ჰელოვინი და ღვიძლი


ესეც ასე, მოვიარე ქუთაისი და ჩამოვედი ისევ სახლში. რა მინდოდა ქუთაისში? რაღა თქმა უნდა, ჰელოვინის აღნიშვნა. ახლა იმდენად დაღლილი და მიწასთან გასწრებული ვარ, რომ არც წერა მინდა, არც კითხვა, არც ლაპარაკი, ერთადერთი რაღაც მინდა – ჩემს ბალიშს ჩავეხუტო და დავიძინო.

არადა მიზეზი კი მაქვს დაღლილად ყოფნის, ორდღენახევრის განმავლობაში იმდენი და იმდენნაირი რაღაც დავლიე, რომ ვგონებ უღვიძლოდ დავბრუნდი უკან, თუმცა მარტო სმაში არ იყო საქმე. იქვე ერთი ძალიან სასარგებლო რაღაც გავაკეთე და თუკი ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ვგეგმავ, ცოტა ხანში თქვენც გაიგებთ რას ვგეგმავ :) მოკლედ არეულად და რთულადაა საქმე, მაგრამ რას იზამ, აზროვნების ბოლო ნამცეცები ჩახუთულ და უჰაერო ავტობუსში დავტოვე, სადაც ოთხი საათის განმავლობაში გამწვანებული სახით ვიჯექი და იმ წუთს ვწყევლიდი, როდესაც ბილეთი ვიყიდე. მძღოლმაც ეტყობა შეატყო, რომ ძალიან მეჩქარებოდა ავტობუსიდან ჩამოსვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და ყველა ლუკი დაკეტა, ყოველნაირი კონდიცირების აპარატი გამორთო და მაქსიმალურად ნელა მოაკატავებდა ავტობუსს. მოკლედ მძღოლის ჯინაზე გადავრჩი.

რაც შეეხება ქალთა სახეებს ვეფხისტყაოსანში ანუ ბლოგერების და ქუთაისური ჰელოვინის შედარებით დახასიათებას, ჯერჯერობით არ ვიცი აქ რა ქნეს და როგორ, ასე რომ ვერც ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით პოსტჰელოვინური პოსტები არ შემიმჩნევია არსად. ეტყობა არ ვეძებ კარგად…