უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები


უმუშევარი / umushevariაგერ უკვე 8 თვე გავიდა, რაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უმუშევარი ვარ და როგორც იტყვიან, “სახლში ვზივარ”. თავიდან საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში აღარ მიწევდა სირბილი, დილით ადრე ადგომა აღარ იყო სავალდებულო და საერთოდაც, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. სადღაც ერთ თვეში კი, ბოლო ხელფასი რომ გამითავდა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. “სამუშაოს პოვნას რა უნდა, ამდენი რამე ვიცი” – ვფიქრობდი მაშინ და ძალიანაც არ ვღელავდი უმუშევრობაზე.

აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მეგონა. ასე არასოდეს გამჭირვებია ადრე სამუშაოს პოვნა, რამდენიმეკვირიანი უმუშევრობის შემდეგ რომელიმე სფეროში მაინც ჩნდებოდა თავისუფალი ადგილი, სადაც ვჭირდებოდი. ახლა კი მოჯადოებულ ორმოში ჩავვარდი და ამოსასვლელი აღარ გამოჩნდა. პოტენციურ დამსაქმებელთან რომ ნაცნობობა და ახლობლობა ყველა კვალიფიკაციაზე მეტად ჭრის, ეგ ფაქტი ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სანამ ვინმე ნაცნობის კომპანიაში გამოჩნდებოდა რამე, გადავწყვიტე ჩემთვის ახალი ხილი მეცადა და “სივების გზავნა” დავიწყე და ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ საოცარ პროცესთან დაკავშირებით.

პირველი დაკვირვება, რაც გავაკეთე, არის ვაკანსიები, რომლებიც დასაქმების საიტებზე იდება. მცხობელი, მეხინკლე, მძღოლი, ბუღალტერი – ესაა ვაკანსიების 90%. ხანდახან გამოერევა ასე თუ ისე საინტერესო ვაკანსიაც, სადაც რეზიუმეს გაგზავნა შეიძლება, თუმცა ხშირად გაგზავნილი სივი სადღაც, შავ ხვრელში იკარგება და არანაირ გამოხმაურებას არ პოვებს. თუმცა, თუკი ყველა ამ ფილტრს გაივლი და საბოლოოდ მაინც დაგიკავშირდა ვინმე, მერე იწყება ყველაზე სახალისო ნაწილი – გასაუბრება. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევენ დამსაქმებლები კადრებს. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა გასაუბრებაზე, სადაც ვიყავი, მათ ყველა მოთხოვნას გადაჭარბებით ვაკმაყოფილებდი, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ასეთი უნივერსალი იპოვეს და არაფრის დიდებით არ აპირებდნენ ჩემს ხელიდან გაშვებას, მაგრამ საბოლოოდ აღარავინ დამკავშირებია.

აქვე უნდა ვთქვა ერთი ფრიად ჩათლახური რამე, რაც ეტყობა ახლახანს აღმოაჩინეს. ესაა შეკითხვა “რამდენს ითხოვ ხელფასს?” ამ კითხვაზე ძალიან ვიბნევი. თუ მოთხოვნაზე და სურვილზეა, მე ვითხოვ რაც შეიძლება მეტს, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენის გადახდას აპირებს თავად დამსაქმებელი. თავიდან, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ვიბნეოდი ამ კითხვაზე, მერე კი შებრუნება დავუწყე უკან (როგორც ვიღაცეები იტყოდნენ, ჩაბრუნება) – “და რამდენს მთავაზობთ”. ამ კითხვის შემდეგ ყველას აშკარად აწერია სახეზე პასუხი, რომელსაც გახმოვანებაც არ ჭირდება. ეს პასუხია “რაც შეიძლება ნაკლები”. ალბათ ამიტომაც არ აქვთ თავად ხელფასის შემოთავაზება ხოლმე, ვაიდა ვინმემ გასაუბრებაზე იმაზე ნაკლები მოითხოვოს, ვიდრე ისინი გადახდას აპირებდნენ და ამ მხრივ მოგებაში დარჩნენ?

არის კიდევ მეორე სახის ვაკანსიები, სადაც თავიდანვე გეუბნებიან ხელფასს, თუმცა ეს ხელფასი არასოდესაა 300-400 ლარზე მეტი ისეთ საქმეში, რომელშიც წესიერი დამსაქმებელი 1000-1500-საც გადაიხდიდა. ერთხელ, რომელიღაც გამომცემლობაში შემომთავაზეს კვირაში 6 დღე მუშაობაში (დამკაბადონებლად) 250 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში “თუკი გამოსაცდელ ვადას წარმატებით გადავლახავდი”.

მოკლედ, ვრცლად წერა უკვე მეც მეზარება და ალბათ ვინც ამას კითხულობს, იმასაც ეზარება უკვე კითხვა, ამიტომ მოკლედ შევაფასებ ჩემი სამუშაოს ძებნის პროცესს – ფაქტიურად ფარ-ხმლის დაყრის ზღვარზე ვარ და დიდი ხნის იდეს განხორციელებაზე ვფიქრობ, რომ დავიწყო საკუთარი საქმე. ერთი პატარა საქმე, რომელსაც ჯერჯერობით ბიზნესს ვერც ვუწოდებ, არის ტატუს საქმე. ამაზე ვრცლად შემდეგ პოსტში მოგახსენებთ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ოდნავ მეტი სტაბილურობა რომ ჰქონდეს, საერთოდ დავანებებდი ფულტაიმ, საოფისე სამუშაოს ძებნას თავს და მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი ამ საქმეს რომელიც, საოფისე და ერთფეროვანი სამუშაოსგან განსხვავებით, სახალისო მაინც არის. თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასეც ვქნა…

ბოლოს კი საკუთარ თავსაც და უმეტეს თქვენგანსაც საოცნებო საქმის პოვნას ვუსურვებ, რომელსაც ხალისითაც აკეთებ და ანაზღაურებაც ისეთი გაქვს, რომ თავს მონად არ გრძნობ. ამ სადღეგრძელოთი გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე, რომელსაც იმედია მალევე დავწერ, რადგან ამასწინათ გადავწყვიტე, რომ ბლოგის ასე მიგდება საცოდაობაა.

JobLess


ესეც ასე… დავრჩი უმუშევარი. შემიძლია ვიგულავო. მაგრამ უმუშევარი რომ ვარ და ფული არ მაქვს რიღათი ვიგულავო?

მოკლედ დილემაა რა, მუშაობ, ფული გაქვს, მაგრამ ნეგძე პატრაწიწ, იმიტომ რომ მუშაობ, არ მუშაობ და არ გაქვს ფული და ნეჩევო პატრაწიწ… პარადოქს ბლია…

ისე, ჯობლესობა კაია, საწყის ეტაპზე მაინც, ანუ ჩემს ეტაპზე, განვისვენებ სახლში, აგერ ხვალ ბოლო ხელფასს ავიღებ რადიოდან და მერე უნდა ვეძებო, შენ ხარ ჩემი ბატონი, ახალი სამსახური. თვარა ვიქნები ასე გატყავებული.

ეგეც მედლის ორივე მხარე.