ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავეცანი და ბოლომდე ვეთანხმები ზემოთმოყვანილ წესებს.
ჩვენ, ყველამ, რეგისტრაციის პირველი პროცესი სამშობიაროში გავიარეთ, მაგრამ არავის გვახსოვს როგორი იყო ეს. ალბათ იმიტომ, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა არ მიგვიღია. შემდეგ რეგისტრაცია საბავშვო ბაღში, საბუთების შეტანა სკოლაში, თუკი რამე დამატებით წრეებზე დავდიოდით, იქაც გვექნება გავლილი რამდენიმე პროცესი რეგისტრაციისა. დამთავრდა სკოლა, რეგისტრაცია უმაღლესში. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, კაცობრიობის უკეთეს ნახევარს კიდევ გვემატება რეგისტრაცია სამხედრო კომისარიატში. შემდეგ მეზობელს ალუმინები მოვპარეთ – კიდევ ერთი რეგისტრაცია, ამჯერად პოლიციის საუბნო განყოფილებაში. შემდეგ რეგისტრაცია ზაგსში, გადის ცოტა დრო და აჰა, ჩვენ უკვე რეგისტრაციის ექსპერტები ვართ. იმდენად ექსპერტები, რომ უკვე შეგვიძლია ახალი მომხმარებელი დავარეგისტრიროთ დედამიწაზე, მივცეთ მას ჩვენი გვარი და ჩვენივე არჩეული სახელი. თუკი სიდედრი მორწმუნეა, ცოლს კი დედა ძალიან უყვარს, ამ ახალ მომხმარებელს ეკლესიაშიც ვარეგისტრირებთ. ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რეგისტრაციის უამრავი პროცესი, რომელსაც ახალ-ახალ სამუშაო ადგილებზე გავდივართ, სასურველი ანაზღაურების ქონის შემთხვევაში კი – საკურორტო სასტუმროებში.
გავიდა ხანი, ჩვენ უკვე შუახნის ადამიანი გვქვია და უკან უზარმაზარი რაოდენობის რეგისტრაციები გვაქვს მოტოვებული, თუმცა წინ კიდევ ერთი გველოდება, რომელსაც ისევე როგორც ჩვენს პირველ რეგისტრაციას, სხვები გაგვატარებენ – რეგისტრაცია სასაფლაოს სააღრიცხვო წიგნაკში, რეგისტრაცია პოლიციაში, რომ მართლაც ჩვენი სიკვდილით მოვკვდით და… და მორჩა.
ალბათ რეგისტრაციების ამხელა სიმრავლეა, ტვინს რომ გვირევს და ონლაინ რეგისტრაციასაც ისე ვუყურებთ, როგორც რაღაც საშინელებას. არადა, განსხვავებით რეალური რეგისტრაციისგან, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე სქელი შეკვრა საბუთის წარდგენა გვჭირდება, ონლაინ რეგისტრაცია ძალიან მარტივია და მაქსიმუმ 5 წუთი მიაქვს. არადა მოდი გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით – რამდენს გინდათ ამ პოსტზე კომენტარის დაწერა, მაგრამ ვორდპრესზე რეგისტრაცია გეზარებათ, ტვიტერის აქაუნთის შექმნა ”არ იცით” ან ფეისბუქ-კონექტის გაკეთება გესიკვდილებათ?
”არ ვიცი”-ს ფენომენზე ცალკე შევჩერდები. ეს არის ყველაზე ხშირი პასუხი, რაც გამიგია ჩემს შეთავაზება-რჩევაზე, რომელსაც რომელიმე სერვისის შესახებ ვაძლევ ნაცნობ-მეგობრებს. ”არ ვიცი როგორ დავრეგისტრირდე, რა ვქნა?” – ყველას, ვისაც ეს ფრაზა ერთხელ მაინც წარმოუთქვამს, მინდა ვკითხო – სცადეთ მაინც? რატომღაც, ადამიანიების უმრავლესობას, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე საიტზე დარეგისტრირდეს, ან თუნდაც რეგისტრაციის ფორმას ცალი თვალი გადაავლოს, ურჩევნია უფრო მარტივ გამოსავალს მიმართოს – ”მაილს გეტყვი და დამარეგისტრირე რა…” თითქოს მე უფრო სწრაფად ვწერ, უკეთესად ვიცი Random პაროლების მოფიქრება, ან უზარმაზარი წესების უფრო სწრაფად და სინდისის შეწუხების გარეშე ჩამოსკროლვა და ქვემომ პწიჩკის დასმა შემიძლია.
არადა, სულ რამდენიმე საიტია საქართველოში ცნობილი ფართოდ, რაზეც რეგისტრაციის ერთხელ გავლაა საჭირო და შემდეგ მშვიდად შეგვიძლია ცხოვრების გაგრძელება. სხვათა შორის, ეს კიდევ ცალკე პოსტის იდეაა, ქართული ნეტ-საზოგადოების გაუნათლებლობის შესახებ. თუმცა, სანამ მუზის ახალ შემოტევას ველოდები, მანამდე დაიარეთ ყველა ცნობილი საიტი და რეგისტრაცია გაიარეთ. ეს ხომ ასე ადვილია…
უფრო მანამდე კი შეგიძლიათ ეს პოსტი დაალაიქოთ, დააშეაროთ და დააკომენტოთ, ამით თქვენ არაფერი მოგაკლდებათ, მე კი ძალიან მესიამოვნება.
Like this:
Like იტვირთება. . .