ცხინვალი თუ სახლი? (მეხუთე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეოთხე]

საღამოვდება. ექვსი საათიდან, მაღვიძარის სიზუსტით ბაყაბუყი ისმის გორის მხრიდან. ჩვენებიც ისვრიან, თანაბარ ზალპებზე ეტყობა. ალბათ დადუღებულია იქაურობა, ძალიანაც კარგი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო პატარა ავტობუსი გამოდის ჩვენთან და რამდენიც ეტევა და რამდენიც არ ეტევა, ყველა მიყავს, როგორც ამბობენ აგარაში. რა ხდება აგარაში ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც უნდა წავიდეთ. რაღაც თეთრი მარშუტკა აჩერებს და ვიღაც კაცი შეწუხებული სახით კითხულობს ”ჩემი ბიჭი ხომ არ გინახავთო”, რა უნდა უთხრა? საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ ამ მარშუტკაში ვართ ჩაწყობილები ორ სართულად და აგარაში მივდივართ.

რაღაც ბენზოკალონკის გარშემოა ხალხი შეკრებული, ცოტა მოშორებით ავტობუსებიც ჩანს და რაც მთავარია, გადასახვევის პირას ავბედითი და სულისშემძვრელი წარწერა ”ცხინვალი 50”. ნამდვილად ვერაა კარგი ამბავი ახლა თუ ჩვენ ცხინვალში წაგვიყვანეს, თან ისეთი პონტიცაა, აქამდე მოვედით და ახლა ბოლო მომენტიდან სახლში წასვლაც… ჩვენი წარგზავნილი წარმომადგენელი ფრიად დამწუხრებული სახით დაბრუნდა უკან და გვამცნო – ვისაც უნდა ცხინვალში წავა და ვისაც არა და ჩააბარებს იარაღს და სახლისკენო. აი მანდ დამენძრა…

ბავშვობიდან მეშინოდა სიკვდილის, უფრო სწორად ასე მეგონა, რომ მეშინოდა, მერე ცოტა რომ გავიზარდე და დაფიქრების უნარი შევიძინე, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ის, რისიც ადრე მეშინოდა, სხვა არაფერი იყო თუ არა გაქრობის შიში, უკვალოდ გაქრობის. და იქ, აგარის გადასახვევთან კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ ვიგრძენი ეს შიში, არ მინდოდა უკვალოდ გაქრობა. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ამოყრილ ტანსაცმელთან და დავყურებდი ზემოდან. ჩავიცვა ეს და წავიდე სახლში ასე მშვიდად და აუღელვებლად და დაველოდო, როდის მომაკითხავენ თუ გავაკეთო კიდევ ერთი სისულელე, დავიკიდო ყველა და ყველაფერი და წავიდე გაურკვევლობაში? ბიჭებს ავხედე, რომლებიც იდგნენ ასევე შუაში გაჩხერილები და უხერხულად იღიმებოდნენ, მერე შარვალი გაუბედავად ავიღე და ჩანთაში ჩავტენე…

ღამე ვიღაცის ეზოში გავატარეთ, კბილების კაწკაწში და შორიდან მომავალი გრუხუნის ფონზე. მთელი ღამის განმავლობაში გვიბერავდა გამყინავი ქარი, რომელიც ყველაფერში ატანდა და ჩვენც, რომ არ გავყინულიყავით, ტელეფონის და გვერდზე ჩავლილ-ამოვლილი კამაზების შუქზე ვთბებოდით. კამაზები და პიკაპები კი ბევრი დადიოდა, ზოგი ზევით, ზოგი ქვევით, მოგვაშუქებდნენ პროჟექტორებს, ძლივს ჩაძინებულებს გამოგვაფხიზლებდნენ და იკარგებოდნენ. შესანიშნავი სვეტამუზიკაა, შორიდან გრუხუნი და აქვე პროჟექტორები. ქარი მაინც არ იყოს… დაახლოებით 4 საათისთვის ვიღაცეების ყვირილმა წამოგვყარა. გზაზე აშკარად რაღაც ხდებოდა. უფრო და უფრო მეტი ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ და რაც ყველაზე უცნაური იყო, უკვე მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქვემოთ. მთელი გადმოსახვევი უცნაურ ქაოსს მოეცვა, ხალხი მორბოდა, მირბოდა, იარაღებს აქნევდა და რაც მთავარია სხვადასხვა ცნობებს ავრცელებდა, რომელთა აზრიც საბოლოოდ ერთი გამოდიოდა – უკან ვიხევთ, ჩვენები გამოდიან, ჩავიჯვით და ა.შ. ერთი ცრუ განგაშის მერე ლეიტენანტმა რემბომ ისევ ეზოში შეგვყარა და დაგვაიმედა, დაწყნარდება აქაურობა და ჩვენც წავალთო. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, უფრო თბილად მოვეწყვეთ დასაძინებლად, მაგრამ არ დაგვცალდა. ამჯერად უკვე ნამდვილი განგაში იყო, ყველაფერი მოვხიკეთ რაც გვქონდა, ტყვიების სავსე და ნახევრადცარიელი ცინკები, ”ცხინვალში ლაშქრობის” წინ პიკაპებიდან ახვეტილი რაჟოკები, რომელსაც ხალხი ისევე უპრაგონოდ ყრიდა, როგორც მოუხვდებოდა და პაპუტკებს აჩერებდა თბილისისკენ მიმავალს, ჯერ კიდევ შეღამებამდე, რამდენიმე ზედმეტი კასკა და ავტომატი, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა და ყველაზე მძიმე ამ ტვირთში – საკუთარი ტრაკები. არცერთი გაღუნღულებული ლოგინიდან არ გამჭირვებია ტრაკის აწევა და სადმე წასვლა, როგორც აქედან. უზარმაზარი ტვირთის ქვეშ ორად მოხრილი ვიდექი შუა ტრასაზე, მწყობრში და გაურკვევლობას ველოდებოდი…

გაურკვევლობამაც არ დააყოვნა და ჩვენი 121-ე ბატალიონი, უფრო სწორად მისი მოქმედი ნაწილი საიდანღაც გაჩენილ ყვითელ ავტობუსში ჩასხდა, მოგვაძახა ქარელში შევხვდებითო და სიბნელეში გაქრა. გასაოცრად მიმზიდველ პოზიციაში აღმოვჩნდით – შუაღამისას, ტრასაზე, კბილებამდე შეიარაღებულები და მეთაურის გარეშე. დაახლოებით ნახევარი საათი გამაგრებული გვქონდა ადგილი ავტობუსებთან, ფორმაგახდილი და გრაჟდანებში გამოწყობილი აწ უკვე ყოფილი რეზერვისტებისგან ვიცავდით და ისე ვივაჟკაცეთ, რომ გამთენიისას ჩვენს ძველ ადგილებზე ვიყავით წამოწოლილი ბუჩქის ძირას, ქარელის გადასახვევში. მთელი 102-ე ბატალიონი ესღა ვიყავით დარჩენილი, ერთი ბუჩქის ქვეშ შეწოლილი ათი კაცი.

თვალი რომ გავახილე, უკვე გათენებული იყო, ჩვენს გარშემო კიდევ სხვა ბატალიონის ნარჩენებიც იწვნენ და სუხოი პაიოკების პაკეტებს აფრიალებდნენ. იმდენი საჭმელი და ისე ცოტა ხალხი ვიყავით, რომ პაიოკები ჩვენც შეგვხვდა. ცოტა კუჭები გავიხსენით და ისევ ავტობუსებში ჩაგვსხეს, ამჯერად, წინა დღეებისგან განსხვავებით, ცოტა შეშინებული სახე ქონდა ოფიცერს, უკან ვიხევთ, ქარელისკენო…

”მესამე დღეა იარაღი მაქვს ასხმული და აღმა-დაღმა დავდივართ. ახლა ქარელის ახლოს ტყეში ვართ ”გამაგრებული” ორმოცდაათიოდე კაცი და ველოდებით. ორმოცდაათივე რეზერვისტია, ერთი პოლკოვნიკი გვყავს და ერთი კაპიტანი, მაგარი როჟაა ეს კაპიტანი, თემური გაბისონია, რომ შეხედავ, რემბოს გავს ქცევითაც და ვიდზეც, დიდ ლიფჩიკში ათასი ხარახურა აქვს ჩალაგებული, თან ყველა აუცილებლად საჭირო. სამი დღის განმავლობაში პირველად გავიხადე ხებე, ბატინკებზეც შნუროკები მოვიშვი და ჩემს ჭუჭყიან წინდებს დღის სინათლე ვაჩვენე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კვირაზე მეტია აქ ვართ…”

– აქ წყდება ჩემი პირველი და ბოლო ჩანაწერი. ამის მერე ბევრიც აღარ გაგვიტრაკებია, საღამოსკენ გავიგეთ, რომ პიზდეც რეზერვისტამ, დავსხედით რაღაც პიკაპზე და კოჯრისკენ დავაწექით რიხინ-რიხინით, იქვე ჩავაბარეთ ჩვენი ბედკრული და ტყვიაგაუსროლელი იარაღები, რომლებიც სამი დღე ჯართად გვაწვა ბეჭებზე და ათ აგვისტოს, საღამოს სახლში ვიყავი. ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, ამბავი უდიდესი სისულელისა და უთავობისა.

Advertisements

მე ომში (მეორე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე]

გორს ვუახლოვდებით კოლონით, ბინდდება. გზები გადაჭედილია მანქანებით, ავტობუსებით, საბარგოებით, რამდენიმე ტანკმაც ჩაგვიარა გვერდზე. ჩვეულებრივი საბრძოლო ქაოსია. ვაზიანშიც მსგავსი ქაოსი იყო, ძლივს ვიპოვეთ თავისუფალი ავტობუსი, რომ ჩავმჯდარიყავით და წამოვსულიყავით, კიდევ ბევრი ხალხი ჩამოვა გვიან, ან არც ჩამოვა (და არც ჩამოსულა ჩვენს შემდეგ აღარავინ, დანარჩენები ბაზიდან გააბრუნეს სახლში). ვაზიანშივე დაგვირიგეს ტყვიაწამალი, მთელი ნახევარი გზა რაჟოკების ტენვას და იარაღის ფრიალს მოვანდომეთ. სადღაც იგოეთთან ავტობუსი გააჩერეს, ჩავეხვეტეთ ყველანი მაღაზიებში, დილიდან მოშიებულები ვიყავით და რამდენსაც მოვერიეთ, წამოვათრიეთ. გამოვედით მაღაზიიდან და მუხლები მოგვეკვეთა – ავტობუსი მიდიოდა. თავში მარადიორობის გეგმებმა მომწიფება ვერ მოასწრო, რომ გულზე მოგვეშვა – ჩვენი ავტობუსი ადგილზე იდგა, ჩვენამდე მოსულები ნელ-ნელა იხვეტებოდნენ.  გახარებულები, რომ იძულებით დეზერტირობას გადავრჩით, ავტობუსში ავეტენეთ, ჩანთებს შორის ჩავსხედით და გორამდე ხმა არ ამოგვიღია.

გორში მისასვლელი თუ ასეთი ლაბირინთებიანი და რთულადმისაგნები იქნებოდა, ნამდვილად არ წარმომედგინა. ეტყობოდა, რომ არც ჩვენ მძღოლს წარმოედგინა გორის შესასვლელი საერთოდ, ამიტომაც ყველა შესაძლო შესახვევში შეუხვია, ყველა არსებულ საცობში გაიჭედა და ბოლოს სრულიად შემთხვევით გორის ცენტრში, სტალინის ძეგლთან გაჩერდა, ოციოდე სხვა ავტობუსის გვერდით.

გორელები საოცრად არასტუმართმოყვარედ დაგვხვდნენ. თავი რუსის ჯარისკაცი მეგონა, ისეთი აგრესიით გვიყურებდნენ მთვრალი და არცისე მთვრალი გორელები. მოედანზე მოვახერხეთ, როგორც იქნა ჩვენი ასეულის დანარჩენი წევრების ნახვაც, რომლებიც ჩვენამდე ჩამოიყვანეს აქ და დავიწყეთ გორში ბოდიალი.

რამდენიმესაათიანი უაზრო ლაყლაყის შემდეგ, რაც სამხედროებს ჩვევიათ გადაწყვეტილების მიღების წინ, როგორც იქნა გადაწყვიტეს, რომ ღამე ლაშქრობისთვის არ იყო შესაფერისი დრო და კარგი იქნებოდა სადმე დაგვეძინა. პირველი ნაკადი, რომელიც მანამდე ჩამოიყვანეს, სატანკო ბატალიონის დაბომბვის მიზეზი გახდა, რუსებს მეტი რა უნდათ, არიქა ბევრი ჯარისკაცი ერთადო და გაასწორეს მთელი  ბაზა მიწასთან. ამიტომაც ჩვენ უნდა დავემალეთ სამოქალაქო ადგილებში, მოგვხვეტეს ყველანი და შეგვყარეს რაღაც სპორტულ სკოლაში, კონსპირაციულად, თუმცა ის აღარ გაახსენდათ, რომ მთელი სტალინის პროსპექტის გასწვრივ დაყენებული ყვითელი ავტობუსები ჩვენს კონსპირაციულობას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებდა.

ასე იყო თუ ისე, შევლაგდით სკოლაში, დიდი პარალონისნაირი ლეიბები დავირიგეთ და ვისაც სად შეგვეძლო ისე დავეყარეთ. სკოლის დარბაზში, სადაც ჩვენ ვიყავით, საოცრად ცხელოდა და ფეხის მყრალი სუნი იდგა, რისი უდიდესი მადლობელიც ვარ დღემდე, ეს რომ არ ყოფილიყო, არავის მოუვიდოდა თავში, რომ გარეთ გამოვსულიყავით და ქუჩაში დაგვეძინა. ასე იყო თუ ისე, მოვეწყვეთ სკოლის კიბეების წინ ტროტუარზე და ძილს მივეძალეთ.

თეატრი


რას აკეთებეს მტერი, ხედავთ ალბათ… სახვეწარი გაგვიხადეს ჩვენს საკუთარ ქალაქებში შესვლა, დარბიან და ზიდავენ ყველაფერს თავისთან. ამ დროს კი ჩვენ ვზივართ და ვუყურებთ შორიდან, ხელებ და ყურებჩამოყრილი და ხუი ივო ზნაეტ ვის ვეხვეწებით, რომ არიქა, მეტი აღარ შემოგვიტიონო. არადა, საღად რომ შევხედოთ, რომ მოენდომებინათ, კახეთის ბოლომდე ისე გავიდოდნენ რუსული ტანკები, ერთს არ დაახამხამებდნენ თვალს და ე.წ. ”საერთაშორისო აღშფოთება” ამით ოდნავადაც არ გაიზრდებოდა, ასე რომ დასკვნა აქედან ერთადერთია – ან შტერები არიან რუსები და ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი მოტყვნა ბოლომდე შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში შეეძლოთ მაინც ორიოდე დღის წინ, ან არადა, რაც უფრო რეალურია, იციან და ვეცოდებით.

უბრალოდ არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც მშვიდად, სტატისტიკის სახით აღრიცხავენ ზარალს და დახოცილ – გაძარცულ ხალხს. მართლა სხვაგან ხდება ალბათ და მე არ ვიცი…

მე ომში (პირველი ნაწილი)


ნაწილები: [მეორე] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე]

რვა აგვისტოს წავედი კომისარიატის გაწვევით და ათ აგვისტოს დავბრუნდი სახლში, სამი დღე და ორი ღამე დავდიოდი აღმა-დაღმა და ჩორტ ზნაეტ რას ვაკეთებდი. ბლოკნოტი კი მქონდა თან წაღებული, მაგრამ საწერად არ მეცალა, მხოლოდ მესამე დღის ბოლოს მოვახერხე რაღაცეების ჩაჯღაბნა შიგნით, ახლა წინ მიდევს და ვცდილობ დეტალურად გავიხსენო რა და როგორ მოხდა.

”მესამე დღეა იარაღი მაქვს ასხმული და აღმა-დაღმა დავდივართ. ახლა ქარელის ახლოს ტყეში ვართ ”გამაგრებული” ორმოცდაათიოდე კაცი და ველოდებით. ორმოცდაათივე რეზერვისტია, ერთი პოლკოვნიკი გვყავს და ერთი კაპიტანი, მაგარი როჟაა ეს კაპიტანი, თემური გაბისონია, რომ შეხედავ, რემბოს გავს ქცევითაც და ვიდზეც, დიდ ლიფჩიკში ათასი ხარახურა აქვს ჩალაგებული, თან ყველა აუცილებლად საჭირო. სამი დღის განმავლობაში პირველად გავიხადე ხებე, ბატინკებზეც შნუროკები მოვიშვი და ჩემს ჭუჭყიან წინდებს დღის სინათლე ვაჩვენე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კვირაზე მეტია აქ ვართ…”

ეს არის ბოლო, რასაც ჩვენ წამოსვლის წინ ვაკეთებდით, მერე მოგვცეს კამანდა უკანდახევის შესახებ (რაც იქ ვიყავით სხვა კამანდა არც გამიგია, სულ უკან ვიხევდით) და გამოვემართეთ მარშირებული სვლით თბილისისკენ.

ყველაფერი რვა აგვისტოს დაიწყო, გამთენიისას, როცა ტელევიზორს ვიყავი მიმჯდარი და ყოველი სნარიადის ფრენას თვალს ვადევნებდი, ტელეფონმა დარეკა. უცნაური ხმის მქონე ქალმა მაუწყა კომისარიატში გამოცხადდიო და ტელეფონით ხელში გაღიმებული დამტოვა.

…დღის  ორი საათია, კომისარიატის წინ ვდგავარ, რიგია უზარმაზარი, ეწერება ხალხი. ვიღაც ბიჭი იხვეწებოდა წეღან, მოხალისედ ჩამწერეთ, აფხაზეთში ვარ ნაომარიო, ჩაწერეს და ასე უთხრეს – საჭირო რომ იქნები, გეტყვითო. მოიშორეს თავიდან და ისიც კმაყოფილი წავიდა. ბევრი იყო მოხალისე და უფრო მეტი რეზერვისტი. საყევარა და პირველი ვნახე, შევაღწიეთ როგორც იქნა შიგნით, ჩავეწერეთ და ახლა ქალაქში დარჩენილ ლუდის მარაგს ვითვისებთ. ვინ იცის, მოგვიწევს კიდევ დალევა? რამდენიმე ავტობუსი დგას, ამბობენ ვაზიანში მივყავართო. ერთმა უკვე გაგვასწრო და ახლა მეორეს გავსებას ველოდებით. იწყება…

ვაზიანის ბაზა. გამოტენილია აქაურობა ხალხით. სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით ერთი ბომბი ჩამოუგდიათ თვითმფრინავიდან რუსებს ცოტა მოშორებით და ნახევარი ხალხი თაგვის ცუილივით გამქრალა. მივაგენით როგორც იქნა ჩვენი ბატალიონის საწყობს, ცოტა ვიჩხრიკეთ ჩანთების გროვებში და ბოლოს ვიღაცეების ზმანებში გავიჩითეთ. სამაგიეროდ იარაღი ჩემი მაქვს, ბოლო გაწვევისას დიდი მონდომებით გაწმენდილი და დაზეთილი. ამის იმედი უნდა მქონდეს ალბათ…