Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘Sci-Fi’ Category


ეს დაწერილია 13 წუთსა და 12 წამში, ზუსტად ამდენი ხანი გრძელდება ის მუსიკა, რაც ამ ყველაფერს ფონად ადევს: Necrophorus – Partial melt

ბინდში ვარ ჩაძირული, ბლანტ და თბილ სიბნელეში, მხოლოდ ხმები მესმის, ოღონდ ვერ ვხვდები საიდან. ტანში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ და არ ვცდილობ თვალი გავახილო. არ ვიცი რას დავინახავ… ხმებმა მოწესრიგებული ხასიათი მიიღო და ერთიან მუსიკად შეიკრა. თვალები გავახილე…

მრგვალ კაბინაში გამეფებულ სიბნელეს მხოლოდ ნახევრად დახურული ილუმინატორიდან შემოსული სინათლის ვიწრო ზოლი არღვევს. კაბელს მოვქაჩე და ილუმინატორთან მივცურდი. ხელსაწყოების ზუზუნი და ცუდად მიხურული კარის ჭრიალი ერთ მთლიან ფონს ქმნის და ამას ემატება უწონადობის შეგრძნება. ჰაერი ოზონის სუნითაა გაჯერებული. ღრმად ჩავისუნთქე და ილუმინატორის საფარი გავაღე.

მზის მკაცრი დისკო დამცავი საფარველის მიღმა რბილად და სასიამოვნოდ ანათებს, შემიძლია შევხედო და ვუყურო ისე, რომ თვალი არ მომჭრას. მაგრამ მზის ყურება არ მინდა და ქვემოთ ვიყურები იქ, სადაც ასე ნაცნობი და თბილი დედამიწა ჩანს, ნახევრად განათებული ცალი მხრიდან, მიყურებს და მეფერება თავისი მოცისფრო ნათებით. რაოდენ მშობლიური და ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის, რამდენი კარგი რაღაც არის მასთან დაკავშირებული და რა დასანანია, რომ ასე ცოტა დროა დარჩენილი…

მკვეთრი მოძრაობით ვწყდები ილუმინატორს და მოპირდაპირე კედლისკენ მივცურავ, სადაც ტყავის კედლიდან ოთხი წითელი ციფრი მიყურებს და მამცნობს იმ დროს, რაც დარჩენილია ბოლომდე, დასასრულამდე – 04:33… ოთხი წუთი და ჩემს ქვემოთ გადაშლილი მოცისფრო დისკო ცეცხლით შეიმოსება, სიწითლემდე გავარვარდება და არარაობად იქცევა. და მე დავრჩები მარტო, სრულიად მარტო, მშობლიური პლანეტის ნამსხვრევების თავზე.

ხომალდი ნელა ტრიალებს. მზე გაქრა მრგვალი ჭრილიდან და ახლა მთელს ცას მხოლოდ ცისფერი დისკო ფარავს, რომელსაც უკვე შესამჩნევი სისწრაფით უახლოვდება ის, თეთრი და ცივი სიკვდილი, რომელსაც უკან გიჟური სისწრაფით მიყვებიან თავისივე გამოტყორცნილი გაზები, მზეზე ირეკლებიან და ბრწყინავენ ცისარტყელის ფერებში. რა ლამაზია და ამავე დროს რა საშიში.

გონს სამართავ პულტზე დაჯახებამ მომიყვანა და მეც მოვწყვიტე როგორც იქნა თვალი ილუმინატორს. ქვემოთ ალბათ უკვე პანიკაც აღარაა, ხალხი მუხლებზე დამხობილი ასცქერის ცას, საიდანაც მათ სიკვდილი უახლოვდებათ. და რა საოცარია, ნეტავ მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვარ თუ ისინი? სულ რაღაც… ორ წუთში ხომ მე აბსოლუტურად მარტო დავრჩები, უკანასკნელი ადამიანი მთელს სამყაროში. ციფრები სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.. თვალებს ვხუჭავ და სამართავ პულტს ორივე ხელით ვეჭიდები. შემდეგ ასევე თვალდახუჭული ვპოულობ მთავარ ბერკეტს და ჩემსკენ ვექაჩები.

მესმის როგორ ასისინდა ხომალდის უკან ძრავები, ცისფერი დისკო ამოძრავდა და წინა ილუმინატორისკენ გადაინაცვლა. ის უკვე ცა აღარაა, ჩემს ქვემოთ მოექცა. გვერდით ვხედავ, როგორ მიექანება ჩემთან ერთად ქვემოთ კლდის უზარმაზარი ნაჭერი, თანდათან ცეცხლი ედება. ვერ უნდა ჩამასწროს! არ მინდა ჰაერში სიკვდილი. ბერკეტს ბოლომდე ვწევ, სავარძელს ვპოულობ და აკანკალებული ხელით ვებმები ზედ. მოვდივარ, დედამიწავ, მოვდივარ!

Advertisements

Read Full Post »


პირველად დაპოსტილია არტ-იდეას საიტზე, 2009 წლის 12 ივნისს.

Soundtrack: Aes dana – Onset Data [Youtube]

უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის მძიმე კორპუსს შეფარებული თავბედს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ კაჩინსკის არ დავუჯერე და მაგნიტური დამატენიანებელი დილითვე არ ჩავრთე. ახლა ისღა დამრჩენოდა, რომ უდაბნოსავით ამომშრალი რეზერვუარისთვის მემზირა და იმედი მქონოდა, რომ ლეიტენანტი ჩემს შემცვლელს ვადაზე ადრე გამოაგზავნიდა, სხვა თუ არაფერი დღისით მიწევდა მორიგეობა, ეს კი ორმაგად რთული იყო.

ადგილი, სადაც ჩვენი თავდაცვითი ბასტიონი იყო აშენებული დიდი და უხეში ლოდებისგან, წარმოადგენდა იმ რამდენიმე გადარჩენილი ოაზისიდან ერთ-ერთს, რომელიც ტოტალურ გაუწყლოვნებას გადაურჩა გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში. დაცვა კი მართლაც საჭირო იყო, დღე არ გავიდოდა, რომ ვინმე ახალი ბედის მაძიებელი არ შეგვებრაწა თერმოლაზერზე. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა იმის იმედად, რომ აქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამარეს პოულობდნენ, უძრავ და გავარვარებულ ქვებს შორის. და ასე გრძელდებოდა უკვე დიდი ხანია. ხალხი მოდიოდა, ხალხი რჩებოდა. ოაზისის რესურსები არ იყო იმდენი, რომ ყველა მსურველისთვის გაეძღო მუცელი.

…ობიექტივში მყოფი ერთადერთი ცოცხალი არსება – პატარა ყვითელი ხვლიკი უეცრად გაქრა კადრიდან და მტვრის პატარა ღრუბელი დატოვა. ოკულარს მოვცილდი და იქეთ გავიხედე, საითაც ხვლიკი მეგულებოდა, თუმცა კი იქამდე ერთ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა, ასე რომ მოთახთახე ჰაერის სიღრმეებში ვერაფერი გავარჩიე. ისევ ოკულარს მივაკვდი და ნელ-ნელა მოვაშორე კადრი.

-ტომენ, ხედავ იქეთ, მესამე სექტორში? – ჩამესმა ყურში კაჩინსკის მოგუდული ხმა – რამდენიმეა მგონი.
-ვხედავ, ისეთი არაფერია, მოლაყლაყებს თავისთვის, ნელა და ძლივს, ეტყობა რომ უჭირს სიარული – გაოფლილი ხელები ბარძაყებზე შევიწმინდე და ისევ გავიხედე ოკულარში – არაფერი განსაკუთრებული, კაჩინსკი, პანიკას მოეშვი და ცოტა წყალი მიისხი სახეზე, ხომ ხედავ მზე ცუდად მოქმედებს შენზე – გავეღრიჭე კაჩინსკის და სიგარეტის ნამწვი ამოვჩიჩქნე გულის ჯიბიდან.

სანამ მე და სიგარეტის საცოდავი ნამწვი ერთმანეთს ვატყუებდით, კაჩინსკი დაძაბული იყურებოდა ოკულარში, მერე უცებ ამომხედა და თითქმის ამომყვირა:
-ტომენ! სასწრაფოდ ქვემოთ და უფროსობას დაუძახე! სირბილით და შეკითხვების გარეშე!
ცოტა ხანში ლაზერის კოშკურაში ტევა აღარ იყო, ყველა ცდილობდა გაეხედა საჭვრეტის ოკულარში და გაეგო – მართლაც რაშია საქმე. იქვე კაჩინსკის გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო…

[ გაგრძელება იქნება ]

Read Full Post »


მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც იქნა დადგა 29 მაისი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი დღე დარჩა იმ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე, რასაც ქვია ”Lost City open air party“, რომლისთვისაც მართალი რომ ვთქვა, ჯერ არ გამიმზადებია ტრეკლისტი ბოლომდე, თუმცა ყველაფერი მაინც კარგადაა. ამინდის პროგნოზის მიხედვით ხვალ კარგი ამინდი უნდა იყოს, მზიანი და თბილი, ასე რომ ძუძუსთავები მიკანკალებს უკვე მოუთმენლობისგან.

Cosmic Sun

რაც შეეხება დიდ პროექტს, რომელიც მე და მროველამ დავიწყეთ ამასწინათ და დავაანონსე კიდეც აქ [In  sci-fi we trust] – პროგრესი არის, მაგრამ იმაზე გაცილებით ნელი, ვიდრე მე ველოდი და მინდოდა რომ ყოფილიყო. ჯერჯერობით, პირველ შეხვედრაზე დავწერეთ საერთო გეგმა, შევთანხმდით, რომ ეს იქნება ნოველა, დავყავით თავებად და დავინაწილეთ ეს თავები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ ცალ-ცალკე და შემდეგ ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც შევაჯეროთ ერთმანეთთან. თუმცა ზუსტად ამ შეჯერების პროცესში გავიჭედეთ, რაღაც ენთუზიაზმს ვერ ვატყობ ამხანაგ მროველს, რაც ჩემზეც შესაბამისად მოქმედებს და გულს მიკლავს. მაგრამ არაუშავს, ჩვენ მაინც გამოგვივა ის, რაც დავიწყეთ, მიუხედავად ჩვენს მიერ ერთობლივად დაწყებული და შემდეგ ამავე მიზეზით ჩაძირული პროექტების სიმრავლისა.

აბა ხვალამდე, ვინც მოდის და ვინც არ მოდის. ოღონდ იცოდეთ, ბევრს კარგავთ არწამომსვლელები :) რაც შეეხება პოსტის სათაურს – ვირუსი გვჭირს ალბათ, ნიუდაჩის ვირუსი.

Read Full Post »


Science Fiction – სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრი. ეს არის ჟანრი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და გულს მფხანს. აზიმოვის წიგნები, ჰალფ-ლაიფის თამაში, უამრავი კინო, ჩამოთვლა ბევრის შეიძლება. მაგრამ ახლა ამ ჟანრის ქებას არ ვაპირებ. პატარა გადაწყვეტილება უნდა გავახმოვანო.

ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი პირველი Sci-fi ლიტერატურული მცდელობა, დაწერილი არტ იდეასთვის, რომელიც ეგრეც არ დამიმთავრებია, დუხი არ მეყო (Dream city -epizode 1). თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი პატარ-პატარა იდეა მიტრიალებს, რომლებსაც როგორც იქნა მოვუყარე თავი და გადავწყვიტე რამე დიდი შევქმნა. ეს ამბავი მროველსაც შევთავაზე, ერთობლივი მუშაობის ამბავში, ისიც დამთანხმდა (ტოჟე მნე ბრაწია სტრუგაცკი).

რა გამოგვივა ერთად მუშაობით ჯერ არ ვიცი, მაგრამ მარტო წერას ჯობია, სხვა თუ არაფერი ორი ტვინი ერთზე უკეთესია და თანაც სიზარმაცის დაძლევის ამბავშიც უფრო მარტივია… გვისურვეთ წარმატებები. სტილი არ ვიცი ჯერ, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც სპეისზეც იქნება.

Earth from Sky

Update:

სამუშაო პროცესი დავიწყეთ უკვე. როგორც ჭეშმარიტმა ხარდკორისტებმა კლავიატურები გვერდზე გადავდეთ და პასტა-ფურცელს მივაწექით. გთავაზობთ მუშაობის ამსახველ ფოტოს. სამომავლოდ რაღაც ნაწყვეტებსაც დავყრი, ალბათ…

სამუშაო პროცესი

Read Full Post »


Soundtrack: Juno reactor – solaris [პილლედ პოსტ]

ჰაერში ვტივტივებ შავ ფონზე, რომელიც ვიღაცას ნემსით დაუხვრეტია და ახლა სინათლე შემოდის საიდანღაც, თეთრ და წვრილ წერტილებად.  თუმცა იმ რაღაცას, რაშიც მე ვტივტივებ, ჰაერი არ ქვია, ეს მე ვარ ჰაერის ბუშტში ჩაკეტილი და სრულ სიცარიელეში ვტივტივებ ბაწარზე გამობმული. ბაწარი დიდ, შავ მასასთან მაკავშირებს, რომელთანაც მე უკვე აღარაფერი კავშირი არ მაქვს და აღარც მინდა მქონდეს. ჩვენი ექსპედიციის დასაწყისში მანდ ვცხოვრობდით კიდეც, დაკვირვებებს ვაწარმოებდით, მაგრამ ახლა ის უფორმო და ჟანგიან მასას წარმოადგენს, რომელიც თავისი გათვლილი ტრაექტორიის მიხედვით მიდის და ჯერ კიდევ არ გადაუხვევია,  და ჩვენც, გადარჩენილებს თან დაგვათრევს.

ექსპედიცია ექვსი წლის წინ დაიწყო და  ჩვენც, 5 კაცი ამოგვიყვანა იუპიტერის ორბიტაზე და აგერ უკვე უსასრულოდ დავდივართ მის გარშემო, მისია ცხადია ჩაიშალა, დამჟანგავის ბალონები გასკდა და მთელი ხომალდი დახვრეტილია ჟანგიანი ნახვრეტებით. უკანა, სამატორო ფლანგი საერთოდ მოძვრა აფეთქებაზე და შევრჩით საცხოვრებელი განყოფილებების ამარა. ჩვენი ორბიტაც აირია, მართალია ისევ იუპირეტს ვუფრენთ გარშემო, მაგრამ სხვანაირად,  ხან ლამისაა მის ძრუბლებში გავყოთ თავი და ხან ძლივს ვხედავთ. რადიოკავშირი დაახლოებით სამი კვირაა აღვადგინეთ დედამიწასთან და გავიგეთ, რომ ჩვენს პირორებში, ნავიგაციის არარსებობის გამო გვრჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – ჩვენო სადგური-ხომალდი კიდევ იტრიალებდა ასე 20 წელი, სანამ არ ჩავარდებოდა ქვემოთ, ხოდა უახლოეს 6 წელიწადში დაგეგმილი იყო სამაშველო ექსპედიციის გამოგზავნა. შემოთავაზება იყო ერთი – როგორმე გაძელით და მოვალთ ალბათ.

აგერ უკვე მესამე დღეა (ჩემი საათის მიხედვით) იუპიტერის თავზე ვტივტივებ ჩემს მოთეთრო და დალაქავებულ სკაფანდრში და ვცდილობ ის მჟავა მოვიშორო, რომელიც კბილებშორის მაქვს ამოდებული. მაგრამ მჟავა მითრევს და უწონადობის გრძნობას ამძაფრებს. მარტოობა შემომაწვა… (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: