რა გვინდა ბლოგ შეხვედრებისგან


უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ბლოგერთა სხოდკები საშუალო სიხშირით იმართება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი სხოდკა იყო პირველი, რომელზეც მე ვიყავი. ჩემი არმისვლის მიზეზები სხვადასხვა იყო ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ სხოდკები მაკდონალდსში იმართებოდა, მე კი მაკდონალდსში მხოლოდ ტუალეტისთვის დავდოვარ ხოლმე, ისიც როცა ახლოს ვარ.

გუშინდელი სხოდკა იმით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, რომ ფორმატი იყო არჩეული ”ხინკალი და ბლოგერები”-ს სახის, შესაბამისად კუჭ-თვალს უხაროდა. და მოუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად სამსახურის გადაგდება მომიწია, მაინც მივედი. პირველი, რამაც გამახარა იყო ორი სტუდენტი გოგო – სასიამოვნო სურპრიზი. თუ არ ჩავთვლით ბევრკილოდაკლებულ როკოს, მეტი სურპრიზები არ ყოფილა. სხოდკაზე, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ღრეობაზე სამიოდე ფოტოაპარატი შევამჩნიე, თუმცა სურათებს ყველა ჟოჟკავს.

თუმცა ეს პოსტი არ ეძღვნება იმას, ვინ რამდენი ხინკალი ჭამა და ვინ რამდენი დალია, ეს არის დამაფიქრებელი პოსტი – ასეთი ფორმის სხოდკები არის თუ არა მარაზმი, როდესაც გრძელ მაგიდას 15-20 კაცი უზის და 3-4 სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობენ, კუტოკ-კუტოკ. საერთოდ, რა გვინდა ბლოგერთა სხოდკებისგან, ისაა ჯერ გასარკვევი. ანუ თუკი მას უნდა ქონდეს უბრალოდ ურთიერთგაცნობის ფორმა და მეტი არაფერი, მაშინ სახინკლეც კარგი ადგილია ამისთვის და იპოდრომიც, სადაც რამდენიმე ლუდდაკლებული ახალგაზრდა წავედით კიდეც სახინკლის მერე და პრინციპში გავტყვერით, მე მაინც ყოველ შემთხვევაში. მაგრამ დოდკას აქვს მეორე იდეა – სხოდკას უნდა მიეცეს რაღაც მინიკემპის ფორმა, ან ვორკშოპი. პრინციპში ეგეც კარგია და ესეც და საერთოდაც, სახინკლეში რომ ამაღლებულ თემებზე არ წავიდოდა ლაპარაკი, ეს ხომ ცხადი იყო?

ასე რომ ველოდოთ მომავალს, დრო გვიჩვენებს რა ფორმა მიეცემა ბლოგერთა ურთიერთობებს. ვორკშოპის იდეა კი მართლაც რომ კარგია.

Advertisements