, ქრისტეს დაბადებიდან. ჩემისგან – 34 გავიდა. ოცდათოთხმეტი, ანუ ოცი გავიდა ჯერ და იმის მერე, რაც მე ოცი წლის ჯეელი ვიყავი, კიდევ თოთხმეტი.

ცოტა რთული წარმოსადგენია. ოცი წლის წინ თოთხმეტი წლის ვიყავი. სადღაც მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ან მერვეში. შეიძლება მეცხრეში, ახლა მერევა ცოტა ეს ყველაფერი. მაშინ ცოტა სხვანაირად ითვლიდნენ სკოლაში მისვლის წლებს. შვიდის ვიყავი, სკოლაში რომ მივედი, თითქმის. თითქმის შვიდი წლისაც ვიყავი და თითქმის მივედი კიდევაც. 91 წელი იყო მაშინ. პოლიტიკურად არ მახსოვს რა ხდებოდა და არც ვაპირებ გახსენებას, მაგრამ თბილისში რომ სამოქალაქო ომი იყო, ეგ ნაღდად ვიცი. იმდენად დიდი ამბები იყო, რომ პირველ სექტემბერს სწავლა არ დაწყებულა. ვერც თხუთმეტში დაიწყეს და ვერც შუა ოქტომბერში. ქუჩაში არ გაისვლებოდა მაშინ, უკან ან დაბრუნდებოდი და ან ვერ. თუ დაბრუნდებოდი – ან დაჭრილი, ან ჯანმრთელი და თუ ჯანმრთელი, მაშინ ან ჩაცმული და ან გახდილი. ესენი მოყოლით ვიცი, რადგან 6 წლის ბავშვს არც გარეთ გამიშვებდა ვინმე და არც იქ დამხვდებოდნენ მოსაკლავად, გასახდელად ან დასაჭრელად. მაქსიმუმ სახლამდე გამომყოლოდა ვინმე ჩუმად და კარს რომ გამიღებდნენ ჩემები, შემოვარდნილიყვნენ და გავეძარცვეთ. ამიტომაც 6 წლის ბავშვს გარეთ არ მიშვებდნენ.

ასე იყო ყველა და ამიტომაც მოუწიათ სწავლის გადადება. ჰო, პურიც აღარ იშოვებოდა მაშინ უკვე მაღაზიებში და სადაც იშოვებოდა, ურიგოდ მაინც არ იყო. ასე რომ, ჩემი პირველი სექტემბერი მახსოვს სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. ან შედგა. ვიღაცეებმა ჩაატარეს, ჩემთვის კი, გაყინული 6 წლის ბავშვისთვის ის უბრალოდ შედგა. სკოლის ფორმები დაგვირიგეს მერე, მუქი ლურჯები იყო და მხარზე გადაშლილი წიგნის ლოგო ეხატა, საბჭოთა პიონერების ან ვიღაც ეგეთების პონტში. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო უკვე, მაგრამ იქაური წესჩვეულებები ჯერ კიდევ ძალაში იყო, სკოლის ფორმებიც ქონდათ, რომლებსაც მოსწავლეებს ურიგებდნენ. ახლა რომ ვაკვირდები, შეიძლება საერთოდად სხვების გამონაცვალი ფორმები იყო. წიგნებსაც არიგებდნენ მაშინ, სკოლის ბიბლიოთეკა იყო და იქ შარშანდელი იგივეკლასელების ჩაბარებული წიგნები ხვდებოდათ შემდეგ იგივეკლასელებს. ზოგი მომსპარი და ზოგიც მოვლილი იყო ამ ბიბლიოთეკის წიგნები და რაღაცნაირ სულს ასხივებდნენ, გასაცოდავებულს თითქოს, რაღაცას რომ გეხვეწება და ვერ გეუბნება, მომკალიო.

ჰოდა, ცუდი დრო იყო რა, უსიამოვნო. იმდენად უსიამოვნო და ერთფეროვანი იყო ყველაფერი, რომ რაღაც პერიოდამდე ზაფხული და კარგი ამინდი საერთოდ არ არის ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი. აი ახლა როგორი ამინდიცაა გარეთ – უფერული, უმზეო, საჭიროზე მეტად სველი და ტალახიანი და თანაც ცივი, ისეთი ცივი, რომ ვერ გაარკვევ ეგ უფრო გაწუხებს თუ ზემოდან და ქვემოდან ერთნაირად მოწურწურე ჭუჭყიანი წყალი. ზუსტად ასეთ ამინდთან ასოცირდება ჩემთივის 90-იანი წლების დასაწყისი. რაღაც მომენტის მერე ნავთის სუნიც დაემატა ამ ყველაფერს. შუქებმა როდის დაიწყო ჩაქრობა, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედაჩემი რომ რეკავდა ხოლმე ჯერ კიდევ თელასში, მაცივარზე შემოდებული ჭაობისფერი ტელეფონით, იმედიანად, იქნებ ამ დარეკვით შუქი მოვიდესო; ჯერ კიდევ რომ არ იყო ის აზრი ბოლომდე ჩამჯდარი ჩვენში, რომ არსად დარეკვით არ მოვიდოდა შუქი, არც ეს იყო ავარიული გათიშვა და ცოტა ხანში გაზიც გაქრებოდა. მაგრამ ნავთის სუნი რომ ნელნელა შემოგვეპარა ცხოვრებაში, ეგ მახსოვს. ოღონდ ნავთის სუნამდე იყო ერთი დიდი გორაკი ქვანახშირი, რომელიც ჩვენი სკოლის შიდა ეზოში მოიტანეს დიდი მანქანით და ჩამოცალეს იქვე, შუა ეზოში. საკმაოდ მოზრდილ, შავ მთად. დანიშნულება ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ რაღაცნაირი ღუმელები მოგვიტანეს მანამდე, დიზელზე რომ მუშაობდა, ანუ სალიარკის ფეჩები. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ასე მეხუთე კლასში და გავმაიმუნდით, ათას რაღაცას ვყრიდით ამ დიზელის ფეჩში, ქაღალდებს და რაღაცეებს. საოცრად უსაფრთხო ფეჩები იყო – კედელზე ეკიდა სალიარკით სავსე ბაკი, საიდანაც პატარა მილაკით მოდიოდა ეს საწვავი და წვეთ-წვეთ ისხმებოდა ფეჩში. როგორ არ აფეთქდა არასდროს და არსად, ეგ მიკვირს დღემდე. ქვანახშირმა კი ნელა-ნელა შემცირება დაიწყო და ბოლოს საერთოდაც გაქრა, ჩვენი სალიარკის ფეჩების დახმარების გარეშე. არ შემიძლია ამ აპარატს დიზელის ღუმელი ვუწოდო.

ახლა კიდევ 34-ის ვარ. ანუ ათი წლის რომ გავხდებოდი, როცა მესამე კლასში ვუყურებდი, ჩემი რუსულის მასწავლებელი, კარადისხელა ლიუდმილა რაღაცოვნა როგორ ტეხდა მუშტის დარტყმით კაკალს მაგიდაზე და მერე გაბრაზებული სკამს ესროდა ურჩ მოსწავლეს, დრო რომ დამერესეტებინა და თავიდან დავბადებულიყავი, სამჯერ მივაღწევდი მაგ მომენტამდე და ახლა ოთხი წლის ვიქნებოდი. ნეტა რას ვაკეთებდი ოთხი წლის რომ ვიყავი? მგონი ლავიწის ძვალი მოვიტეხე საბავშვო ბაღში. თან ორივე მოვიტეხე, თითო წლის შუალედით და უცნაურად დათაბაშირებული დავდიოდი. ერთი მოტეხვა მოყოლით მახსოვს, კიბიდან გადმოვხტი ან გადმომაგდეს და უცნაურად დავეცი. მეორე კი ახლაც მახსოვს, ხალიჩაზე დავდექი ხელებით, ვიღაც ბავშვმა… რა ერქვა ნეტა… სახელი “დათო” მიტრიალებს რატომღაც ტვინში… ეს ხალიჩა გამომაცალა და ლავიწით დავერჭე. ამხელა ვიქნებოდი ახლა, უკვე მეოთხედ. რა საშინელებაა. ან შეიძლება არც, ყველაზე უდარდელი ვიქნებოდი ახლა. პატარა მაგიდის ქვეშ ვიფოფხებდი სქელ ფენად გაშლილ ჟურნალ-გაზეთებზე, მაგიდაზე ნაძვის ხეს შლიდნენ ხოლმე და იქედან ჩამოსული წვიმები და ელექტრო სანთლები ძალიან მომწონდა. რაღაცნაირი სანთლები იყო, წითლები და თავზე მოციმციმე ნათურები ქონდა, ვითომ მართლა ენთო და პარპალებდა. ასეთ ძველ კადრს თუ გავიხსენებდი, არ მეგონა. მაგის მერე, პრინციპში ყოველი შემდეგი ახალი წელი ცოტათი ნაკლებად ასეთი იყო, ვიდრე წინა.

იქნებ 20 წლისას დამერესეტებინა დრო და თავიდან დამეწყო ცხოვრება? 2004 წელი იყო, თესეუში ვსწავლობდი მეორე კურსზე და საკმაოდ უცნაური ცხოვრება მქონდა. მგონი ეგრე ჯობია, მაქედან დავიწყებ თავიდან და ახლა 14 წლის ვიქნები, მერვე კლასში. არც ისე ცუდი დროა, რომ ვთქვათ. შუქები მაინც არ არის იმიტომ, რომ 98 წელია, სამაგიეროდ როცა მოდის, ყველას გვიხარია და თუ ბევრი სამეცადინო არ მაქვს, შემიძლია სუბორზე რამე ვითამაშო. ტანკები ან რამე ახალ კასეტას თუ ვითხოვებ ვინმესგან. გაკვეთილების მერე ფიზიკის ინსტიტუტშიც შეიძლება გავიარო, ჩემი კლასელის მამა მუშაობს მანდ და ერთი ოთახი მოგვცა, რაღაც აპარატურები დაგვიდგა და გაერთეთო. დაე იყოს ასე, ვიქნები 14 წლის მეორე წრეზე და ვნახოთ, სადამდე გავქაჩავ.

მე და ჩემი მესამე ველოსიპედი, სადღაც შვიდი-რვა წლის ჰასაკში
Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s