(ამით იწყება სერია ”მურთაზ სიყვარულოვიჩი”. იცნობდეთ და გიყვარდეთ)
-გამარჯობათ ბატონო მურთაზ.
-ოჰ, დაჯექი, დაჯექი – შლიოპანცებიანი ფეხები სკამიდან ჩამოიღო და ჩემსკენ მოაცურა.
-არა, იყოს, ვიდგები – დავირცხვინე.
-დაჯექი, მე შენ გეუბნები, შენზე ნაკლები ვარ რომ ვზივარ?
ცივად დავჯექი და ბლოკნოტი წინ დავიდე.
-ბატონო მურთაზ… – დავიწყე მე
-რაის ბატონო, შე კაი ადამიანო, მე მქვია მურთაზ სიყვარულოვიჩი და შენ შეგიძლია უბრალოდ სიყვარულოვიჩი დამიძახო – სიგარეტისგან ოდნავ გაყვითლებული ხელი ასევე ოდნავ გაყვითლებულ ულვაშზე გადაისვა.
-ბატონო სიყვარულოვიჩ… – შევცვალე ტონი, მაგრამ ვინ გაცადა.
-ა, კიდე! რა გითხარი ბიჭო მე შენ? – ცოტა გაბრაზება დაეტყო. – ციური, მიდი ქალო ერთი შენებურად დაბზრიალდი, სტუმარი კაცია მოსული,
ხაჭაპურები ჩააცხვე ერთი შენებურად – გასძახა ცოლს და ისევ მე
მომიტრიალდა – შენ ასე რომ მიყურებ, ჩემი შვილის ძმაკაცები მეძახიან სიყვარულოვიჩს,
ბიჭის ძმაკაცებთანაც ვძმაკაცობ და გოგოს მეგობრებსაც ვემეგობრები – სტავროპოლსა და ნოვოჩერკასკში ნაგულავები კაცის ღიმილი გადაეფინა სახეზე.
-რეებს იძახი კაცო ბავშვებზე? – გამოსძახა სამზარეულოდან ქალბატონმა ციურიმ. მე ცოტა არ იყოს და შემრცხვა, ოჯახური კონფლიკტი ჩემს თავს დავაბრალე. მაგრამ სიყვარულოვიჩმა იცოდა რას აკეთებდა.
-გაჩუმდი ქალო მანდ და მიხედე საქმეს, ხო იცი, შვილებივით ვუყურებ მაგ ბავშვებს – და თვალი ჩამიკრა.
ცოტა ხანში, ქალბატონი ციურის რამდენიმე რეისიანი გოგმანის შედეგად, სუფრაც გაიშალა. სიყვარულოვიჩმა ჭიქები შეავსო და ლექტორის გამოხედვა მტყორცნა. მე, სტუდენტს ცუდი ბილეთი რომ შეხვდება და მაინც რომ ცდილობს მოყოლას, ეგეთი სახით
ავიღე ჭიქა და დავიწყე.
-ჩემო სიყვარულოვიჩ, მე თქვენ არ გიცნობთ… ამ ოჯახშიც პირველად ვარ, მაგრამ თქვენი და ციური დეიდას წყალობით იმხელა სითბო… კაცობა იგრძნობა და ადამიანობა… სიყვარულის ამბავში… – გავჩერდი და დავიბენი.
-უი დედა გენაცვალოს, როგორ დაალაგა სათქმელი, ხედავ კაცო? შენ რომ გააბავ ხოლმე ერთსაათიანებს – წინსაფრის კიდით ცრემლი შეიმშრალა ციურიმ. მე მადლიანი თვალებით გადავხედე და ღვინო მოვიყუდე.
პირველი შეხვედრა შედგა. ინტერვიუ, რა თქმა უნდა, არა… მაგრამ გაგრძელება იქნება.
Like this:
Like იტვირთება. . .