მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

გატრაკების კვირეული


მამა, რად გინდა ნაჯახი?

ახლა გადავხედე კალენდარს და აღმოვაჩინე, რომ პირველი ნოემბრის მერე სრული რადიოდუმილის რეჟიმში ვარ გადასული. შემდეგ სარკეში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ წვერიც ძალიან დიდი ხანია არ გამიპარსავს. კამერა რომ დავინახე გამახსენდა, რომ გადაღებებიც კვირაზე მეტია არ გვქონია.

ჩნდება კითხვა – რაშია საქმე?

საქმე არის ცხადია სიზარმაცეში, ეს არის პირველივე პასუხი, რომელიც თავში მოდის. სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, თუმცა ამას დაემატა კომპიუტერის ავადმყოფობა, რომლის განკურნებამაც ერთი კვირა დრო და ერთი თვის სამყოფი ნერვები წაიღო. პლიუს ამას ჯელინკის უკვე გატრაკებამდე მისული გამორთვები. არადა გასაკეთებელი მართლაც ბევრი მაქვს, მცირედი ლისტი არ მაწყენდა (როკოს რომ კითხო, ეს არის ბლოგის ”to do” ლისტებით დასპამვა):

  • ნი2.გე-ს გაშვება (დიზაინის დამთავრება, დანასტროიკება და ლოგო)
  • ღორობის გაგრძელება
  • უამრავი ვიდეოს გადაღება, რომელთა შესაბამისი უამრავი სცენარი გვაქვს
  • ცოლის მოყვანა (ესეც იყოს, არ მიშლის)
  • ხის დარგვა
  • სახლის აშენება
  • კარგი სამუშაოს შოვნა

მგონი არ არის ცოტა. განსაკუთრებით ბოლო პუნქტია ჩემთვის ძალიან მტკივნეული. ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მე სამსახური ან კარგი უნდა მქონდეს, ან საერთოდ არ უნდა მქონდეს, რადგან ცუდანაზღაურებიანი და ზოგადად ცუდი სამსახური მიქმნის ყალბი მოდუნების გრძნობას, რომ უმუშევარი არ ვარ და შესაბამისად ახალს აღარც ვეძებ. Тфу…

პ.ს. ზამთარი ახლოვდება, ზამთარი… (და აქ ზამთრის რამე გულისამაჩუყებელი სურათი)