იძულებითი დიეტა


ეს პოსტი ეძღვნება ყველა მსუქან ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა სიმსუქნე ფიზიკურია თუ ფსიქოლოგიური, მთავარია ამან დიეტა დაგვაწყებინოს. ო, როგორ მესმის მე თქვენი და ამავე დროს როგორ არ მესმის ის, თუ რატომ არ ეშვებით ამ ყველაფერს. ბოლო სამი დღეა ნორმალურად ლუკმა არ ჩამსვლია პირში და ახლა, რამდენიმე წამით რომ წარმოვიდგინე, რომ ასე უნდა გაგრძელდეს ორი კვირა, ძალაუნებურად დავიკელი 7 კილო, მარტო ამის გაფიქრებაზე. ასე რომ, ჩემო საყვარელო მსუქანო ხალხო, ან ვისაც გგონიათ, რომ მსუქნები ხართ, მოეშვით დიეტას, ჭამეთ ადამიანურად და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი იხილეთ ვიდეო ამ თემაზე:

link: http://vimeo.com/3387631

პ.ს. მგონი ვერ აქვს ვიმეოს ყველაფერი კარგად, 1:33-იან ვიდეოს 44 წამში უკრავს. ვნახოთ, თუ არ გამოსწორდა… იქნება ასე :) ან რამეს მოვიფიქრებ.

Update: ვიდეო თავიდან ავქაჩე, ახალ კოდეკში გადაყვანილი, გაპრიალებული და ხელის გულზე ნატარები. თუკი ესეც ისევე მახინჯურად გადაკონვერტდა, როგორც მისი წინამორბედი, სადაც ვიდეო ორმაგი სისწრაფით მიდიოდა და ხმა ჩვეულებრივად, როგორც აზერები იტყვიან (აზერული აქცენტით ანუ) ”და ჩორთ ს ნიმ, სმათრიცე თაქ” ანუ უყურეთ ისეთს, როგორიც არის. მე მეტის ნერვები არ მაქვს და საერთოდ, არ მაქვს მე ნერვები, ადვილად ფეთქებადი ვარ და მიფრთხილდით. ეს ბოლო გაფრთხილება არ ვიცი ვისთვისაა, მაგრამ არც ბენზინის კასრზე დაწერილ გაფრთხილებას ”ცეცხლსაშიშია” გააჩნია კონკრეტული ადრესატი, ზოგადად წერია. ასე რომ დატკბით ჩემი საცოდაობით და მომბაძეთ დიეტაში. ის ხომ ყველას ასე ჭირდება.

ბლოგერთა სხოდკები მაკდონალდსში


როდესაც 1937 წელს დიკ და მაკ მაკდონალდები ელისონ მაკრეისთან ერთად ჰოთდოგების რესტორანს ხსნიდნენ კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში, სულაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული მსოფლიო ბატონობა და მათი ზავიძენიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ზაბეგალოვკებისგან, რომლებითაც სავსეა ამერიკის ტრასები. დაახლოებით 11 წელი დაჭირდათ მათ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ადამიანების სიზარმაცეში და ეს ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ამოეყარათ მენიუდან ყველანაირი ”ზედმეტი” ერთეულები და მხოლოდ ჰამბურგერებზე, მილკშეიკებსა და კარტოფილ ფრიზე ორიენტირებულიყვნენ. გავიდა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და დადგა საშინელი ხანა კაცობრიობის ისტორიაში – მსოფლიოს თანდათან მოედო მაკდონალდიზაცია, სულ რაღაც 1968 წელს გაიხსნა მაკდონალდსის მეათასე და 1978 წელს მე-5000 რესტორანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თითქოს ამაში შემაშფოთებელი არაა, მსოფლიო პროგრესირებს და ბიზნესის კანონების მიხედვით საუკეთესო აღწევს ყველაფერს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იმას, რაც იყიდება მაკდონალდსის რესტორნებში, რომლებიც თვით უბადრუკ თბილისშიც კი სამი ცალია უკვე,  საჭმელი არ ქვია. თვით მაკდონალდსის თანამშრომლები აღიარებენ, რომ ეს ”საჭმელი”, რომელიც მზა სახით მოდის მათთან და მხოლოდ ორიოდე წუთის გაცხელება ჭირდება საბოლოო სახემდე მისაყვანად, ზუსტად ოცი წუთის მერე საჭმელად არ ვარგა. მართალია ისეც არ ვარგა, მაგრამ თუკი უახლოესი ნახევარი საათის მერე შეჭამთ იქაურ შედევრებს, როგორც მინიმუმ დიარეა გარანტირებული გაქვთ. უგემურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სულ მარტივად – აიღეთ ჩვეულებრივი ჰამბურგერი და მისი შიგნითა ნაწილი გასინჯეთ საწებლის და ყველაფრის გარეშე. ნუ შეგეშინდებათ ოღონდაც, გემოს შეგრძნება არ დაგიკარგავთ, მას ის უბრალოდ არ აქვს.

ამის პარალელურად მინდა მოგახსენოთ მეორე ფაქტი, რომელიც ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ – საქართველოში არის ბევრი ისეთი ეროვნული თუ არაეროვნული საჭმელი, რომელიც გემრიელიცაა და უსაფრთხოც, ფასზე რომ არაფერი ვთქვათ.

მაშ მოდით, ეს ყველა ფაქტი ერთად დავაჯამოთ და ერთად ვუპასუხოთ კითხვას – რატომ იკრიბებიან ქართველი ბლოგერები მაინცდამაინც მაკდონალდსში? შეთქმულებას ხომ არ აქვს ადგილი?