13:12


ეს დაწერილია 13 წუთსა და 12 წამში, ზუსტად ამდენი ხანი გრძელდება ის მუსიკა, რაც ამ ყველაფერს ფონად ადევს: Necrophorus – Partial melt

ბინდში ვარ ჩაძირული, ბლანტ და თბილ სიბნელეში, მხოლოდ ხმები მესმის, ოღონდ ვერ ვხვდები საიდან. ტანში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ და არ ვცდილობ თვალი გავახილო. არ ვიცი რას დავინახავ… ხმებმა მოწესრიგებული ხასიათი მიიღო და ერთიან მუსიკად შეიკრა. თვალები გავახილე…

მრგვალ კაბინაში გამეფებულ სიბნელეს მხოლოდ ნახევრად დახურული ილუმინატორიდან შემოსული სინათლის ვიწრო ზოლი არღვევს. კაბელს მოვქაჩე და ილუმინატორთან მივცურდი. ხელსაწყოების ზუზუნი და ცუდად მიხურული კარის ჭრიალი ერთ მთლიან ფონს ქმნის და ამას ემატება უწონადობის შეგრძნება. ჰაერი ოზონის სუნითაა გაჯერებული. ღრმად ჩავისუნთქე და ილუმინატორის საფარი გავაღე.

მზის მკაცრი დისკო დამცავი საფარველის მიღმა რბილად და სასიამოვნოდ ანათებს, შემიძლია შევხედო და ვუყურო ისე, რომ თვალი არ მომჭრას. მაგრამ მზის ყურება არ მინდა და ქვემოთ ვიყურები იქ, სადაც ასე ნაცნობი და თბილი დედამიწა ჩანს, ნახევრად განათებული ცალი მხრიდან, მიყურებს და მეფერება თავისი მოცისფრო ნათებით. რაოდენ მშობლიური და ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის, რამდენი კარგი რაღაც არის მასთან დაკავშირებული და რა დასანანია, რომ ასე ცოტა დროა დარჩენილი…

მკვეთრი მოძრაობით ვწყდები ილუმინატორს და მოპირდაპირე კედლისკენ მივცურავ, სადაც ტყავის კედლიდან ოთხი წითელი ციფრი მიყურებს და მამცნობს იმ დროს, რაც დარჩენილია ბოლომდე, დასასრულამდე – 04:33… ოთხი წუთი და ჩემს ქვემოთ გადაშლილი მოცისფრო დისკო ცეცხლით შეიმოსება, სიწითლემდე გავარვარდება და არარაობად იქცევა. და მე დავრჩები მარტო, სრულიად მარტო, მშობლიური პლანეტის ნამსხვრევების თავზე.

ხომალდი ნელა ტრიალებს. მზე გაქრა მრგვალი ჭრილიდან და ახლა მთელს ცას მხოლოდ ცისფერი დისკო ფარავს, რომელსაც უკვე შესამჩნევი სისწრაფით უახლოვდება ის, თეთრი და ცივი სიკვდილი, რომელსაც უკან გიჟური სისწრაფით მიყვებიან თავისივე გამოტყორცნილი გაზები, მზეზე ირეკლებიან და ბრწყინავენ ცისარტყელის ფერებში. რა ლამაზია და ამავე დროს რა საშიში.

გონს სამართავ პულტზე დაჯახებამ მომიყვანა და მეც მოვწყვიტე როგორც იქნა თვალი ილუმინატორს. ქვემოთ ალბათ უკვე პანიკაც აღარაა, ხალხი მუხლებზე დამხობილი ასცქერის ცას, საიდანაც მათ სიკვდილი უახლოვდებათ. და რა საოცარია, ნეტავ მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვარ თუ ისინი? სულ რაღაც… ორ წუთში ხომ მე აბსოლუტურად მარტო დავრჩები, უკანასკნელი ადამიანი მთელს სამყაროში. ციფრები სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.. თვალებს ვხუჭავ და სამართავ პულტს ორივე ხელით ვეჭიდები. შემდეგ ასევე თვალდახუჭული ვპოულობ მთავარ ბერკეტს და ჩემსკენ ვექაჩები.

მესმის როგორ ასისინდა ხომალდის უკან ძრავები, ცისფერი დისკო ამოძრავდა და წინა ილუმინატორისკენ გადაინაცვლა. ის უკვე ცა აღარაა, ჩემს ქვემოთ მოექცა. გვერდით ვხედავ, როგორ მიექანება ჩემთან ერთად ქვემოთ კლდის უზარმაზარი ნაჭერი, თანდათან ცეცხლი ედება. ვერ უნდა ჩამასწროს! არ მინდა ჰაერში სიკვდილი. ბერკეტს ბოლომდე ვწევ, სავარძელს ვპოულობ და აკანკალებული ხელით ვებმები ზედ. მოვდივარ, დედამიწავ, მოვდივარ!

In Sci-fi we trust


Science Fiction – სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრი. ეს არის ჟანრი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და გულს მფხანს. აზიმოვის წიგნები, ჰალფ-ლაიფის თამაში, უამრავი კინო, ჩამოთვლა ბევრის შეიძლება. მაგრამ ახლა ამ ჟანრის ქებას არ ვაპირებ. პატარა გადაწყვეტილება უნდა გავახმოვანო.

ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი პირველი Sci-fi ლიტერატურული მცდელობა, დაწერილი არტ იდეასთვის, რომელიც ეგრეც არ დამიმთავრებია, დუხი არ მეყო (Dream city -epizode 1). თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი პატარ-პატარა იდეა მიტრიალებს, რომლებსაც როგორც იქნა მოვუყარე თავი და გადავწყვიტე რამე დიდი შევქმნა. ეს ამბავი მროველსაც შევთავაზე, ერთობლივი მუშაობის ამბავში, ისიც დამთანხმდა (ტოჟე მნე ბრაწია სტრუგაცკი).

რა გამოგვივა ერთად მუშაობით ჯერ არ ვიცი, მაგრამ მარტო წერას ჯობია, სხვა თუ არაფერი ორი ტვინი ერთზე უკეთესია და თანაც სიზარმაცის დაძლევის ამბავშიც უფრო მარტივია… გვისურვეთ წარმატებები. სტილი არ ვიცი ჯერ, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც სპეისზეც იქნება.

Earth from Sky

Update:

სამუშაო პროცესი დავიწყეთ უკვე. როგორც ჭეშმარიტმა ხარდკორისტებმა კლავიატურები გვერდზე გადავდეთ და პასტა-ფურცელს მივაწექით. გთავაზობთ მუშაობის ამსახველ ფოტოს. სამომავლოდ რაღაც ნაწყვეტებსაც დავყრი, ალბათ…

სამუშაო პროცესი