რაგბი იპოდრომზე, შაბათს


მოგესალმებით ჩემო ინტერნეტ მეგობრებო.

აგერ უკვე რახანია ვუყურებ ჩემს ღიპს და იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მისი მოყვანილობითა და სისრულით არ ვტკბები, ერთი აზრი მიტრიალებს თავში – რა იქნებოდა, ამ ღიპის ადგილზე რომ კუბიკები მქონდეს? არ მინდა ვთქვა, რომ თქვენც ასე ხართ, მაგრამ  ზედმეტი სპორტული აქტივობა არავის აწყენს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ სავარჯიშო  დარბაზებში არ ვირბენთ არაფერი დაშავდება, მაგრამ ისეთი მშვენიერი და ლამაზი სპორტი, როგორიცაა რაგბი, ზუსტად შესაფერისი იქნება ლუდითა და არყით გაჟღენთილი ორგანიზმებისთვის. ასე რომ ამ შაბათს (ანუ პოსტის დაწერიდან ზეგ) გეპატიჟებით თბილისი ძველ იპოდრომზე, არა იმაზე, რომელიც ლისის ტბაზეა, არამედ იმაზე, რომელიც საბურთალოზეა და გთავაზობთ მინი-რაგბის თამაშით ტკბობას.

თამაში იქნება აბსოლუტურად არაპროფესიონალური და მისი ძირითადი მიზანი იქნება გართობა, ცოტაოდენი ცხიმების დაწვა და სურვილის შემთხვევაში, თამაშის მერე ამ ცხიმების უკანვე მიღება, ლუდისა და მასთან მომყოლი ნივთიერებების სახით. შეკრება იგეგმება შაბათს, 3 დეკემბერს, დღის სამ საათზე, იპოდრომის შესასვლელთან.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ მოვლენის ივენთი ფეისბუქზე. გელოდებით შაბათს, 3 საათზე, იპოდრომის შესასვლელთან თამარაშვილის ქუჩის მხრიდან, ან თუ დაგაგვიანდებათ – იპოდრომის უკიდეგანო მინდვრებზე.

ეს კი თავად იპოდრომი და მასზე გამართული მსგავსი ღონისძიება 2007 წელს. სურათზე მარჯვნიდან მესამე მე ვარ…

ლუდი


ლუდი – ქერის ყველაზე ჭკვიანური გამოყენება.

დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც სისხლის მაგივრად ტყვია გისხია უკვე ძარღვებში, როცა ხელები გიკანკალებს და თვალებში გიბნელდება დაღლილობისა და უაზრობისგან, თავში ერთი უაზრო გუგუნი გესმის მარტო, რომელიც ტვინის ყველა უჯრედში აღწევს და დამბლამდე მიყავხარ. ამ დროს გრძნობ, რომ უნდა გაიქცე, თავს უშველო, გამორთო გარე სამყარო და გაითიშო. გამოსავალი კი თითქოს არ ჩანს, რასაც სიგიჟემდე მიყავხარ. სამუშაოს დამთავრებამდე დარჩენილი წუთები საათებად იქცევა, სამუშაო მასალა კი თანდათან ბევრდება და თავზე გეყრება.

ამ დროს გრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – მარტომ ან მეგობართან ერთად უნდა შეიარო მაღაზიაში, აიღო რამოდენიმე ერთეული ბოთლი ლუდი, ახვიდე სახლში (საკუთარში ან მეგობრის), ჩართო ტელევიზორი, იპოვო კარგი სპორტული არხი, რომელიც რაგბის თუ არა ფეხბურთს მაინც აჩვენებს, ჩაჯდე დივანში და ლუდში გაიხსნა.

სიამოვნებით მივმართავდი ახლა ამ მკურნალობას, იმიტომ რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სინდრომი მჭირს.

რაგბის ნაკრების არაოფიციალური მხარდამჭერი კლუბი


2008, 23 თებერვალი. პორტუგალია-საქართველო. ევროპის ერთა თასი

ალბათ გაიგებდით, რომ 20 მარტს რუსეთის ნაკრებს ვეთამაშებით რაგბს და თამაში ტრაბზონშია. ეს ჩვენს საშინაო თამაშად ითვლება, ისევე როგორც უკრაინაში, მარიუპოლში გამართული თამაში ჩაეთვალა რუსეთს საშინაოდ. მარიუპოლში ბევრი ქართველი გულშემატკივარი ვერ წავიდა, გამომდინარე იქედან, რომ 300-500$ ჯდებოდა ეს ტური. ტრაბზონში ჩასვლა კი გაცილებით იაფია და გამომდინარე აქედან ბილეთები უკვე ძალიან ძნელი საშოვია ამ თამაშზე.

ახლა კი შევხედოთ მედლის მეორე მხარეს. რუსეთთან თამაშზე ყოველთვის გაცილებით მეტი ხალხი მიდის, ვიდრე სხვა, ზოგჯერ უფრო პრინციპულ და გადამწყვეტ თამაშებზე. ეს ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მერე ეს ხალხი თავს საქართველოს ნაკრების ფანს უწოდებს და თამაშებზე სიარულით კი თავს არ იწუხებს, ცოტა არ იყოს და გაბრაზებას იწვევს. ფანობა და გულშემატკივრობა ხომ არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი გუნდის წინააღმდეგ იყოს.

ამიტომ გადავწყვიტე და ფეისბუქზე გავაკეთე ჯგუფი – ”მე მაშინაც მიყვარს ჩვენები, როცა რუსეთს არ ვეთამაშებით” (შემოგვიერთდი). ჯგუფის მიზანი და იდეა სათაურშივე ჩანს. ფაქტიურად, თუ ყველაფერი სწორად წავიდა და ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ათასს მიაღწია (რისი იმედიც მაქვს, რადგან გუშინდელს მერე უკვე 208 წევრია ჯგუფში და რაოდენობა იზრდება), ჩვენ შეიძლება გავხდეთ რაღაც არაოფიციალური და რაც მთავარია არაპოლიტიზებული და არაგაპაპსებული მხარდამჭერი კლუბი, რომელიც ხელოვნურად შეკოწიწებულ ფანკლუბებზე უკეთესი იქნება.

ასე რომ მოდით, შემოუერთდით ამ ჯგუფს (თუ იდეას ეთანხმებით, რაღა თქმა უნდა). ერთად ჩვენ ძალა ვართ.

ჯგუფი ”მე მაშინაც მიყვარს ჩვენები, როცა რუსეთს არ ვეთამაშებით” – მოდი!

პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ხვალ 2 საათზე საკმაოდ პრინციპული თამაშია ესპანეთთან.

საქართველო-გერმანია


მე ვარ ამაყი, რომ ეს ბილეთი მაქვს. მართალია ამის გარდა კიდევ ძველი თამაშებიც შენახული მაქვს, მაგრამ ეს გასაკუთრებულია. საქართველო (77) – გერმანია (3). კიდევ უფრო კარგი იქნება 20 მარტის ბილეთსაც რომ შევმატებ კოლექციას, ტრაბზონის სტადიონიდან, სადაც რუსეთს უნდა ვეთამაშოთ. ასე…

ვარჯიშ, ვარჯიშ…


დაახლოებით ”ჯამპ, ჯამპ”-ის ტონალობით.

გუშინ ფრიად უცნაური დღე იყო, განა იმიტომ იყო უცნაური, რომ პივები ვისხით თავზე და ავოიე-ები ვიძახეთ მერე, უცნაური იყო იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მერე რომ გადავყირავდი საწოლში და გათიშვა დავაპირე, ვიღაცამ დამირეკა (აღარ მახსოვს ვინ იყო, მაშინვე დამავიწყდა) და მითხრა – ხვალ თერთმეტ საათზე ვარჯიშია და მოდიო. მართალი რომ ვთქვა არ ველოდი ამ ზარს, მაგრამ სთალო ფრიათნო.

ზნაჩიტ ვუბრუნდები სპორტულ ფორმას, რომელიც მამენტ არც მქონია. ერთი ცხადია – ამ ერთ თვეში შემაშფოთებლად წამოზრდილ ღიპს ჩამოვიგდებ ისევ. ახლა კი წავედი, თორემ დამაგვიანდება.

Yo
Yo

წინ, გამარჯვებისკენ!


მოგესალმები სამყაროს მოცუცქნული ნაწილის კიდევ უფრო მოცუცქნული ქვეყნის მოსახლეობავ, ეროვნების, აღმსარებლობის და სხვა სისულელეებისგან დამოუკიდებლად. მინდა სიამაყით გამცნოთ, რომ აგერ უკვე ექვსი დღეა, რაც ჩემი პირიდან ბოლი არ გამოსულა და შესაბამისად არც ჩასულა.

სამაგიეროდ ოფლი კი საკმაოდ გამდის ეს დღეებია, ვინაიდან და რადგან გემახსოვრებათ, ალბათ, რომ რაგბიზე შევედი ამ კვირის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები ერთი შეხედვით არაა რთული და დამღლელი, ჩემი ფიზიკურ აქტივობას გადაჩვეული ორგანიზმისთვის ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი რამაა. თუმცა მე არ მეცოდება ჩემი თავი,  პირიქით, მეტის ღირსიცაა, უნდა დაყაროს მთელი ბიჩოკები და ღიპის მსგავსი ელემენტები, რითაც გამეტენა მთელი ორგანიზმი. არამგონია, რომ ამ სურათზე გამოსახული რაგბისტების დონეზე მივიდე, მაგრამ მე ხომ მიხარია, რაც მთავარია :)

ახლა გამოვზუმოთ ერთი პუნქტით და მთლიანად გადავხედოთ ამ კვირას. თვალში მაშინვე სამი ისეთი მოვლენა გვეცემა, რომელთა თანხვედრაც აუცილებლად თუ არა 90%-ით მაინც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. ამ სამიდან ორი თქვენ უკვე იცით – სიგარეტს თავი დავანებე და რაგბიზე შევედი, მესამე კი იმდენად ტრაკიგულია ჩემთვის, რომ ამ მომენტამდე ვერ ვუმხელდი ჩემს თავსაც კიდე – უმუშევარი დავრჩი. აი ასე, მარტივად და ხელის ერთი მოსმით.

ანუ ჩემი სამომავლო გეგმები ასეთი უნდა იყოს:

  • ახალი და უკეთესი სამუშაოს ძებნა
  • უსიგარეტოდ ცხოვრების გაგრძელება
  • კუნთების დაყენება და ზოგადად ვარჯიში
  • იმ ფაქტთან შეგუება, რომ იმ ინტენსივობით ვეღარც დავლევ

ეს პუნქტები, ვფიქრობ საკმარისია იმისთვის, რომ ”ახალი ცხოვრება”დაერქვას ამ ყველაფერს. ასე რომ Fully refreshed და წინ, გამარჯვებისკენ!