ომი ჩემში (მეოთხე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეხუთე]

ასეთი დილის მერე სხვისი ფეხებით ავდექი, სხვისი ყურებით გაგონილი ბრძანება შევასრულე – ”მანქანებშიო” და ვიღაც ასევე სხვებთან ერთად ჩამოვედი იქვე, ახლოში რაღაც თეატრის შენობასთან. ამ შენობაში გაგვანაწილეს, ავტობუსები ამჯერად მიმალ – მომალეს ეზოებში, ჩვენ კი ერთ დიდ დარბაზში შეგვიყვანეს, დიდ შუშებიანში. იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე გარეთ გამოვედით და სააქტო დარბაზი გავახსნევინეთ, 800 კაციანი დარბაზი. კაცი ასე თავის ფეხით მიძვრებოდეს საფლავში ჯერ არ მინახავს, ერთი ჭურვი და მთელი ეს ხალხი, ორასამდე ვინც შეყრილები ვიყავით აქ, ასხმული ვიყავით კედლებზე. დაახლოებით ერთი საათი დაგვცალდა დასვენება და მობილურების დატენვის მერე სცენაზე ვთვლემდი, როდესაც ისეთი გრგვინვა შემოიჭრა სიზმარში, მეგონა იატაკი მექცეოდა და მივყვებოდი. პირველი რასაც შევხედე, ჭერი იყო, რომელიც ვაჟკაცურად იდგა თავის ადგილზე, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე, პირველივე რაც ხელში მომხვდა, მოვხიკე, სავარაუდოდ ავტომატი ჩემი, რაჟოკები სად მეყარა იმაზე არც მიფიქრია და დერეფნისკენ მოვძუძგე, დაბალი ჭერის იმედად. როცა პანიკა ცოტა ჩაცხრა და გარეთ გაცვენილი ხალხის კარებთან შეგროვდა, თუ გარეთ მოხდება რამე, შიგნით შემოვვარდებით და თუ შიგნით, გარეთო, მეორეთაც ძუძგა, ამჯერად პირველზე ძლიერი იყო, ჭერში დაკიდებული ნათურები და შუშები შესამჩნევად აქანავდნენ…

…სამიოდე აფეთქებას გავუძელით ასე თაგვებივით გამოკეტილებმა დარბაზში და ბოლოს მივხვდით, რომ გარეთ, დერეფანში უნდა გავსულიყავით და ნელ-ნელა, ციოდე კაცი გავლაგდით კიდეც მაქეთ, ძირითადად ჩვენი ასეული ვიყავით, 102-ეს მესამე და  121-ე ბატალიონის რამდენიმე ბიჭი, მათ შორის ზემოთხსენებული რემბოც, თემურა. სტარში ლეიტენანტი იყო თუ კაპიტანი არ დამამახსოვრდა, ზატო დამამხსოვრდა მისი მოცემული რჩევები, რომელთა გამოც მთელი ამ ბაყაბუყის დროს, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვა არც ისე ინტენსიურად გაგრძელებულა, დერეფანში ვიჯექით და გავცქეროდით გარეთ, მოედანზე მორბენალ ჯარისკაცებს, რომლებიც დამატებით სამიზნეების შექმნით ცდილობდნენ მტრის ავიაციის დაბნევას. აქვე ვამჩნევდით, რომ ხალხი თანდათან ცოტავდებოდა, ავტობუსები მოდიოდა და მიეზიდებოდა ხალხს სადღაც. თემური, რომელიც ჩვენს და ქვემოთ შეკრებილ სამხედროებს შორის დადიოდა, ამოვიდა და გვითხრა ბრძანება – ვისაც გინდათ, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთო. გავოცდით ფრიად, ასეთი სახის ბრძანება… -ვისაც გეშინიათ, შეგიძლიათ გააჯვათო – გადმოთარგმა რემბომ ბრძანება და ლიფჩიკის გასწორებას შეუდგა. მე არსად არ მივდივარ და არც იარაღს ვაბარებ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ვინც დარჩებით, ჩემი ბატალიონი (121-ე) მოედნის იქეთა მხარეს არისო.

ბევრი ჭოჭმანისა და ღლიცინის მერე გადავედით მოედნის იქეთა მხარეს, სადაც მთელი ბატალიონი – ასეოდე კაცი იყო შეკრებილი, იქვე შეგვხვდა ამათი ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი, რომელმაც გაგვიღიმა და საკმაოდ დაეჭვებული ხმით დაგვპირდა ავტობუსსი ჩასმას და დისლოკაციის ადგილზე გადაყვანას. მისი ხმის საეჭვოობა რაციაში გადაცემულ ინფოშიც კარგად ჩანდა – ვიღაცა, ვიღაცა ვარ, ორი ავტობუსი გამოაგზავნეთ, თუ შეგიძლიათო. ამ თუ შეგიძლიამ წამართვა ფეხები და ჩანთაში ჩამჯდარი ხეს მივეყუდე. თხუთმეტიოდე წუთის უაზრო ლაყბობის შემდეგ საიდანღაც მოდენილმა იდუმალმა ხმამ ზეზე წამოგვყარა. ჩვენი (სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვინდოდა რომ ყოფილიყო) გრადები ისროდნენ გაურკვეველი მიმართულებით და სანამ ჩვემ მათით ვტკბებოდით, ავტობუსიც მოვიდა და ავეტენეთ შიგნით. გზაში კიდევ ავკრიფეთ ბევრი ხალხი და გაურკვეველი მიმართულებით გავეშურეთ. პოლკოვნიკი მთელი გზის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ვინმეს რაციაზე, რაცია დუმდა სამარისებულად. ბოლო ბრძანების პრინციპით გავაღწიეთ გორიდან გარეთ და იგოეთისკენ გავეშურეთ. მართალი რომ ვთქვა, გამეხარდა, იმდენად მქონდა დუხი დაკარგული ამდენი წოწიალით, სანამ ჩვენებს ვეძებდით ერთი სამი უაზრო წრე დავარტყით მთელ გორს და მთელი გზა გაბრაზებული, შეშინებული, გაოცებული და უბრალოდ დაღლილი რეზერვისტები გვხვდებოდნენ.

იგოეთამდე ნახევარი მანძილი გავლილი გვქონდა უკვე და სულით სახლში ვიყავით როცა კავშირი აღსდგა და ჩვენი დანიშნულებაც შეიცვალა – ქარელი, მეორე მხარე გორიდან, ვიდრე იგოეთი. მოვატრიალეთ ავტობუსი, ჩავუარეთ გორს და გავემართეთ ქარელისკენ. ზემოდან კარგად ჩანდა რამდენიმე დამწვარი კორპუსი გორის შესასვლელში. საფრთხისკენ მიახლოებამ ეტყობა კარგად იმოქმედა, საბრძოლო სულმა ისევ მაღლა დაიწყო აწევა და პიკს მიაღწია, როცა სადღაც საღამოს 4 საათისთვის ქარელის გადასახვევში ჩავუხვიეთ და იქვე გავჩერდით, მთელი რეზერვისტობა აქ იყო გაშლილი ტყეში და იმალებოდა, რასაც აქტიურად უწყობდა ხელს მთელი გზის გასწვრივ ჩალაგებული ყვითელი ავტობუსები. ამჯერად უცებვე გააქრეს ავტობუსები და ყველა და ყველაფრისგან მოწყვეტილები დავრჩით ტყეში. საიდანღაც ხმა მოვიდა, რუსეთს ულტიმატუმი დაუყენებია, 6 საათამდე ტრაკს თუ არ მოგვცემთ, გორს დავბომბავთო და ჯარი გამოგვარიდეს. ახლა კონსპირაციულად ვართ ტყეში წამოწოლილი და ველოდებით 6 საათს, რა მოხდება. ჯერჯერობით სიჩუმეა…

Advertisements

გვბომბავენ


კვლავაც მეორდება ის, რაც არაერთხელ მომხდარა უკვე – მარსიანელების ვერტმფრენები შემოდიან ჩვენთან, რუსულ ჭურვებს გვიყრიან და მიფრინავენ უკანვე, მარსზე. დიახაც, ზუსტად რომ მარსზე, აბა როგორ იფიქრეთ რომელიმემ, რომ ეს ყველაფერი რუსების ნაჩალიჩარია? თუმცა ამ ჯერზე მარტო ჭურვების ჩამოყრა არ გვაკმარეს, ერთი ჩვენი ვერტმფრენიც მიაყოლეს ზედ. ნუ, ცხადია, ეგეც თავისით ჩამოვარდა, გარე ჩარევის გარეშე, მფრინავს ჩაეძინა ან რამე მსგავსი…

ჩვენი რეაქცია… რეაქცია, როგორც ეგეთი, არ გვაქვს, მიჩვეულები ვართ მგონი უკვე, ერთია რომ ყაზარმულზე გადავედით და აეროპორტებს ვამზადებთ. საინტერესოა ისე, გონიათ თუ არა ამათ, რომ ხვალ კიდევ მოფრინდებიან მარსელები და ზუსტად მაგ დროს დავიჭერთ. ასეა თუ ისე ფაქტი ფაქტად რჩება, დაზარალებულები ჩვენ ვართ. იქნიე ახლა მუშტები და იყავი, იმ სამ დაღუპულ ოფიცერს არაფერი ეშველება.