Google Buzz


სტატია, რომელიც არ მოხვდა ჟურნალ „ტაბულა“-ში.

2010 წლის 9 თებერვალს „გუგლმა“ წარმოგვიდგინა ახალი სოციალური ქსელი, „Google Buzz“. ეს არის „Gmail“-ის გაფართოება, რომლითაც „ჯიმეილი“ ინტეგრირდება როგორც გუგლის სერვისებთან, ასევე არა-გუგლის საიტებთან და აგროვებს მათ კონტენტს ერთად.

Google Buzz (click to Enlarge)

„ბაზში“ შეიძლება როგორც ბმულების, ასევე სტატუსების გაზიარება. ამით იგი ძალიან ჰგავს პოპულარულ სოციალურ ქსელებს „ტვიტერსა“ და „ფეისბუკს“, თუმცა მათგან განსხვავებით „ბაზი“ ავტომატურად ამატებს ყველას, ვისთანაც კი ოდესმე მიმოწერა გვქონია. სწორედ ამის გამო იყო, რომ პირველივე კვირას „გუგლს“ უამრავი მომხმარებლის რისხვა დაატყდა თავს.

„ბაზს“ გააჩნია რამოდენიმე უპირატესობა, მოდი ჩამოვთვალოთ მათგან ხუთი მთავარი:

1. „ბაზი“ შესანიშნავი აგრეგატორია. მისი უდიდესი უპირატესობაა, რომ იგი აგროვებს სხვადასხვა სოციალური ქსელიდან  კონტენტს ერთ ადგილზე – ელფოსტის ინტერფეისში.
2. კონტენტთან „ბაზი“ უკეთესად მუშაობს. განსხვავებით „ტვიტერისა“ და „ფეისბუკისგან“, იგი ინფორმაციას მთლიანად იღებს, სრული სახით აწვდის მას მომხმარებელს და ამით ხსნის ბმულზე გადასვლის საჭიროებას.
3. შესაძლებელია ხმით განახლება. ეს არის ფუნქცია, რომელიც იგეგმება, რომ მალევე დაემატება „ბაზს“. მართალია ეს სიახლე მხოლოდ ტელეფონებზე იმუშავებს, რომლებსაც ხმის ამოცნობა შეუძლიათ, მაგრამ ცხადია, რომ სოციალური ქსელების სფეროში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
4. სტატუსებში ადგილიც ფიგურირებს. სტატუსებში თუ ლინკებში ჩაიწერება ის ადგილი, საიდანაც მისი განახლება მოხდა, ასე რომ შესაძლებელი გახდება იმის რეალურ დროში გაგება, სად იმყოფება ესა თუ ის ადამიანი.
5. ხმაურის დონე ნაკლებია. „გუგლის“ საკმაოდ ჭკვიანურად დაწერილი ალგორითმით გაიფილტრება იმ უზარმაზარი რაოდენობის არასაჭირო შეტყობინებები, რომელიც ასე შემაწუხებელია „ტვიტერში“.

ამის საპირისპიროდ ჩამოვთვალოთ ის ხუთი მთავარი უხერხულობა, რაც აქვს „ბაზს“:

1. აუცილებელია „Gmail“-ის ექაუნთი. მის გარეშე შეუძლებელია „ბაზის“ მოხმარება. ამ მხრივ გუგლს აქვს ერთგვარი ფორა, მისი 176 მილიონი მომხმარებლის სახით.
2. შეუძლებელია ტვიტერის სტატუსის განახლება „ბაზიდან“. მართალია აქ შესაძლებელია სხვისი განახლებების მიღება, მაგრამ საკუთარის დასაწერად საჭიროა ტვიტერზე შესვლა, რაც „ბაზს“ საკმაოდ მოუხერხებელ ინსტრუმენტად აქცევს.
3. ძნელია მეგობრებთან დაკავშირება. „ბაზი“ ავტომატურად უკავშირდება ყველას კონტაქტებიდან, თუმცა ეს კონტაქტები ხშირად არ ემთხვევა მეგობრების სიას. არავის ჭირდება იმ უამრავ ვებ-მაღაზიასთან თუ სხვა სერვისთან მეგობრობა, რომელთანაც შესაძლოა ოდესმე ჰქონოდა საქმიანი მიმოწერა.
4. ისევ ხმაური. საკითხავია, რამდენად შეიძლება „გუგლის“ ფილტრის ნდობა, რომელიც არასაჭირო შეტყობინებებს ფილტრავს? იქნებ იგი საჭირო შეტყობინებებსაც აყოლებს? საკმარისია რამოდენიმე ასეთი ფაქტის დაფიქსირება და ნდობა ავტომატურად დაიკარგება.
5. სიმარტივე უფრო სწორად სირთულე. განსხვავებით „ტვიტერისგან“ სადაც იცი, რომ შენს სტატუსს ყველა ნახავს, „ბაზში“ არის უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელთა შორის გარკვევაც არც ისე ადვილია.

გუგლის პროდუქტების მენეჯერი ტოდ ჯეკსონი ამბობს, რომ „ბაზი არ არის საბოლოო სახის და კომპანია მუშაობს მის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ჩვენ გვაქვს ამ გაუმჯობესებების დიდი სია, რომელთაგან ზოგიერთი ფრივეისსაც ეხება. ეს გახდის ბაზს უკეთესს“. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ჩაანაცვლოს „ფეისბუქი“, რომელიც არსებობის მეექვსე წელს ითვლის და 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.

Advertisements

ტაბულას პრომო


ჩვენი პრომო დაიდო :) მე მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ საყველპუროდ წავა. ტელევერსიაა ეს, როგორც ვიცი.

გენადი, ფონოგრამა:

ვინ ვართ ჩვენ?


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი სამუშაოს ამბავში და ჩახუტებაში გაკეთებული პირველი საცდელი სტატია. ცხადია ზეიმია.

ვინ ვართ ჩვენ?

”მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. გეცნობათ არა ეს ფრაზა? ის საკმაო ხნის წინ ითქვა, თუმცა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. იგი გვხვდება ყველგან, მას ცხვირში გვატენიან ყველა შესაძლებლობისთანავე, ის არის ჩვენი ცხოვრების და სახელმწიფოებრივი კურსის განმსაზღვრელი, ჩვენი ანი და ჰოე. მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე, ისიც მხოლოდ იმ ფურცელზე, რომელზეც ევროპის რუკა ხატია და მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში თავს იწონებს საქართველოს მთაგორიანი ნამცეცი. მაგრამ ვართ კი სინამდვილეში ევროპა? ან აზია? იქნებ სულაც აფრიკა ვართ? მთავარი ხომ გეოგრაფიული მდებარეობა არაა, მთავარია რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება.

საზოგადოების ფიქრის თუ არფიქრის საკითხი ფრიად საჩოთირო და საეჭვოა, რადგან ზოგჯერ ისეთ ფაქტებს გადააწყდება ადამიანი, რომ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება, როგორ შეიძლება მოაზროვნე და თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამე დაუშვას. საკუთარი თავით არ აზროვნება და გაბატონებული რელიგიური კლასის ნაკარნახევი მსოფლმხედველობის გაზიარება ჩვენთვის არახალია, ასე რომ ამით ვერავის გაგაოცებთ.

სწორედ ასეთი ფონის გამოა ალბათ, რომ სულ მცირე გადახრაც კი სტანდარტული სტრიმიდან მაშინათვე ყურადღების ცენტრში ექცევა და კვირის, ზოგჯერ კი თვის ნიუსადაც კი იქცევა. ეს ეტყობა კარგად მოეხსენებათ ქართული ტელევიზიის პიარისტებსაც და აქართულებენ და აქართულებენ სხვადასხვა ევროპულ შოუებს იმის იმედად, რომ მისით გამოწვეული აჟიოტაჟი მათ საუკეთესო პიარად იმუშავებს და გადაცემებიც რეიტინგს აკრებს. რეიტინგი კი, მოგეხსენებათ, მამოძრავებელი ძალაა ყველანაირი მედიისა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ”ტელეიმედი” და მისი ახალი საეთერო ბადე წარმოადგენს, სადაც ამაყად იწონებენ თავს სხვადასხვა ფემინურ საწყისებზე დაფუძნებული შოუები, ”ნანუკას შოუთი” დაწყებული, სხვადასხვა დონის სიმართლეების გავლით და ”ღამე შორენასთან”-ით დამთავრებული. ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით, ყველაზე სკანდალური და პროვოკაციული შინაარსის შემცველია, რომლის ანკესსაც ადვილად უნდა წამოეგოს ნებისმიერი სქესის, ასაკის და მენტალობის ადამიანი – ის ხომ იმას ეხება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ქონია ერს, თუკი ერთ ძველ და ცნობილ გამონათქვამს დავუჯერებთ, რომელიც სექსის არარსებობას ამცნობდა მთელს მსოფლიოს ჩვენს სამშობლოში.

მაშასადამე, რა გამოდის? ვართ თუ არა ევროპა, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ თემებს როგორც იქნა აეხსნა ტაბუ, რიგი თემები ჩრდილიდან გამოვიდა და ჩვენც ნელ-ნელა ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს? მერე რა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი კვლავ ძლიერია, ჰომოფობია ყვავის და საზოგადოების უმეტესობაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ორი მესამედი ითვლება სრულუფლებიან ქართველად? ეს ხომ ყველგან ხდება, თითქოს. მაშ მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – ვინ ვართ და რა გვინდა?

მე – ჟურნალისტი


როგორ ამაყად ჟღერს არა? და ამავე დროს უცნაურად. ასეა თუ ისე, დღეიდან (ნუ მთლად დღეიდან არა) მეც გავყავი თავი ჟურნალიზმში, ანუ ფულზე გავიყიდე. ახლა წავა შეკვეთილი სტატიები და რაღაცეები :))) მოკლედ, ფასზე შევთანხმდებით როგორმე.

რა ჟურნალია და რაზე, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ჩემი ბლოგის პრომო სურათი. გადიდებისთვის დააჭირეთ.