Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘Games’ Category


მოგეხსენებათ ალბათ ამ თამაშის არსებობის შესახებ. კარგი თამაშია, ცოტა ძველი, მაგრამ მე ახლახანს დავიწყე მისი თამაში,  რადგან პრინციპი მაქვს – თამაშებში ფულს არ ვიხდი. ბეტელფილდი კი ფასიანი იყო უკანასკნელ დრომდე, სანამ ორიჯინზე რამდენიმე დღიანი აქცია არ გამოჩნდა, სადაც უფასოდ შეგეძლო დაგემატებინა ეს თამაში ბიბლიოთეკაში. ახლა არ ვიცი ფასიანია თუ არა, მაგრამ მაინც გთავაზობთ, თქვენც ითამაშოთ.

მანამდე კი პატარა ვიდეო, სადაც მე და მათე რაღაცეებს ვმაიმუნობთ:

Advertisements

Read Full Post »


ეს კრეატივიც ფორუმისთვის მივჯღაბნე. ისევე, როგორც არტილერისტის ჩანაწერები, ესეც თამაშ World of Tanks-ს ეძღვნება. ასე რომ აქაც თხოვნა იქნება ტალახის არსროლის. თორემ მე ტანკით ვარ და ვისი აჯობებს, ვნახავთ. თამაშის ლინკი – WorldofTanks.ru

პანცერობერშუტცი შტეფან ფერბერი, მე-5 მოტორიზებული ბრიგადა. შემოდგომა, 1941 წელი, მინსკის მისადგომები.

საოცარი მანქანაა ეს ლაიხტეტრაკტორი, თითქმის 9 ტონა რკინა, აღჭურვილი 100 ცხენისძალიანი მაიბახის ძრავით და ბრედას 20მმ-იანი ნახევრადავტომატური ჭურვსატყორცნით, შიშის ზარს სცემს რუსებს. საკმარისია სამი ასეთი მონსტრი და რუსების ტილიანი არმია მაშინვე იფანტება. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესი რა უნდა შეიქმნას კიდევ. ჩემი აზრით და ამ აზრს ყველა ეთანხმება ჩვენს ბრიგადაში, ეს მანქანა მოუტანს სწორედ მესამე რაიხს გამარჯვებას.

გუშინ მახსოვს რომელიღაც რუსულ სოფელში გავიარეთ, მუროვანკა თუ რაღაც მსგავსი ერქვა. პატარა შეტაკებაც გვქონდა. თავიდან ჩვენი ფეხოსნების დივიზია მიდიოდა წინ, როდესაც მოულოდნელად სოფლის გვერდზე მდებარე ტყიდან ცეცხლი გაუხსნეს. რაც ყველაზე საოცარია, რუსებსაც ყოლიათ ტანკები! თუმცა ძნელია მათ მანქანებს ტანკი უწოდო. პატარა, დაახლოებით ჩვენი ტანკის ნახევარი ზომის ძლივს მოძრავი საცოდავი აპარატი, რომლის უკანაც მთელი ტილიანი ოცეულია შემალული. თავიდან ჩვეულებრივი, სოფლის ტრაქტორები გვეგონა, სანამ სროლა არ ატეხეს. მე-7 ნომერ ტანკს, ეფენბერგის მეთაურობით რომელიც დადის, მუხლუხოც კი ჩამოუგდეს! აი მაშინ კი ჩავირთეთ! საოცარი სანახაობა იყო, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ფეთქდებოდნენ ეს პატარა რაღაცეები. МС-1 – ასე ეძახიან მას თურმე რუსები, ტყვედ აყვანილებისგან გავიგეთ მოგვიანებით.

დღეს დილით ცოტა გაგვიჭირდა. როგორც აღმოჩნდა, რუსებს ნამდვილი ტანკებიც ყოლიათ. თუმცა ამ ინფორმაციის გაგება ცოტა არ იყოს და ძვირი დაგვიჯდა. გუშინდელი გაბრძოლების მერე გამარჯვებას ავღნიშნავდით და ფიურერის სადღეგრძელოს ვსვამდით, აქვე სოფელში მოპოვებული რუსული არყით, როდესაც კუთხეში მდგომი ეფენბერგის ტანკი მოულოდნელად აფეთქდა და ცეცხლში გაეხვა. თავიდან ვერ გამოვერკვიეთ, მაგრამ ობერშტურმანის რიხიანმა შეძახებამ უცებ გამოგვაფხიზლა და ყველანი ტანკებს მივაწყდით.

ის იყო ლუკი დავხურე და სათვალთვალო დანადგარებს მივუჯექი, რომ კიდევ რამდენიმე აფეთქებამ შეაზანზარა აქაურობა. ოკულარში გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე! სოფლიდან ჩვენსკენ ოციოდე რუსული ტანკი მოემართებოდა და შეუწყვეტლად გვესროდა. თუმცა ეს გუშინდელი სასაცილო ტანკებისგან განსხვავებით ნამდვილი, დიდი ტანკები იყო. “ბეტე-2” გამოიელვა თავში სატანკო სკოლაში ნასწავლმა სურათმა და ტანზე ჭიანჭველებმა დამიარა. ჩვენ ვიცოდით, რომ მოსკოვის მიდამოებში მათი გამოსაშვები ქარხანა ჯერ კიდევ აგვისტოში დაბომბეს. აბა ესენი აქ საიდან?

თუმცა ამდენი ფიქრის დრო არ იყო. ამაზე მიანიშნებდა ის ჭურვი, რომელმაც სანტიმეტრებში ჩაგვიფრინა და უკან მდგომ ტანკს თავი ახადა. ეტყობა პირდაპირ ჭურვების საწყობს მოხვდა. “დაქოქე” ჩავძახე მძღოლს და პარალელურად მიზნის ძებნა დავიწყე. თუმცა მიზანი იმდენი იყო, ბევრიც აღარ მიფიქრია და ცეცხლი გავხსენი. ყველაფერი ავტომატურად მუშაობდა. მექანიკოსს ზუსტად ისე მიყავდა ტანკი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხარე მიგვეშვირა მტრის ცეცხლისათვის, მე შეუჩერებლად ვისროდი და სანამ დამტენი ჭურვების ახალ პარტიას ჩაალაგებდა – რაციით გადავცემდი განადგურებული ტანკების რაოდენობას. თუმცა სამწუხარო ის იყო, რომ ჩვენი ტანკების განადგურების შესახებაც მოდიოდა ცნობები. უკვე გულში ეჭვიც კი შემეპარა ჩვენი დივიზიონის უძლეველობაში, მით უმეტეს, ჩემი თვალით ვნახე როგორ აქცია სამმა ჭურვმა ჩვენი მეთაურის ტანკი კონსერვის დაჭყლეტილ ქილად. ეტყობა 37 მილიმეტრიანებს ისროდნენ რუსები, თორემ ამხელა აფეთქების ძალა…

მხოლოდ ჩვენმა ორგანიზებულობამ და გამარჯვებისადმი რწმენამ შეგვაძლებინა, რომ რუსების ეს მოულოდნელი კონტრშეტევა მოგვეგერიებინა. თუმცა ამით ჩვენი წინსვლა არ შეჩერებულა. წინ კი მოსკოვია!

Read Full Post »


მინდა წარმოგიდგინოთ პატარა კრეატივი, რომელიც ფორუმზე მივჯღაბნე წეღან. კრეატივი ეძღვნება თამაშს World of Tanks (worldoftanks.ru), ასე რომ შეაფასეთ და ბევრი არ მირტყათ.

აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი 25-ე ამერიკული საარტილერიო დივიზია საფრანგეთში, ქალაქ ლასვილის მისადგომებთან იყო გამაგრებული. მე, სერჟანტი სმიტი, M41-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მეთაური, შევეცდები მოგიყვეთ, რა მოხდა იქ. როდესაც პირველი ბრძანება მოვიდა, რომ გერმანელების შემოსვლისთვის მოვმზადებულიყავით, ჩვენი დივიზიონი მაშინვე ამოძრავდა. მთავარი მიზანი იყო, რომ მტერი შეგვეკავებინა მანამ, სანამ საავიაციო დახმარებას მივიღებდით. ლეიტენანტმა მადდამსმა დროშაც კი დაარჭო დივიზიის ცენტრში. “აქამდე თუ არ მოვუშვით, ჩათვალეთ – ბრძოლა მოგებულიაო”. ურევს ცოტა ეგ მადდამსი, თუმცა რა გასაკვირია, ჯერ კიდევ მალინოვკის ბრძოლიდან კანტუზიიანია და ხანდახან ცოტა… რბილად რომ ვთქვათ, თავისებურია ხოლმე. როგორც უკვე ვთქვი, აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი დანადგარი, ისევე როგორც დანარჩენები, პოზიციაზე იდგა, ბუჩქებით და ტოტებით შენიღბული. თუმცა მძღოლს ვუთხარი, რომ ძრავი დაქოქილი ქონოდა – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. თუკი მტრის ძალები აღმოგვაჩენდნენ, ჩვენი ერთადერთი იმედი ზუსტად კადილაკის 12 ცილინდრიანი ძრავი თუღა იქნებოდა. “ამათ რა ეშველებათ, თორემ ჩვენ კი გავასწრებთ” – დამცინავად გადახედა მეხვოდმა ჩვენს გვერდზე ბუჩქში ძლივძლიობით ჩამალულ რუსულ “მაცივარს”, როგორც მას თავად რუსები, რატომღაც სიამაყით, მოიხსენიებდნენ. “აქამდე საქმე არ მივა” დავამშვიდე ჯეიკობსი, ჩვენი მძღოლი და გამოთვლით დაფებს მივუჯექი. ჩემი მისია არ იყო ადვილი, მეტიც – ყველაზე საპასუხიმგებლო იყო. გარდა იმისა, რომ მე უნდა მომეხერხებინა 4 უზარმაცესი უსაქმურისთვის განწყობის ამაღლება, ამავე დროს რადისტის მიერ მიღებული ინფორმაცია, მტრის ძალების დისლოკაციის შესახებ, უნდა გადამემუშავებინა და მექცია ისეთ ფორმად, რომელსაც ჩვენი გაუნათლებელი ნავოდჩიკი გაიგებდა და ლულას ზუსტად იმ წერტილისკენ მიმართავდა. დამიზნება კი მართლაც ზუსტად იყო საჭირო. ეჰ, რა დრო იყო, ომის დასაწყისში, როდესაც უფრო ლამაზად მსკდომარე ჭურვებს გვირიგებდნენ. საკმარისი იყო ტანკისგან 10-ოდე მეტრში ჩამოგეგდო ჭურვი და ის ყველა ცოცხალს ანადგურებდა გარშემო. ახლა, ეტყობა გაუჭირდათ და ასეთ ჭურვებს მხოლოდ ბატალიონის მეთაურ M40-ებს და M43-ებს აძლევენ. ჭორით გავიგეთ, რომ გერმანულ Gw-Tiger-ებსაც ანალოგიური ჭურვები ქონიათ. იმედია ჩვენთან ახლოში არ დაეცემა მასეთი ჩემოდანი, თორემ კარგად არ დამთავრდება ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. რაციაში ბატალიონის მეთაურის ხმამ დაიხრიწინა – “ბრძოლა იწყება” და ჩვენც, მივყარეთ კოკა-კოლის უკვე ცარიელი ბოთლები და მისით გამხნევებულები აპარატურას მივაკვდით. რადისტი შეუჩერებლად იღებდა ინფორმაციას ჩვენი ტანკების გადაადგილების შესახებ, რომელიც მე პლანშეტზე დაკრულ რუკაზე გადამქონდა, მწვანე ჭიკარტების დასმით. თუკი სადმე მტერს აღმოაჩენენ, ამისთვისაც მაქვს გამზადებული წითელი ჭიკარტები. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვებრძვით და სად. ათიოდე წუთის შემდეგ რუკაზე პირველი წითელი წერტილი გამოჩნდა. სასწრაფოდ გადავეცი მისი კოორდინატები ნავოდჩიკს. “დროზე, დროზე, დაუმიზნე დროზე!” დავკიოდი თავზე. ოციოდე წამში ნავოდშიკმა უიმედო სახით ამომხედა და თავი გააქნია. ყველაფერი ცხადი იყო – მთა გვეფარება მიზნამდე. გულში ვწყევლიდი ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ ბრძოლა ქალაქის გარშემო გაგვემართა. ან რას ებოდიშებიან ამ ფრანგებს, გამოუშვან ერთი დივიზია ბომბერების და გაასწორონ ყველაფერი მიწასთან. აი როგორც რუინბერგში ქნეს ამ ორიოდე კვირის წინ. ამასობაში რაციაში პირველი მსხვერპლის შესახებ მოვიდა ინფორმაცია. რუსებს დაუკარგავთ თავისი სწრაფი A-20. დიდი ამბავი, მაგათ მაინც ტილებივით ყავთ ტანკები. რაც მთავარია, A-20-მა სიკვდილამდე მოასწრო მტრის ძალების თითქმის სრული განლაგების გადმოცემა, რაც მე დაუყოვნებლივ გადავიტანე პლანშეტზე, წითელი ჭიკარტებით. ახლა ერთ-ერთი ამ წითელი ჭიკარტის კოორდინატებს ვითვლი, რომლის ქვეშაც საშიში მოწინააღმდეგე – გერმანიის არტილერიის სიამაყე, Gw-Tiger-ი მოიაზრება. თან ნავოდშიკს გადავცემ კოორდინატებს, რომელიც ბერკეტების ნელი ტრიალით ფაქიზად ასწორებს მიზანს. “არის, სერ!” – გაისმა როგორც იქნა. “ცეცხლი!!!” – ჩემი ბრძანების ბოლო ქვემეხის გრუხუნმა გადაფარა. ჭურვს თვალი გავაყოლეთ, რომელმაც პარაბოლა მოხაზა და ცის სიშორეში დაიკარგა. ათიოდე წამის მერე ჰორიზონტზე ცეცხლი ავარდა. “მოხვდა!”, “არის!” , “დაიმტვრა ეგ ნაბიჭვარი” – ახმაურდა რაცია. “gw-Tiger – აფეთქდა” – მოვინიშნე ბლოკნოტში და პლანშეტიდან წითელი ჭიკარტი ამოვაძრე. სამი საათის განმავლობაში შეუწყვეტელ ცეცხლს ვაწარმოებდით. რამდენიმე გასროლის შემდეგ ლულა ისე ცხელდებოდა, რომ ჭურვები იმისგან სულ სხვა მხარეს მიფრინავდა, საითაც ვუმიზნებდით. ამ დროს სროლას ვწყვეტდით და მძღოლს, ჩემი ბრძანებით, M41 სხვა ადგილზე გადაყავდა. თავიდან ის ამას არც თუ ისე დიდი ხალისით აკეთებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი ერთ-ერთი გადაადგილების დროს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ 5 წამის წინ ვიდექით, უზარმაზარი ფუგასი გასკდა და თავზე მტვერი და მიწის ბელტები გადმოგვაყარა, ჯეიკობსს ერთი სული ჰქონდა, როდის დაუმიზნებდა და გაისროდა ნავოდჩიკი, რომ სასწრაფოდ შეეცვალა ადგილმდებარეობა. ბოლოს, როდესაც ჩვენი საბრძოლო მასალის 90% უკვე გავისროლეთ, მოწინააღმდეგის 4 არტდანადგარი და 3 პანტერა გავანადგურეთ, 15-მდე ტანკი კი დავაზიანეთ, რაციაში ბატალიონის მეთაურის ნაცნობი ხმა ახრიწინდა – “გილოცავთ, ბატონებო, მტერი განადგურებულია”. მე ჩემს ოფლიან, მტვრიან და ჩვენს გარშემო ჩამოვარდნილი ფუგასებისგან გამურულ ეკიპაჟს გადავხედე. ყველას დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახე ჰქონდა. პასუხად მეც გავიღიმე და პლანშეტზე დავემხე. ეს ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ მთელი ომი იყო…

Read Full Post »

%d bloggers like this: