The quarry life award


ამ ბოლო დროს საქართველოში ეკოლოგია, მასზე ზრუნვა, ან თუნდაც მასზე საუბარი აქტუალური, შეიძლება ითქვას, მოდურიც კი გახდა. ზოგი ეკოლოგიაზე მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ სხვების თვალში უფრო კარგი ტიპი გამოჩნდეს, ზოგი კი მართლა, გულწრფელად დარდობს საქართველოს ბუნების სავალალო მდგომარეობაზე. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ კატეგორიას მიეკუთვნები, გამოჩნდა შესაძლებლობა, რომელიც ყველას აძლევს შანსს ეკოლოგიაზე ფიქრით ფული იშოვოს.

საქმე ეხება ჰაიდელბერგის პროექტს, რომელზეც ამასწინათ გავიგე, ინტერნეტში ძრომიალის დროს. მოგეხსენებათ, ჰაიდელბერგი ის კომპანიაა, რომელიც ცემენტს აწარმოებს და ჭერში აწყობს. ცემენტის მოპოვება კი სუფთად და სტერილურად რომ არ ხდება, ეს ბუნებრივია. ამიტომაც თავად ამავე კომპანიამ გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი, “The quarry life award“, რომლის შესახებაც ახლა გიყვებით. (უფრო ზუსტად და დაწვრილებით მონაწილეობის წესების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ზემოთა ლინკებიდან)

ორი სიტყვით პროექტი ეხება ამ კარიერებში (რომელიც საქართველოში სამ ადგილზეა) ცოცხალი ბუნების განადგურებისგან დაცვას, შესწავლას. მონაწილეობა შესაძლებელია როგორ ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კონკურსში მოცემულია 4 განსხვავებული თემა, რომელთაგან ნებისმიერზე შესაძლებელია პროექტის გაკეთება და მონაწილეობის მიღება. საინტერესოა პრიზების ოდენობა, 1500, 3000 და 5000 ევრო. და როგორც ტელემარკეტერები იტყოდნენ, “ეს ჯერ ყველაფერი არ არის”. თუკი თქვენი გენიალური პროექტი გაიმარჯვებს ადგილობრივ კონკურსზე, ავტორი ჩაერთვება საერთაშორისო ვერსიაში, რომელშიც პრიზი გაცილებით მეტია – 30000 ევრომდე. ცოტა არ არის, ნამდვილად.

კონკურსში მონაწილეობა ასევე მარტივია: ვრეგისტრირდებით მათ საიტზე, ვიწერთ სააპლიკაციო ფორმას, ვავსებთ და ვქაჩავთ უკანვე. განაცხადები მიიღება პირველ მარტამდე, ანუ რაც მალე მიესევით, მით უკეთესი. ახლა კი სასარგებლო ლინკები.

quarry award

ამ პროექტის გვერდი ფეისბუქზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ინფოს და დასვათ კითხვები – facebook.com/quarrylifeawardgeorgia

გვერდი რეგისტრაციისთვის (არ დაგავიწყდეთ, რომ რეგისტრაციის მერე აპლიკაციაც უნდა შეავსოთ) – quarrylifeaward.ge/user/register

კონკურსის შესახებ უფრო დაწვრილებით (წესები, თემები და ბლომად საკითხავი მასალა) – quarrylifeaward.ge/konkursis-shesaxeb

მოკლედ, წარმატებები მინდა გისურვოთ მონაწილეობის მსურველებს და თუ რამეა, წილშიც გამიყვანეთ. ჩემგან ეკოლოგი არ გამოვა და იქნებ თქვენ მაინც გამოგივიდეთ რამე.

 

Advertisements

TBC სმარტკლუბის ლოხოტრონი, ანუ როგორ გვატყუებენ


დღეს თიბისი სმარტკლუბისგან მივიღე (და მგონი სხვა ბლოგერებმაც მიიღეს, ან აწი მიიღებენ) ისეთი წერილი, რომლისგანაც ყბა ჩამომივარდა და თვალები შუბლზე ამივიდა. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ვისაც ეგ წერილი მოგივათ, არ გაბრიყვდეთ და არ დათანხმდეთ მასში მითითებულ პირობებს.

ახლა  კი ოდნავ დაწვრილებით წერილზე. იგი ეხებოდა თიბისი სმარტკლუბის ჩატარებულ ბლოგპოსტების კონკურსს, რომლიდანაც სულაკაურის გამოცემას და თიბისი ბანკს ერთობლივად აურჩევიათ ჩემი პოსტი, ბლოგპოსტების პირველი კრებულისთვის. წერილში მოთხოვნილი იყო უფლებების გადაცემა მათზე, პუბლიკაციების გამოქვეყნების მიზნით და თან ერთვოდა ხელშეკრულება, რომელზეც ხელისმოწერა იყო საჭირო.

მაგრამ მთავარი ისაა, რა ხდება ხელისმოწერის შემდეგ. ხელშეკრულების სრულ ტექსტს აქ არ დავდებ, თავი რომ არ შეგაწყინოთ. მისი ნახვა შეგიძლიათ ნატოშას ბლოგზე. მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია – მე, ესა და ეს ბლოგერი, თიბისი ბანკს უფასოდ გადავცემ უვადო მფლობელობაში ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებულ ყველა პუბლიკაციას და თან პირობას ვდებ, რომ არასოდეს და არავის სხვას არ მივცემ მათი გამოქვეყნების უფლებას, თუნდაც ამაში მილიონები შემომთავაზონ. თუკი დავარღვევ ამ პირობას, თიბისი ბანკი უფლებას იტოვებს ამახიოს რამდენიც მოუნდება იმდენი ფული ან/და გამიყიდოს სახლი.

ასეთ ნაგლობაზე (ყველაზე მეტად რომ შევამსუბუქოთ შეფასება) ჩემი პასუხი ასეთი იყო:

ბოდიში, მაგრამ ლოხი სხვაგან ეძებეთ. ასეთ პირობებზე მე ხელს არ მოვაწერ.
ხელისმოწერა შედგება მხოლოდ მაშინ, თუკი ხელშეკრულებაში შევა მინიმუმ შემდეგი ცვლილებები:

1. დაკონკრეტდება პუბლიკაცია (და არა პუბლიკაციები), რომელთა გამოყენების უფლებასაც გადმოგცემთ. ეს შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ პუბლიკაციას, რომელიც კონკურსისთვის გამოვაგზავნე, ანუ ”მე 2008 წლის ომში”. სხვა პუბლიკაციებზე ეს ხელშეკრულება არ გავრცელდება.
2. ამოღებული იქნება პუნქტი სხვა იდენტური ხელშეკრულებების არარსებობის შესახებ ჩემი მხრიდან. თუნდ ამ, თუნდ სხვა ნებისმიერ ჩემს პუბლიკაციაზე.
3. უფლებათა გადაცემაში ჩასწორდება პუნქტი ”პუბლიკაციის მხოლოდ ერთჯერად რეპროდუცირებაზე”. ამოღებული იქნება მესამე პირისადმი ნებისმიერი უფლების გადაცემის საკითხი.
4. ხელშეკრულებაში შევა ანაზღაურების (ჰონორარის) პუნქტი.

მე-3 და მე-4 თავებს მთლიანად არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის ჩემთვის კაბალური პირობები.

ნუ მე-3 და მე-4 თავებში ლაპარაკი იყო ზემოთხსენებულ ჯარიმებზე და ათას უბედურებაზე. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია ის შემთხვევაც, თუკი ბლოგერი შემთხვევით გონს მოეგება და გადაწყვეტს ამ ხელშეკრულებიდან ამოძვრეს. ”ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ორმხრივი, წერილობითი შეთანხმების შედეგად”, ანუ არასოდეს.

ასე რომ, ბლოგერებო, არ გაბრიყვდეთ და არ დათანხმდეთ ამ პირობებს. საქართველოს ბლოგერთა საზოგადოება უკვე ამზადებს საპასუხო ხელშეკრულებას, რომელშიც ჩვენი ყველა უფლება გათვალისწინებული იქნება, ასე რომ დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას. ნუ გადასცემთ თქვენს ბლოგს საჩუქრად თიბისის და ნუ გახდებით მათი მონა.

UPDATE აქვე ცინცხალი Fffuuu კომიქსი ამ თემაზე:

პენისების დატოლება ქართულად, ანუ ”დამილაიქე, რა”


თიბისი ბანკის სმარტ კლუბი გეცოდინებათ თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პეიჯი აქვს ფეისბუქზე და ათასგვარ უცნაურ კონკურსს აწყობს. გამოიცანი მუსიკა, გამოიცანი ლექსი, გამოიცანი სურათი, გამოიცანი ის, გამოიცანი ეს… თუმცა მე მინდა მათ ერთ, ბოლო მიგნებაზე მოგიყვეთ, რომლითაც მთელი ქართული ბლოგოსფეროს ნაღები აჟიტირდა.

ორიოდე კვირის წინ ამ კლუბმა, უფრო სწორად მისმა ფანპეიჯმა ფეისბუქზე, დაიწყო ”ბლოგერების კონკურსი” , სადაც მართალი რომ ვთქვათ, შესანიშნავი პრიზია – iPad. დივაისი, რომელიც ყველა თავმოყვარე ტრაკშიპეროს უნდა ედოს მხარიღლივ გადაკიდებულ ჩანთაში. მისი მოგება, ერთი შეხედვით მარტივია – შენი ბლოგიდან, რომელიც იგულისხმება რომ გაქვს, აგზავნი ერთ, შენი აზრით საუკეთესო პოსტს, რომელიც ასევე იგულისხმება, რომ უკვე დაწერილი გაქვს. თუ არ გაქვს, წერ და აქვეყნებ ძველი თარიღით. პოსტები იყრება ქუდში, იზილება და იდება ზემოთხსენებულ ფანპეიჯზე.

და აქ იწყება პენისების, უფრო სწორად კი აქტიური ფრენდების დატოლება. გამარჯვებული არის ის პოსტი და შესაბამისად ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს მოიპოვებს. ლაიკების მოპოვება კი, მართლაც ფრენდების ზომების დატოლებაა. ”აუ დამილაიქე, რა” – მსგავს პოსტებს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ფეისბუქზე. ფსევდოსამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კონკურსი ისე მოაწყვეს, რომ ცალკე პოსტის დალინკვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, დამილაიქერა-ებისგან დასაცავად. თუმცა, თუკი თიბისის ფანპეიჯს კომპიუტერული გენიოსები აკეთებენ, ბლოგებს უფრო დიდი გენიოსები წერენ. ასე რომ ალბათ აღარავისთვის არაა საიდუმლო ის მეთოდი, რომლითაც ცალკეული პოსტის დალინკვა შეიძლება. ლინკი ასე გამოიყურება:

http://zynga.ge/konkursi/article.php?id=%5Bაქ პოსტის ID]

და წავიდა. ვსვამთ ლინკის ბოლოში ჩვენი პოსტის ID-ს, რომელიც მოგვანიჭა სმარტმა (მაგალითად ჩემი პოსტის ID = 36) და წავიდა ესემესები (თუ როგორც იყო რომელიღაც პაპსა გადაცემაში). ლინკი შეგვიძლია გადავაფრიალოთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება და იმისგან დამოუკიდებლად, რა გვიწერია ამ ლინკზე, არცერთი მეგობარი არ დაგვზარდება ერთი ”ლაიქის”  დაჭერას.

ასე რომ არც გამიკვირდება, თუ ამ კონკურსში ისეთივე ”მაგარი პოსტი” გაიმარჯვებს, როგორი მომღერლებიც და არამარტო მომღერლები იმარჯვებენ ქართულ შოუებში, სადაც სანაცნობო წრის დატოლება მიდის. მარტო ერთი რამ მაინტერესებს – როდემდე უნდა ვატოლოთ ერთმანეთს?

Durex Ad


გთავაზობთ სუპერ თევზურ რეკლამას, რომელიც მე და საბამ შევქმენით დურექსის კონკურსისთვის Create the next Ad. ვიდეო იმდენად თევზურია, რომ აღწერაც კი არ ჭირდება, უბრალოდ უყურეთ და დააშეარეთ: