Party დივანში, 2013 წლის 2 მარტი


დღეს, შაბათს, საღამოს 10 საათზე კლუბ დივანში ფართის ვაკეთებთ. ისევე როგორც წინა ფართების ჩანაწერებს და მასალებს აქვე იხილავთ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში. მანამდე კი პოსტერი:

Trance Divani 2 march 2013-full

და აქვე ფეისბუქის ივენთი. ვინც ვერ მოვა – ინანებს.

Advertisements

ჩემი ბავშვობის პიროტექნიკა


სურიკი და ბრონზა ყველა ბავშვის ხელში!

საახალწლოდ თბილისი 90-იანი წლების გროზნოს ემსგავსება. პატარა ჯოხარ დუდაევები, მამამ რომ სიგარეტზე ჩააგზავნა და ხურდა ძმაკაცებისთვის კევის საყიდლად დაუტოვა, იმ ფულით სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ასაფეთქებლებს ყიდულობენ და უკვე მეასედ ამოწმებენ – ამასაც ისეთივე ხმა და ეფექტი ექნება თუ არა, როგორც წინა ას ცალ სხვა ასაფეთქებელს. აფეთქებენ ყველგან, ყველაფერს და ძირითადად გამვლელების შეხტომასა და გინებაზე კაიფობენ.

90-იანების თბილისში კი საქმე სხვანაირად იყო. მაშინ ბაზრობაზე კალაშნიკოვის ტყვიებს უფრო ადვილად იშოვიდი, ვიდრე პატარა ასაფეთქებელს. ამიტომაც ბავშვები უფრო გამომგონებლები იყვნენ. იყვნენ იმიტომ, რომ მე როდესაც 90-იანების ბავშვი გავხდი, ეს გამოგონებები უკვე დამხვდა, საბჭოთა მოზარდების მიერ შექმნილი. საბჭოთა პიროტექნიკაზე მაქვს საუბარი, რომელიც არამარტო საახალწლო გასართობს წარმოადგენდა, არამედ მთელი მეცნიერება იყო. პიროტექნიკის შექმნა-გამოყენების ტემპიც ზაფხულობით აღწევდა პიკს, როდესაც კურორტის გარეშე დარჩენილი ბავშვები ეზოებში ბირჟაობდნენ და ხეების ჩრდილში ახალ შეარაღებას ქმნიდნენ.

შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ბოლტ-გაიკა და მასში ჩაყრილი ასანთის თავები. საერთოდაც, ასანთის თავები ბევრ მსგავს აპარატში გამოიყენებოდა, რადგან მაშინ, მოგეხსენებათ, ასანთი ერთი კაპიკი ღირდა, მოსკოვში გადაფრენა კი 37 მანეთი. ბოლტგაიკური ასაფეთქებელი საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი იყო და ქუჩაში ნაპოვნი ნაწილებითაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, იგი მრავალჯერადი იყო. მოკლედ, ვპოულობდით სადმე ორ ცალ ბოლტგაიკას,bolt-gaika რომელიც აუცილებლად ძველი და ოდნავ მორყეული უნდა ყოფილიყო. საინტერესო დაკვირვებაა, რომ ბოლტ-გაიკები რატომღაც ყველგან ეყარა, ალბათ საბჭოთა მაღალტექნოლოგიური მანქანები ისე იყო დაპროექტებული, რომ თავისით ცვიოდა ნაწილები. ასანთის მოფშვნილ თავებს, რომლებსაც წინასწარ ვამზადებდით (მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება) ვტენიდით ამ მორყეულ ბოლტში, ორივე მხრიდან კარგად ვუჭერდით და ასაფეთქებელიც მზად იყო. საკმარისია მისი ვერტიკალურად ასროლა და თუკი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მიწაზე დაცემისას მშვენიერ ხმას გამოსცემს.

ამ საოცარი აპარატის პრინციპული სქემა რუსულ ინტერნეტში დღესაც არის შემორჩენილი და მას უცვლელად გთავაზობთ:

მეორე ლეგენდარული ასაფეთქებელი იყო, რაღა თქმა უნდა, სურიკი და ბრონზა. მე პირადად ეს აპარატი არასოდეს დამიმზადებია, ამიტომაც ზუსტი რეცეპტიც არ ვიცი, თუმცა ეფექტი ნანახი მაქვს – ფოლგაში ან ცელოფანში გახვეულ სურიკსა და ბრონზას ესვრიან კედელს და ეს საოცრება ასეთივე საოცარი ხმითა და საკმაოდ მყრალი ბოლით ფეთქდება. თუკი ვინმე მის რეცეპტურას სრულად ფლობთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

asanti-cherzeშემდეგი ტიპის პირო-სათამაშო ნაკლებად განეკუთვნება ასაფეთქებლების ტიპს, ის უფრო ხელოვნების ნიმუშია. მსგავსი ხელოვნების ნიმუშის ხილვა, რაღა თქმა უნდა ძველი შექმნილის, დღესაც შეგიძლიათ გაურემონტებელი სადარბაზოების ჭერზე. ეს არის, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ჭერში სასროლი ასანთის ღერები. თქვენი არ ვიცი და ჩემი სადარბაზოს ჭერი საკმაოდ ინტენსიურად იყო დამწვარი და ნახევრად დამწვარი ასანთის ღერებით შელამაზებული. ეს აპარატი ყველაზე იაფი ჯდებოდა (არ დაგვავიწყდეს – ასანთი ერთ კაპიკად) და შესაბამისად ყველაზე მეტადაც იყო გავრცელებული. ასანთის ღერს ვღეჭავდით, ცხადია უგოგირდო მხრიდან, მერე კი საკმაო ხანს ვუსვამდით წინასწარ ფურთხით დამუშავებულ ცარცის კედელზე. მცირედი გაწაფულობის შემთხვევაში, მოკლე დროში ბლომად ასეთი სათამაშოს დამზადება შეიძლებოდა – ასანთის ღერი, რომლის ცალ მხარეზე გოგირდია, მეორე მხარეს კი საკმაოდ გულისამრევი რამ, ფურთხისა და ცარცის გორგალი. ვუკიდებთ ასანთს ცეცხლს და ვისვრით ჭერში, სადაც ის ცარციანი მხრით ეწეპება და ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, ასანთის ღერი ბოლომდეც კი იწვის. მონა ლიზაც მზადაა. ამ ყველაფრის ვიზუალიზაციაც შემიძლია შემოგთავაზოთ მარცხენა სურათში:

გადმოცემით გამიგია, რომ არსებობდა კიდევ ერთი ტიპის ასაფეთქებელი, სავარაუდოდ ქიმიის კარგად მცოდნე პიონერების მიერ მოგონილი. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო გლიცერინი და მარგანცოვკა, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება არ მიცდია, ან გლიცერინი არ მქონდა ხოლმე, ან მარგანცოვკა. ასე რომ ამ ლეგენდის რეცეპტსაც თქვენგან ველი.

კიდევ ერთი მშვენიერი გასართობი, რომელიც ასევე ასანთის თავებზე მუშაობდა, იყო კომპაქტური სატკაცუნო. მისი მთავარი კონსტრუქცია ველოსიპედის სპიცაზე იყო აგებული. სპიცის თავში, აი რითიც ბორბალზე მაგრდება, ვტენიდით საწვავს, ამ შემთხვევაში კვლავაც ასანთის გოგირდ-ფოსფორს, ვუჭერდით მეორე მხრიდან ასევე სპიცას (თუ სწორად მახსოვს) და ლაწან! ნებისმიერ დარტყმაზე მშვენიერი, კომპაქტური და რაც მთავარია, rechargable ხლოპუში მზად იყო. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იყო სკოლაში, ეფექტურობა სამმაგად მატულობდა, თუ ეს ყველაფერი გაკვეთილზე ხდებოდა. მართალია უკუჩვენების სახით მშობლის დაბარება მოყვებოდა ამას სკოლაში, მაგრამ ეფექტი ამად ღირდა.

სკოლაზევე გამახსენდა კიდევ ერთი აპარატი, რომელიც ერთჯერადი იყო და იმ დროისათვის საკმაოდ დეფიციტურ მასალას მოითხოვდა. მაგრამ მისგან იმხელა ეფექტი იყო, რომ ზოგჯერ გაკვეთილიც კი იშლებოდა ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ეს საოცრება არის სიგარეტის ფოლგაში გახვეული პინგ-პონგის ბურთის ნაფშვენები. აფეთქებას და ხმაურს ის არ იწვევდა, მაგრამ თუკი ვინმეს ერთხელ მაინც აქვს იგი გამოყენებული, ემახსოვრება როგორ სქელ, მძიმე და საფუძვლიან კვამლს იძლეოდა პინგ-პონგის ბურთი. მისი ერთი დადებითი თვისება კიდევ ის იყო, რომ ავტორ-ტერორისტს შეეძლო სრულიად ანონიმური დარჩენილიყო – ცეცხლის მოკიდებიდან და გადაგდებიდან სრული სიმძლავრით აკვამლებამდე საკმაო დრო გადიოდა, რის გამოც მასწავლებელს გასროლის მომენტი შეუმჩნეველი რჩებოდა. ხოლო როდესაც შეამჩნევდა, უკვე გვიანი იყო, მთელი კლასი, ხოლო თუკი ავტორს ბურთის ნაფშვენები არ დაენანებოდა და ბლომად ჩატენიდა აპარატში, მთელი სკოლაც, თეთრი მომყრალო კვამლით ივსებოდა.

არ მინდა იფიქროთ, რომ საბჭოთა წარმოება ისე უკან იყო, რომ ბავშვებს ყველაფრის ჩვენი ხელით კეთება გვიწევდა. მაღაზიებშიც შეიძლებოდა მაშინ პიროტექნიკის უდავო სასწაულის შეძენა. ეს იყო კარდონის მოკლე მილი, რომელსაც ბოლოში ძაფი ჰქონდა. თუკი ძაფს აკურატულად გამოქაჩავდით და არ მოწყვეტდით, მაშინ მსუბუქი ტკაცუნის ფონზე თავზე მრგვალად დაჭრილი ქაღალდები გადაგეყრებოდათ. ცხადია, ამ სასწაულით ვერავის გააოცებდი, ამიტომაც შეიქმნა ყველა ზემოთმოყვანილი კუსტარული სათამაშო. კიდევ კარგი, რომ დენთი ისეთივე ხელმისაწვდომი არ იყო ბავშვებისთვის, როგორც ასანთის ღერები, ან თუნდაც პინგ-პონგის ბურთები, თორემ წარმომიდგენია რამდენი ცალხელა 20-40 წლის ახალგაზრდა ივლიდა დღეს საქართველოში.

ეს იყო ის ძირითადი პიროტექნიკა, რაც მე გამახსენდა. თუკი რამე გამომრჩა, ან თუკი ვინმე უფრო სასწაულ ტექნოლოგიას ფლობდით, არ მოგერიდოთ და დაწერეთ კომენტარებში. შემოვუნახოთ მომავალ თაობას საბჭოთა სასწაულები!

ჩემი ორი დღე ლუდფესტზე


როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი კვირის წინ თბილისის ბირფესტის მოსამზადებელ სამუშაოებზე მოვახერხე აღმოჩენა. მოვახერხე რა, თავად ნატახტარმა შემომთავაზა, არ გინდა ნახო რეებს ვაკეთებთო? რასაც აკეთებდნენ, ამის წაკითხვა შეგიძლიათ ზემოთ დალინკულ პოსტში, თავისი ფოტოგალერეით. ერთი კია, რომ 14 ივლისის ნაცვლად ფესტივალი ერთი კვირით გვიან ჩატარდა, რითიც წვიმასა და დელგმაში ლუდის სმას გადავრჩით.

ფესტის გოგჩოები

ნუ, რადგანაც ფესტის ადგილის მოწყობა მაინც საჭირო იყო და მოსამზადებელ სამუშაოებს მაინც ვერ ავცდებოდით, ამიტომ პარასკევს ისევ გამოვცხადდი რესპუბლიკის მოედანზე, “საინტერესო ფაქტების” შესაგროვებლად. თუმცა საინტერესო იმაში, როგორ დაათრევდნენ მუშები აქეთ-იქეთ მაგიდებს, აწყობდნენ ბარებს და აკრავდნენ პლაკატებს, ვერაფერი ვნახე და შაბათის იმედად წამოვედი სახლში. რამდენიმე წინასაფესტე ფოტოს მაინც შემოგთავაზებთ:

…ასე იდგმებოდა კარვები
და ბარები

და აი, გათენდა შაბათის დილა, 21 ივლისი. ფესტივალი 4 საათზე დაიწყო, თუმცა ქართული პუნქტუალობის გამო, სადღაც 6 საათისკენ მივედი იქ. ლუდის ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ მასშტაბები ამისი აშკარად მეტი იყო. სხვა თუ არაფერი ბარი იყო 4-ის ნაცვლად ერთი 20-მდე, რის გამოც ლუდი არც აქაფებული იყო და არც თბილი. რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? მარტივია – როდესაც ბარები არის ცოტა, ლუდი იხარჯება სწრაფად და ახალშეერთებული კანისტრა (რომელიც, მოგეხსენებათ უსასრულო არ არის და ყოველ 50 ლიტრის მერე ახალი უნდა დააყენო) თან თბილი ლუდითაა სავსე და თან ქაფი მოაქვს პირველი სამი ბაკალი. მოკლედ, ლუდი რომ ცივი და უქაფო იყო, ეს მშვენიერია. ღია ფერის ნატახტარის გარდა ასევე იყო ოდნავ მუქი მთიელიც, რომელსაც, როგორც დავაკვირდი, უფრო ეძალებოდა ხალხი. Continue reading “ჩემი ორი დღე ლუდფესტზე”

თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში


ყველა ადამიანს უყვარს ამა თუ იმ მოვლენის კულისებში შეღწევა. რაღაცნაირად გრძნობ თავს, მაგარროჟულად. დაახლოებით ის პონტია, დიჯეი რომ უკრავს და უკან რომ ორი-სამი VIP უდგას და სულელივით იღიმება – ისინი დიჯეის იცნობენ. გუშინ მეც მომიწია ასეთ VIP-ად ყოფნა, თბილისის ლუდის ფესტივალზე. საიდან მოვხვდი მანდ – არ აქვს მნიშვნელობა. არცერთი კორექტული ადამიანი არ სვამს კითხვას, საიდან მოხვდი კულისებშიო. ასეთ დროს მიღებულია საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსემ ისეთი სახე მიიღო, რომელიც ამბობს – “დიდი საქმე, ეგეც რამეა”.

ამ მოკლე და არეული შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში მომიწია გუშინ ყოფნა. დღესაც მომიწევს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მთავარია რა მოხდა გუშინ. გამომდინარე ფესტივალის მასშტაბებიდან, რომელიც ორი დღე უნდა იყოს და უამრავმა ხალხმა უამრავი ლუდი უნდა დალიოს, მზადება კაი ხნის წინ დაიწყო. კაი ხნის წინო რომ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე თითქმის ყველაფერი დამზადებული, ამობეჭდილი და ასაწყობად გამზადებულია.

პირველ რიგში გამაოცა ფესტივალის 3D მოდელმა. ამ ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ სად ხალხში გარეული რომ მოძრაობ, პლასტმასის ჭიქით ხელში და სად ზემოდან რომ უყურებ ყველაფერს. ამ მოდელის ფოტოთი შეგიძლიათ თქვენც დატკბეთ:

ფოტოზე ჩანს ორი დიდი კარავი, რომელიც სავარაუდოდ საჩრდილობლის ფუნქციით შემოიფარგლება, მარჯვნივ და მარცხნივ ბარები და დასაჯდომი ადგილები. შარშან და შარშანწინ თუ ვინმე იყავით ამ ფესტივალზე, გემახსოვრებათ რამხელა რიგები იყო ბარებთან. წელს წესით ასე აღარ იქნება, რადგან მარცხენა მხარეს (ფოტოზე) ამატებენ უზარმაზარ, 30 მეტრის სიგრძის ბარს. ეს ძალიან მომწონს, რადგან რიგში დგომაზე და იმის ხილვაზე, როგორ სვამენ სხვები ლუდს, უარესი არაფერია. Continue reading “თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში”

ახალი Tattoo Gun და ახალი კარიერა


პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი.

და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან და რადგან, ყველა საზომის მიხედვით მე დამწყებ ტატუიროვშიკებში გავდივარ, აპარატიც შესაბამისი, დამწყები ვიყიდე, იაფიანი. თუმცა, მოგეხსენებათ მარტო აპარატი საკმარისი არ არის – სხვადასხვანაირი ნემსები, თავები, მელანი და სხვა პრიბამბასებიც უნდა. ასე თუ ისე, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც იქნა, თითქმის შევკარი მთელი კომპლექტი და პირველი ორნახევარი ტატუც გავაკეთე. ნახევარ ტატუში ვგულისხმობ ანას ტატუს, რომელიც ჯერ დაუმთავრებელია. და ადრე თუ მხოლოდ ძალიან ახლობლებზე ვცდიდი ჩემს ნემსს, უკვე შემიძლია ყველა მსურველს გავუფერადო კანი, ცხადია შესაბამისი ანაზღაურების ფასად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს კოხტა დრაკონს და პირველ ორ ნორმალურ ნამუშევარს. პირველს დაჭირდა 30 წუთი, მეორეს – ერთი საათი:

აპარატი და მისი ნაწილები
პირველი ვარსკვლავის ხატვის პროცესში
ეს კი შედეგი
ლუქსას ლომი ხატვის პროცესში
ეს კი დამთავრებული ლომი

მაიკლ გრინი – ”ტანკები”


გუშინ აჩომ ძალიან მშვენიერი წიგნი მაჩუქა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ტანკების შესახებაა. მასში მოყვანილია თითქმის  ყველა ქვეყნის ძირითადი ტანკების ფოტოები, აღწერითურთ.

თუ სადმე ნახავთ, თქვენც გირჩევთ მის ყიდვას, მანამდე კი დატკბით წიგნის რამდენიმე ფოტოთი:

წიგნის ყდა
გერმანული ტანკების გვერდი. ტანკი Pantera
გერმანული ტანკების გვერდი. ტანკი Tiger
წიგნის სარჩევი