პენისების დატოლება ქართულად, ანუ ”დამილაიქე, რა”


თიბისი ბანკის სმარტ კლუბი გეცოდინებათ თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პეიჯი აქვს ფეისბუქზე და ათასგვარ უცნაურ კონკურსს აწყობს. გამოიცანი მუსიკა, გამოიცანი ლექსი, გამოიცანი სურათი, გამოიცანი ის, გამოიცანი ეს… თუმცა მე მინდა მათ ერთ, ბოლო მიგნებაზე მოგიყვეთ, რომლითაც მთელი ქართული ბლოგოსფეროს ნაღები აჟიტირდა.

ორიოდე კვირის წინ ამ კლუბმა, უფრო სწორად მისმა ფანპეიჯმა ფეისბუქზე, დაიწყო ”ბლოგერების კონკურსი” , სადაც მართალი რომ ვთქვათ, შესანიშნავი პრიზია – iPad. დივაისი, რომელიც ყველა თავმოყვარე ტრაკშიპეროს უნდა ედოს მხარიღლივ გადაკიდებულ ჩანთაში. მისი მოგება, ერთი შეხედვით მარტივია – შენი ბლოგიდან, რომელიც იგულისხმება რომ გაქვს, აგზავნი ერთ, შენი აზრით საუკეთესო პოსტს, რომელიც ასევე იგულისხმება, რომ უკვე დაწერილი გაქვს. თუ არ გაქვს, წერ და აქვეყნებ ძველი თარიღით. პოსტები იყრება ქუდში, იზილება და იდება ზემოთხსენებულ ფანპეიჯზე.

და აქ იწყება პენისების, უფრო სწორად კი აქტიური ფრენდების დატოლება. გამარჯვებული არის ის პოსტი და შესაბამისად ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს მოიპოვებს. ლაიკების მოპოვება კი, მართლაც ფრენდების ზომების დატოლებაა. ”აუ დამილაიქე, რა” – მსგავს პოსტებს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ფეისბუქზე. ფსევდოსამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კონკურსი ისე მოაწყვეს, რომ ცალკე პოსტის დალინკვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, დამილაიქერა-ებისგან დასაცავად. თუმცა, თუკი თიბისის ფანპეიჯს კომპიუტერული გენიოსები აკეთებენ, ბლოგებს უფრო დიდი გენიოსები წერენ. ასე რომ ალბათ აღარავისთვის არაა საიდუმლო ის მეთოდი, რომლითაც ცალკეული პოსტის დალინკვა შეიძლება. ლინკი ასე გამოიყურება:

http://zynga.ge/konkursi/article.php?id=%5Bაქ პოსტის ID]

და წავიდა. ვსვამთ ლინკის ბოლოში ჩვენი პოსტის ID-ს, რომელიც მოგვანიჭა სმარტმა (მაგალითად ჩემი პოსტის ID = 36) და წავიდა ესემესები (თუ როგორც იყო რომელიღაც პაპსა გადაცემაში). ლინკი შეგვიძლია გადავაფრიალოთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება და იმისგან დამოუკიდებლად, რა გვიწერია ამ ლინკზე, არცერთი მეგობარი არ დაგვზარდება ერთი ”ლაიქის”  დაჭერას.

ასე რომ არც გამიკვირდება, თუ ამ კონკურსში ისეთივე ”მაგარი პოსტი” გაიმარჯვებს, როგორი მომღერლებიც და არამარტო მომღერლები იმარჯვებენ ქართულ შოუებში, სადაც სანაცნობო წრის დატოლება მიდის. მარტო ერთი რამ მაინტერესებს – როდემდე უნდა ვატოლოთ ერთმანეთს?

Advertisements