Advertisements
Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘საზოგადოება’ Category


სურიკი და ბრონზა ყველა ბავშვის ხელში!

საახალწლოდ თბილისი 90-იანი წლების გროზნოს ემსგავსება. პატარა ჯოხარ დუდაევები, მამამ რომ სიგარეტზე ჩააგზავნა და ხურდა ძმაკაცებისთვის კევის საყიდლად დაუტოვა, იმ ფულით სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ასაფეთქებლებს ყიდულობენ და უკვე მეასედ ამოწმებენ – ამასაც ისეთივე ხმა და ეფექტი ექნება თუ არა, როგორც წინა ას ცალ სხვა ასაფეთქებელს. აფეთქებენ ყველგან, ყველაფერს და ძირითადად გამვლელების შეხტომასა და გინებაზე კაიფობენ.

90-იანების თბილისში კი საქმე სხვანაირად იყო. მაშინ ბაზრობაზე კალაშნიკოვის ტყვიებს უფრო ადვილად იშოვიდი, ვიდრე პატარა ასაფეთქებელს. ამიტომაც ბავშვები უფრო გამომგონებლები იყვნენ. იყვნენ იმიტომ, რომ მე როდესაც 90-იანების ბავშვი გავხდი, ეს გამოგონებები უკვე დამხვდა, საბჭოთა მოზარდების მიერ შექმნილი. საბჭოთა პიროტექნიკაზე მაქვს საუბარი, რომელიც არამარტო საახალწლო გასართობს წარმოადგენდა, არამედ მთელი მეცნიერება იყო. პიროტექნიკის შექმნა-გამოყენების ტემპიც ზაფხულობით აღწევდა პიკს, როდესაც კურორტის გარეშე დარჩენილი ბავშვები ეზოებში ბირჟაობდნენ და ხეების ჩრდილში ახალ შეარაღებას ქმნიდნენ.

შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ბოლტ-გაიკა და მასში ჩაყრილი ასანთის თავები. საერთოდაც, ასანთის თავები ბევრ მსგავს აპარატში გამოიყენებოდა, რადგან მაშინ, მოგეხსენებათ, ასანთი ერთი კაპიკი ღირდა, მოსკოვში გადაფრენა კი 37 მანეთი. ბოლტგაიკური ასაფეთქებელი საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი იყო და ქუჩაში ნაპოვნი ნაწილებითაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, იგი მრავალჯერადი იყო. მოკლედ, ვპოულობდით სადმე ორ ცალ ბოლტგაიკას,bolt-gaika რომელიც აუცილებლად ძველი და ოდნავ მორყეული უნდა ყოფილიყო. საინტერესო დაკვირვებაა, რომ ბოლტ-გაიკები რატომღაც ყველგან ეყარა, ალბათ საბჭოთა მაღალტექნოლოგიური მანქანები ისე იყო დაპროექტებული, რომ თავისით ცვიოდა ნაწილები. ასანთის მოფშვნილ თავებს, რომლებსაც წინასწარ ვამზადებდით (მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება) ვტენიდით ამ მორყეულ ბოლტში, ორივე მხრიდან კარგად ვუჭერდით და ასაფეთქებელიც მზად იყო. საკმარისია მისი ვერტიკალურად ასროლა და თუკი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მიწაზე დაცემისას მშვენიერ ხმას გამოსცემს.

ამ საოცარი აპარატის პრინციპული სქემა რუსულ ინტერნეტში დღესაც არის შემორჩენილი და მას უცვლელად გთავაზობთ:

მეორე ლეგენდარული ასაფეთქებელი იყო, რაღა თქმა უნდა, სურიკი და ბრონზა. მე პირადად ეს აპარატი არასოდეს დამიმზადებია, ამიტომაც ზუსტი რეცეპტიც არ ვიცი, თუმცა ეფექტი ნანახი მაქვს – ფოლგაში ან ცელოფანში გახვეულ სურიკსა და ბრონზას ესვრიან კედელს და ეს საოცრება ასეთივე საოცარი ხმითა და საკმაოდ მყრალი ბოლით ფეთქდება. თუკი ვინმე მის რეცეპტურას სრულად ფლობთ, კომენტარებში შემომთავაზეთ.

asanti-cherzeშემდეგი ტიპის პირო-სათამაშო ნაკლებად განეკუთვნება ასაფეთქებლების ტიპს, ის უფრო ხელოვნების ნიმუშია. მსგავსი ხელოვნების ნიმუშის ხილვა, რაღა თქმა უნდა ძველი შექმნილის, დღესაც შეგიძლიათ გაურემონტებელი სადარბაზოების ჭერზე. ეს არის, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ჭერში სასროლი ასანთის ღერები. თქვენი არ ვიცი და ჩემი სადარბაზოს ჭერი საკმაოდ ინტენსიურად იყო დამწვარი და ნახევრად დამწვარი ასანთის ღერებით შელამაზებული. ეს აპარატი ყველაზე იაფი ჯდებოდა (არ დაგვავიწყდეს – ასანთი ერთ კაპიკად) და შესაბამისად ყველაზე მეტადაც იყო გავრცელებული. ასანთის ღერს ვღეჭავდით, ცხადია უგოგირდო მხრიდან, მერე კი საკმაო ხანს ვუსვამდით წინასწარ ფურთხით დამუშავებულ ცარცის კედელზე. მცირედი გაწაფულობის შემთხვევაში, მოკლე დროში ბლომად ასეთი სათამაშოს დამზადება შეიძლებოდა – ასანთის ღერი, რომლის ცალ მხარეზე გოგირდია, მეორე მხარეს კი საკმაოდ გულისამრევი რამ, ფურთხისა და ცარცის გორგალი. ვუკიდებთ ასანთს ცეცხლს და ვისვრით ჭერში, სადაც ის ცარციანი მხრით ეწეპება და ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, ასანთის ღერი ბოლომდეც კი იწვის. მონა ლიზაც მზადაა. ამ ყველაფრის ვიზუალიზაციაც შემიძლია შემოგთავაზოთ მარცხენა სურათში:

გადმოცემით გამიგია, რომ არსებობდა კიდევ ერთი ტიპის ასაფეთქებელი, სავარაუდოდ ქიმიის კარგად მცოდნე პიონერების მიერ მოგონილი. მისი მთავარი ინგრედიენტი იყო გლიცერინი და მარგანცოვკა, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება არ მიცდია, ან გლიცერინი არ მქონდა ხოლმე, ან მარგანცოვკა. ასე რომ ამ ლეგენდის რეცეპტსაც თქვენგან ველი.

კიდევ ერთი მშვენიერი გასართობი, რომელიც ასევე ასანთის თავებზე მუშაობდა, იყო კომპაქტური სატკაცუნო. მისი მთავარი კონსტრუქცია ველოსიპედის სპიცაზე იყო აგებული. სპიცის თავში, აი რითიც ბორბალზე მაგრდება, ვტენიდით საწვავს, ამ შემთხვევაში კვლავაც ასანთის გოგირდ-ფოსფორს, ვუჭერდით მეორე მხრიდან ასევე სპიცას (თუ სწორად მახსოვს) და ლაწან! ნებისმიერ დარტყმაზე მშვენიერი, კომპაქტური და რაც მთავარია, rechargable ხლოპუში მზად იყო. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იყო სკოლაში, ეფექტურობა სამმაგად მატულობდა, თუ ეს ყველაფერი გაკვეთილზე ხდებოდა. მართალია უკუჩვენების სახით მშობლის დაბარება მოყვებოდა ამას სკოლაში, მაგრამ ეფექტი ამად ღირდა.

სკოლაზევე გამახსენდა კიდევ ერთი აპარატი, რომელიც ერთჯერადი იყო და იმ დროისათვის საკმაოდ დეფიციტურ მასალას მოითხოვდა. მაგრამ მისგან იმხელა ეფექტი იყო, რომ ზოგჯერ გაკვეთილიც კი იშლებოდა ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ეს საოცრება არის სიგარეტის ფოლგაში გახვეული პინგ-პონგის ბურთის ნაფშვენები. აფეთქებას და ხმაურს ის არ იწვევდა, მაგრამ თუკი ვინმეს ერთხელ მაინც აქვს იგი გამოყენებული, ემახსოვრება როგორ სქელ, მძიმე და საფუძვლიან კვამლს იძლეოდა პინგ-პონგის ბურთი. მისი ერთი დადებითი თვისება კიდევ ის იყო, რომ ავტორ-ტერორისტს შეეძლო სრულიად ანონიმური დარჩენილიყო – ცეცხლის მოკიდებიდან და გადაგდებიდან სრული სიმძლავრით აკვამლებამდე საკმაო დრო გადიოდა, რის გამოც მასწავლებელს გასროლის მომენტი შეუმჩნეველი რჩებოდა. ხოლო როდესაც შეამჩნევდა, უკვე გვიანი იყო, მთელი კლასი, ხოლო თუკი ავტორს ბურთის ნაფშვენები არ დაენანებოდა და ბლომად ჩატენიდა აპარატში, მთელი სკოლაც, თეთრი მომყრალო კვამლით ივსებოდა.

არ მინდა იფიქროთ, რომ საბჭოთა წარმოება ისე უკან იყო, რომ ბავშვებს ყველაფრის ჩვენი ხელით კეთება გვიწევდა. მაღაზიებშიც შეიძლებოდა მაშინ პიროტექნიკის უდავო სასწაულის შეძენა. ეს იყო კარდონის მოკლე მილი, რომელსაც ბოლოში ძაფი ჰქონდა. თუკი ძაფს აკურატულად გამოქაჩავდით და არ მოწყვეტდით, მაშინ მსუბუქი ტკაცუნის ფონზე თავზე მრგვალად დაჭრილი ქაღალდები გადაგეყრებოდათ. ცხადია, ამ სასწაულით ვერავის გააოცებდი, ამიტომაც შეიქმნა ყველა ზემოთმოყვანილი კუსტარული სათამაშო. კიდევ კარგი, რომ დენთი ისეთივე ხელმისაწვდომი არ იყო ბავშვებისთვის, როგორც ასანთის ღერები, ან თუნდაც პინგ-პონგის ბურთები, თორემ წარმომიდგენია რამდენი ცალხელა 20-40 წლის ახალგაზრდა ივლიდა დღეს საქართველოში.

ეს იყო ის ძირითადი პიროტექნიკა, რაც მე გამახსენდა. თუკი რამე გამომრჩა, ან თუკი ვინმე უფრო სასწაულ ტექნოლოგიას ფლობდით, არ მოგერიდოთ და დაწერეთ კომენტარებში. შემოვუნახოთ მომავალ თაობას საბჭოთა სასწაულები!

Advertisements

Read Full Post »


სათაურში მოყვანილი შეკითხვა მე არ მეკუთვნის, რომელიღაც ინტელექტუალმა ჟურნალისტმა დაუსვა დღეს ბიძინა ივანიშვილს, პარტიის წარდგენის შემდეგ. თუმცა კითხვაც არის და კითხვაც. როდესაც 3 საათი მიმდინარეობს ქართული ოცნების შეკრება, როდესაც 20 წუთი ჟურნალისტების არმია ელოდება ივანიშვილის გამოსვლას, რომ რამე კომენტარი აიღოს, როცა ამ ყველაფრის მერე შენ გეძლევა შანსი, რომ პირველი კითხვა დასვა და ამ ყველაფრის მიუხედავად ეკითხები – “ბატონო ბიძინა, ჯვარს თუ ატარებთო”, მაშინ ხარ პროსტა დურაკი და შენი საქმე სახლში ჯდომა და ნასკების ქსოვაა მხოლოდ. სრული შთაბეჭდილებისთვის, შეგიძლიათ ვიდეოც იხილოთ, რომელიც ჩემს მონათხრობს ასახავს. იქ გახლდით და მოვახერხე გადაღება, ვიღაცეების თავებს ზემოდან.

მათთვის კი, ვისაც ჟურნალისტური ქაოსის ხილვა ეზარება და მხოლოდ კითხვა აინტერესებს, მოკლე ვერსიაც:

Read Full Post »


ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავეცანი და ბოლომდე ვეთანხმები ზემოთმოყვანილ წესებს.

ჩვენ, ყველამ, რეგისტრაციის პირველი პროცესი სამშობიაროში გავიარეთ, მაგრამ არავის გვახსოვს როგორი იყო ეს. ალბათ იმიტომ, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა არ მიგვიღია. შემდეგ რეგისტრაცია საბავშვო ბაღში, საბუთების შეტანა სკოლაში, თუკი რამე დამატებით წრეებზე დავდიოდით, იქაც გვექნება გავლილი რამდენიმე პროცესი რეგისტრაციისა. დამთავრდა სკოლა, რეგისტრაცია უმაღლესში. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, კაცობრიობის უკეთეს ნახევარს კიდევ გვემატება რეგისტრაცია სამხედრო კომისარიატში. შემდეგ მეზობელს ალუმინები მოვპარეთ – კიდევ ერთი რეგისტრაცია, ამჯერად პოლიციის საუბნო განყოფილებაში. შემდეგ რეგისტრაცია ზაგსში, გადის ცოტა დრო და აჰა, ჩვენ უკვე რეგისტრაციის ექსპერტები ვართ. იმდენად ექსპერტები, რომ უკვე შეგვიძლია ახალი მომხმარებელი დავარეგისტრიროთ დედამიწაზე, მივცეთ მას ჩვენი გვარი და ჩვენივე არჩეული სახელი. თუკი სიდედრი მორწმუნეა, ცოლს კი დედა ძალიან უყვარს, ამ ახალ მომხმარებელს ეკლესიაშიც ვარეგისტრირებთ. ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რეგისტრაციის უამრავი პროცესი, რომელსაც ახალ-ახალ სამუშაო ადგილებზე გავდივართ, სასურველი ანაზღაურების ქონის შემთხვევაში კი – საკურორტო სასტუმროებში.

გავიდა ხანი, ჩვენ უკვე შუახნის ადამიანი გვქვია და უკან უზარმაზარი რაოდენობის რეგისტრაციები გვაქვს მოტოვებული, თუმცა წინ კიდევ ერთი გველოდება, რომელსაც ისევე როგორც ჩვენს პირველ რეგისტრაციას, სხვები გაგვატარებენ – რეგისტრაცია სასაფლაოს სააღრიცხვო წიგნაკში, რეგისტრაცია პოლიციაში, რომ მართლაც ჩვენი სიკვდილით მოვკვდით და… და მორჩა.

ალბათ რეგისტრაციების ამხელა სიმრავლეა, ტვინს რომ გვირევს და ონლაინ რეგისტრაციასაც ისე ვუყურებთ, როგორც რაღაც საშინელებას. არადა, განსხვავებით რეალური რეგისტრაციისგან, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე სქელი შეკვრა საბუთის წარდგენა გვჭირდება, ონლაინ რეგისტრაცია ძალიან მარტივია და მაქსიმუმ 5 წუთი მიაქვს. არადა მოდი გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით – რამდენს გინდათ ამ პოსტზე კომენტარის დაწერა, მაგრამ ვორდპრესზე რეგისტრაცია გეზარებათ, ტვიტერის აქაუნთის შექმნა ”არ იცით” ან ფეისბუქ-კონექტის გაკეთება გესიკვდილებათ?

”არ ვიცი”-ს ფენომენზე ცალკე შევჩერდები. ეს არის ყველაზე ხშირი პასუხი, რაც გამიგია ჩემს შეთავაზება-რჩევაზე, რომელსაც რომელიმე სერვისის შესახებ ვაძლევ ნაცნობ-მეგობრებს. ”არ ვიცი როგორ დავრეგისტრირდე, რა ვქნა?” – ყველას, ვისაც ეს ფრაზა ერთხელ მაინც წარმოუთქვამს, მინდა ვკითხო – სცადეთ მაინც? რატომღაც, ადამიანიების უმრავლესობას, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე საიტზე დარეგისტრირდეს, ან თუნდაც რეგისტრაციის ფორმას ცალი თვალი გადაავლოს, ურჩევნია უფრო მარტივ გამოსავალს მიმართოს – ”მაილს გეტყვი და დამარეგისტრირე რა…” თითქოს მე უფრო სწრაფად ვწერ, უკეთესად ვიცი Random პაროლების მოფიქრება, ან უზარმაზარი წესების უფრო სწრაფად და სინდისის შეწუხების გარეშე ჩამოსკროლვა და ქვემომ პწიჩკის დასმა შემიძლია.

არადა, სულ რამდენიმე საიტია საქართველოში ცნობილი ფართოდ, რაზეც რეგისტრაციის ერთხელ გავლაა საჭირო და შემდეგ მშვიდად შეგვიძლია ცხოვრების გაგრძელება. სხვათა შორის, ეს კიდევ ცალკე პოსტის იდეაა, ქართული ნეტ-საზოგადოების გაუნათლებლობის შესახებ. თუმცა, სანამ მუზის ახალ შემოტევას ველოდები, მანამდე დაიარეთ ყველა ცნობილი საიტი და რეგისტრაცია გაიარეთ. ეს ხომ ასე ადვილია…

უფრო მანამდე კი შეგიძლიათ ეს პოსტი დაალაიქოთ, დააშეაროთ და დააკომენტოთ, ამით თქვენ არაფერი მოგაკლდებათ, მე კი ძალიან მესიამოვნება.

Read Full Post »


უმეტესობას მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს საფრანგეთის ბატონი პრეზიდენტი გვეწვია თბილის ქალაქში. ალბათ ნაკლებს მოგეხსენებათ, რომ ამ მოვლენის გასაშუქებლად მივლენილ ჟურნალისტებს შორის მეც გახლდით. ასეა თუ ისე, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საჭირო დროს აღმოვჩნდი საჭირო ადგილზე და სრულიად შემთხვევით რამდენიმე ახალგაზრდა გადავიღე, რომლებიც მეტად… ასე ვთქვათ, უცნაური მეთოდით გამოხატავდნენ პროტესტს. თუ როგორი იყო ეს მეთოდი, შეგიძლიათ ქვემომდებარე ვიდეოში იხილოთ:

Read Full Post »


უბრალოდ, ლამაზი სურათი

ალბათ იცით ამ პროექტის შესახებ… თუ არ იცით არაუშავს, მეც არ ვიცოდი, სანამ ფორუმზე არ ვნახე თემა, სადაც ამ პროექტისმონაწილე ოქროს ვიდეოები იდო. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, ეს რა გაიგეს ჩემმა ყურებმა. ჯერ იმ ადამიანის თავში ჩამახედა, რომელმაც გადაწყვიტა კრეატიული მათხოვრობის პოპულარიზაცია და მერე იმ ”კრეატიული მათხოვრების” თავში ჩამახედა, სუპერ-ნავაროჩენ ვიდეოებს რომ იღებენ და იმის იმედად აგზავნიან, იქნებ ფული მე მომცენო.

თუკი ამ ყველაფერს შევხედავთ იდეალური კუთხიდან და ვარდისფერი სათვალით, შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერი პროექტია. თან საქმეს აკეთებს (სტუდენტებს ფულს აძლევს), თან საქმეს იკეთებს (რომელიღაც ბანკის სახელსა თუ ტიტულში კიდევ ერთი პუნქტი ჩაიწერება – განათლების ქომაგი) და თან საქმეს გვიკეთებს (ვიდეო-კრეატივის პოპულარიზაცია).

კიდევ ცალკე საკითხია, ვის მოუვიდა თავში Mac სტილში გაეფორმებინა ეს ყველაფერი და სიტყვა Study-ის წინ პატარა i მიემატებინა.

ახლა მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და გადავხედოთ, რა გამოვიდა სინამდვილეში. ვიდეომარგალიტები საკმარისზე მეტია მანდ, ასე რომ აქ არცერთს არ დავლინკავ, არ მინდა დანარჩენებს ეწყინოთ.

საბოლოოდ კი, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სისულელეა ეს პროექტი, მეც ჩავწერე იმავე სულისკვეთებით გაჟღენთილი საჩვენებელი ვიდეო, რომელსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ აქ.

*ვაბშეტა მოგატყუეთ, ეს ვიდეო ჯერ ფორუმის ზემოთხსენებულ თემაში მეგდო, რომლის ლინკიც არ მახსოვს. ასე რომ მაინც ექსკლუზივად ითვლება.

Read Full Post »


პირველი ინფო ამ სიმღერაზე იხილეთ ამ პოსტში (2006)

სოხუმის დაცემის დღიდან 18 წელი გავიდა. მინდა წარმოგიდგინოთ სიმღერა, რომელიც დაიწერა ხუთი წლის წინ და დღემდე არ ეღირსა ნორმალური რელიზი, შესაბამისი ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო. ინფორმაცია სიმღერაზე, კრედიტები და ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტის პირველ ხაზში მოყვანილ ლინკზე. აქ კი მხოლოდ სიმღერის მოსასმენ პლეიერს გთავაზობთ.

და აქვე ყდა:

Read Full Post »


ამა წლის 1 ივლისს, რუსთაველის მეტროსთან უნივერსალური პოზის ფლეშმობი გაიმართა. ბევრი ლაპარაკისა და შესავლის გარეშე გთავაზობთ ამ ფლეშმობის ამსახველ ვიდეოს. გადაღება და მონტაჟი – ცხადია მე.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: