34 წელი მეორედ


2018 წელი მოვიდა. ეს, ოღონდ, ქრისტეს დაბადებიდან. ჩემისგან – 34 გავიდა. ოცდათოთხმეტი, ანუ ოცი გავიდა ჯერ და იმის მერე, რაც მე ოცი წლის ჯეელი ვიყავი, კიდევ თოთხმეტი.

ცოტა რთული წარმოსადგენია. ოცი წლის წინ თოთხმეტი წლის ვიყავი. სადღაც მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ან მერვეში. შეიძლება მეცხრეში, ახლა მერევა ცოტა ეს ყველაფერი. მაშინ ცოტა სხვანაირად ითვლიდნენ სკოლაში მისვლის წლებს. შვიდის ვიყავი, სკოლაში რომ მივედი, თითქმის. თითქმის შვიდი წლისაც ვიყავი და თითქმის მივედი კიდევაც. 91 წელი იყო მაშინ. პოლიტიკურად არ მახსოვს რა ხდებოდა და არც ვაპირებ გახსენებას, მაგრამ თბილისში რომ სამოქალაქო ომი იყო, ეგ ნაღდად ვიცი. იმდენად დიდი ამბები იყო, რომ პირველ სექტემბერს სწავლა არ დაწყებულა. ვერც თხუთმეტში დაიწყეს და ვერც შუა ოქტომბერში. ქუჩაში არ გაისვლებოდა მაშინ, უკან ან დაბრუნდებოდი და ან ვერ. თუ დაბრუნდებოდი – ან დაჭრილი, ან ჯანმრთელი და თუ ჯანმრთელი, მაშინ ან ჩაცმული და ან გახდილი. ესენი მოყოლით ვიცი, რადგან 6 წლის ბავშვს არც გარეთ გამიშვებდა ვინმე და არც იქ დამხვდებოდნენ მოსაკლავად, გასახდელად ან დასაჭრელად. მაქსიმუმ სახლამდე გამომყოლოდა ვინმე ჩუმად და კარს რომ გამიღებდნენ ჩემები, შემოვარდნილიყვნენ და გავეძარცვეთ. ამიტომაც 6 წლის ბავშვს გარეთ არ მიშვებდნენ.

ასე იყო ყველა და ამიტომაც მოუწიათ სწავლის გადადება. ჰო, პურიც აღარ იშოვებოდა მაშინ უკვე მაღაზიებში და სადაც იშოვებოდა, ურიგოდ მაინც არ იყო. ასე რომ, ჩემი პირველი სექტემბერი მახსოვს სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. ან შედგა. ვიღაცეებმა ჩაატარეს, ჩემთვის კი, გაყინული 6 წლის ბავშვისთვის ის უბრალოდ შედგა. სკოლის ფორმები დაგვირიგეს მერე, მუქი ლურჯები იყო და მხარზე გადაშლილი წიგნის ლოგო ეხატა, საბჭოთა პიონერების ან ვიღაც ეგეთების პონტში. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო უკვე, მაგრამ იქაური წესჩვეულებები ჯერ კიდევ ძალაში იყო, სკოლის ფორმებიც ქონდათ, რომლებსაც მოსწავლეებს ურიგებდნენ. ახლა რომ ვაკვირდები, შეიძლება საერთოდად სხვების გამონაცვალი ფორმები იყო. წიგნებსაც არიგებდნენ მაშინ, სკოლის ბიბლიოთეკა იყო და იქ შარშანდელი იგივეკლასელების ჩაბარებული წიგნები ხვდებოდათ შემდეგ იგივეკლასელებს. ზოგი მომსპარი და ზოგიც მოვლილი იყო ამ ბიბლიოთეკის წიგნები და რაღაცნაირ სულს ასხივებდნენ, გასაცოდავებულს თითქოს, რაღაცას რომ გეხვეწება და ვერ გეუბნება, მომკალიო.

ჰოდა, ცუდი დრო იყო რა, უსიამოვნო. იმდენად უსიამოვნო და ერთფეროვანი იყო ყველაფერი, რომ რაღაც პერიოდამდე ზაფხული და კარგი ამინდი საერთოდ არ არის ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი. აი ახლა როგორი ამინდიცაა გარეთ – უფერული, უმზეო, საჭიროზე მეტად სველი და ტალახიანი და თანაც ცივი, ისეთი ცივი, რომ ვერ გაარკვევ ეგ უფრო გაწუხებს თუ ზემოდან და ქვემოდან ერთნაირად მოწურწურე ჭუჭყიანი წყალი. ზუსტად ასეთ ამინდთან ასოცირდება ჩემთივის 90-იანი წლების დასაწყისი. რაღაც მომენტის მერე ნავთის სუნიც დაემატა ამ ყველაფერს. შუქებმა როდის დაიწყო ჩაქრობა, მართალი რომ ვთქვა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედაჩემი რომ რეკავდა ხოლმე ჯერ კიდევ თელასში, მაცივარზე შემოდებული ჭაობისფერი ტელეფონით, იმედიანად, იქნებ ამ დარეკვით შუქი მოვიდესო; ჯერ კიდევ რომ არ იყო ის აზრი ბოლომდე ჩამჯდარი ჩვენში, რომ არსად დარეკვით არ მოვიდოდა შუქი, არც ეს იყო ავარიული გათიშვა და ცოტა ხანში გაზიც გაქრებოდა. მაგრამ ნავთის სუნი რომ ნელნელა შემოგვეპარა ცხოვრებაში, ეგ მახსოვს. ოღონდ ნავთის სუნამდე იყო ერთი დიდი გორაკი ქვანახშირი, რომელიც ჩვენი სკოლის შიდა ეზოში მოიტანეს დიდი მანქანით და ჩამოცალეს იქვე, შუა ეზოში. საკმაოდ მოზრდილ, შავ მთად. დანიშნულება ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ რაღაცნაირი ღუმელები მოგვიტანეს მანამდე, დიზელზე რომ მუშაობდა, ანუ სალიარკის ფეჩები. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ასე მეხუთე კლასში და გავმაიმუნდით, ათას რაღაცას ვყრიდით ამ დიზელის ფეჩში, ქაღალდებს და რაღაცეებს. საოცრად უსაფრთხო ფეჩები იყო – კედელზე ეკიდა სალიარკით სავსე ბაკი, საიდანაც პატარა მილაკით მოდიოდა ეს საწვავი და წვეთ-წვეთ ისხმებოდა ფეჩში. როგორ არ აფეთქდა არასდროს და არსად, ეგ მიკვირს დღემდე. ქვანახშირმა კი ნელა-ნელა შემცირება დაიწყო და ბოლოს საერთოდაც გაქრა, ჩვენი სალიარკის ფეჩების დახმარების გარეშე. არ შემიძლია ამ აპარატს დიზელის ღუმელი ვუწოდო.

ახლა კიდევ 34-ის ვარ. ანუ ათი წლის რომ გავხდებოდი, როცა მესამე კლასში ვუყურებდი, ჩემი რუსულის მასწავლებელი, კარადისხელა ლიუდმილა რაღაცოვნა როგორ ტეხდა მუშტის დარტყმით კაკალს მაგიდაზე და მერე გაბრაზებული სკამს ესროდა ურჩ მოსწავლეს, დრო რომ დამერესეტებინა და თავიდან დავბადებულიყავი, სამჯერ მივაღწევდი მაგ მომენტამდე და ახლა ოთხი წლის ვიქნებოდი. ნეტა რას ვაკეთებდი ოთხი წლის რომ ვიყავი? მგონი ლავიწის ძვალი მოვიტეხე საბავშვო ბაღში. თან ორივე მოვიტეხე, თითო წლის შუალედით და უცნაურად დათაბაშირებული დავდიოდი. ერთი მოტეხვა მოყოლით მახსოვს, კიბიდან გადმოვხტი ან გადმომაგდეს და უცნაურად დავეცი. მეორე კი ახლაც მახსოვს, ხალიჩაზე დავდექი ხელებით, ვიღაც ბავშვმა… რა ერქვა ნეტა… სახელი “დათო” მიტრიალებს რატომღაც ტვინში… ეს ხალიჩა გამომაცალა და ლავიწით დავერჭე. ამხელა ვიქნებოდი ახლა, უკვე მეოთხედ. რა საშინელებაა. ან შეიძლება არც, ყველაზე უდარდელი ვიქნებოდი ახლა. პატარა მაგიდის ქვეშ ვიფოფხებდი სქელ ფენად გაშლილ ჟურნალ-გაზეთებზე, მაგიდაზე ნაძვის ხეს შლიდნენ ხოლმე და იქედან ჩამოსული წვიმები და ელექტრო სანთლები ძალიან მომწონდა. რაღაცნაირი სანთლები იყო, წითლები და თავზე მოციმციმე ნათურები ქონდა, ვითომ მართლა ენთო და პარპალებდა. ასეთ ძველ კადრს თუ გავიხსენებდი, არ მეგონა. მაგის მერე, პრინციპში ყოველი შემდეგი ახალი წელი ცოტათი ნაკლებად ასეთი იყო, ვიდრე წინა.

იქნებ 20 წლისას დამერესეტებინა დრო და თავიდან დამეწყო ცხოვრება? 2004 წელი იყო, თესეუში ვსწავლობდი მეორე კურსზე და საკმაოდ უცნაური ცხოვრება მქონდა. მგონი ეგრე ჯობია, მაქედან დავიწყებ თავიდან და ახლა 14 წლის ვიქნები, მერვე კლასში. არც ისე ცუდი დროა, რომ ვთქვათ. შუქები მაინც არ არის იმიტომ, რომ 98 წელია, სამაგიეროდ როცა მოდის, ყველას გვიხარია და თუ ბევრი სამეცადინო არ მაქვს, შემიძლია სუბორზე რამე ვითამაშო. ტანკები ან რამე ახალ კასეტას თუ ვითხოვებ ვინმესგან. გაკვეთილების მერე ფიზიკის ინსტიტუტშიც შეიძლება გავიარო, ჩემი კლასელის მამა მუშაობს მანდ და ერთი ოთახი მოგვცა, რაღაც აპარატურები დაგვიდგა და გაერთეთო. დაე იყოს ასე, ვიქნები 14 წლის მეორე წრეზე და ვნახოთ, სადამდე გავქაჩავ.

მე და ჩემი მესამე ველოსიპედი, სადღაც შვიდი-რვა წლის ჰასაკში

როცა სამი ქალი მყავდა…


იყო დრო – სოკრატე

მახსოვს პერიოდი, როდესაც გარემოებათა კეთილი, ზოგისთვის კი ბოროტი დამთხვევით ერთდროულად სამი ქალი მყავდა. წარმომიდგენია მამაკაცთა 90%-ის სახე ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, მეც ეგეთი სახე მექნებოდა ზუსტად – Me Gusta. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, რამდენადაც ეს სასიამოვნოა, იმდენად გულისმომკვლელი გვერდითი ეფექტებიც აქვს.

პირველი ეფექტი არის ყველასათვის ცნობილი, მოდუნების ეფექტი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თუნდაც ერთი ცოცხალი ქალის არსებობის შემთხვევაში დგება – მონადირე გადაეჩვევა ნადირობას და ფერმაში მოწეულ საჭმელს მიირთმევს. და რაც უფრო დიდია ეს ფერმა, მით უარესი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლად უნდა გავტყიურდეთ და ვანნაითსტენდების დიეტაზე დავჯდეთ – ცოტა ისიც და ისიც.

თუმცა სინამდვილეში ამაზე არ მინდოდა წერა. ერთი კონკრეტული მომენტი მინდა გავიხსენო როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნე, სამი ქალი მყავდა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა მსოფლიოში, ასე მეგონა სანამ საქმე საქმეზე არ მიდგა და უეცრად სადღაც ბარში არ გამომეღვიძა, მაგიდაზე თავდადებულს. საიდან მოვხვდი იქ და რას ვაკეთებდი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ისაა, რომ მარტო ვიყავი.

მარტო ვინ არ ყოფილა შეკაცოო, ჩამესმის ყურში. ეტყობა მაშინაც ჩამესმა ეს ფრაზა და ამით გამხნევებულმა მშვიდად ამოვიღე ტელეფონი და… გავიჭედე. ვის დავურეკო? მე ხომ ბედნიერი კაცი ვარ, სამი ქალი მყავს. მერე რა, რომ არც ერთი აქ არ არის, ამის მადლობელიც უნდა ვიყო, იმიტომ რომ აქ რომ იყონ… მოკლედ, ქალთა ერთ სივრცეში არათავსებადობის პრინციპის თანახმად ჯობია, თუ ეს არ მოხდება. ასეა თუ ისე, ტელეფონი მიჭირავს, რომელშიც მთელი სამი ნომერი მიწერია (დიახ, სხვა ნომრები არ მიწერია, ვის რაში ვჭირდები) და დილემაც სახეზეა – რომელს დავურეკო?

ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – ანბანის მიხედვით ჩამოვყევი.

პირველი საუბარი ძალიან მოკლე იყო, სადაც მე მსმენელის როლში ვიყავი მხოლოდ. უკვე ძალიან ნაცნობი ხმის მქონე ქალმა მაცნობა, რომ ”მობილური ტელეფონი გამორთულია ან…” და ა.შ., როგორც ტექსტია. მოკლედ, პირველი ციყვი ფუღუროში არ არის. ეგ არაფერი – შევძახე საკუთარ თავს – კიდევ ორი ზარი შეგიძლია გააკეთო. საკუთარი მდგომარეობით აღფრთოვანებული ვუშვებ მეორე ზარს და ამჯერად ”მობილური გამორთულია”-ს ქალთან საუბარი აღარ მიწევს. თუმცა სიგნალის დაგვიანების მიხედვით ვხვდები, რომ ობიექტი არც ისე ახლოს უნდა იყოს. ჩემი ბედის ცოდნამ არ მიღალატა – ჩემი მეორე სიხარული ქალაქგარეთაა, საკმაოდ შორს. ის კი არა, ჯერ კიდევ გზაშია და ამით შეწუხებულ-გაბრაზებული ტვინს აქეთ მიპობს. სასწრაფოდ ვათამაშებ ტელეფონის დაჯდომის სცენას და ზარს ვწყვეტ.

თავი კორბენ დალასი მგონია, რომელსაც ერთადერთი ღერი ასანთი აქვს და ამით უნდა გადაარჩინოს მსოფლიო. ოღონდ ასანთის ღერი ჩემი ტელეფონია, გადასარჩენი მსოფლიო კი – მე. კარგ დროს დავრეკე, ზუსტად დღესასწაულის მეორე დღეს მივუსწარი. ”დღეს ვზეიმობ, კალენდარში დღე წითლად მაქვს აღნიშნული და სახლიდან არ გავდივარ”. რაღა თქმა უნდა, ქალებს ხომ ასეთი დღეები თვეში ერთი 25 მაინც აქვთ, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს. მოკლედ რომ ვთქვა, ორი-სამი დღე მაინც აჯობებს, თუ მის სადღესასწაულო განწყობაში არ შევიჭრები.

და გამოვიდა რა? სამი ქალი მყავს, სამმაგად ბედნიერი კაცი ვარ, თუკი მხოლოდ ამ მოვლენის (დედაკაცის) მხოლოდ დადებით მხარეებს შევხედავთ და საბოლოოდ ისევ ისეთ მარტოობაში ვსვამ ლუდს, როგორც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოხელა ძმაკაცი.

აქედან კი მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს – სასწრაფოდ უნდა ვიშოვო მეოთხე ქალი, რომელსაც თბილისიდან გასვლის უფლება არ აქვს, ჰორმონალური დარღვევის გამო მენსტრუაცია არასოდეს ეწვევა და ტელეფონი ურანის ელემენტებზე აქვს შეერთებული, რომ არასოდეს დაჯდეს ან ზონიდან გავიდეს. თუკი ასეთ ვინმეს იპოვით, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მით უმეტეს, რომ ის სამი ქალიც აღარ მყავს. მიზეზი მარტივია – ერთმანეთის არსებობის შესახებ გაიგეს და ორი მათგანი, როგორც მატერია და ანტიმატერია, ურთიერთში ანიჰილირდა, მძლავრი და ჩემთვის მავნე ენერგიის გამოყოფით, მესამე კი მე მომევლინა ატომურ აფეთქებად. ასე რომ, თუკი ზემოთჩამოთვლილი თვისებების და არაფეთქებად ქალს იპოვით – არ გამომაპაროთ.

მოდი, ყველამ ვწეროთ სექსზე!


სხვის ბლოგებს რომ იშვიათად ვკითხულობ, ეს არავისთვისაა ახალი ამბავი. სხვისას კი არა, ჩემსასაც აღარ ვკითხულობ. თუმცა ეს პოსტი, როგორც სათაურიდან მიხვდით, ამაზე არ არის. მეტიც, ამ რამდენიმე დღის წინ ქართული ბლოგების განვითარების დინამიკას დავაკვირდი და ერთი შემაძრწუნებელი კანონზომიერება დავადგინე – რაც უფრო მეტადაა ბლოგის პოსტებში, სათაურში, მიმაგრებულ სურათებსა თუ სხვა პრიბამბასებში სექსი, ან მასთან გათანაბრებული მოქმედება ნახსენები, მით უფრო პოპულარულია ბლოგი.

თავიდან გამოვყლევდი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც მოულოდნელი. პუბლიკას, რომელიც ამ ბლოგებს კითხულობს, არ აქვს სექსი. როგორც თავის დროზე შალვა რამიშვილი იტყოდა – “ერს არ აქვს ერექცია”. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა – ერს აქვს ერექცია, მაგრამ არ აქვს სექსი. ამიტომაც კითხულობს ისტორიებს სხვის მიერ გამოგონილ ან ზოგჯერ უბრალოდ შელამაზებულ სექსზე.

თუმცა მიზანი ამართლებს საშუალებას. გინდა პოპულარობა და მკითხველები? დაწერე პოსტი “ჩემს პირველ იობარზე”, “ჩემს პირველ ნაშაზე”, “როგორ არ ამიდგა პირველად”, “დანძრევის 10 მეთოდი” და სხვა მსგავსნი. მართალია ასეთ რამეში ნოვატორი არ იქნები, რადგან შენამდე ყველასთვის ცნობილი ხაშურა ამას უკვე აკეთებდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც პორნო საიტის ადმინობას ვერ გაცდა, შენ ბლოგერი გქვია და გეპატიება. მეტიც – მოგეთხოვება. ხომ უნდა გააგებინო ბნელ ქართველ საზოგადოებას რამე, აღმატებული. ასე რომ, თუკი უეცრად დაფიქრდები და შენ თავს კითხავ – რატომ ვწერ ამას – ილია ჭავჭავაძე გაიხსენე და ეროვნული განმანათლებლის სახით განაგრძე წერა. წინ, დიდი სექსისკენ!

მოკლედ, მორალური ბარიერი გადალახე, ახლა მოსაფიქრებელია იმიჯი. თუკი გოგო ხარ, საქმე ერთი-ათად გიმარტივდება. ვინაიდან და რადგან, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მდედრის პირიდან ამოსული სიტყვა “სექსი” გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე მამრის. ასე რომ, დაძაბე გონება და გაიხსენე ყველა ის ისტორია, რომელიც რომელიმე ფილმში გინახავს, დაქალს მოუყოლია, წიგნში ამოგიკითხავს (აქვე – გავრცელებული მოსაზრებით, წიგნიერი მდედრები უწიგნურ მამრებს გაცილებით უფრო იზიდავენ, ვიდრე შებრუნებულ შემთხვევაში) ან ღამით, ლოგინში განმარტოებულს შენს აგზნებულ გონებაში გამოგისახავს. შეეცადე ეს ისტორიები რაც შეიძლება მიმზიდველი სათაურით გააფორმო და გილოცავ – წარმატება გარანტირებულია. Bro Tip – იმის გასაგებად, რა არის პუბლიკისთვის მიმზიდველი სათაური, დაძებნე ცნობილი მეტრების ბლოგებზე, რას ეძებს ხალხი.

თუკი ბიჭი ხარ, მაშინ იმიჯის შექმნა ცოტათი რთულდება. გულახდილი გეის იმიჯებზე მოთხოვნა ცოტაა და ის რამდენიმე ნიშაც, რაც არსებობდა, უკვე ასე თუ ისე შევსებულია. მაჩოს აღსარებები? ცდა შეიძლება. ამის გასამარტივებლად წარმოიდგინე, რომ უბანში ბირჟაზე ხარ და ბიჭებს უყვები “როგორ ტყნავდი იმ გოგოს, წეღან რომ ჩაიარა და მეზობელ სადარბაზოში შევიდა” და სექსუალური ისტორიაც მზადაა. ან მოიქეცი ჩემსავით და მორიგი ნძრევის ფანტაზია აღწერე. თუმცა მაინც აჯობებს, თუ გოგო ხარ, როგორც უკვე ვთქვი, ეს გაცილებით გაგიმარტივებს საქმეს.

განსაკუთრებული ფანტაზიის მქონე იზვრაშენცებისთვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს – წარმოიდგინე რომ მდედრი ხარ და აღწერე როგორ გტყნავს შენი უახლოესი ძმაკაცი. ნუ წარმოდგენის შემთხვევაში ეს უკვე შენი უახლოესი ძმაკაცი კი აღარ გამოდის, არამედ ვიღაც ბიჭი, რომელიც ბარში გაიცანი, მაგრამ როდესაც ამას წერ… მოკლედ, აქ ძალიან ჩახლართულად გამოდის ყველაფერი და ჯობია ჩემი ინსტრუქციების გარეშე იექსპერიმენტოთ.

მაგრამ ერთი საერთო მოწოდება მაინც მექნება – თუკი გვინდა, რომ საქართველოში ბლოგოსფერო განვითარდეს, თუკი გვინდა, რომ რიგით ქათულ ბლოგს რიგით ქართულ პორნოსაიტზე მეტი ვიზიტორი ყავდეს – მოდი, ყველამ ვწეროთ სექსზე!

ტანკისტ ლეონარდ მორზიკის ჩანაწერები (1944)


კრეატივი. წინა კრეატივები ამავე თემაზე: შტეფან ფერბერის ჩანაწერები, არტილერისტის დღიურები.

მე უნტეროფიცერი ლეონარდ მორზიკი გახლავართ, გერმანიის მოტორიზებული არმიის ერთ-ერთი სიამაყის, 30 ტონიანი, დაიმლერ-ბენცის მოდელის საშუალო სიმძიმის ტანკ VK 3002 DB-ს მეთაური. მე დიდი გზა გამოვიარე უნტეროფიცრობამდე. თავიდან მეც, ისევე როგორც უმეტესობა, პანცერობერშუტცი ვიყავი, ანუ უბრალო სერჟანტი. თუმცა ჩემი ბრძოლის სამწლიანი გამოცდილება ეტყობა დააფასა უფროსობამ და მეც დამაწინაურეს, დაიმლერზე დამსვეს და თუკი ყველაფერი კარგად გაგრძელდა, წლის ბოლოსთვის, ან 45-ის დასაწყისში პანტერაზე გადავჯდები.

ეს ის პანტერებია, რომლებიც ჯერ კიდევ აფრიკის ბრძოლებიდან შემორჩა ჩვენს მოტორიზებულ ბრიგადებში. თუმცა ჩვენ რადისტს თუ დავუჯერებთ, მას კი დაეჯერება, ყველა ბატალიონთან აქვს თავისი რადიოფესვები გადგმული, პანტერა-II-ებიც შემოყავთ უკვე, რომლებიც უფრო გამძლე, სწრაფი და რაც მთავარია პატარებია. ამ ღორი კომუნისტების წინააღმდეგ საბრძოლოდ კი მზოლოდ ასეთი ტანკები თუ იმუშავებს, პატარა და გამძლე. საშინელი იარაღები აქვთ უკვე რუსებს, თავიანთი უსასრულო რაოდენობის ქარხნებიდან, რომლემსაც ჩვენი ბომბენშუტცეები მესერშმიტების მხარდაჭერით თითქმის ყოველდღიურად ანადგურებენ. მათი რაოდენობა კი კვლავ და კვლავ იზრდება. მათ თავისი ბელადის სახელობის ტანკები გამოუშვეს, რომლის მეშვიდე მოდიფიკაცია უკვე ძალიან საშიში რამაა და ყველა ჩვენს ტანკისტს, თუკი ის კონიგტიგერზე ან უფრო მძიმე ტანკზე არ ზის, თავისი თავისთვის უკვე წინასწარ გამოყავს წირვა მათ დანახვაზე.

თუმცა ჩვენი წარმოებაც არ არის უკან. მეტიც, რუსები ჩვენგან იღებენ ტანკების აწყობის იდეებს. რომ არა ჩვენი ასეთი ძლიერი და ზუსტი ლულები, თუნდააც ის 88 მილიმეტრიანი სიხარული, L56, 56 კალიბრის მქონე ჭურვებით, რუსები ვერასოდეს აცდებოდნენ თავისი განვითარებით კლემენტ-ვოროშილოვებს, რომლებსაც ჩვენ ისევე მარტივად ვჭრიდით, როგორც დანა-კარაქს.

მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ერთ-ერთი ბრძოლის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს გვქონდა. ჩვენი სატანკო დივიზიონი ჯერ კიდე 44 წლის გაზაფხულზე გადაისროლეს ავსტრიაში და ახლა მანდ ვართ ბაზირებული. ზაფხულია, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ მწვანეა. ვესტენფელდთან ვართ გამაგრებულები და ველით რომელიმე მტრის გამოჩენას.

ვესტენფელდი ძალიან ლამაზი ადგილია ავსტრიაში, როგორც მას უწოდებენ ამერიკელები – ვესტფილდი. 44 წლის აგვისტოს ბოლოა და ჩვენი სატანკო დივიზიონი ელოდება თავის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. 10-ში შეტყობინება მოვიდა, რომ ყველაფერი ცუდადაა, თუმცა ამას ჩვენც ადვილად ვატყობდით, საკმარისი იყო რუსული თვითმფრინავების გადაფრენის სიხშირეს დავკვირდებოდით. ერთხელ მე და უნტეროფიცერმა გეორგ ბრაიტვისერმა, რომელიც ამავე დროს ჩვენი 30 ტონა რკინის გადაადგილებაზე აგებს პასუხს, მთელი დღის განმავლობაში, როდესაც საქმე არ გვქონდა, 340 რუსული ბომბდამშენი და მხოლოდ 39 მესერშმიტი დავთვალეთ. მალე მიწაზე მხოხავი ძალაც მოგვადნება და მერე ოო, მერე ოჰოჰო, კომენ ცუ მირ, შვაინენ!

ეს დღეც დადგა. 13-ში, შეტყობინების მიღებიდან სამიოდე საათში მზად უნდა ვყოფილიყავით, მტრის საკმაოდ ძლიერი ძალები, იოსეფ სტალინის რამდენიმე მოდიფიკაციით და რამდენიმე მათი ჩემოდანმსროლით უკვე ჩვენს მიერ დაკავაბული სოფლიდან ორიოდე კილომეტრში იყვნენ. “განაწილდით ტანკებში” გაისმა შტურმანფიურერის გასროლასავით ხმა და ყველანი გავნაწილდით ტანკებში. “კამანდირ, მოგვკლავენ, ხომ” – “მშვიდად ფროინდე, ყველა შლახტის შემდეგ ჩვენ ცოცხლები გამოვდივართ, ახლაც არაფერი გვეტაკება. ფიურერისთვის!”

ოციოდე წუთია ბრძოლა დაიწყო, ჩვენს ტანკს ძრავთან შეექმნა პრბლემა და მძღოლი უკვე მაზუთში ამოსვრილი კაი ხანია ცდილობს რამე მოახერხოს. ძრავი დაიქოქა! დაიმლერის მახინა მწვანე ბალახით მოფენილ აღმართს შეუდგა. შორიდან უკვე ისმოდა მძიმე ტანკების გასროლის ხმები, რომლებიც ჰაერს აზანზარებდა, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვქონდა.

აქ ვწყვეტ მე, უნტეროფიცერი ლეონარდ მორზიკი წერას, რადგან ექიმს პროცედურებზე მივყავარ. შემდეგ გაგრძელებასაც დავწერ, როგორ დავამხეთ ჩვენ რუსების არმია და მუხლებზე ვახოხეთ მათი საამაყო ტანკები.

ტანკისტ შტეფან ფერბერის დღიური – 1941


ეს კრეატივიც ფორუმისთვის მივჯღაბნე. ისევე, როგორც არტილერისტის ჩანაწერები, ესეც თამაშ World of Tanks-ს ეძღვნება. ასე რომ აქაც თხოვნა იქნება ტალახის არსროლის. თორემ მე ტანკით ვარ და ვისი აჯობებს, ვნახავთ. თამაშის ლინკი – WorldofTanks.ru

პანცერობერშუტცი შტეფან ფერბერი, მე-5 მოტორიზებული ბრიგადა. შემოდგომა, 1941 წელი, მინსკის მისადგომები.

საოცარი მანქანაა ეს ლაიხტეტრაკტორი, თითქმის 9 ტონა რკინა, აღჭურვილი 100 ცხენისძალიანი მაიბახის ძრავით და ბრედას 20მმ-იანი ნახევრადავტომატური ჭურვსატყორცნით, შიშის ზარს სცემს რუსებს. საკმარისია სამი ასეთი მონსტრი და რუსების ტილიანი არმია მაშინვე იფანტება. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესი რა უნდა შეიქმნას კიდევ. ჩემი აზრით და ამ აზრს ყველა ეთანხმება ჩვენს ბრიგადაში, ეს მანქანა მოუტანს სწორედ მესამე რაიხს გამარჯვებას.

გუშინ მახსოვს რომელიღაც რუსულ სოფელში გავიარეთ, მუროვანკა თუ რაღაც მსგავსი ერქვა. პატარა შეტაკებაც გვქონდა. თავიდან ჩვენი ფეხოსნების დივიზია მიდიოდა წინ, როდესაც მოულოდნელად სოფლის გვერდზე მდებარე ტყიდან ცეცხლი გაუხსნეს. რაც ყველაზე საოცარია, რუსებსაც ყოლიათ ტანკები! თუმცა ძნელია მათ მანქანებს ტანკი უწოდო. პატარა, დაახლოებით ჩვენი ტანკის ნახევარი ზომის ძლივს მოძრავი საცოდავი აპარატი, რომლის უკანაც მთელი ტილიანი ოცეულია შემალული. თავიდან ჩვეულებრივი, სოფლის ტრაქტორები გვეგონა, სანამ სროლა არ ატეხეს. მე-7 ნომერ ტანკს, ეფენბერგის მეთაურობით რომელიც დადის, მუხლუხოც კი ჩამოუგდეს! აი მაშინ კი ჩავირთეთ! საოცარი სანახაობა იყო, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ფეთქდებოდნენ ეს პატარა რაღაცეები. МС-1 – ასე ეძახიან მას თურმე რუსები, ტყვედ აყვანილებისგან გავიგეთ მოგვიანებით.

დღეს დილით ცოტა გაგვიჭირდა. როგორც აღმოჩნდა, რუსებს ნამდვილი ტანკებიც ყოლიათ. თუმცა ამ ინფორმაციის გაგება ცოტა არ იყოს და ძვირი დაგვიჯდა. გუშინდელი გაბრძოლების მერე გამარჯვებას ავღნიშნავდით და ფიურერის სადღეგრძელოს ვსვამდით, აქვე სოფელში მოპოვებული რუსული არყით, როდესაც კუთხეში მდგომი ეფენბერგის ტანკი მოულოდნელად აფეთქდა და ცეცხლში გაეხვა. თავიდან ვერ გამოვერკვიეთ, მაგრამ ობერშტურმანის რიხიანმა შეძახებამ უცებ გამოგვაფხიზლა და ყველანი ტანკებს მივაწყდით.

ის იყო ლუკი დავხურე და სათვალთვალო დანადგარებს მივუჯექი, რომ კიდევ რამდენიმე აფეთქებამ შეაზანზარა აქაურობა. ოკულარში გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე! სოფლიდან ჩვენსკენ ოციოდე რუსული ტანკი მოემართებოდა და შეუწყვეტლად გვესროდა. თუმცა ეს გუშინდელი სასაცილო ტანკებისგან განსხვავებით ნამდვილი, დიდი ტანკები იყო. “ბეტე-2” გამოიელვა თავში სატანკო სკოლაში ნასწავლმა სურათმა და ტანზე ჭიანჭველებმა დამიარა. ჩვენ ვიცოდით, რომ მოსკოვის მიდამოებში მათი გამოსაშვები ქარხანა ჯერ კიდევ აგვისტოში დაბომბეს. აბა ესენი აქ საიდან?

თუმცა ამდენი ფიქრის დრო არ იყო. ამაზე მიანიშნებდა ის ჭურვი, რომელმაც სანტიმეტრებში ჩაგვიფრინა და უკან მდგომ ტანკს თავი ახადა. ეტყობა პირდაპირ ჭურვების საწყობს მოხვდა. “დაქოქე” ჩავძახე მძღოლს და პარალელურად მიზნის ძებნა დავიწყე. თუმცა მიზანი იმდენი იყო, ბევრიც აღარ მიფიქრია და ცეცხლი გავხსენი. ყველაფერი ავტომატურად მუშაობდა. მექანიკოსს ზუსტად ისე მიყავდა ტანკი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხარე მიგვეშვირა მტრის ცეცხლისათვის, მე შეუჩერებლად ვისროდი და სანამ დამტენი ჭურვების ახალ პარტიას ჩაალაგებდა – რაციით გადავცემდი განადგურებული ტანკების რაოდენობას. თუმცა სამწუხარო ის იყო, რომ ჩვენი ტანკების განადგურების შესახებაც მოდიოდა ცნობები. უკვე გულში ეჭვიც კი შემეპარა ჩვენი დივიზიონის უძლეველობაში, მით უმეტეს, ჩემი თვალით ვნახე როგორ აქცია სამმა ჭურვმა ჩვენი მეთაურის ტანკი კონსერვის დაჭყლეტილ ქილად. ეტყობა 37 მილიმეტრიანებს ისროდნენ რუსები, თორემ ამხელა აფეთქების ძალა…

მხოლოდ ჩვენმა ორგანიზებულობამ და გამარჯვებისადმი რწმენამ შეგვაძლებინა, რომ რუსების ეს მოულოდნელი კონტრშეტევა მოგვეგერიებინა. თუმცა ამით ჩვენი წინსვლა არ შეჩერებულა. წინ კი მოსკოვია!

არტილერისტის დღიურები


მინდა წარმოგიდგინოთ პატარა კრეატივი, რომელიც ფორუმზე მივჯღაბნე წეღან. კრეატივი ეძღვნება თამაშს World of Tanks (worldoftanks.ru), ასე რომ შეაფასეთ და ბევრი არ მირტყათ.

აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი 25-ე ამერიკული საარტილერიო დივიზია საფრანგეთში, ქალაქ ლასვილის მისადგომებთან იყო გამაგრებული. მე, სერჟანტი სმიტი, M41-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მეთაური, შევეცდები მოგიყვეთ, რა მოხდა იქ. როდესაც პირველი ბრძანება მოვიდა, რომ გერმანელების შემოსვლისთვის მოვმზადებულიყავით, ჩვენი დივიზიონი მაშინვე ამოძრავდა. მთავარი მიზანი იყო, რომ მტერი შეგვეკავებინა მანამ, სანამ საავიაციო დახმარებას მივიღებდით. ლეიტენანტმა მადდამსმა დროშაც კი დაარჭო დივიზიის ცენტრში. “აქამდე თუ არ მოვუშვით, ჩათვალეთ – ბრძოლა მოგებულიაო”. ურევს ცოტა ეგ მადდამსი, თუმცა რა გასაკვირია, ჯერ კიდევ მალინოვკის ბრძოლიდან კანტუზიიანია და ხანდახან ცოტა… რბილად რომ ვთქვათ, თავისებურია ხოლმე. როგორც უკვე ვთქვი, აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი დანადგარი, ისევე როგორც დანარჩენები, პოზიციაზე იდგა, ბუჩქებით და ტოტებით შენიღბული. თუმცა მძღოლს ვუთხარი, რომ ძრავი დაქოქილი ქონოდა – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. თუკი მტრის ძალები აღმოგვაჩენდნენ, ჩვენი ერთადერთი იმედი ზუსტად კადილაკის 12 ცილინდრიანი ძრავი თუღა იქნებოდა. “ამათ რა ეშველებათ, თორემ ჩვენ კი გავასწრებთ” – დამცინავად გადახედა მეხვოდმა ჩვენს გვერდზე ბუჩქში ძლივძლიობით ჩამალულ რუსულ “მაცივარს”, როგორც მას თავად რუსები, რატომღაც სიამაყით, მოიხსენიებდნენ. “აქამდე საქმე არ მივა” დავამშვიდე ჯეიკობსი, ჩვენი მძღოლი და გამოთვლით დაფებს მივუჯექი. ჩემი მისია არ იყო ადვილი, მეტიც – ყველაზე საპასუხიმგებლო იყო. გარდა იმისა, რომ მე უნდა მომეხერხებინა 4 უზარმაცესი უსაქმურისთვის განწყობის ამაღლება, ამავე დროს რადისტის მიერ მიღებული ინფორმაცია, მტრის ძალების დისლოკაციის შესახებ, უნდა გადამემუშავებინა და მექცია ისეთ ფორმად, რომელსაც ჩვენი გაუნათლებელი ნავოდჩიკი გაიგებდა და ლულას ზუსტად იმ წერტილისკენ მიმართავდა. დამიზნება კი მართლაც ზუსტად იყო საჭირო. ეჰ, რა დრო იყო, ომის დასაწყისში, როდესაც უფრო ლამაზად მსკდომარე ჭურვებს გვირიგებდნენ. საკმარისი იყო ტანკისგან 10-ოდე მეტრში ჩამოგეგდო ჭურვი და ის ყველა ცოცხალს ანადგურებდა გარშემო. ახლა, ეტყობა გაუჭირდათ და ასეთ ჭურვებს მხოლოდ ბატალიონის მეთაურ M40-ებს და M43-ებს აძლევენ. ჭორით გავიგეთ, რომ გერმანულ Gw-Tiger-ებსაც ანალოგიური ჭურვები ქონიათ. იმედია ჩვენთან ახლოში არ დაეცემა მასეთი ჩემოდანი, თორემ კარგად არ დამთავრდება ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. რაციაში ბატალიონის მეთაურის ხმამ დაიხრიწინა – “ბრძოლა იწყება” და ჩვენც, მივყარეთ კოკა-კოლის უკვე ცარიელი ბოთლები და მისით გამხნევებულები აპარატურას მივაკვდით. რადისტი შეუჩერებლად იღებდა ინფორმაციას ჩვენი ტანკების გადაადგილების შესახებ, რომელიც მე პლანშეტზე დაკრულ რუკაზე გადამქონდა, მწვანე ჭიკარტების დასმით. თუკი სადმე მტერს აღმოაჩენენ, ამისთვისაც მაქვს გამზადებული წითელი ჭიკარტები. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვებრძვით და სად. ათიოდე წუთის შემდეგ რუკაზე პირველი წითელი წერტილი გამოჩნდა. სასწრაფოდ გადავეცი მისი კოორდინატები ნავოდჩიკს. “დროზე, დროზე, დაუმიზნე დროზე!” დავკიოდი თავზე. ოციოდე წამში ნავოდშიკმა უიმედო სახით ამომხედა და თავი გააქნია. ყველაფერი ცხადი იყო – მთა გვეფარება მიზნამდე. გულში ვწყევლიდი ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ ბრძოლა ქალაქის გარშემო გაგვემართა. ან რას ებოდიშებიან ამ ფრანგებს, გამოუშვან ერთი დივიზია ბომბერების და გაასწორონ ყველაფერი მიწასთან. აი როგორც რუინბერგში ქნეს ამ ორიოდე კვირის წინ. ამასობაში რაციაში პირველი მსხვერპლის შესახებ მოვიდა ინფორმაცია. რუსებს დაუკარგავთ თავისი სწრაფი A-20. დიდი ამბავი, მაგათ მაინც ტილებივით ყავთ ტანკები. რაც მთავარია, A-20-მა სიკვდილამდე მოასწრო მტრის ძალების თითქმის სრული განლაგების გადმოცემა, რაც მე დაუყოვნებლივ გადავიტანე პლანშეტზე, წითელი ჭიკარტებით. ახლა ერთ-ერთი ამ წითელი ჭიკარტის კოორდინატებს ვითვლი, რომლის ქვეშაც საშიში მოწინააღმდეგე – გერმანიის არტილერიის სიამაყე, Gw-Tiger-ი მოიაზრება. თან ნავოდშიკს გადავცემ კოორდინატებს, რომელიც ბერკეტების ნელი ტრიალით ფაქიზად ასწორებს მიზანს. “არის, სერ!” – გაისმა როგორც იქნა. “ცეცხლი!!!” – ჩემი ბრძანების ბოლო ქვემეხის გრუხუნმა გადაფარა. ჭურვს თვალი გავაყოლეთ, რომელმაც პარაბოლა მოხაზა და ცის სიშორეში დაიკარგა. ათიოდე წამის მერე ჰორიზონტზე ცეცხლი ავარდა. “მოხვდა!”, “არის!” , “დაიმტვრა ეგ ნაბიჭვარი” – ახმაურდა რაცია. “gw-Tiger – აფეთქდა” – მოვინიშნე ბლოკნოტში და პლანშეტიდან წითელი ჭიკარტი ამოვაძრე. სამი საათის განმავლობაში შეუწყვეტელ ცეცხლს ვაწარმოებდით. რამდენიმე გასროლის შემდეგ ლულა ისე ცხელდებოდა, რომ ჭურვები იმისგან სულ სხვა მხარეს მიფრინავდა, საითაც ვუმიზნებდით. ამ დროს სროლას ვწყვეტდით და მძღოლს, ჩემი ბრძანებით, M41 სხვა ადგილზე გადაყავდა. თავიდან ის ამას არც თუ ისე დიდი ხალისით აკეთებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი ერთ-ერთი გადაადგილების დროს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ 5 წამის წინ ვიდექით, უზარმაზარი ფუგასი გასკდა და თავზე მტვერი და მიწის ბელტები გადმოგვაყარა, ჯეიკობსს ერთი სული ჰქონდა, როდის დაუმიზნებდა და გაისროდა ნავოდჩიკი, რომ სასწრაფოდ შეეცვალა ადგილმდებარეობა. ბოლოს, როდესაც ჩვენი საბრძოლო მასალის 90% უკვე გავისროლეთ, მოწინააღმდეგის 4 არტდანადგარი და 3 პანტერა გავანადგურეთ, 15-მდე ტანკი კი დავაზიანეთ, რაციაში ბატალიონის მეთაურის ნაცნობი ხმა ახრიწინდა – “გილოცავთ, ბატონებო, მტერი განადგურებულია”. მე ჩემს ოფლიან, მტვრიან და ჩვენს გარშემო ჩამოვარდნილი ფუგასებისგან გამურულ ეკიპაჟს გადავხედე. ყველას დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახე ჰქონდა. პასუხად მეც გავიღიმე და პლანშეტზე დავემხე. ეს ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ მთელი ომი იყო…

საახალწლო არაფხიზელი საგა


თან ამას მოუსმინეთ

ახლოვდება ახალი წელი… ახლოვდება ახალი წელი, ამას მოთქვამს ყველა, ვისაც არ ეზარება… სამყარო კი ამ დროს იცვლება, დაქანებულ ფერდობზე დგას, ფერადზე და ნელნელა ქვემოთ იქცევა ყველაფერი. დაბლა, ფერად უფსკრულში… გიწელება ეს მუსიკაც, უფრო სწორად, მისი ინტერპრეტაცია ჩემში. ამის წამლები ლუდში უკეთსად იხსნება და მეც ლუდს ვაყოლებ, რომ გავხსნა და სისხლში გავიჯერო მათი კონცენტრაცია.  ნერვო-პარატიკიტური წამლების.

რა მინდა მე? არაფერი არ მინდა, სხვაგან ვარ სხვა და ლამაზ სამყაროში, ვცდილობ დიდხანს დავრჩე აქ და თქვენც იგივეს გირჩვთ.

ახალი წელი კი მეტი არაფერია, თუ არა ვიღაც იდიოტების მოგონილი დღსასწაული. დღე, როდესაც დედამიწა როგორც იქნება დაარტყავს მზეს ერთ წრეს მზეს და მივა ისევ იქ. თან ის ჩვენ არ გველოდება და 6 საათით ადრე მიდის, ყოველ წელს 6 საათით ადრე… ჩვენც ვიტყუებთ თავს და ამ 4 ცალ ექვს საათს წინ ვახვედრებთ, ყოველ მეოთხე წელიწადს.

ახალ წელს მე მინდა მარსზე შევხვდე. გაუხშოვებულ ატმოსფეროში. სკაფანდრი მოვიხსნა და ფილტვებით ჩავისუნთქო მარსის ჰაერი, გადავხედო მარსის დამშრალ ზღვებს და დავცინო მათ. მათ ან თქვენ უფრო , რომელიც დედამიწაზე დარჩით და იქ მოგიწევთ სულის ამოხდომა. თანაც მე ათჯერ უფრო დიდხანს ვიცოცხლებ მარსზე, მისი ერთი წელი დედამიწის ათს უდრის და ის ამაში არ მომატყუებს. ვიფრენთ ნელა, მშვიდად, მარსი და ჩემი გაყინული გვამი.

შევეცი დედამიწისეულ ახალ წელს…! მე მარსზე ვარ.

ვწევარ მის ქვიშიან წითელ ზედაპირზე და ზემოდან ეს ხმა ჩამესმის… აღარ მეშინია…

აქვე ამ მუსიკის ლინკი: http://soundcloud.com/mufi/dak-gi-rambu-sina-vodjani

მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

Immortal Drunkards – გელინო


წარმოგიდგენთ ახალ ტრეკს ჯგუფისა Immortal Drunkards – გელინო.

ტრეკი ჩაიწერა 2010 წლის 23 აპრილს, სტუდია Crow Records-ში. ტრეკის სტილია ფოლკ-ჰიპჰოპი. მონაწილეები – BigCrow, Mroveli, Woodrow და ესპანურად მოლაპარაკე გოგო.

მოკლედ და კონკრეტულად, ტრეკი:

link: http://soundcloud.com/bigcrow/immortal-drunkards-gelino

მხოლოდ აქ! ლირიკა:

Immortal Drunkards – Gelino (lyrics)

ჩვენ ვიჯექით ჩემთან და არ გვქონდა ფული,
გვინდოდა არაყი და გვინდოდა ლუდი
იმაზე ვფიქრობდით, თუ რა გვექნა ჩვენ
არყისფერი ამინდია გარეთ დღეს

გარეთ ხომ წვიმს და არ არის მზე
ჩვენ გვიკვირს, რატომ გაგვითენდა ეს დღე
ქალებს ჩვენ ვკიდივართ, კაცები კი ჩვენ
აქ რამე სხვა ტექსტი, წავიდა, ჰე!

მის: გელინო, ჰე გელინო, ლუდის ბოთლით არაყი გვაქვს, გელინო
გელინო, ჰე ჰელინო, მაგრად გავილეშებითო, გელინო

მოვიდა ქალი, გრძელი და ლამაზი
მას ქვია რაღაცა, მაგრამ არა რამაზი
სასმელი გაგვიჯდა სისხლში ჩვენ ყველას
ისეთი ბოლია, ვერაფერს ვხედავთ

დაღამდა უკვე და ცა აღარ ჩანს
ჩვენ კი გულში დარდი და სევდა გვაქვს
რას ვეცეთ, რა ვქნათ, სად არის ნუგეში
ნუთუ ის ვეძებოთ მეგობრის უბეში

მის: გელინო, ჰე გელინო, ლუდის ბოთლით არაყი გვაქვს, გელინო
გელინო, ჰე ჰელინო, მაგრად გავილეშებითო, გელინო.

13:12


ეს დაწერილია 13 წუთსა და 12 წამში, ზუსტად ამდენი ხანი გრძელდება ის მუსიკა, რაც ამ ყველაფერს ფონად ადევს: Necrophorus – Partial melt

ბინდში ვარ ჩაძირული, ბლანტ და თბილ სიბნელეში, მხოლოდ ხმები მესმის, ოღონდ ვერ ვხვდები საიდან. ტანში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ და არ ვცდილობ თვალი გავახილო. არ ვიცი რას დავინახავ… ხმებმა მოწესრიგებული ხასიათი მიიღო და ერთიან მუსიკად შეიკრა. თვალები გავახილე…

მრგვალ კაბინაში გამეფებულ სიბნელეს მხოლოდ ნახევრად დახურული ილუმინატორიდან შემოსული სინათლის ვიწრო ზოლი არღვევს. კაბელს მოვქაჩე და ილუმინატორთან მივცურდი. ხელსაწყოების ზუზუნი და ცუდად მიხურული კარის ჭრიალი ერთ მთლიან ფონს ქმნის და ამას ემატება უწონადობის შეგრძნება. ჰაერი ოზონის სუნითაა გაჯერებული. ღრმად ჩავისუნთქე და ილუმინატორის საფარი გავაღე.

მზის მკაცრი დისკო დამცავი საფარველის მიღმა რბილად და სასიამოვნოდ ანათებს, შემიძლია შევხედო და ვუყურო ისე, რომ თვალი არ მომჭრას. მაგრამ მზის ყურება არ მინდა და ქვემოთ ვიყურები იქ, სადაც ასე ნაცნობი და თბილი დედამიწა ჩანს, ნახევრად განათებული ცალი მხრიდან, მიყურებს და მეფერება თავისი მოცისფრო ნათებით. რაოდენ მშობლიური და ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის, რამდენი კარგი რაღაც არის მასთან დაკავშირებული და რა დასანანია, რომ ასე ცოტა დროა დარჩენილი…

მკვეთრი მოძრაობით ვწყდები ილუმინატორს და მოპირდაპირე კედლისკენ მივცურავ, სადაც ტყავის კედლიდან ოთხი წითელი ციფრი მიყურებს და მამცნობს იმ დროს, რაც დარჩენილია ბოლომდე, დასასრულამდე – 04:33… ოთხი წუთი და ჩემს ქვემოთ გადაშლილი მოცისფრო დისკო ცეცხლით შეიმოსება, სიწითლემდე გავარვარდება და არარაობად იქცევა. და მე დავრჩები მარტო, სრულიად მარტო, მშობლიური პლანეტის ნამსხვრევების თავზე.

ხომალდი ნელა ტრიალებს. მზე გაქრა მრგვალი ჭრილიდან და ახლა მთელს ცას მხოლოდ ცისფერი დისკო ფარავს, რომელსაც უკვე შესამჩნევი სისწრაფით უახლოვდება ის, თეთრი და ცივი სიკვდილი, რომელსაც უკან გიჟური სისწრაფით მიყვებიან თავისივე გამოტყორცნილი გაზები, მზეზე ირეკლებიან და ბრწყინავენ ცისარტყელის ფერებში. რა ლამაზია და ამავე დროს რა საშიში.

გონს სამართავ პულტზე დაჯახებამ მომიყვანა და მეც მოვწყვიტე როგორც იქნა თვალი ილუმინატორს. ქვემოთ ალბათ უკვე პანიკაც აღარაა, ხალხი მუხლებზე დამხობილი ასცქერის ცას, საიდანაც მათ სიკვდილი უახლოვდებათ. და რა საოცარია, ნეტავ მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვარ თუ ისინი? სულ რაღაც… ორ წუთში ხომ მე აბსოლუტურად მარტო დავრჩები, უკანასკნელი ადამიანი მთელს სამყაროში. ციფრები სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.. თვალებს ვხუჭავ და სამართავ პულტს ორივე ხელით ვეჭიდები. შემდეგ ასევე თვალდახუჭული ვპოულობ მთავარ ბერკეტს და ჩემსკენ ვექაჩები.

მესმის როგორ ასისინდა ხომალდის უკან ძრავები, ცისფერი დისკო ამოძრავდა და წინა ილუმინატორისკენ გადაინაცვლა. ის უკვე ცა აღარაა, ჩემს ქვემოთ მოექცა. გვერდით ვხედავ, როგორ მიექანება ჩემთან ერთად ქვემოთ კლდის უზარმაზარი ნაჭერი, თანდათან ცეცხლი ედება. ვერ უნდა ჩამასწროს! არ მინდა ჰაერში სიკვდილი. ბერკეტს ბოლომდე ვწევ, სავარძელს ვპოულობ და აკანკალებული ხელით ვებმები ზედ. მოვდივარ, დედამიწავ, მოვდივარ!

ყვავილი მტვერში


ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, –
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გალაკტიონ ტაბიძე

დილა სუსხიანი გათენდა. ასეც უნდა ყოფილიყო, ნოემბერია უკვე და ყინვები დაიწყო. აბუზული ბეღურასავით ვიდექი გაჩერებაზე და სამხრეთ ამერიკის უღრანი ტყეების სითბოზე ვფიქრობდი. რაღაცას გამოვყევი მეტრომდე და ტვინ- და გულგაყინული მოვკალათდი პირველივე შემხვედრ სკამზე. წინ სახლი მელოდებოდა…

თვალი გავახილე, უფრო სწორად მატარებლის უშნოდ შეჯანჯღარებამ გამახელინა და გული გამითბა. ჩემს წინ იჯდა ის, პატარა ყვავილი, წითელი პალტოთი. სამედიცინოს მეტრომდე გულაფანცქალებული ვიჯექი და ხანდახან ფარულად გავხედავდი ხოლმე. ზედა ციტატის არ იყოს, ცამეტ წელზე დიდი არც ეს იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირი გამოხედვა ჰქონდა, სხვანაირი. არ ვიცი რა დამემართა, რამ გადამრია ასე, მაგრამ მაინც მჯერა, რომ გავა წლები და მე მას კიდევ შევხვდები. ან თავად წაიკითხავს ამას და შემეხმიანება…

მანამდე კი ერთ სიმღერას დაგიტოვებთ, ისე რა, განწყობისთვის:

მსგავსი პოსტი: მე მეტროში.

ერთი კვირის თავზე


randomაჰა, მიიწურა დღე მეშვიდე იმ დღიდან, რაც დაიწყო შემოდგომა და გამოცხადდა დიადი დღე, დღე სოცშეჯიბრებისა და ყოველდღიური პოსტვისა. მართალი რომ ვთქვა, ყოველდღიურად პოსტვა არ არის მარტივი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი რა დაწერო ყოველდღიურად. დასაწერი ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ აქ თავს იჩენს ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა სიზარმაცე და დროის ფაქტორი. სიზარმაცეს მგონი არ უნდა ჭირდებოდეს დამატებითი ახსნა, რაზეა და რასთან ერთად იჭმევა, ყველა თქვენგანს გააჩნია მსგავსი ეგზემპლარი და შეუძლია დაღლამდე იექსპერიმენტოს მასთან.

რაც შეეხება დროის ფაქტორს, ძალიან მოსაბეზრებელი და ჯანჯალი საკითხია, ხან სახლში ხარ, ხან არა, ხან სვამ და ხან უარესი, ასე რომ იდეა – მოდი ვწეროთ ყოველდღე, დგება დიდი საფრთხის წინაშე, რომლის თავიდან აცილებაც ძალიან ძნელია. მაშ რა ვქნათ? გამოსავალი თითქოს და მარტივია – მოვეშვათ ამ სულელურ იდეას.

მაგრამ ასე რომ არ გამოვა, პრაქტიკამ უკვე არაერთხელ აჩვენა და თუ ცოტათი დავფიქრდებით მივხვდებით, რომ ასეც უნდა იყოს – რაც უფრო იშვიათად წერ ბლოგზე, მით უფრო იშვიათად ვარდება მისი სახელი სხვადასხვა გემრიელ ადგილებში, რომლებიც უზრუნველყოფენ კიდეც მის პოპულარობას, კითხვადობას და სხვა მრავალ -ობას. ანუ გამოდის რა? თუ გვინდა გვქონდეს კითხვადი, მოწონებადი და ა.შ. -ადი ბლოგი, უნდა გავხადოთ მისი ჩანაწერები რეგულარული. თუკი ვიტყვით, რომ ბლოგი განახლდება ყოველ დღე, მაშინ ლოგიკურია, რომ პოტენციური მკითხველი დაელოდება მის ყოველდღიურ განახლებას და თუნდაც ერთ ჩაგდებულ დღეს ჩათვლის ღალატად, სამშობლოს გამყიდველობად და ა.შ., ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ამ მკითხველს დავკარგავთ.

მასაშადამე, ორიოდე არეული  სიტყვით შევაფასე მგონი ის სიტუაცია, რომელიც არის ბლოგების განახლებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ჩემი ბლოგის მაგალითზე, თუკი რამე გაიგეთ ხომ კარგი, თუ ვერა და ვეცდები შემდგომ, როცა უფრო დალაგებულ ჭკუაზე ვიქნები, უფრო დალაგებულად გადმოვცე სათქმელი, რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია – წერეთ ნებისმიერ ფასად.

The Modern End


ჩემი განწყობა დავხატე...
ჩემი განწყობა დავხატე...

დეპრესიაში ვარ, საშინელ და უმძიმეს დეპრესიაში, დაახლოებით იმ სტადიაზე, ყელში რომ უზარმაზარი ბურთი გაგეჩხირება და არ იცი რანაირად ჩაყლაპო. მეორე ბოთლ ლუდს ვაყოლებ უკვე, მაგრამ არ ჩადის.

მგონი მიზეზიც ვიცი, გადავიღალე ამ ბოლო ორი კვირის გამუდმებული სტრესისგან, ბევრი რამე მიება ერთმანეთს, რომელთა არც ჩამოთვლა არ მინდა და არც აინტერესებს ვინმეს, ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ ამას აქ, უბრალოდ რომ არ დავწერო, გავსკდები. ხოდა ეგრე, ვზივარ 14 წლის ემო ბავშვივით, ყურებში ტრისტანიას “The Modern End” მიჟღერს და ვცდილობ გავემიჯნო სამყაროს. ერთი ათი წლით პატარა რომ ვიყო, ალბათ ვენებსაც გადავიჭრიდი, მაგრამ ახლა მეზარება. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ კაციშვილი არ მყავს გვერდზე ამ პატარა ფანჯრის გარდა, სადაც ამ პოსტს ვწერ, რომელსაც ამ ყველაფერს ვეტყოდი, ჰოდა მეც ვზივარ და ვეუბნები. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, თუნდაც იმის, რომ ეს დღეებიც თუ გადავიტანე, მერე შეიძლება სწორ გზაზეც გავიდე, მაგრამ ეს ძალიან ოპტიმისტური გამონათება იქნებოდა ამ მრაჩნი პოსტში და ტყუილ ილუზიებს მომცემდა, თანაც საკუთარი დეპრესიით ტკბობასაც ჩამიშლიდა. ასე რომ იყოს ასე, როგორც არის.

მანუგეშებელი და ”ყველაფერი კარგად იქნება” კომენტარების წერით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც წინასწარ არ მჯერა.

Crow Pictures-ის ახალი ფილმი


მინდა წარმოგიდგინოთ ქრაუ პიქჩერზის ახალი თრეშ ფილმი – ”სამოცდამეცხრე ელემენტი” (The 69th Element).

ფილმი გადაღებულია ამ ზემოთხსენებული სტუდიის მიერ და თქვენ გეძლევათ საშუალება პირველებმა იხილოთ იგი :)

ფილმში მონაწილეობენ:

  • მროველი – მსახიობი, თამაშობს ბიჭის როლს, ასევე სცენარისტის და მემონტაჟის მორალური ასისტენტი.
  • ვიზარდი – მსახიობი, თამაშობს გოგოს როლს, ”ოქროს ალუბლის ტოტის” პრიზიორი.
  • აპოკალიფსი – მსახიობი, თამაშობს უცნაური ტიპის როლს, ”ოქროს ხითხითის” და ”ოქროს აქ-ვარ”-ის პრიზების მფლობელი.
  • ყვავა – ოპერატორი და რეჟისორი, შეთავსებით მემონტაჟე და მასაჟისტი.

მუღამი და სიმწვავე რომ არ დაიკარგოს, დანარჩენი შეგიძლიათ ადგილზევე წაიკითხოთ, ოფიციალური რელიზის სახით, ეს მხოლოდ რეკლამაა. მაშ ასე, განეწყვეთ ფილმოგრაფიულად და დააჭირეთ ლინკს:

Crow Pictures – The 69th Element (movie)

იქვე შეგიძლიათ ამავე სტუდიის სხვა, უფრო ძველი ფილმების და რაღაცეების ხილვაც :)

Cosmic Suicide


Soundtrack: Juno reactor – solaris [პილლედ პოსტ]

ჰაერში ვტივტივებ შავ ფონზე, რომელიც ვიღაცას ნემსით დაუხვრეტია და ახლა სინათლე შემოდის საიდანღაც, თეთრ და წვრილ წერტილებად.  თუმცა იმ რაღაცას, რაშიც მე ვტივტივებ, ჰაერი არ ქვია, ეს მე ვარ ჰაერის ბუშტში ჩაკეტილი და სრულ სიცარიელეში ვტივტივებ ბაწარზე გამობმული. ბაწარი დიდ, შავ მასასთან მაკავშირებს, რომელთანაც მე უკვე აღარაფერი კავშირი არ მაქვს და აღარც მინდა მქონდეს. ჩვენი ექსპედიციის დასაწყისში მანდ ვცხოვრობდით კიდეც, დაკვირვებებს ვაწარმოებდით, მაგრამ ახლა ის უფორმო და ჟანგიან მასას წარმოადგენს, რომელიც თავისი გათვლილი ტრაექტორიის მიხედვით მიდის და ჯერ კიდევ არ გადაუხვევია,  და ჩვენც, გადარჩენილებს თან დაგვათრევს.

ექსპედიცია ექვსი წლის წინ დაიწყო და  ჩვენც, 5 კაცი ამოგვიყვანა იუპიტერის ორბიტაზე და აგერ უკვე უსასრულოდ დავდივართ მის გარშემო, მისია ცხადია ჩაიშალა, დამჟანგავის ბალონები გასკდა და მთელი ხომალდი დახვრეტილია ჟანგიანი ნახვრეტებით. უკანა, სამატორო ფლანგი საერთოდ მოძვრა აფეთქებაზე და შევრჩით საცხოვრებელი განყოფილებების ამარა. ჩვენი ორბიტაც აირია, მართალია ისევ იუპირეტს ვუფრენთ გარშემო, მაგრამ სხვანაირად,  ხან ლამისაა მის ძრუბლებში გავყოთ თავი და ხან ძლივს ვხედავთ. რადიოკავშირი დაახლოებით სამი კვირაა აღვადგინეთ დედამიწასთან და გავიგეთ, რომ ჩვენს პირორებში, ნავიგაციის არარსებობის გამო გვრჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – ჩვენო სადგური-ხომალდი კიდევ იტრიალებდა ასე 20 წელი, სანამ არ ჩავარდებოდა ქვემოთ, ხოდა უახლოეს 6 წელიწადში დაგეგმილი იყო სამაშველო ექსპედიციის გამოგზავნა. შემოთავაზება იყო ერთი – როგორმე გაძელით და მოვალთ ალბათ.

აგერ უკვე მესამე დღეა (ჩემი საათის მიხედვით) იუპიტერის თავზე ვტივტივებ ჩემს მოთეთრო და დალაქავებულ სკაფანდრში და ვცდილობ ის მჟავა მოვიშორო, რომელიც კბილებშორის მაქვს ამოდებული. მაგრამ მჟავა მითრევს და უწონადობის გრძნობას ამძაფრებს. მარტოობა შემომაწვა… Continue reading “Cosmic Suicide”

ხეპინესი


დღეს სამუშაოზე ოფიციალურად გამაფორმეს, ასე რომ ჩემი დროებითი უმუშევრობა დამთავრდა, რომელსაც აქა-იქ ავსებდა დამამშვიდებელი ტიპის სამუშაოები. და მე ბედნიერი ვარ, ან უნდა ვიყო. მაგრამ ჩავუღრმავდი ჩემს თავს (მოგიტყან სიღრმეები) და აღმოვაჩინე, რომ მძლავრად დიაგონალზე მკიდია ეს ყველაფერი. მაშ რაშია საქმე? ნუთუ დამერხა და აღარ შემიძლია ვიყო რამით კმაყოფილი და ამ კმაყოფილებამ ბედნიერებამდე მიმიყვანოს? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი – ერთი კარგი ფსიქოლოგი ალალია ჩემზე.

ეფექტის გასაძლიერებლად უყურეთ ვიდეოსაც. რა არის ბედნიერება, რა სარგებლობა მოაქვს მას და როგორ მივაღწიოთ საერთოდ იმას, რომ ვიყოთ ბედნიერები? მცირედი ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლები კამერის წინ. გთხოვთ ჩართოთ ფირი:

Link: http://vimeo.com/3947471

ულაში რა უყავი, ულაში?


უძილობა ცუდია, უძილობა საშინელებაა, უფრო საშინელებაა სანახევრო უძილობა, როცა გეძინება, მაგრამ საწოლში ჩაწოლის გეშინია – არ გამოვფხიზლდეო. ზუსტად ეგ მჭირს ახლა მე, ნუ რაღა ახლა, დიდი ხანია. დალევ ძილის წამალს და გაითიშები, მაგრამ რა ხეირი, მეორე ღამეს იგივეა ზუსტად, წამლებმა კი შეჯდომა იცის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე რჩება ერთადერთი გამოსავალი – დაიჭირო კამერა და გადაიღო რამე, თუნდაც ვიდეო პოსტი. შედეგი იხილეთ ქვემოთ, ვიდეოში ან ზემოთ, პოსტის ორობით მისამართში.

link: http://vimeo.com/3931735

დიდთავა სემი (ნოველა)


-მამა, სკოლაში დიდთავას მეძახიან და რა ვქნა?
-არაფერი არ ქნა, ცოტა ხანი დაიცადე და ყველაფერი კარგად იქნება…

ეს ჩემი შვილია, სემი, ჩემი დიდთავა სემი, ნუ დიდთავა რა, უბრალოდ სხვა მისი ასაკის ბავშვებთან შედარებით ცოტა მოზრდილი თავი აქვს და ამის გამო ბავშვები, როგორც ხშირად  ხდება მათ ასაკში, დიდთავას ეძახიან, რაც სემს წყინს, მე კი ძალიან არ მიყვარს, როდესაც ჩემს ერთადერთ მემკვიდრეს რაღაც წყინს, მე ხომ ჯერ კიდევ მაშინ შევპირდი ცხონებულ დედამისს, რომ ყველანაირად ვიზრუნებდი ჩვენს შვილზე და ისე ვიზამდი, რომ არავის ეწყენინებინა მისთვის, როცა სემი ჯერ კიდევ ნაჭრებში გახვეული გაჰკიოდა პატარა საწოლიდან. ახლა კი იძულებული ვარ ეს დანაპირები ავასრულო, რაღაც ძალა მაიძულებს ამას.

აი თუნდაც ჩემი სამსახური. სემი სკოლაში სწავლობს, მესამე კლასშია და მისი სკოლა, საერთო სარგებლობიდან გამომდინარე, ჩემი სამსახურის გვერდზეა, ამიტომ სემი სკოლის მერე ყოველთვის ჩემთან მოდის ხოლმე და საღამომდე ჩემს ან უფროსის კომპიუტერზე კარტს თამაშობს, ან ინტერნეტში დაძრომიალობს იმ საიტებზე, რომლებიც არაა დაბლოკილი. ჩემი თანამშრომლები, როდესაც საქმე არ აქვთ, სემზე კაიფით ირთობენ ხოლმე თავს, თან ყოველთვის ცდილობენ ეს ყველაფერი ისე ქნან, რომ მე არ ვიყო იმ დროს სადმე ახლოში. აი ამასწინათაც, უფროსთან ვიყავი თათბირზე ჩასული და ოთახში რომ ჩამოვედი, სემი ფანჯარასთან იდგა გაბუსხული სახით და გარეთ იყურებოდა. Continue reading “დიდთავა სემი (ნოველა)”

იმედების სასაფლაო


ეძღვება მას, ერთადერთს, ვისი ნახტომიც ჩემთვის ასეთი რთული აღმოჩნდა.

ავაღწიე სახურავამდე როგორც იქნა, წკაპაწკუპის მიხედვით მივხვდი, რომ აქვე იყო. ასაძრომის ხუფს წიხლი ავარტყი პატარა ნახვრეტში წვიმა ჩამოიჭრა. ზემოთ ავძვერი და თავსახური თავის ადგილზე დავახურე. ნისლია გარშემო საშინელი, სახურავის ნაპირს ვერ ვხედავ და ამ სქელ და წებოვან ნისლში წვიმის წვეთები ნემსებივით ერჭობა. არც ელვა, არც გრუხუნი, მკვდარი წვიმაა, ჩემი ცხოვრებასავით მკვდარი, მდორედ მოდის, მაგრამ ყველაფერს ასველებს, აფუჭებს, ჟანგავს, გადის ტანსაცმელში, გადის სულში. გულზე ხელი რომ მომიჭირო, წყალი გამივა მაქედანაც წურწულით. მარტო მივიწევ წინ, ნახევრადბნელ სითეთრეში და ისიც თანდათან ვარდისფერი ხდება, მერე ნარინჯისფერი, თანდათან მატულობს მისი სინათლე. მე უკვე მზეს ვხედავ, მის კონტურებს ვარჩევ, ამოდის, ამოდის რომ შემხვდეს და წვიმამაც გადაიღოს, ნისლიც გაიფანტოს, მე მივდივარ მისკენ სიხარულითდა უცებ ვჩერდები. ჩემს წინ უფრსკრულია.

დიდი უფსკრული უნდა ჩანდეს, ძალიან დიდ უფსკრული, რადგან მასში ჩავარდნილი ბევრი მინახავს და ამომძრვრალი ჯერ არავინ, ბევრი გულანთებული  ჭაბუკი ამოსულა აქ, დაუმტვრევია თავის ბოლო იმედი და შემდეგ თავადაც გადაშვებული ქვემოთ, გამოუცნობისკენ. სადღაც მანდ ხომ სიცოცხლეა, ნისლი იფანტება და ხალხი დადი, მანქანები მიმოდია იქეთ-აქეთ, მაგრამ რამდენად შორია ეს ყველაფერი შენთვის, როგორი მიზერული ფასი აქვს ამ ყველაფერს შენთვის… ჩემთვის ამ შემთხვევაში. დაბინდული თვალებით ქვემოთ ვიყურები, ვცდინობ გავიგო, რას მიმალავს ნისლი, მაგრამ ის ჯიუტია, არ მაჩვენებს, ხელს მკრავს და ამავე დროს გულში მიკრავს, თითქოს მიბიძგებს, რომ გავყვე სადაღც იქ, ქვემოთ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იბადებიან, იზრდებიან, თავისნაირებს ბადებენ და ბოლოს კვდებიან, თავისივე მსგავსების ტირილ-ღრიალის შემდეგ. ნეტავ თვითმკვლელებს თუ ტირიან? თუ წყინთ მათი დასვენება და გამგზავრება ჩრდილების ქვეყანაში? ქარმა წამომიბერა და ხელი მკრა ქვემოთ. ბლანტი და ალერსიანი ნისლი გაქრა და ჩემს ქვემოთ დავინახე ქალაქი, ინდუსტრია, ცოცხალი ადამიანები და ცოცხალი პრობლემები. ჩემი თავიც დავინახე მანდ, მაგრამ ვერ გავარჩიე რას აკეთებდა, აპათიური თვალებით ამომხედა და დიდხანს აკვირდებოდა ჩემს ვარდნას, სანამ სანაგვე ტერმინალის უკან არ მოვეფარე თვალს და იქ რკინაბეტონის ნაგავში ჩავენარცხე.

…ვგდივარ ნაგვის გროვაში, არმატურის ნაჭერი მთელი სხეულის გავლით ნიკაპთან მაქვს ამოყოფილი და მიღიმის… აღარ მინდა… დააბრუნეთ ყველაფერი უკან. მტევანში გადამტვრეული ხელი ჩავჭიდე  ამ არმატურას, ამოძრობა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, მყესები დაწყვეტილი მქონდა. დამაბრუნეთ უკან, აღარ მინდა აქ ვეგდო. თვალების წინ უკვე ფერადი ბურთულები დარბიან, სისხლისგან ვიცლები და გონებას ვკარგავ, ორიოდე წუთი დამრჩა ალბათ. დამაბრუნეთ უკან და აჩვენეთ ჩემი ნაფლეთები ყველას, დაე იცოდნენ, და ნახონ. მე არ მინდა რომ აქ ასე ვეგდო.  ”და კი მაგრამ იქაც ასე არ ეგდე, სანამ გადმოხტებოდი?” ჩამსისინა ყურში ვიღაცამ, ”პატარა არმატურა გქონდა გულთან გარჭობილი და ნელ-ნელა იცლებოდი სისხლისგან და სიცოცხლისგან, სამაგიეროდ ვენაში თაფლი შეგდის კაპელნიცით. ასეთ ცხოვრებაზე ყველა ოცნებობს” -სისინა ხმის ავტორმა სისინითვე გაიცინა და სიცილს ხველა მოაყოლა. ”მაგრამ კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა.” – არმატურის ნაჭერი უხეშად ამომგლიჯა და ნახევარ შიგნეულთან ერთად გადამტვრეულ ხელში ჩამიდო. ”ესენი მიიწეპე, დასპირტე და გამოხვალ.”

იგივე დრო, იგივე ადგილი. ადგილი, სადაც ადრე ბაღი იყო აშენებული, ახლა გარე სამყაროსგან ერთი ჭრიალა თავსახურით არის მოწყვეტილი, ნისლითაა დაბურული და ჟანგს მიაქვს იქაურობა. არ მეშინია მე ამ ადგილის, არაფრის აღარ მეშინია, ისევ მივდივარ უფრსკრულთან, მაგრამ ამჯერა იქ სინათლე აღარ არის, მხოლოდ ერთი თეთრებში ჩაცმული ქალი დგას ქვემოთ და მიღიმის, მოდი, მოდი, ქენი ეს ყველაფერი, გადმოხტი და დამივიწყე რომ აქ ვდვაგარ. მე ფრთხილ ნაბიჯს ვდგამ უსასრულობაში და უფსკრული მიწოვს.

შენობას ბევრი სართული და სართულს კიდევ ბევრი ფანჯაქა აქვს. კინოს აჩვენებენ, ყველა სართულზე და ფანჯარაში ერთი და იგივე კინოს, თუმცა მე ვერ ვეწევი ყველა კადრს, მაგრამ მაინც ვხედავ რა ხდება ფილმში. ეს ფილმი ნანახი მაქვს ერთხელ და მერე ბევრჯერ გამოტირებულიც მაქვს მისი სიუჟეტი. ძალიან უცნაური და ახლობელი სიუჟეტი აქვს, თუმცა ჰო, ეს ხომ ჩემზეა ეს ფილმი. აგერ, ალკოჰოლურ ჩაობში ჩავეფალი, მანამდე ქალები იყო, ბევრი და სწრაფადცვლადი, ჭაობის დროსაცაა, თუმცა აქ მათი სახეები უფრო გადღაბნილია, მხოლოდ ზოგიერთების სახე იკითხება. მგონი კინოს უკუღმა ატრიალებენ, ან უბრალოდ მე მივფრინავ თავდაყირა, ფაქტია, რომ ჭაობი არის. გინდ აქედან შედი, გინდ იქედან, ის მაინც არის, მედება ფეხებზე ბოთლის თავსახურებით, ვიღაცეების ხელები დაცურავენ შიგნით, რომელც ხან მეხვევიან და იქვე მოყოლილი წაშლილი სახეებით მლოშნიან, ხან ტალახს მასხამენ ზედ, ალბათ იციან, რომ ნახვრეტში ჩამივა და გული გამიტალახიანდება. უცებ ჭაობი ქრება და ისევ ისე თეთრიანი ქალი. მემშვიდობება, გულნატკენი ჩანს ალბათ ეგეც, კარგად ვერ ვარჩევ. შემდეგ ანუ დროით წინა კადრებში ჩვენ ვართ ორივე, მაგრამ სახეში ტალახის და ჭუჭყის ტალღა მხვდება და ვეღარაფერს ვხედავ. ფილმიც სულ შხეფებშია და ძლივსღა ჩანს რა ხდება იქ. ალბათ წაიშლება… თუმცა სადღაც მაგის სარეზერვო ვარიანტიც მქონდა, გამოვიყენებ მერე… გავიხსენებ… მიწა წარმოუდგენელი ძალით ამომასკდა ზედ და შხეფებად დამცალა. მორჩა… აღარ ვარ…

ქრაზუ დაყი


…ანუ როგორც იტყვიან ქრეიზი დეი, სუმაშედშიი ძენ ან სულაც გიჟი დღე. ასეა თუ ისე, მინდა არ მინდა ეს ბოლო დღეები ფრიად და საფრიალოდ ქრაზუები გამიმივიდა. დავიწყოთ იქედან, რომ ეს უკვე ქრაზუ პონტია, აქ რომ ვზივარ და ასეთ ლეღვობებს ვწერ, რა ვქენი დღეს და შესაბამისად, რა მიქნეს დღეს. არაჟურნალურია და ვაბშემც, არაბლოგერულია ძმაუ, მაგრამ რა ვქნა მეც, ჩემი პატარა ბლოგი გამიხსნია და ვწერ რაღაცეებს, სად შემიძლია სულ სტატიები ვწერო ძუძუებზე და მათ შორის უზდელობების კეთებაზე…

ვოდა მთავარი ისაა ამ ყველაფერში, რომ მუშაობა დავიწყე, თუ ამას მუშაობა ქვია. ჯერჯერობით ჩემს სამუშაო მოვალეობებში შედის კარადების და თაროების თავის ადგილზე დადგმა, მათ შორის შნურების გადაჭიმვა და ამ შნურების მიბმა კედლებზე. არა, მანტიორი არ ვარ, არც აიტიშნიკი, ერთი უბრალო დიჯეი ვარ რაღც პატარა ზავედენიაში, ე.წ. გასართობ ცენტრში. როგორც საბჭოთა დროს იყო (იმ ტკბილ და ბედნიერ დროს), ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი და შემოქმედებით-გასართობი ცენტრი, ეგეთი პონტია რა. მოკლედ, სანამ ეს ყველაფერი მუშაობას დაიწყებს, მე ჯერ ზემოთხსენებული შნურების გაყვანით ვარ დაკავებული ტელევიზორიდან კომპამდე, კომპიდან დინამიკებამდე და პირიქით. თუმცა ამით არ ამოიწურება მთელი სიკრაზე.

სიკრაზეს ეს დღეებია ვდებთ ხან მე და გოშა, ხან მე და მროველი და ხანაც დამოუკიდებლად. ამ ბოლო ხნის განმავლობაში ყველგან, სადაც ცხელა თავს ვყოფ, იქნებ წამწამები შემეტრუსოს-თქო და კაციშვილი არაა ამ ქვეყანაზე ისეთი, რომ მითხრას – მანდ თავს ნუ ყოფ, შეიძლება წამწამებზე უფრო მეტად დაიწვაო. საქმეა ახლა ეს? ხალხი ხართ ამის მერე თქვენ? მითხარით რა, სად რამდენად ცხელა, თორემ რაღაც ნამეტანი დაბინტული დავდივარ ამ ბოლო დროს და მომბეზრდა…