34 წელი მეორედ


2018 წელი მოვიდა. ეს, ოღონდ, ქრისტეს დაბადებიდან. ჩემისგან – 34 გავიდა. ოცდათოთხმეტი, ანუ ოცი გავიდა ჯერ და იმის მერე, რაც მე ოცი წლის ჯეელი ვიყავი, კიდევ თოთხმეტი.

ცოტა რთული წარმოსადგენია. ოცი წლის წინ თოთხმეტი წლის ვიყავი. სადღაც მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ან მერვეში. შეიძლება მეცხრეში, ახლა მერევა ცოტა ეს ყველაფერი. მაშინ ცოტა სხვანაირად ითვლიდნენ სკოლაში მისვლის წლებს. შვიდის ვიყავი, სკოლაში რომ მივედი, თითქმის. თითქმის შვიდი წლისაც ვიყავი და თითქმის მივედი კიდევაც. 91 წელი იყო მაშინ. პოლიტიკურად არ მახსოვს რა ხდებოდა და არც ვაპირებ გახსენებას, მაგრამ თბილისში რომ სამოქალაქო ომი იყო, ეგ ნაღდად ვიცი. იმდენად დიდი ამბები იყო, რომ პირველ სექტემბერს სწავლა არ დაწყებულა. ვერც თხუთმეტში დაიწყეს და ვერც შუა ოქტომბერში. ქუჩაში არ გაისვლებოდა მაშინ, უკან ან დაბრუნდებოდი და ან ვერ. თუ დაბრუნდებოდი – ან დაჭრილი, ან ჯანმრთელი და თუ ჯანმრთელი, მაშინ ან ჩაცმული და ან გახდილი. ესენი მოყოლით ვიცი, რადგან 6 წლის ბავშვს არც გარეთ გამიშვებდა ვინმე და არც იქ დამხვდებოდნენ მოსაკლავად, გასახდელად ან დასაჭრელად. მაქსიმუმ სახლამდე გამომყოლოდა ვინმე ჩუმად და კარს რომ გამიღებდნენ ჩემები, შემოვარდნილიყვნენ და გავეძარცვეთ. ამიტომაც 6 წლის ბავშვს გარეთ არ მიშვებდნენ.

ასე იყო ყველა და ამიტომაც მოუწიათ სწავლის გადადება. ჰო, პურიც აღარ იშოვებოდა მაშინ უკვე მაღაზიებში და სადაც იშოვებოდა, ურიგოდ მაინც არ იყო. ასე რომ, ჩემი პირველი სექტემბერი მახსოვს სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. ან შედგა. ვიღაცეებმა ჩაატარეს, ჩემთვის კი, გაყინული 6 წლის ბავშვისთვის ის უბრალოდ შედგა. სკოლის ფორმები დაგვირიგეს მერე, მუქი ლურჯები იყო და მხარზე გადაშლილი წიგნის ლოგო ეხატა, საბჭოთა პიონერების ან ვიღაც ეგეთების პონტში. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო უკვე, მაგრამ იქაური წესჩვეულებები ჯერ კიდევ ძალაში იყო, სკოლის ფორმებიც ქონდათ, რომლებსაც მოსწავლეებს ურიგებდნენ. ახლა რომ ვაკვირდები, შეიძლება საერთოდად სხვების გამონაცვალი ფორმები იყო. წიგნებსაც არიგებდნენ მაშინ, სკოლის ბიბლიოთეკა იყო და იქ შარშანდელი იგივეკლასელების ჩაბარებული წიგნები ხვდებოდათ შემდეგ იგივეკლასელებს. ზოგი მომსპარი და ზოგიც მოვლილი იყო ამ ბიბლიოთეკის წიგნები და რაღაცნაირ სულს ასხივებდნენ, გასაცოდავებულს თითქოს, რაღაცას რომ გეხვეწება და ვერ გეუბნება, მომკალიო.

ჰოდა, ცუდი დრო იყო რა, უსიამოვნო. იმდენად უსიამოვნო და ერთფეროვანი იყო ყველაფერი, რომ რაღაც პერიოდამდე ზაფხული და კარგი ამინდი საერთოდ არ არის ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი. აი ახლა როგორი ამინდიცაა გარეთ – უფერული, უმზეო, საჭიროზე მეტად სველი და ტალახიანი და თანაც ცივი, ისეთი ცივი, რომ ვერ გაარკვევ ეგ უფრო გაწუხებს თუ ზემოდან და ქვემოდან ერთნაირად მოწურწურე ჭუჭყიანი წყალი. ზუსტად ასეთ ამინდთან ასოცირდება ჩემთივის 90-იანი წლების დასაწყისი. რაღაც მომენტის მერე ნავთის სუნიც დაემატა ამ ყველაფერს. შუქებმა როდის დაიწყო ჩაქრობა, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედაჩემი რომ რეკავდა ხოლმე ჯერ კიდევ თელასში, მაცივარზე შემოდებული ჭაობისფერი ტელეფონით, იმედიანად, იქნებ ამ დარეკვით შუქი მოვიდესო; ჯერ კიდევ რომ არ იყო ის აზრი ბოლომდე ჩამჯდარი ჩვენში, რომ არსად დარეკვით არ მოვიდოდა შუქი, არც ეს იყო ავარიული გათიშვა და ცოტა ხანში გაზიც გაქრებოდა. მაგრამ ნავთის სუნი რომ ნელნელა შემოგვეპარა ცხოვრებაში, ეგ მახსოვს. ოღონდ ნავთის სუნამდე იყო ერთი დიდი გორაკი ქვანახშირი, რომელიც ჩვენი სკოლის შიდა ეზოში მოიტანეს დიდი მანქანით და ჩამოცალეს იქვე, შუა ეზოში. საკმაოდ მოზრდილ, შავ მთად. დანიშნულება ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ რაღაცნაირი ღუმელები მოგვიტანეს მანამდე, დიზელზე რომ მუშაობდა, ანუ სალიარკის ფეჩები. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ასე მეხუთე კლასში და გავმაიმუნდით, ათას რაღაცას ვყრიდით ამ დიზელის ფეჩში, ქაღალდებს და რაღაცეებს. საოცრად უსაფრთხო ფეჩები იყო – კედელზე ეკიდა სალიარკით სავსე ბაკი, საიდანაც პატარა მილაკით მოდიოდა ეს საწვავი და წვეთ-წვეთ ისხმებოდა ფეჩში. როგორ არ აფეთქდა არასდროს და არსად, ეგ მიკვირს დღემდე. ქვანახშირმა კი ნელა-ნელა შემცირება დაიწყო და ბოლოს საერთოდაც გაქრა, ჩვენი სალიარკის ფეჩების დახმარების გარეშე. არ შემიძლია ამ აპარატს დიზელის ღუმელი ვუწოდო.

ახლა კიდევ 34-ის ვარ. ანუ ათი წლის რომ გავხდებოდი, როცა მესამე კლასში ვუყურებდი, ჩემი რუსულის მასწავლებელი, კარადისხელა ლიუდმილა რაღაცოვნა როგორ ტეხდა მუშტის დარტყმით კაკალს მაგიდაზე და მერე გაბრაზებული სკამს ესროდა ურჩ მოსწავლეს, დრო რომ დამერესეტებინა და თავიდან დავბადებულიყავი, სამჯერ მივაღწევდი მაგ მომენტამდე და ახლა ოთხი წლის ვიქნებოდი. ნეტა რას ვაკეთებდი ოთხი წლის რომ ვიყავი? მგონი ლავიწის ძვალი მოვიტეხე საბავშვო ბაღში. თან ორივე მოვიტეხე, თითო წლის შუალედით და უცნაურად დათაბაშირებული დავდიოდი. ერთი მოტეხვა მოყოლით მახსოვს, კიბიდან გადმოვხტი ან გადმომაგდეს და უცნაურად დავეცი. მეორე კი ახლაც მახსოვს, ხალიჩაზე დავდექი ხელებით, ვიღაც ბავშვმა… რა ერქვა ნეტა… სახელი “დათო” მიტრიალებს რატომღაც ტვინში… ეს ხალიჩა გამომაცალა და ლავიწით დავერჭე. ამხელა ვიქნებოდი ახლა, უკვე მეოთხედ. რა საშინელებაა. ან შეიძლება არც, ყველაზე უდარდელი ვიქნებოდი ახლა. პატარა მაგიდის ქვეშ ვიფოფხებდი სქელ ფენად გაშლილ ჟურნალ-გაზეთებზე, მაგიდაზე ნაძვის ხეს შლიდნენ ხოლმე და იქედან ჩამოსული წვიმები და ელექტრო სანთლები ძალიან მომწონდა. რაღაცნაირი სანთლები იყო, წითლები და თავზე მოციმციმე ნათურები ქონდა, ვითომ მართლა ენთო და პარპალებდა. ასეთ ძველ კადრს თუ გავიხსენებდი, არ მეგონა. მაგის მერე, პრინციპში ყოველი შემდეგი ახალი წელი ცოტათი ნაკლებად ასეთი იყო, ვიდრე წინა.

იქნებ 20 წლისას დამერესეტებინა დრო და თავიდან დამეწყო ცხოვრება? 2004 წელი იყო, თესეუში ვსწავლობდი მეორე კურსზე და საკმაოდ უცნაური ცხოვრება მქონდა. მგონი ეგრე ჯობია, მაქედან დავიწყებ თავიდან და ახლა 14 წლის ვიქნები, მერვე კლასში. არც ისე ცუდი დროა, რომ ვთქვათ. შუქები მაინც არ არის იმიტომ, რომ 98 წელია, სამაგიეროდ როცა მოდის, ყველას გვიხარია და თუ ბევრი სამეცადინო არ მაქვს, შემიძლია სუბორზე რამე ვითამაშო. ტანკები ან რამე ახალ კასეტას თუ ვითხოვებ ვინმესგან. გაკვეთილების მერე ფიზიკის ინსტიტუტშიც შეიძლება გავიარო, ჩემი კლასელის მამა მუშაობს მანდ და ერთი ოთახი მოგვცა, რაღაც აპარატურები დაგვიდგა და გაერთეთო. დაე იყოს ასე, ვიქნები 14 წლის მეორე წრეზე და ვნახოთ, სადამდე გავქაჩავ.

მე და ჩემი მესამე ველოსიპედი, სადღაც შვიდი-რვა წლის ჰასაკში
Advertisements

თბილისის კოშკები – ფოტოკოლაჟი


ამასწინათ ექიმმა სუფთა ჰაერზე სეირნობა გამომიწერა. თბილისში სუფთა ჰაერი არც ისე ადვილი საპოვნელია, თუმცა მის პატარა წილს მაინც მივაგენი, ყოფილი იპოდრომის ტყე-მინდვრებში. თუკი შეიძლება ასე ეწოდოს იმ პატარა კუნძულს, რაც ყოფილი იპოდრომისგანაა დარჩენილი.

ამ ბოლო დროს ერთი ჩვევა ავიკიდე, ხანდახან ფოტოაპარატს გადავიკიდებ ხოლმე და დავატარებ. ხან ფირისას, ხან კი ციფრულს. ამ გასეირნებაზეც ისე აღმოჩნდა, რომ ციფრული აპარატი მქონდა მხარზე გადაკიდებული (Nikon D3100) და რამდენიმე ფოტოც გადავიღე, რომლებიც, ჩემის აზრით, ძალიან მოუხდება ჩემი ბლოგის შეცვლილ დიზაინს. ისეთი ლამაზი და მინიმალისტური დიზაინი შევურჩიე აქაურობას, რომ მგონი ამას ყველაფერი მოუხდება. მათ შორის, ახალი პოსტიც, რომელთა წერითაც, როგორც შეატყობდით, ამ ბოლო ხანებში დიდად თავს არ ვიკლავ.

ასე რომ ამ ფოტოებს აქაც გამოვფენ და ამავე დროს ჩემს პროფილებსაც დავარეკლამებ ფოტო-შეარინგის საიტებზე. Flickr – სადაც უხსოვარი 2007 წლიდან მაქვს პროფილი, ეგეც ცვალებადი აქტიურობით. თუმცა 2019 წლის იანვრიდან რაღაც ახალ შეზღუდვებს ამატებენ ამ მართლაც კარგ საიტს, ამიტომ ახალი ხერხების ძიებაში, ახალ საიტსაც შევეფარე – 500px.com. ძალიან მესიამოვნება, თუ ამ პროფილებზე დამაფოლოვებთ.

ახლა კი რამდენიმე ფოტო, თვალს რომ ესიამოვნოს.

ასე შენდება იპოდრომთან ხიდი
განაგრძე პოსტის კითხვა

[ტრეკი] BigCrow – Mars Colony


კაი ხნის წინ, 2016 წლის დასაწყისში დარელიზებული ტრეკი – Mars Colony.

სტილი – ფსაიტრანსი (დაახლოებით). დანარჩენზე ტრეკი თავად იტყვის სათქმელს:

[ტრეკი] BigCrow – Dry Lake


ამ ტრეკის რელიზი საუნდკლაუდზე შედგა ამ პოსტის გამოქვეყნებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, ასე რომ დროა, ის ყვავის ბუდეშიც აღმოჩნდეს.

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი ტრეკი, ტრანს/ფსაიტრანს სტილში. მართალი რომ ვთქვა, ჩემი ტრეკების სტილი დიდად არ მაქვს განსაზღვრული, დიდად არც ვცდილობ რაიმე სტილში გავაკეთო. უბრალოდ, ვწერ რაც თავში მომდის და რაც გამოვა, ეგ გამოვა. თუმცა, ჩემი მორიდებული აზრით, ეს ტრეკი ყველაზე მეტად მოტრანსო ჟღერადობაში ჯდება. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

ამ ტრეკის ლინკზე გადასვლით თქვენ მოხვდებით ჩემს საუნდკლაუდზე, სადაც ჩემივე უფრო ძველი და უფრო ახალი, სხვა მუსიკალური შემოქმედების ნაყოფები დაგხვდებათ. იქვე შეიძლება ჩემი პროფილის დაფოლოვებაც. თქვენი არაფერი მიდის, მე კი გულს მიხარებს.

Immortal Drunkards – Made in China


ეს სიმღერა შევქმენით ამ პოსტის დადებამდე თითქმის ორი წლით ადრე, მაგრამ აქ დადება ვერ მოვიფიქრე. არადა, რატომაც არა?

მაშ ასე, ლეგენდარული რეპ-მეტალ-თრეშ პროექტი Immortal Drunkards-ი წარმოგიდგენთ რეპ-ოპერას “მეიდ ინ ჩაინა ანუ სისველის სიავკარგე”.  ეს პროექტი დიდი ხანია არსებობს და შედგება ძირითადად ჩემგან და რომელიმე სიმღერის წერისას ვინც ახლოს აღმოჩნდება, იმისგან. პროექტის ლინკი ლასტ ეფემზე აქვეა. სხვა სიმღერებსაც ჩემივე ბლოგზე, ანუ აქ იპოვით.

ახლა კი თავად სიმღერა – Immortal Drunkards – Made in China:

და აქვე ლინკი: youtube.com/watch?v=F5iRGcK0lN0 

ამ სიმღერის მოსმენა ასევე შესაძლებელია საუნდკლაუდზე – საუნდკლაუდის ლინკი.

ბოსტნეულის მოყვანა ქოთანში – პატარა ჰობი სახლისთვის


თუკი ქალაქში ცხოვრობ, ჩემსავით და მამულები არ გაქვს, სადაც შეგიძლია ბევრ ჰექტარზე ხორბალი და ქერი დათესო, მაგრამ სულის სიღრმეში მიწის ყივილი მაინც ჩაგესმის, ეს პოსტი შენთვისაა.

აივანზე, ფანჯარაზე და ზოგადად ქოთანში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა არც ისე რთული და წარმოუდგენელი პროცესია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო – საკმარისი ზომის ქოთანი (სასურველია თუ 10 ლიტრზე მეტი მოცულობის იქნება), მიწა, სასურველი ბოსტნეულის თესლი და მზე. მზე ამ შემთხვევაში მთავარი ინგრედიენტია, რადგან უმზეოდ მხოლოდ სოკოს მოყვანაა შესაძლებელი. სასურველია თუკი ფანჯარა ან აივანი, სადაც ბოსტნეულის მოყვანას ვაპირებთ, იქნება სამხრეთის – ამ შემთხვევაში მზე ყველაზე მეტად მიუდგება ნათესებს, ან დასავლეთის – ჩამავალი მზე უფრო მწველია, ვიდრე ამომავალი. თუკი ფანჯარა ან აივანი ჩრდილოეთის მხარესაა და მზე არასოდეს ადგება ზედ, მაშინ შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანის ოცნებაზე ხელი აიღოთ. ჩრდილში არაფერი გაიზრდება.

ახლა ცოტა დაწვრილებით გავყვეთ ყველა პუნქტს. ამ პოსტის დაწერის მომენტში მე თავად მაქვს აივანზე დაახლოებით ერთი კვირის ნათესები, ასე რომ პოსტს ორიგინალი ფოტოებითაც გავაჯერებ. მაშ ასე, პუნქტი:

1.  თესლები – თუკი თბილისში ცხოვრობთ, ბოსტნეულის თესლის შოვნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ადვილია. ვაგზლის მოედანზე, კონკრეტულად კი დეზერტირების ბაზრის წინ (ბავშვთა სამყაროდან ჩამავალ ქუჩაზე) არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზრობა, სადაც იყიდება დეკორატიული ყვავილები, მიწა და ბოსტნეულის თესლები. თესლები ასევე იყიდება დიდუბის მეტროს მიდამოებში, მაღაზიებში, რომლებსაც “მცენარეთა მოვლის საშუალებები” აწერია, ბევრია ეგეთი.
აივნის მასშტაბისთვის, სადაც მიწის საერთო ფართობი არ აღემატება რამდენიმე კვადრატულ მეტრს, რამდენიმე ლარის თესლი სრულიად საკმარისია. თითო სახეობის მცენარისთვის 50 თეთრის რომ ვიყიდოთ, ჩვენს ხელთ არსებული ქოთნების ათმაგ რაოდენობასაც ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვა – თესლები იაფია და ხელმისაწვდომი.ჩემს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ქოთნისთვის შევიძინე 3 ლარის თესლი, რაც ქვედა სურათზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაუნანებლად დავთესე, ამ რაოდენობას ფაქტიურად არაფერი მოკლებია:001 - teslebi

2. მიწა, ქოთნები და დათესვა – ქოთნად გამოდგება ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც აქვს საკმარისი მოცულობა. საკმარისი მოცულობა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის სხვადასხვაა – ბოლოკს და მწვანილს თუ რამდენიმე ლიტრა ეყოფა, კიტრს და პამიდორს ბევრი უნდა. ფაქტიურად რაც მეტი, მით უკეთესი. მიწის ყიდვა იქვეა შესაძლებელი, სადაც თესლების (ზედა პუნქტში წერია). ყიდვა თუ არ გნებავთ, ნებისმიერი მიწა წავა, მთავარია სასუქი არ მოაკლდეს და თიხიანი, ანუ წებოვანი არ იყოს. მოკლედ, როგორ მიწას და ქოთანსაც ვიშოვით ავიღებთ და დავთესავთ შიგნით თესლებს. თავიდან ჯობს, თუ საკმაოდ ბლომად ჩაიყრება თესლები, რადგან ჯობია ბევრი ამოვიდეს და მერე ამოითხაროს ზედმეტები, ვიდრე ცოტა დავთესოთ და საერთოდ არ ამოვიდეს.

აი, “რაც ვიშოვე იმაში” დათესილი პამიდორი ჩერი. რაც მთავარია, ქოთანს აუცილებლად უნდა ქონდეს ქვემოდან ნახვრეტები, რათა ზედმეტი წყალი გარეთ გამოვიდეს და მცენარის ფესვები არ დაალპოს. დათესვისას არაა აუცილებელი და არც სასურველი, რომ კურკები მაინცდამაინც ქოთნის ძირამდე ჩავტენოთ, 5-10 მილიმეტრი არის უნივერსალური სიღრმე ნებისმიერი ბოსტნეულისთვის. უფრო ნაკლებ სიღრმეზე დათესილი შეიძლება გამოშრეს და საერთოდ არ დაიწყოს ამოსვლა, უფრო ღრმად დათესილი კი ზედაპირამდე სანამ ამოვა, მანამდე დაიღუპოს.

პამიდორი ჩერის ნათესი 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში.

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი - ნათესები
პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი – ნათესები

3. დათესვის შემდგომი მოვლა – არც ეს პუნქტია რთული. ქოთნები უნდა დაიდგას სითბოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ მოირწყას. სითბო და საკმარისი რაოდენობის წყალი (ოღონდ არა ზედმეტი) ხელს უწყობს თესლების სწრაფად გაღვივებას და შესაბამისად, სწრაფად ამოსვლას. ნათესები ამოსვლას იწყებს სხვადასხვა დროს, ბოსტნეულის სახეობის მიხედვით. ჩემს შემთხვევაში პირველი ამოიწვერა ბოლოკი, ორიოდე დღეში, შემდეგ კიტრი – ესეც თითქმის მასე, მერე რეჰანი და თითქმის ერთი კვირის თავზე, როცა უკვე იმედიც არ მქონდა, რომ საერთოდ ამოვიდოდა – პამიდორი ჩერი.

ქვემოთ: პირველ სურათზე ბოლოკის ნათესები მეხუთე დღეს, მეორეზე კი ბოლოკი და კიტრი დათესვიდან მერვე დღეს.

005 - natesi dge xuti 006 - natesi dge rva

4. ამოსვლის შემდგომი მოვლა – თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ჩვენი ძვირფასი ბოსტნეულის და მწვანილის ნათესი ამოსული იქნება იმდენად, რომ ადვილი მისახვედრია – ამდენი რამე საწყის ქოთანში არ დაეტევა. შეგვიძლია ნელნელა ამოვძირკვოთ სუსტი ღერები და რამდენიმე ძლიერი დავტოვოთ, მერე მათგანაც ნელნელა გამოხშირვით საბოლოოდ ერთ ქოთანში მივიღებთ ერთ, ყველაზე ძლიერ ძირს. მაგრამ მეორე, უფრო ჟმოტური მეთოდიც არის. რადგან მცენარეები უკვე ამოვიდა და ახალი ძირებისთვის თავიდან დათესვას და იმათი ამოსვლის ლოდინს დრო უნდა, ვაცდით ამ ახალ ამოსულებს გაზრდას რაღაც დონეზე და შემდეგ, რამდენიმე ძლიერ ნერგს ვანაწილებთ ახალ ქოთნებში. შესაბამისად, ერთი დათესვით ვიღებთ ბევრ, რეალურად რამდენ ქოთანს და შესაბამის მიწასაც ვიშოვით, იმდენ ძირ ბოსტნეულს. მწვანილს გამოხშირვა არ ჭირდება, ბალახია მაინც და მაგის მოსავლის მოწევას არ ველით, მთავარია ბევრი ფოთოლი ქონდეს, ამას კი ერთადაც კარგად მოახერხებენ ძირები.

5. სასუქები და ამბები – ბოსტნეულს სასუქი ჭირდება. სასუქის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია მარტო უმაღლესი ხარისხის, ტყის მიწაზე. ჩვეულებრივ, არც ისე ნოყიერ მიწას, ჭირდება დამატებით საკვები ნივთიერებების დამატება. სასუქი არსებობს ორგვარი – მინერალური და ორგანული. ორგანულში შედის ნაკელი და მსგავსი რამეები, მინერალურში კი… მინერალურები. მე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ გამოყენებული მიწის ნაყოფიერებას დიდად არ ვენდობი (წინა წლებში მარწყვები მომყავდა იგივე მიწაში და რეალურად, საკმაოდ გამოფიტულია), გადავწყვიტე სასუქის გამოყენება. მინერალურის, რადგან ნაკელის და კომპოსტის შოვნის თავი არ მქონდა.

ზემოთხსენებულ, დიდუბის მეტროსთან არსებულ “მცენარეთა მოვლის საშუალებები”-ს მაღაზიაში შევიძინე უნივერსალური, NPK (აზოტ-ფოსფორ-კალიუმის) სასუქი, კონცენტრაციით 16:16:16 და ნელ-ნელა ვამატებ მიწას. ეს სასუქი წარმოადგენს მოვარდისფრო გრანულებს, რომელიც წყალში არც ისე ხალისით იხსნება. ამიტომ ჯობია დავფხვნათ და ფხვნილი მოვაყაროთ მიწას. მორწყვასთან ერთად ეს სასუქიც ნელ-ნელა ჩავა მიწაში. მოყრის რაოდენობა – ცოტა. ეს საკმაოდ კონცენტრირებული სასუქია და მისი ინსტრუქცია გვამცნობს, რომ ჰექტარზე დაახლოებით 100-150 კილოგრამი გამოიყენება. კვადრატულ მეტრზე რომ გადმოვთვალოთ, 10-15 გრამი გამოდის სულ. შესაბამისად, თუკი ერთ კილოგრამს ვიყიდით, რომელიც სულ რაღაც ლარნახევარი ღირს, ჩვენს მინიბოსტანს ის წლების განმავლობაში ეყოფა.

სასუქის შეტანა ზოგადად ჯობია მიწის სიღრმეშივე, ანუ სანამ ქოთნებში მიწას ჩავყრით და დავთესავთ, მანამდე რომ ავურიოთ. თუმცა, არც მერე დამატებაა პრობლემა. მთავარია, ნათესებს წყალი არ მოვაკლოთ და ეს სასუქიც ეტაპობრივად ჩავა ნიადაგის სიღრმეში, ფესვებისკენ.

NPK სასუქი (აზოტი - ფოსფორი - კალიუმი). ფონზე - ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.
NPK სასუქი (აზოტი – ფოსფორი – კალიუმი). ფონზე – ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

6. რა ვქნათ შემდეგ? – მას შემდეგ, რაც ეს მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ათიოდე დღის ნათესი მივიღეთ, საჭიროა გაფართოებაზე ფიქრი. გაფართოება ყველაზე მეტად ჭირდება კიტრს და პამიდორს. ამიტომ, სანამ ნათესები ძალას იკრებენ და იზრდებიან, აჯობებს გავამზადოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ჭურჭლები მათ გადასარგველად ცალ-ცალკე ქოთნებში. გვახსოვდეს – რაც უფრო მეტ ქოთანში გადავანაწილებთ კიტრის და პამიდვრის წამოზრდილ ჩითილებს და მეტ საერთო სივრცეს მივცემთ, რათა ფესვები კარგად განვითარდეს, მით მეტი იქნება მოსავალი. ბოლოკს, მწვანილს და სხვა მსგავს რამეებს, რომლებმაც პირდაპირ არ უნდა მოისხან მიწისზედა ნაყოფი, ამ მხრივ ნაკლები პრეტენზია აქვთ. თუმცა, არყის ჭიქისხელა ჭურჭელში გაზრდა მაინც არ გამოვა, არაფრის.

როდესაც (თუკი ოდესმე) გადარგული მცენარეები ყვავილებს გამოისხავენ, ჩვენ მოგვიწევს ფუტკრის როლის შესრულებაც. გაყვავილებული ბოსტნეული პერიოდულად უნდა შევარხიოთ, რათა გავაძლიეროთ ყვავილების დამტვერვა. დამტვერვის გარეშე რომ ნაყოფს ვერ მივიღებთ, ეს ბოტანიკის მე-7 კლასის წიგნშიც წერია. ასე რომ, მცირედი, პერიოდული შექანავება ჩვენს ნარგავებს არაფერს აწყენს, მთავარია არ გადავამლაშოთ და ძირი ხელში არ შეგვჩეს. ასევე, უკვე წამოზრდილ მცენარეებს ჭირდება საყრდენები, კიტრის და პამიდვრის ზოგიერთ ჯიშს კი (პამიდორ ჩერის, მაგალითად) სულაც თოკი, რადგან ისინი რამდენიმე მეტრზე იზრდება. ამ საყრდენებზე მცენარეების მიბმისას საჭიროა სიფრთხილე. გახსოვდეთ, რომ წვრილი ღერო, რომელსაც კარგად მიაბავთ საყრდენზე, ცოტა ხანში გამსხვილდება და მჭიდროდ შემოჭერილი საბელის შემთხვევაში, გაიგუდება და ზემოთ ზრდას ვეღარ გააგრძელებს დიდი ხალისით.

ზრდის და ნაყოფის დამწიფების ყველა ეტაპზე ბოსტნეულის უმეტესობას ბევრი მზე და წყალი ჭირდება. თუმცა, არის ერთი შეზღუდვა, რაც კიტრს და პამიდორს აქვს. ზაფხულის მწველ მზეს ისინი დიდად ვერ უძლებენ. ასე რომ, თუკი დათესვა ჩემსავით გვიან მოგივათ და წინ დიდი და ცხელი ზაფხული გელით, ჯობია თუკი მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ – საჩრდილობელი ბადე ამ შემთხვევაში სავსებით გამოდგება, ის შეამცირებს მზის ნათებას, თუმცა მთლიანად ჩრდილშიც არ ამყოფებს მცენარეს. წყლის დასხმისას კი ერთი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი – წყალი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს ფოთლებს და ნაყოფს, ჯობია თუკი მას უბრალოდ ძირში დავასხავთ.

ასევე საფიქრალია პარაზიტები, ხოჭოები და მსგავსი მავნე არსებები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებით შეუძლიათ მცენარის და მოსავლის დაზიანება, ან სულაც მოსპობა, თუმცა ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ და შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თუკი მცენარეთა მოვლის მაღაზიებში მიხვალთ და შესაბამისი მცენარის სავარაუდო პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს მოიმარაგებთ. Better safe, than sorry.

ეს არის ძირითადი წესები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ არარსებული მამულების პირობებში, მხოლოდ საკუთარი აივნის და ქოთნების იმედად, ბოსტნეული. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემს ახალამოწვერილ ნათესებსაც.

CrowShow – პირველი ეპიზოდი – “ცნობილი ადამიანები”


სულ რაღაც დღეს, მეგობრებთან ერთად წამოვიწყეთ ასეთი მშვენიერი რამ – ვიდეო შოუ, ცოტათი შემეცნებითი, ცოტათი გასართობი, სახელად “ყვავის შოუ”. ცოტა ისეთი სათაურია, პირდაპირი და მოურიდებელი, მაგრამ მოსარიდებელი რა გვაქვს, რომ დავფიქრდეთ. ასე რომ, მინდა წარმოგიდგინოთ ამ გადაცემის პირველი, საცდელი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ცნობილ ადამიანებს.

icon

სანამ ვიდეოს ნახავდეთ (ან თუ გნებავთ, ვიდეოს ნახვის შემდეგაც), გადადით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და დაალაიქეთ, ბევრ სასარგებლო რამეს შეიძენთ ამით. ესეც გვერდი – ყვავის შოუ / CrowShow

ახლა კი თავად ვიდეო, მცირედი, გადმოკოპირებული აღწერით:

“ყველა ადამიანი მიიღებს ცხოვრებაში თავისი დიდების 15 წუთს” – ენდი ვორჰოლი. მაგრამ როგორ ხდებოდნენ ადამიანები ცნობილები, ისტორიის განმავლობაში? ამის შესახებ ამ გადაცემაში შეიტყობთ.

შემდეგ გადაცემებზე უკვე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ცოტა მეტი science თემები შევიტანოთ მასში. ასე რომ, გვისურვეთ წარმატებები და დატკბით ვიდეოთი.