მეცხრე ტალღა – ეპიზოდი პირველი


პირველად დაპოსტილია არტ-იდეას საიტზე, 2009 წლის 12 ივნისს.

Soundtrack: Aes dana – Onset Data [Youtube]

უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის მძიმე კორპუსს შეფარებული თავბედს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ კაჩინსკის არ დავუჯერე და მაგნიტური დამატენიანებელი დილითვე არ ჩავრთე. ახლა ისღა დამრჩენოდა, რომ უდაბნოსავით ამომშრალი რეზერვუარისთვის მემზირა და იმედი მქონოდა, რომ ლეიტენანტი ჩემს შემცვლელს ვადაზე ადრე გამოაგზავნიდა, სხვა თუ არაფერი დღისით მიწევდა მორიგეობა, ეს კი ორმაგად რთული იყო.

ადგილი, სადაც ჩვენი თავდაცვითი ბასტიონი იყო აშენებული დიდი და უხეში ლოდებისგან, წარმოადგენდა იმ რამდენიმე გადარჩენილი ოაზისიდან ერთ-ერთს, რომელიც ტოტალურ გაუწყლოვნებას გადაურჩა გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში. დაცვა კი მართლაც საჭირო იყო, დღე არ გავიდოდა, რომ ვინმე ახალი ბედის მაძიებელი არ შეგვებრაწა თერმოლაზერზე. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა იმის იმედად, რომ აქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამარეს პოულობდნენ, უძრავ და გავარვარებულ ქვებს შორის. და ასე გრძელდებოდა უკვე დიდი ხანია. ხალხი მოდიოდა, ხალხი რჩებოდა. ოაზისის რესურსები არ იყო იმდენი, რომ ყველა მსურველისთვის გაეძღო მუცელი.

…ობიექტივში მყოფი ერთადერთი ცოცხალი არსება – პატარა ყვითელი ხვლიკი უეცრად გაქრა კადრიდან და მტვრის პატარა ღრუბელი დატოვა. ოკულარს მოვცილდი და იქეთ გავიხედე, საითაც ხვლიკი მეგულებოდა, თუმცა კი იქამდე ერთ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა, ასე რომ მოთახთახე ჰაერის სიღრმეებში ვერაფერი გავარჩიე. ისევ ოკულარს მივაკვდი და ნელ-ნელა მოვაშორე კადრი.

-ტომენ, ხედავ იქეთ, მესამე სექტორში? – ჩამესმა ყურში კაჩინსკის მოგუდული ხმა – რამდენიმეა მგონი.
-ვხედავ, ისეთი არაფერია, მოლაყლაყებს თავისთვის, ნელა და ძლივს, ეტყობა რომ უჭირს სიარული – გაოფლილი ხელები ბარძაყებზე შევიწმინდე და ისევ გავიხედე ოკულარში – არაფერი განსაკუთრებული, კაჩინსკი, პანიკას მოეშვი და ცოტა წყალი მიისხი სახეზე, ხომ ხედავ მზე ცუდად მოქმედებს შენზე – გავეღრიჭე კაჩინსკის და სიგარეტის ნამწვი ამოვჩიჩქნე გულის ჯიბიდან.

სანამ მე და სიგარეტის საცოდავი ნამწვი ერთმანეთს ვატყუებდით, კაჩინსკი დაძაბული იყურებოდა ოკულარში, მერე უცებ ამომხედა და თითქმის ამომყვირა:
-ტომენ! სასწრაფოდ ქვემოთ და უფროსობას დაუძახე! სირბილით და შეკითხვების გარეშე!
ცოტა ხანში ლაზერის კოშკურაში ტევა აღარ იყო, ყველა ცდილობდა გაეხედა საჭვრეტის ოკულარში და გაეგო – მართლაც რაშია საქმე. იქვე კაჩინსკის გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო…

[ გაგრძელება იქნება ]

რეინკარნაცია – Art იდეასთვის


მე ვიყავი წერტილი, ყოველგვარი ზომის გარეშე, ჩემში იყო კონცენტრირებული მთელი სამყარო, ამიტომ მე ძალიან ამაყი წერტილი ვიყავი. ჩემი სიამაყის საფუძველი ისიც იყო, რომ მთელს ჩემს გარემომცველ სამყაროში ერთადერთი წერტილი ვიყავი და შესაბამისად-ყველაზე კარგიც. არ არსებობდა ჩემს გარშემო არც დრო და არც მანძილი, ამიტომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი უსასრულობა. შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, თანდათან ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ძალა იღვიძებდა და ფართხალებდა, თანდათან უფრო და უფრო ძლიერად ისე, რომ ბოლოს უკვე ძლიერი რყევა დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით არ ვნებდებოდი ამ ძალას და წერტილად ვრჩებოდი. მალე ვიგრძენი, რომ რაღაც ნაკადები გაჩნდა ჩემს გარშემო სამყაროში, რომელიც წესით ცარიელი უნდა ყოფილიყო. კარგად დავაკვირდი – ეს ნაკადები ჩემგან გადიოდა, ოღონდ ვერ მივხვდი რა იყო, სითხე თუ სინათლე. ამაზე ვეღარ ვფიქრობდი, ის ძალა უფრო და უფრო ძლიერად მაწვებოდა შიგნიდან და მხეთქავდა, მე ვუძალიანდებოდი, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო სუსტად, ჩემში რაღაც უცნაური და ახალი გრძნობები ათამაშდა, თითქოსდა მინდოდა კიდეც, რომ ამ ძალას გავეხეთქე, აღარ ვყოფილიყავი წერტილი, შექმნილიყო ჩემს გარშემო დრო, სივრცე და საერთოდ, სამყარო.

და მეც გავსკდი…

bigcrow-010-reinc

… ყველაფერი წყლების დაღვრით დაიწყო, შემდეგ კი მოვლენები ისე მიეწყო ერთმანეთს, როგორც მძივის თვლები, ჯერ დრო შეიქმნა, მერე სივრცე შეივსო ჩემს გარშემო და ბოლოს ამ სივრცეში მეც გამოვყავი თავი, ფრთხილად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი – არ მომეწონა და ავტირდი. დიდხანს ვტიროდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ცოტა ხანს, რადგან ჯერ კიდევ დაბინდული თვალებიდან პირველი რაც დავინახე, ჯერ კიდევ ახლახანს მიტოვებული ადგილი იყო. და ჯერ კიდევ პატარა ყურებში ჩამესმა გარშემომყოფების გამოცემული ხმები, რომლებიც მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ახლა კი ვიცი რაც არის:

-…მასში ვარსკვლავი ჩასახლდა, ახდა წინასწარმეტყველება… ღმერთის შვილი დაიბადა…

Link: http://artidea.wordpress.com/2009/06/08/reincarnation-by-bigcrow/

Dream City – epizode 3


[ მეორე ეპიზოდი ]

ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. გონებაში ამოტივტივდა ჩემი საყვარელი პლატფორმა, მუდამ მომღიმარი მექანიკოსი, რომელსაც საოცრად რბილი ხმა და გამაბრუებელი სურნელის თმა ჰქონდა და სახლში მომინდა.

ეს დარბაზი გავიარეთ და მეორე, სიდიდით არანაკლებ დარბაზში შევედით, თუმცა აქ ერთი შეხედვით არანაირი ხელსაწყო არ იდგა. დარბაზის შუაში შევნიშნე მხოლოდ რამდენიმე ნახევრად გამჭვირვალე ცილინდრული ოთახი, რომლებიც ერთმანეთს დაახლოებით ჭერის ნახევარ სიმაღლეზე გაკეთებული აივნით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ნახევრად იყო გამოღებული და უამრავი კაბელი ნაწლავებივით ეყარა ძირს. Continue reading “Dream City – epizode 3”