ცხინვალი თუ სახლი? (მეხუთე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეოთხე]

საღამოვდება. ექვსი საათიდან, მაღვიძარის სიზუსტით ბაყაბუყი ისმის გორის მხრიდან. ჩვენებიც ისვრიან, თანაბარ ზალპებზე ეტყობა. ალბათ დადუღებულია იქაურობა, ძალიანაც კარგი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო პატარა ავტობუსი გამოდის ჩვენთან და რამდენიც ეტევა და რამდენიც არ ეტევა, ყველა მიყავს, როგორც ამბობენ აგარაში. რა ხდება აგარაში ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც უნდა წავიდეთ. რაღაც თეთრი მარშუტკა აჩერებს და ვიღაც კაცი შეწუხებული სახით კითხულობს ”ჩემი ბიჭი ხომ არ გინახავთო”, რა უნდა უთხრა? საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ ამ მარშუტკაში ვართ ჩაწყობილები ორ სართულად და აგარაში მივდივართ.

რაღაც ბენზოკალონკის გარშემოა ხალხი შეკრებული, ცოტა მოშორებით ავტობუსებიც ჩანს და რაც მთავარია, გადასახვევის პირას ავბედითი და სულისშემძვრელი წარწერა ”ცხინვალი 50”. ნამდვილად ვერაა კარგი ამბავი ახლა თუ ჩვენ ცხინვალში წაგვიყვანეს, თან ისეთი პონტიცაა, აქამდე მოვედით და ახლა ბოლო მომენტიდან სახლში წასვლაც… ჩვენი წარგზავნილი წარმომადგენელი ფრიად დამწუხრებული სახით დაბრუნდა უკან და გვამცნო – ვისაც უნდა ცხინვალში წავა და ვისაც არა და ჩააბარებს იარაღს და სახლისკენო. აი მანდ დამენძრა…

ბავშვობიდან მეშინოდა სიკვდილის, უფრო სწორად ასე მეგონა, რომ მეშინოდა, მერე ცოტა რომ გავიზარდე და დაფიქრების უნარი შევიძინე, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ის, რისიც ადრე მეშინოდა, სხვა არაფერი იყო თუ არა გაქრობის შიში, უკვალოდ გაქრობის. და იქ, აგარის გადასახვევთან კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ ვიგრძენი ეს შიში, არ მინდოდა უკვალოდ გაქრობა. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ამოყრილ ტანსაცმელთან და დავყურებდი ზემოდან. ჩავიცვა ეს და წავიდე სახლში ასე მშვიდად და აუღელვებლად და დაველოდო, როდის მომაკითხავენ თუ გავაკეთო კიდევ ერთი სისულელე, დავიკიდო ყველა და ყველაფერი და წავიდე გაურკვევლობაში? ბიჭებს ავხედე, რომლებიც იდგნენ ასევე შუაში გაჩხერილები და უხერხულად იღიმებოდნენ, მერე შარვალი გაუბედავად ავიღე და ჩანთაში ჩავტენე…

ღამე ვიღაცის ეზოში გავატარეთ, კბილების კაწკაწში და შორიდან მომავალი გრუხუნის ფონზე. მთელი ღამის განმავლობაში გვიბერავდა გამყინავი ქარი, რომელიც ყველაფერში ატანდა და ჩვენც, რომ არ გავყინულიყავით, ტელეფონის და გვერდზე ჩავლილ-ამოვლილი კამაზების შუქზე ვთბებოდით. კამაზები და პიკაპები კი ბევრი დადიოდა, ზოგი ზევით, ზოგი ქვევით, მოგვაშუქებდნენ პროჟექტორებს, ძლივს ჩაძინებულებს გამოგვაფხიზლებდნენ და იკარგებოდნენ. შესანიშნავი სვეტამუზიკაა, შორიდან გრუხუნი და აქვე პროჟექტორები. ქარი მაინც არ იყოს… დაახლოებით 4 საათისთვის ვიღაცეების ყვირილმა წამოგვყარა. გზაზე აშკარად რაღაც ხდებოდა. უფრო და უფრო მეტი ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ და რაც ყველაზე უცნაური იყო, უკვე მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქვემოთ. მთელი გადმოსახვევი უცნაურ ქაოსს მოეცვა, ხალხი მორბოდა, მირბოდა, იარაღებს აქნევდა და რაც მთავარია სხვადასხვა ცნობებს ავრცელებდა, რომელთა აზრიც საბოლოოდ ერთი გამოდიოდა – უკან ვიხევთ, ჩვენები გამოდიან, ჩავიჯვით და ა.შ. ერთი ცრუ განგაშის მერე ლეიტენანტმა რემბომ ისევ ეზოში შეგვყარა და დაგვაიმედა, დაწყნარდება აქაურობა და ჩვენც წავალთო. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, უფრო თბილად მოვეწყვეთ დასაძინებლად, მაგრამ არ დაგვცალდა. ამჯერად უკვე ნამდვილი განგაში იყო, ყველაფერი მოვხიკეთ რაც გვქონდა, ტყვიების სავსე და ნახევრადცარიელი ცინკები, ”ცხინვალში ლაშქრობის” წინ პიკაპებიდან ახვეტილი რაჟოკები, რომელსაც ხალხი ისევე უპრაგონოდ ყრიდა, როგორც მოუხვდებოდა და პაპუტკებს აჩერებდა თბილისისკენ მიმავალს, ჯერ კიდევ შეღამებამდე, რამდენიმე ზედმეტი კასკა და ავტომატი, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა და ყველაზე მძიმე ამ ტვირთში – საკუთარი ტრაკები. არცერთი გაღუნღულებული ლოგინიდან არ გამჭირვებია ტრაკის აწევა და სადმე წასვლა, როგორც აქედან. უზარმაზარი ტვირთის ქვეშ ორად მოხრილი ვიდექი შუა ტრასაზე, მწყობრში და გაურკვევლობას ველოდებოდი…

გაურკვევლობამაც არ დააყოვნა და ჩვენი 121-ე ბატალიონი, უფრო სწორად მისი მოქმედი ნაწილი საიდანღაც გაჩენილ ყვითელ ავტობუსში ჩასხდა, მოგვაძახა ქარელში შევხვდებითო და სიბნელეში გაქრა. გასაოცრად მიმზიდველ პოზიციაში აღმოვჩნდით – შუაღამისას, ტრასაზე, კბილებამდე შეიარაღებულები და მეთაურის გარეშე. დაახლოებით ნახევარი საათი გამაგრებული გვქონდა ადგილი ავტობუსებთან, ფორმაგახდილი და გრაჟდანებში გამოწყობილი აწ უკვე ყოფილი რეზერვისტებისგან ვიცავდით და ისე ვივაჟკაცეთ, რომ გამთენიისას ჩვენს ძველ ადგილებზე ვიყავით წამოწოლილი ბუჩქის ძირას, ქარელის გადასახვევში. მთელი 102-ე ბატალიონი ესღა ვიყავით დარჩენილი, ერთი ბუჩქის ქვეშ შეწოლილი ათი კაცი.

თვალი რომ გავახილე, უკვე გათენებული იყო, ჩვენს გარშემო კიდევ სხვა ბატალიონის ნარჩენებიც იწვნენ და სუხოი პაიოკების პაკეტებს აფრიალებდნენ. იმდენი საჭმელი და ისე ცოტა ხალხი ვიყავით, რომ პაიოკები ჩვენც შეგვხვდა. ცოტა კუჭები გავიხსენით და ისევ ავტობუსებში ჩაგვსხეს, ამჯერად, წინა დღეებისგან განსხვავებით, ცოტა შეშინებული სახე ქონდა ოფიცერს, უკან ვიხევთ, ქარელისკენო…

”მესამე დღეა იარაღი მაქვს ასხმული და აღმა-დაღმა დავდივართ. ახლა ქარელის ახლოს ტყეში ვართ ”გამაგრებული” ორმოცდაათიოდე კაცი და ველოდებით. ორმოცდაათივე რეზერვისტია, ერთი პოლკოვნიკი გვყავს და ერთი კაპიტანი, მაგარი როჟაა ეს კაპიტანი, თემური გაბისონია, რომ შეხედავ, რემბოს გავს ქცევითაც და ვიდზეც, დიდ ლიფჩიკში ათასი ხარახურა აქვს ჩალაგებული, თან ყველა აუცილებლად საჭირო. სამი დღის განმავლობაში პირველად გავიხადე ხებე, ბატინკებზეც შნუროკები მოვიშვი და ჩემს ჭუჭყიან წინდებს დღის სინათლე ვაჩვენე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კვირაზე მეტია აქ ვართ…”

– აქ წყდება ჩემი პირველი და ბოლო ჩანაწერი. ამის მერე ბევრიც აღარ გაგვიტრაკებია, საღამოსკენ გავიგეთ, რომ პიზდეც რეზერვისტამ, დავსხედით რაღაც პიკაპზე და კოჯრისკენ დავაწექით რიხინ-რიხინით, იქვე ჩავაბარეთ ჩვენი ბედკრული და ტყვიაგაუსროლელი იარაღები, რომლებიც სამი დღე ჯართად გვაწვა ბეჭებზე და ათ აგვისტოს, საღამოს სახლში ვიყავი. ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, ამბავი უდიდესი სისულელისა და უთავობისა.

Ура-პატრიოტიზმი


მორჩა ომი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ნამდვილად მორჩა, რუსეთი კი ახლა იწყებს ომს, მუღამში ახლა შედის… ომი დამთავრდა და ამ ომში რომ ნამდვილად არ ვართ გამარჯვებულები, ეს ისეთივე ცხადია როგორც ის, რომ გორში რუსული ტანკები დგანან.

ორი დღეა ჩამოვედი და გაოცებას ვარ მიცემული, ისე განსხვავდება აქაური და იქაური რეალობა ერთმანეთისგან, თითქოს ორი სხვადასხვა ქვეყანა იყოს და იქ რაც ხდება, აქაურებს არ ეხებოდეთ. პირველივე დღეს ქუჩები გატენილი დამხვდა დროშიანი და მოზეიმე ხალხით, გამოვყლევდი ფაქტიურად, მერე გავიგე, რაღაც კონცერტიდან მოდიოდნენ თურმე. მანქანებიდან ვიღაც ძერზკი როჟები იყვნენ გადმოყოფილები და დროშების ძერზკი ფრიალით ძერზკარ ყვიროდნენ რაღაცას, წიპა ”კბილებით დავღრღნით მტერს”-ის დუხში. არადა ზუსტად ეგეთი ძერზკი როჟები ყრიდნენ პირველები იარაღს და სახლში გამორბოდნენ.

ასე არ შეიძლება… მარტო დროშების ფრიალით ვერ მოვიგებთ ომს…

პ.ს. რა ხდებოდა ჯარში და როგორ, ამას ცოტა მოგვიანებით დავწერ…

%d bloggers like this: