ტვინის სიმსივნე


არსებობს ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა წრეებში მოიხსენიებიან, როგორც ”პანკები”, ”გოთები”, ”ემოები” და ა.შ. ეს ჯგუფები ძირითადად გვხვდებიან თბილისის ცენტრალურ უბნებში (რუსთაველი, ვაკე, ვერა, ფილარმონია). ისინი თავის თავს უწოდებენ განსხვავებულ ხალხს, ასოციალურად იქცევიან და ცხოვრობენ. მათი ასოციალურობა რომ საღამოს 10 საათზე მთავრდება, როცა სახლში უნდა იყონ, თორემ მამიკო გაუბრაზდება, ეს ცალკე საკითხია, ახლა მინდა მოვყვე ერთი ისტორია, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გამახსენა ეს ყველაფერი…

მოკლედ რომ ვთქვათ, 13-15 წლის პანკუხა ბავშვებში (სქესის მიუხედავად) ძალიან გავრცელებულია მანია, რომ მათ ჭირთ რაიმე საშინელი დაავადება, ტვინის კიბო, სისხლის გათეთრება და სხვა მსგავსი სასიკვდილო დაავადებები, რომელიც მაშინვე არ კლავს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებს უტოვებს. ისინი ამ თემას ატრიალებენ ყველა მხრივ და ყველანაირად და ცდილობენ მაქსიმალური დეპრესია გამოწოვონ ამ ყველაფრიდან.

ეს ყველაფერი საკმაოდ ძველი ლეგენდაა, მაგრამ ამასწინათ მომიწია ონკოლოგიურ საავადმყოფოში ასვლა, რაღაც საქმეზე. რა საშინელებაა… ”28 days later” ან რამე მსგავსი ფილმი თუ გაქვთ ნანახი ზომბებზე, დაახლოებით მსგავსი ხალხი დადის მთელ საავადმყოფოში, ზოგი ოთახიდან კვნესა ისმის, ზოგიდან მოთქმა, ალბათ დიაგნოზის გამო, უცებ გვერდით ჩაგივლის კაცი, რომელსაც ნახევარი სახე გასიებული აქვს, მეორე ნახევარი კი დაბინტული… მოკლედ, სტანდარტული უჟასტიკია…

ნეტა ამ პანკუხებმა თუ იციან რას იბრალებენ? სავარაუდოდ არა, თორემ არცერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებდა ისეთ ზომბად ყოფნას, როგორებიც მე ვნახე…