რა მიყვარს მე?!


კითხვა რთულია და დაფიქრებას საჭიროებს, მაგრამ ერთი ცხადია, არ მიყვარს თოვლი, თბილისში რომ იცის ხოლმე ტალახიანი თოვლი, ეგეთი. ზუსტად ეგეთი თოვლი იყო გუშინ, შესაბამისად გუშინდელი დღე სულაც არ იყო ჩემი საყვარელი დღეების სიიდან. არასაყვარელ დღეს კი ყველაზე კარგია სახლში ჯდომა, თბილად და ბედნიერად, კონიაკიანი ჩაის წრუპვა და ბოდლერის შემოქმედებაზე ფიქრი, ცხადია პეროს დახმარებით.

მიუხედავად გარემოებათა ასეთი ცხადი დამთხვევისა, რომელიც მომიწოდებდა დავრჩენილიყავი სახლში და დავკავებულიყავი ზემოთხსენებული საქმიანობით, ჩავიცვი ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი, ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სადარბაზოდან გამოვედი. მიზეზი და მიზანი ფრიად დიადი და ამაღლებული მქონდა – კლიპის პრეზენტაციაზე მივდიოდი. ამიტომაც არ შევიმჩნიე არც ის, რომ არც თუ ისე თბილი ქარი ისედაც საზიზღარ ფიფქებს დიდი მონდომებით მაყრიდა სახეში და კისერში და მეტროში ჩავყვინთე.

კლიპის პრეზენტაცია დაგეგმილი იყო კინო ”რუსთაველში” და ჩვენც, ალბათ ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, 4-ის ნახევარზე დაგვიბარეს. შესაბამისად მეც ზუსტად 10 წუთი რომ აკლდა ოთხს, ქუდზე და მხრებზე საკმაოდ დადებული თოვლი ჩამოვიბერტყე და ფოიეში ამაყად შევაბიჯე. ფოიე სავსე იყო ცნობილი, ნაკლებადცნობილი და ჯერ კიდევ უცნობი სახეებით, რომლებიც ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით დააბიჯებდნენ აქეთ-იქეთ. აქვე გავიგე რაშიც იყო საქმე – სტუდია ”კრეატივს” (ხო, ხო, ”ჩვენი ოფისი” რომ გადაიღეს, მაგათ) რაღაც ფილმის გადაღება დაუწყია, ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” სათაურით და მაგის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით გაურკვეველ დროს. მიუხედავად ასეთი ჩახლართული სათაურისა Continue reading “რა მიყვარს მე?!”

Advertisements

დაბადება


გუშინ, დოდკასი არ იყოს, სამშობიაროში ვიყავი. არა, არც ჩემი ბავშვი გაჩენილა და მე, როგორც ნამდვილ ახალბედა მამას შეეფერება გარეთ არ მინერვიულია, არც ძმაკაცის ან დაქალის ბავშვი გაჩენილა და მე როგორც ნამდვილი ახალბედა მამის ნამდვილ ძმაკაცს შეეფერება კაპოტზე სუფრა არ გამიშლია და საერთოდ, ბავშვების სანახავად არ ვყოფილვარ.

საქმე იმაშია, რომ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ძალიან მძიმე დღე. და დღე რომ მძიმე იქნებოდა, ამას გუშინ დილითვე მივხვდი, როდესაც ლუდის ცარიელმა ბოთლებმა საწოლის გვერდზე გამახსენეს, რომ წესით თავი უნდა მქონოდა გახეთქვაზე. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ შოსთან და კამპანიასთან ერთად შარაგულში მოვხვდი, გაუგებარი მექანიზმებით ფხიზელმა გამოვაღწიე იქედან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ღამის 12 საათისკენ ჩაჩავას სამშობიაროს ეზოში ვიდექი და ვიღაც სიამაყით აღსავსე ტიპს რაღაცეებს ვულოცავდი. ვინ იყო ის ტიპი, ბუნდოვნად მახსოვს.

სამშობიაროს ეზო გატენილი იყო ხალხით, მანქანების კაპოტებზე შამპანურები ჩამოწურწკულებდა და შოკოლადების ნატეხები ეყარა, ვიღაც ვიღაცას ეხვეოდა, ვიღაცა ფანჯრებს შებღაოდა რაღაც უცნაურ სახელს, მაგრამ ამაზე არ ვწერ ახლა. ამ მთელს აურზაურში ადვილი შესამჩნევი იყო გარკვეული სეპარატისტული დაჯგუფებები, რომლებიც სმაშიც, ღრიანცელშიც და საერთო აურზაურშიც თითქოს იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უცნაური. ეს დაჯგუფებები გარეგნულად წარმოადგენდა ერთად მდგომ ორ-სამ გოგოს, რომლებიც უცნაურად დადუმებული სახეებით წრუპავდნენ შამპანურს და ასევე უცნაური სახეებით ამოიოხრებდნენ ხოლმე. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ ცხადყო, ეს გოგოები იყვნენ ძირითადად იმ დღის გმირების დაქალები.

საოცარია პირდაპირ, მართლაც რამდენად განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება, ამ ერთ პატარა მაგალითზე დაფუძნებითაც კი. იქ შეკრებილი საზოგადოების მთელი მამრი ნაწილი გაქაფული დარბოდა იქეთ-აქეთ,  მოარბენინებდა აღნიშვნის საშუალებებს, დაძვრებოდა ექიმებთან და ცდილობდა ვინმე მოექრთამა, რათა მისი ნაყიდი ორცხობილების პაკეტი, ერთადერთი და განუმეორებელი პაკეტი სხვა დანარჩენებს შორის, მოხვედრილიყო იქ, სადაც საჭიროა. მდედრები, უფრო კონკრეტულად კი  სეპარატისტული დაჯგუფებები, ამ დროს თავიანთ წარმოსახვაში უკვე ვინ იცის მერამდენედ მშობიარობდნენ, ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ ფანჯრებიდან, მიირთმევდნენ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ორცხობილის პაკეტს, რომელმაც მათ პალატამდე მისაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა და ამ დროს თვალებით ამ თავიანთი წარმოსახვის პოტენციურ გმირებს არჩევდნენ ფარულად, ეზოში შეკრებილ ხალხში.

ასეა თუ ისე, ბავშვის დაბადება მართლაც ყველას უხარია, თავად ამ ბავშვის გარდა. რა ეგოიზმია ჩვენი მხრიდან…