2014 წელი – Resurection


ბოლო ორი წლის განმავლობაში ბლოგზე დავწერე სულ 20 პოსტი. 20 პოსტი – 24 თვის განმავლობაში. სირცხვილი და თავის მოჭრა. იყო დრო, როდესაც 24 პოსტს თვეში ვწერდი, ახლა კი საშუალო რაოდენობა რომ გადავთვალოთ, თვეში თითო პოსტია და სამი თვე უბრალოდ შესვენება. ეს უხეშად.

მიზეზი, ცხადია იმაში არ არის, რომ საწერი არაფერია, ან საპოსტი ან მეზარება. საწერის მეტი რა არის, აიღე ყველაფერი, რაც თავში მოგივა და გაუშვი ბლოგზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ფორმულა მუშაობდა ადრე აქ და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობდა. ახლა კი დავიწყებ წერას რაღაცაზე, გადავხედავ, “ეე, ამას ვინ წაიკითხავს” და ან ვშლი, ან უკეთეს შემთხვევაში დრაფტში ვაგდებ. აღარც ლამაზ სურათებს ვდებ, უბრალოდ გულს რომ უხარია ხოლმე მათი თვალიერება, არც არაფერს. მოკლედ, საკუთარი ცენზურის მსხვერპლი გახდა ყვავის ბუდე.

Нихуя собачего! ასეთი რამე აქ აღარ მოხდება. ასეთი რამის გაკეთება საკუთარი ბლოგისთვის ჩემი მხრიდან არის უსაშინლესი უმადურობა. სხვა თუ არაფერი, ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე ან ცოტა დამაკლდა მიღწევამდე, აქაურობას უნდა ვუმადლოდე. ასე რომ, 2013-ო წელო, პაშოლ კ ჩორტუ, მივესალმოთ ახალ, 2014 წელს და დაწეულ სტანდარტებს, ასე ვთქვათ შესუსტებულ ფილტრს. ავე!

ფილტრი შესუსტდა თუ არა, მაშინვე გამოჩნდა პირველივე ფოტო, რომელიც ამ პოსტის ბოლოს დაამშვენებს.

pirveli foto

ახალი ტრეკი – Blue Mountains


ახალი ტრეკი დადებულა, ახალი – სოკრატე

მოგესალმები პუბლიკავ, დიდი ხანია არაფერი დამიწერია აქ, არადა დასაწერი ბევრია. პიონერულ სიტყვას ვიძლევი, ეს აღარ განმეორდება.

ახლა კი საქმე. მინდა წარმოგიდგინოთ ტრეკი, რომლის წერაც გუშინ დავამთავრე. სტილი – ტრანსი, გოა, სუომი (თუ ზოგიერთებს დავუჯერებთ), მოკლედ, ჩქარები. ესაა პირველი ასე თუ ისე დასტოინი ფსაი ტრეკი, რომელიც გამომივიდა. სხვა არაფსაი ტრეკების მოსმენა, ცხადია შეგიძლიათ ამ ლინკზე. ახლა კი თავად ტრეკი.

აი, ასეთი სიტყვაძუნწი რელიზი შედგა ტრეკისა. დატკბით.

ქოვერის დიდი ვერსია
ქოვერის დიდი ვერსია

ღამის მოგზაურობა ბორჯომში


მე და ძიმას უკვე რამდენიმე წელია ერთი ტრადიცია გვაქვს – ზაფხულის ერთ ლამაზ საღამოს ვსვამთ და მერე პაპუტკებით მივდივართ ხოლმე ბათუმში. ამ რამდენიმე დღის წინაც იგივე განმეორდა. მინდა ვთქვა, რომ ბორჯომიც არანაკლები ადგილია, ვიდრე ბათუმი. ერთია ოღონდ, რომ ბორჯომის პარკს რომ ბოლომდე აყვები, მანდ არის გოგირდის წყაროები, რომელსაც ძალიან ნერვების მომშლელი დაცვა ყავს, რომელმაც ვერაფრით აგვიხსნა, რატომ არის ტყეში შესვლა ფასიანი. თუმცა იდეალური ამქვეყნად არაფერია.

ასე რომ, იხილეთ ჩვენი მგზავრობის ვიდეო

და ცოტაც ფოტო (გასადიდებლად დააჭირე):

IMAG0238

borjomi

promete borjomshi

ბორჯომის ტყე

ბორჯომი გოგირდის წყალი

უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები


უმუშევარი / umushevariაგერ უკვე 8 თვე გავიდა, რაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უმუშევარი ვარ და როგორც იტყვიან, “სახლში ვზივარ”. თავიდან საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში აღარ მიწევდა სირბილი, დილით ადრე ადგომა აღარ იყო სავალდებულო და საერთოდაც, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. სადღაც ერთ თვეში კი, ბოლო ხელფასი რომ გამითავდა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. “სამუშაოს პოვნას რა უნდა, ამდენი რამე ვიცი” – ვფიქრობდი მაშინ და ძალიანაც არ ვღელავდი უმუშევრობაზე.

აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მეგონა. ასე არასოდეს გამჭირვებია ადრე სამუშაოს პოვნა, რამდენიმეკვირიანი უმუშევრობის შემდეგ რომელიმე სფეროში მაინც ჩნდებოდა თავისუფალი ადგილი, სადაც ვჭირდებოდი. ახლა კი მოჯადოებულ ორმოში ჩავვარდი და ამოსასვლელი აღარ გამოჩნდა. პოტენციურ დამსაქმებელთან რომ ნაცნობობა და ახლობლობა ყველა კვალიფიკაციაზე მეტად ჭრის, ეგ ფაქტი ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სანამ ვინმე ნაცნობის კომპანიაში გამოჩნდებოდა რამე, გადავწყვიტე ჩემთვის ახალი ხილი მეცადა და “სივების გზავნა” დავიწყე და ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ საოცარ პროცესთან დაკავშირებით.

პირველი დაკვირვება, რაც გავაკეთე, არის ვაკანსიები, რომლებიც დასაქმების საიტებზე იდება. მცხობელი, მეხინკლე, მძღოლი, ბუღალტერი – ესაა ვაკანსიების 90%. ხანდახან გამოერევა ასე თუ ისე საინტერესო ვაკანსიაც, სადაც რეზიუმეს გაგზავნა შეიძლება, თუმცა ხშირად გაგზავნილი სივი სადღაც, შავ ხვრელში იკარგება და არანაირ გამოხმაურებას არ პოვებს. თუმცა, თუკი ყველა ამ ფილტრს გაივლი და საბოლოოდ მაინც დაგიკავშირდა ვინმე, მერე იწყება ყველაზე სახალისო ნაწილი – გასაუბრება. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევენ დამსაქმებლები კადრებს. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა გასაუბრებაზე, სადაც ვიყავი, მათ ყველა მოთხოვნას გადაჭარბებით ვაკმაყოფილებდი, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ასეთი უნივერსალი იპოვეს და არაფრის დიდებით არ აპირებდნენ ჩემს ხელიდან გაშვებას, მაგრამ საბოლოოდ აღარავინ დამკავშირებია.

აქვე უნდა ვთქვა ერთი ფრიად ჩათლახური რამე, რაც ეტყობა ახლახანს აღმოაჩინეს. ესაა შეკითხვა “რამდენს ითხოვ ხელფასს?” ამ კითხვაზე ძალიან ვიბნევი. თუ მოთხოვნაზე და სურვილზეა, მე ვითხოვ რაც შეიძლება მეტს, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენის გადახდას აპირებს თავად დამსაქმებელი. თავიდან, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ვიბნეოდი ამ კითხვაზე, მერე კი შებრუნება დავუწყე უკან (როგორც ვიღაცეები იტყოდნენ, ჩაბრუნება) – “და რამდენს მთავაზობთ”. ამ კითხვის შემდეგ ყველას აშკარად აწერია სახეზე პასუხი, რომელსაც გახმოვანებაც არ ჭირდება. ეს პასუხია “რაც შეიძლება ნაკლები”. ალბათ ამიტომაც არ აქვთ თავად ხელფასის შემოთავაზება ხოლმე, ვაიდა ვინმემ გასაუბრებაზე იმაზე ნაკლები მოითხოვოს, ვიდრე ისინი გადახდას აპირებდნენ და ამ მხრივ მოგებაში დარჩნენ?

არის კიდევ მეორე სახის ვაკანსიები, სადაც თავიდანვე გეუბნებიან ხელფასს, თუმცა ეს ხელფასი არასოდესაა 300-400 ლარზე მეტი ისეთ საქმეში, რომელშიც წესიერი დამსაქმებელი 1000-1500-საც გადაიხდიდა. ერთხელ, რომელიღაც გამომცემლობაში შემომთავაზეს კვირაში 6 დღე მუშაობაში (დამკაბადონებლად) 250 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში “თუკი გამოსაცდელ ვადას წარმატებით გადავლახავდი”.

მოკლედ, ვრცლად წერა უკვე მეც მეზარება და ალბათ ვინც ამას კითხულობს, იმასაც ეზარება უკვე კითხვა, ამიტომ მოკლედ შევაფასებ ჩემი სამუშაოს ძებნის პროცესს – ფაქტიურად ფარ-ხმლის დაყრის ზღვარზე ვარ და დიდი ხნის იდეს განხორციელებაზე ვფიქრობ, რომ დავიწყო საკუთარი საქმე. ერთი პატარა საქმე, რომელსაც ჯერჯერობით ბიზნესს ვერც ვუწოდებ, არის ტატუს საქმე. ამაზე ვრცლად შემდეგ პოსტში მოგახსენებთ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ოდნავ მეტი სტაბილურობა რომ ჰქონდეს, საერთოდ დავანებებდი ფულტაიმ, საოფისე სამუშაოს ძებნას თავს და მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი ამ საქმეს რომელიც, საოფისე და ერთფეროვანი სამუშაოსგან განსხვავებით, სახალისო მაინც არის. თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასეც ვქნა…

ბოლოს კი საკუთარ თავსაც და უმეტეს თქვენგანსაც საოცნებო საქმის პოვნას ვუსურვებ, რომელსაც ხალისითაც აკეთებ და ანაზღაურებაც ისეთი გაქვს, რომ თავს მონად არ გრძნობ. ამ სადღეგრძელოთი გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე, რომელსაც იმედია მალევე დავწერ, რადგან ამასწინათ გადავწყვიტე, რომ ბლოგის ასე მიგდება საცოდაობაა.

My recent tattoo works [გალერეა]


Let’s test my phone’s ability to make good wordpress posts. I can’t write in georgian from here, but this is not a big deal. Sssoo, let me show you some of my recent tattoo works and test the upload function at the same time.

image

image

image

image

That’s it, hope you enjoy my works…

Divani Red pill party [videos]


RTmo8SGsY49judHa6EH5lxtui6qoc1VnnlLnxm0BQ-kმაშ ასე, მოვიდა 2013 წელიც და დადგა დრო ფართების ახალი სეზონისა. ღია ცის ქვეშ ფართაობისთვის ჯერჯერობით ძალიან ცივა, ამიტომაც კლუბს მივადექით. კერძოდ კლუბ “დივანს” (რომელიც ფესტივალიც და რესტორაციაცაა ამავდროულად). წელს პირველი ფართი 2 მარტს გავმართეთ და აქ მინდა შემოგთავაზოთ მისი ამსახველი ვიდეომასალა. სხვათა შორის, ეს მგონი პირველი ფართია, სადაც არ დაგვეზარა და ასე თუ ისე კარგი რაოდენობის და ხარისხის ვიდეოები გადავიღეთ.

წინა მსგავსი ღონისძიებების რეპორტები, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ კატეგორიაში “ფართები“.

ჰო, ინფო ფართიზე და პოსტერი წინა პოსტშია.

ახლა კი ვიდეოები, ქრონოლოგიურად:

ფართი ობრიგადომ გახსნა, თავისი დაჭმუჭნული, ვაბვაბა მუსიკით, რომელიც ზოგიერთ წრეებში დაბსტეპის სახელითაცაა ცნობილი:

ლინკი: youtube.com/watch?v=dDxpzvSt8S8

[ამის შემდეგ ბევრი ფოტო-ვიდეო მოდის, ამიტომაც რიდმორია ჩასმული, დააჭირეთ და განაგრძეთ კითხვა] Continue reading “Divani Red pill party [videos]”

Party დივანში, 2013 წლის 2 მარტი


დღეს, შაბათს, საღამოს 10 საათზე კლუბ დივანში ფართის ვაკეთებთ. ისევე როგორც წინა ფართების ჩანაწერებს და მასალებს აქვე იხილავთ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში. მანამდე კი პოსტერი:

Trance Divani 2 march 2013-full

და აქვე ფეისბუქის ივენთი. ვინც ვერ მოვა – ინანებს.

ჩემი ბავშვობის პიროტექნიკა


სურიკი და ბრონზა ყველა ბავშვის ხელში!

საახალწლოდ თბილისი 90-იანი წლების გროზნოს ემსგავსება. პატარა ჯოხარ დუდაევები, მამამ რომ სიგარეტზე ჩააგზავნა და ხურდა ძმაკაცებისთვის კევის საყიდლად დაუტოვა, იმ ფულით სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ასაფეთქებლებს ყიდულობენ და უკვე მეასედ ამოწმებენ – ამასაც ისეთივე ხმა და ეფექტი ექნება თუ არა, როგორც წინა ას ცალ სხვა ასაფეთქებელს. აფეთქებენ ყველგან, ყველაფერს და ძირითადად გამვლელების შეხტომასა და გინებაზე კაიფობენ.

90-იანების თბილისში კი საქმე სხვანაირად იყო. მაშინ ბაზრობაზე კალაშნიკოვის ტყვიებს უფრო ადვილად იშოვიდი, ვიდრე პატარა ასაფეთქებელს. ამიტომაც ბავშვები უფრო გამომგონებლები იყვნენ. იყვნენ იმიტომ, რომ მე როდესაც 90-იანების ბავშვი გავხდი, ეს გამოგონებები უკვე დამხვდა, საბჭოთა მოზარდების მიერ შექმნილი. საბჭოთა პიროტექნიკაზე მაქვს საუბარი, რომელიც არამარტო საახალწლო გასართობს წარმოადგენდა, არამედ მთელი მეცნიერება იყო. პიროტექნიკის შექმნა-გამოყენების ტემპიც ზაფხულობით აღწევდა პიკს, როდესაც კურორტის გარეშე დარჩენილი ბავშვები ეზოებში ბირჟაობდნენ და ხეების ჩრდილში ახალ შეარაღებას ქმნიდნენ.

შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ბოლტ-გაიკა და მასში ჩაყრილი ასანთის თავები. საერთოდაც, ასანთის თავები ბევრ მსგავს აპარატში გამოიყენებოდა, რადგან მაშინ, მოგეხსენებათ, ასანთი ერთი კაპიკი ღირდა, მოსკოვში გადაფრენა კი 37 მანეთი. ბოლტგაიკური ასაფეთქებელი საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი იყო და ქუჩაში ნაპოვნი ნაწილებითაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, იგი მრავალჯერადი იყო. მოკლედ, ვპოულობდით სადმე ორ ცალ ბოლტგაიკას,bolt-gaika რომელიც აუცილებლად ძველი და ოდნავ მორყეული უნდა ყოფილიყო. საინტერესო დაკვირვებაა, რომ ბოლტ-გაიკები რატომღაც ყველგან ეყარა, ალბათ საბჭოთა მაღალტექნოლოგიური მანქანები ისე იყო დაპროექტებული, რომ თავისით ცვიოდა ნაწილები. ასანთის მოფშვნილ თავებს, რომლებსაც წინასწარ ვამზადებდით (მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება) ვტენიდით ამ მორყეულ ბოლტში, ორივე მხრიდან კარგად ვუჭერდით და ასაფეთქებელიც მზად იყო. საკმარისია მისი ვერტიკალურად ასროლა და თუკი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მიწაზე დაცემისას მშვენიერ ხმას გამოსცემს.

ამ საოცარი აპარატის პრინციპული სქემა რუსულ ინტერნეტში დღესაც არის შემორჩენილი და მას უცვლელად გთავაზობთ:

მეორე ლეგენდარული ასაფეთქებელი იყო, რაღა თქმა უნდა, სურიკი და ბრონზა. მე პირადად ეს აპარატი არასოდეს დამიმზადებია, ამიტომაც ზუსტი რეცეპტიც არ ვიცი, თუმცა ეფექტი ნანახი მაქვს – ფოლგაში ან ცელოფანში გახვეულ სურიკსა და ბრონზას ესვრიან კედელს და ეს საოცრება ასეთივე საოცარი ხმითა და საკმაოდ მყრალი ბოლით ფეთქდება. თუკი ვინმე მის რეცეპტურას სრულად ფლობთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

asanti-cherzeშემდეგი ტიპის პირო-სათამაშო ნაკლებად განეკუთვნება ასაფეთქებლების ტიპს, ის უფრო ხელოვნების ნიმუშია. მსგავსი ხელოვნების ნიმუშის ხილვა, რაღა თქმა უნდა ძველი შექმნილის, დღესაც შეგიძლიათ გაურემონტებელი სადარბაზოების ჭერზე. ეს არის, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ჭერში სასროლი ასანთის ღერები. თქვენი არ ვიცი და ჩემი სადარბაზოს ჭერი საკმაოდ ინტენსიურად იყო დამწვარი და ნახევრად დამწვარი ასანთის ღერებით შელამაზებული. ეს აპარატი ყველაზე იაფი ჯდებოდა (არ დაგვავიწყდეს – ასანთი ერთ კაპიკად) და შესაბამისად ყველაზე მეტადაც იყო გავრცელებული. ასანთის ღერს ვღეჭავდით, ცხადია უგოგირდო მხრიდან, მერე კი საკმაო ხანს ვუსვამდით წინასწარ ფურთხით დამუშავებულ ცარცის კედელზე. მცირედი გაწაფულობის შემთხვევაში, მოკლე დროში ბლომად ასეთი სათამაშოს დამზადება შეიძლებოდა – ასანთის ღერი, რომლის ცალ მხარეზე გოგირდია, მეორე მხარეს კი საკმაოდ გულისამრევი რამ, ფურთხისა და ცარცის გორგალი. ვუკიდებთ ასანთს ცეცხლს და ვისვრით ჭერში, სადაც ის ცარციანი მხრით ეწეპება და ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, ასანთის ღერი ბოლომდეც კი იწვის. მონა ლიზაც მზადაა. ამ ყველაფრის ვიზუალიზაციაც შემიძლია შემოგთავაზოთ მარცხენა სურათში:

გადმოცემით გამიგია, რომ არსებობდა კიდევ ერთი ტიპის ასაფეთქებელი, სავარაუდოდ ქიმიის კარგად მცოდნე პიონერების მიერ მოგონილი. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო გლიცერინი და მარგანცოვკა, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება არ მიცდია, ან გლიცერინი არ მქონდა ხოლმე, ან მარგანცოვკა. ასე რომ ამ ლეგენდის რეცეპტსაც თქვენგან ველი.

კიდევ ერთი მშვენიერი გასართობი, რომელიც ასევე ასანთის თავებზე მუშაობდა, იყო კომპაქტური სატკაცუნო. მისი მთავარი კონსტრუქცია ველოსიპედის სპიცაზე იყო აგებული. სპიცის თავში, აი რითიც ბორბალზე მაგრდება, ვტენიდით საწვავს, ამ შემთხვევაში კვლავაც ასანთის გოგირდ-ფოსფორს, ვუჭერდით მეორე მხრიდან ასევე სპიცას (თუ სწორად მახსოვს) და ლაწან! ნებისმიერ დარტყმაზე მშვენიერი, კომპაქტური და რაც მთავარია, rechargable ხლოპუში მზად იყო. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იყო სკოლაში, ეფექტურობა სამმაგად მატულობდა, თუ ეს ყველაფერი გაკვეთილზე ხდებოდა. მართალია უკუჩვენების სახით მშობლის დაბარება მოყვებოდა ამას სკოლაში, მაგრამ ეფექტი ამად ღირდა.

სკოლაზევე გამახსენდა კიდევ ერთი აპარატი, რომელიც ერთჯერადი იყო და იმ დროისათვის საკმაოდ დეფიციტურ მასალას მოითხოვდა. მაგრამ მისგან იმხელა ეფექტი იყო, რომ ზოგჯერ გაკვეთილიც კი იშლებოდა ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ეს საოცრება არის სიგარეტის ფოლგაში გახვეული პინგ-პონგის ბურთის ნაფშვენები. აფეთქებას და ხმაურს ის არ იწვევდა, მაგრამ თუკი ვინმეს ერთხელ მაინც აქვს იგი გამოყენებული, ემახსოვრება როგორ სქელ, მძიმე და საფუძვლიან კვამლს იძლეოდა პინგ-პონგის ბურთი. მისი ერთი დადებითი თვისება კიდევ ის იყო, რომ ავტორ-ტერორისტს შეეძლო სრულიად ანონიმური დარჩენილიყო – ცეცხლის მოკიდებიდან და გადაგდებიდან სრული სიმძლავრით აკვამლებამდე საკმაო დრო გადიოდა, რის გამოც მასწავლებელს გასროლის მომენტი შეუმჩნეველი რჩებოდა. ხოლო როდესაც შეამჩნევდა, უკვე გვიანი იყო, მთელი კლასი, ხოლო თუკი ავტორს ბურთის ნაფშვენები არ დაენანებოდა და ბლომად ჩატენიდა აპარატში, მთელი სკოლაც, თეთრი მომყრალო კვამლით ივსებოდა.

არ მინდა იფიქროთ, რომ საბჭოთა წარმოება ისე უკან იყო, რომ ბავშვებს ყველაფრის ჩვენი ხელით კეთება გვიწევდა. მაღაზიებშიც შეიძლებოდა მაშინ პიროტექნიკის უდავო სასწაულის შეძენა. ეს იყო კარდონის მოკლე მილი, რომელსაც ბოლოში ძაფი ჰქონდა. თუკი ძაფს აკურატულად გამოქაჩავდით და არ მოწყვეტდით, მაშინ მსუბუქი ტკაცუნის ფონზე თავზე მრგვალად დაჭრილი ქაღალდები გადაგეყრებოდათ. ცხადია, ამ სასწაულით ვერავის გააოცებდი, ამიტომაც შეიქმნა ყველა ზემოთმოყვანილი კუსტარული სათამაშო. კიდევ კარგი, რომ დენთი ისეთივე ხელმისაწვდომი არ იყო ბავშვებისთვის, როგორც ასანთის ღერები, ან თუნდაც პინგ-პონგის ბურთები, თორემ წარმომიდგენია რამდენი ცალხელა 20-40 წლის ახალგაზრდა ივლიდა დღეს საქართველოში.

ეს იყო ის ძირითადი პიროტექნიკა, რაც მე გამახსენდა. თუკი რამე გამომრჩა, ან თუკი ვინმე უფრო სასწაულ ტექნოლოგიას ფლობდით, არ მოგერიდოთ და დაწერეთ კომენტარებში. შემოვუნახოთ მომავალ თაობას საბჭოთა სასწაულები!

2012 წელი ვორდპრესის თვალით


წეღან მეილი მივიღე. საერთოდ მეილებს ხშირად ვიღებ ხოლმე, ასე რომ დიდი განსაკუთრებულიც არაფერია ამაში. მაგრამ ეს მეილი ვორდპრესისგან იყო, რომელმაც 2012 წლის აქტივობები წარმომიდგინა, საკმაოდ ლამაზი, ფლეშ ანიმაციის სახით.

გადავხედე ამ რეპორტს და შემრცხვა. მაშინ, როდესაც ადრე თვეში 10-15 პოსტს ვწერდი საშუალოდ, მთელი 2012 წლის განმავლობაში ჩემმა ნაღვაწმა შეადგინა 14 პოსტი. ანუ თვეში თითო და ორიც რიგგარეშე. საოცარია, რატომღაც მეტი მახსოვდა. სიზარმაცევ, ძალსა შენსა.

რეპორტი კი იმდენად ლამაზი და მონდომებით გაკეთებულია, რომ მისი არგაზიარება ცოდვაა. ასე რომ ინებეთ. იმდენად მესიამოვნა, რომ ამ ყველაფრის დაწერაც კი არ დამეზარა.

ამ ლინკზე დაჭერით შეგიძლიათ იხილოთ რეპორტის სრული მშვენება. ანუ 2012 წელი ყვავის ბუდეში.

შესადარებლად – 2011 წლის რეპორტი.

ჯგუფი “თუმანი”-ს კლიპი (111)


მოგესალმები ყვავის ბუდის ერთგულო და დაუზარელო მკითხველო და მინდა ეგრევე შემოგთავაზო ერთი კარგი რამ – ჯგუფი თუმანის კლიპი. ამ პოსტის სათაურში რომ 111 წერია, ეგ კლიპის გამოშვების წელს არ აღნიშნავს. სიმღერას ქვია “111 კმ/სთ”, რომლის, ასე ვთქვათ კლიპიც, მინდა შემოგთავაზოთ.

კლიპი შარშან გადავიღეთ, მაგრამ ჩემი ვინჩესტერის უძირო სივრცეებში ეგდო, დაუმონტაჟებელი. დროის უქონლობის გამო. ახლა კი, რადგან დრო საკმაოდ მაყრია თავზე, როგორც იქნა გადავწყვიტე დამემონტაჟებინა. მაშ ასე, ჯგუფი თუმანი, სიმღერით ასთერთმეტი:

პ.ს. ამ ჯგუფის სხვა სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ მის არხზე – soundcloud.com/tumani

New Tattoos


ტატუს ახალი აპარატი რომ ვიყიდე, ეს უკვე ნათქვამი მაქვს, ახლა მინდა ორიოდე ახალი ნაშრომი შემოგთავაზოთ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ დავხატე და ერთიც ოდნავ ძველი:

Dj BigCrow – Nuclear Winter [dj set]


როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ამ ბლოგის სახელობის სეტი გამეკეთებინა – Nuclear winter. ეს არის იმ სეტის ჩანასახი, რომელიც 8 ივლისს დავუკარი კლუბ დივანში. სხვა სეტებისა და “მუზიკებისათვის” გადადით ამ ლინკზე.

ახლა კი თავად სეტზე ორიოდე სიტყვით. ეს არის ერთსაათიანი ფსაიტრანს-ფულონ სეტი, საკმაოდ დუხიანი და ენერგიული. მისი მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მდებარე სურათზე დაწკაპუნებით:

ტრადიციული ტექსტური ლინკიც აქვეა – Dj BigCrow – Nuclear winter

ენჯოი ლისენინგ, როგორც იტყვიან მასონურ რადიოებში. და რაც მთავარია, არ გვავიწყდება ჩემი დაფოლოვება მიქსქლოუდზე.

ჩემი ორი დღე ლუდფესტზე


როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი კვირის წინ თბილისის ბირფესტის მოსამზადებელ სამუშაოებზე მოვახერხე აღმოჩენა. მოვახერხე რა, თავად ნატახტარმა შემომთავაზა, არ გინდა ნახო რეებს ვაკეთებთო? რასაც აკეთებდნენ, ამის წაკითხვა შეგიძლიათ ზემოთ დალინკულ პოსტში, თავისი ფოტოგალერეით. ერთი კია, რომ 14 ივლისის ნაცვლად ფესტივალი ერთი კვირით გვიან ჩატარდა, რითიც წვიმასა და დელგმაში ლუდის სმას გადავრჩით.

ფესტის გოგჩოები

ნუ, რადგანაც ფესტის ადგილის მოწყობა მაინც საჭირო იყო და მოსამზადებელ სამუშაოებს მაინც ვერ ავცდებოდით, ამიტომ პარასკევს ისევ გამოვცხადდი რესპუბლიკის მოედანზე, “საინტერესო ფაქტების” შესაგროვებლად. თუმცა საინტერესო იმაში, როგორ დაათრევდნენ მუშები აქეთ-იქეთ მაგიდებს, აწყობდნენ ბარებს და აკრავდნენ პლაკატებს, ვერაფერი ვნახე და შაბათის იმედად წამოვედი სახლში. რამდენიმე წინასაფესტე ფოტოს მაინც შემოგთავაზებთ:

…ასე იდგმებოდა კარვები
და ბარები

და აი, გათენდა შაბათის დილა, 21 ივლისი. ფესტივალი 4 საათზე დაიწყო, თუმცა ქართული პუნქტუალობის გამო, სადღაც 6 საათისკენ მივედი იქ. ლუდის ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ მასშტაბები ამისი აშკარად მეტი იყო. სხვა თუ არაფერი ბარი იყო 4-ის ნაცვლად ერთი 20-მდე, რის გამოც ლუდი არც აქაფებული იყო და არც თბილი. რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? მარტივია – როდესაც ბარები არის ცოტა, ლუდი იხარჯება სწრაფად და ახალშეერთებული კანისტრა (რომელიც, მოგეხსენებათ უსასრულო არ არის და ყოველ 50 ლიტრის მერე ახალი უნდა დააყენო) თან თბილი ლუდითაა სავსე და თან ქაფი მოაქვს პირველი სამი ბაკალი. მოკლედ, ლუდი რომ ცივი და უქაფო იყო, ეს მშვენიერია. ღია ფერის ნატახტარის გარდა ასევე იყო ოდნავ მუქი მთიელიც, რომელსაც, როგორც დავაკვირდი, უფრო ეძალებოდა ხალხი. Continue reading “ჩემი ორი დღე ლუდფესტზე”

თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში


ყველა ადამიანს უყვარს ამა თუ იმ მოვლენის კულისებში შეღწევა. რაღაცნაირად გრძნობ თავს, მაგარროჟულად. დაახლოებით ის პონტია, დიჯეი რომ უკრავს და უკან რომ ორი-სამი VIP უდგას და სულელივით იღიმება – ისინი დიჯეის იცნობენ. გუშინ მეც მომიწია ასეთ VIP-ად ყოფნა, თბილისის ლუდის ფესტივალზე. საიდან მოვხვდი მანდ – არ აქვს მნიშვნელობა. არცერთი კორექტული ადამიანი არ სვამს კითხვას, საიდან მოხვდი კულისებშიო. ასეთ დროს მიღებულია საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსემ ისეთი სახე მიიღო, რომელიც ამბობს – “დიდი საქმე, ეგეც რამეა”.

ამ მოკლე და არეული შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში მომიწია გუშინ ყოფნა. დღესაც მომიწევს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მთავარია რა მოხდა გუშინ. გამომდინარე ფესტივალის მასშტაბებიდან, რომელიც ორი დღე უნდა იყოს და უამრავმა ხალხმა უამრავი ლუდი უნდა დალიოს, მზადება კაი ხნის წინ დაიწყო. კაი ხნის წინო რომ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე თითქმის ყველაფერი დამზადებული, ამობეჭდილი და ასაწყობად გამზადებულია.

პირველ რიგში გამაოცა ფესტივალის 3D მოდელმა. ამ ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ სად ხალხში გარეული რომ მოძრაობ, პლასტმასის ჭიქით ხელში და სად ზემოდან რომ უყურებ ყველაფერს. ამ მოდელის ფოტოთი შეგიძლიათ თქვენც დატკბეთ:

ფოტოზე ჩანს ორი დიდი კარავი, რომელიც სავარაუდოდ საჩრდილობლის ფუნქციით შემოიფარგლება, მარჯვნივ და მარცხნივ ბარები და დასაჯდომი ადგილები. შარშან და შარშანწინ თუ ვინმე იყავით ამ ფესტივალზე, გემახსოვრებათ რამხელა რიგები იყო ბარებთან. წელს წესით ასე აღარ იქნება, რადგან მარცხენა მხარეს (ფოტოზე) ამატებენ უზარმაზარ, 30 მეტრის სიგრძის ბარს. ეს ძალიან მომწონს, რადგან რიგში დგომაზე და იმის ხილვაზე, როგორ სვამენ სხვები ლუდს, უარესი არაფერია. Continue reading “თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში”

ახალი Tattoo Gun და ახალი კარიერა


პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი.

და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან და რადგან, ყველა საზომის მიხედვით მე დამწყებ ტატუიროვშიკებში გავდივარ, აპარატიც შესაბამისი, დამწყები ვიყიდე, იაფიანი. თუმცა, მოგეხსენებათ მარტო აპარატი საკმარისი არ არის – სხვადასხვანაირი ნემსები, თავები, მელანი და სხვა პრიბამბასებიც უნდა. ასე თუ ისე, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც იქნა, თითქმის შევკარი მთელი კომპლექტი და პირველი ორნახევარი ტატუც გავაკეთე. ნახევარ ტატუში ვგულისხმობ ანას ტატუს, რომელიც ჯერ დაუმთავრებელია. და ადრე თუ მხოლოდ ძალიან ახლობლებზე ვცდიდი ჩემს ნემსს, უკვე შემიძლია ყველა მსურველს გავუფერადო კანი, ცხადია შესაბამისი ანაზღაურების ფასად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს კოხტა დრაკონს და პირველ ორ ნორმალურ ნამუშევარს. პირველს დაჭირდა 30 წუთი, მეორეს – ერთი საათი:

აპარატი და მისი ნაწილები
პირველი ვარსკვლავის ხატვის პროცესში
ეს კი შედეგი
ლუქსას ლომი ხატვის პროცესში
ეს კი დამთავრებული ლომი

Dub FX in Tbilisi – video


უბრალოდ, გუშინდელი ქუჩის კონცერტის ვიდეო, დაუჭრელი და დაუმონტაჟებელი.

Full HD, Dub FX:

მაიკლ გრინი – ”ტანკები”


გუშინ აჩომ ძალიან მშვენიერი წიგნი მაჩუქა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ტანკების შესახებაა. მასში მოყვანილია თითქმის  ყველა ქვეყნის ძირითადი ტანკების ფოტოები, აღწერითურთ.

თუ სადმე ნახავთ, თქვენც გირჩევთ მის ყიდვას, მანამდე კი დატკბით წიგნის რამდენიმე ფოტოთი:

წიგნის ყდა
გერმანული ტანკების გვერდი. ტანკი Pantera
გერმანული ტანკების გვერდი. ტანკი Tiger
წიგნის სარჩევი

მერაბ საბანაძე – პირველი რეპეტიცია


მინდა მოგახსენოთ, რომ მე მეტალისტი ვიყავი, ომამდე. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩემი მეტალჰედობაც თითქოს წარსულს ჩაბარდა. სცენაზე ღრიალები, თმების ქნევა და შენს დაკრულზე მთვრალი პანკი ბავშვების ხტუნაობა ისეთი რამეებია, რამაც მონატრება იცის. ჰოდა მეც მომენატრა.

ასეა თუ ისე, რამდენიმე სტარი მეტალისტი შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ დაკვრა. პროექტი, კოდური სახელწოდებით ”მერაბ საბანაძე” არც ისე დიდი ხანია ჩამოყალიბდა და ჯერჯერობით ქავერებზეა ორიენტირებული. სამაგიეროდ ჩვენს ჭიას ვახარებთ.

ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეო ჩვენი პირველი ერთობლივი რეპეტიციიდან, სადაც ყველასათვის ცნობილ სიმღერას ვუკრავთ. თუკი თქვენ მოახერხებთ და ჩვენი დაკრულის მიხედვით გამოიცნობთ რა სიმღერაა, ე.ი. რაღაც იმედი არის, თუ არა და ჩვენ ჭიას მაინც გავახარებთ.

და ჰო, სულ დამავიწყდა, ეს ყველაფერი ძიაბონემას ცნობილ სარეპეტიციოში ხდება.