13:12


ეს დაწერილია 13 წუთსა და 12 წამში, ზუსტად ამდენი ხანი გრძელდება ის მუსიკა, რაც ამ ყველაფერს ფონად ადევს: Necrophorus – Partial melt

ბინდში ვარ ჩაძირული, ბლანტ და თბილ სიბნელეში, მხოლოდ ხმები მესმის, ოღონდ ვერ ვხვდები საიდან. ტანში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ და არ ვცდილობ თვალი გავახილო. არ ვიცი რას დავინახავ… ხმებმა მოწესრიგებული ხასიათი მიიღო და ერთიან მუსიკად შეიკრა. თვალები გავახილე…

მრგვალ კაბინაში გამეფებულ სიბნელეს მხოლოდ ნახევრად დახურული ილუმინატორიდან შემოსული სინათლის ვიწრო ზოლი არღვევს. კაბელს მოვქაჩე და ილუმინატორთან მივცურდი. ხელსაწყოების ზუზუნი და ცუდად მიხურული კარის ჭრიალი ერთ მთლიან ფონს ქმნის და ამას ემატება უწონადობის შეგრძნება. ჰაერი ოზონის სუნითაა გაჯერებული. ღრმად ჩავისუნთქე და ილუმინატორის საფარი გავაღე.

მზის მკაცრი დისკო დამცავი საფარველის მიღმა რბილად და სასიამოვნოდ ანათებს, შემიძლია შევხედო და ვუყურო ისე, რომ თვალი არ მომჭრას. მაგრამ მზის ყურება არ მინდა და ქვემოთ ვიყურები იქ, სადაც ასე ნაცნობი და თბილი დედამიწა ჩანს, ნახევრად განათებული ცალი მხრიდან, მიყურებს და მეფერება თავისი მოცისფრო ნათებით. რაოდენ მშობლიური და ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის, რამდენი კარგი რაღაც არის მასთან დაკავშირებული და რა დასანანია, რომ ასე ცოტა დროა დარჩენილი…

მკვეთრი მოძრაობით ვწყდები ილუმინატორს და მოპირდაპირე კედლისკენ მივცურავ, სადაც ტყავის კედლიდან ოთხი წითელი ციფრი მიყურებს და მამცნობს იმ დროს, რაც დარჩენილია ბოლომდე, დასასრულამდე – 04:33… ოთხი წუთი და ჩემს ქვემოთ გადაშლილი მოცისფრო დისკო ცეცხლით შეიმოსება, სიწითლემდე გავარვარდება და არარაობად იქცევა. და მე დავრჩები მარტო, სრულიად მარტო, მშობლიური პლანეტის ნამსხვრევების თავზე.

ხომალდი ნელა ტრიალებს. მზე გაქრა მრგვალი ჭრილიდან და ახლა მთელს ცას მხოლოდ ცისფერი დისკო ფარავს, რომელსაც უკვე შესამჩნევი სისწრაფით უახლოვდება ის, თეთრი და ცივი სიკვდილი, რომელსაც უკან გიჟური სისწრაფით მიყვებიან თავისივე გამოტყორცნილი გაზები, მზეზე ირეკლებიან და ბრწყინავენ ცისარტყელის ფერებში. რა ლამაზია და ამავე დროს რა საშიში.

გონს სამართავ პულტზე დაჯახებამ მომიყვანა და მეც მოვწყვიტე როგორც იქნა თვალი ილუმინატორს. ქვემოთ ალბათ უკვე პანიკაც აღარაა, ხალხი მუხლებზე დამხობილი ასცქერის ცას, საიდანაც მათ სიკვდილი უახლოვდებათ. და რა საოცარია, ნეტავ მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვარ თუ ისინი? სულ რაღაც… ორ წუთში ხომ მე აბსოლუტურად მარტო დავრჩები, უკანასკნელი ადამიანი მთელს სამყაროში. ციფრები სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.. თვალებს ვხუჭავ და სამართავ პულტს ორივე ხელით ვეჭიდები. შემდეგ ასევე თვალდახუჭული ვპოულობ მთავარ ბერკეტს და ჩემსკენ ვექაჩები.

მესმის როგორ ასისინდა ხომალდის უკან ძრავები, ცისფერი დისკო ამოძრავდა და წინა ილუმინატორისკენ გადაინაცვლა. ის უკვე ცა აღარაა, ჩემს ქვემოთ მოექცა. გვერდით ვხედავ, როგორ მიექანება ჩემთან ერთად ქვემოთ კლდის უზარმაზარი ნაჭერი, თანდათან ცეცხლი ედება. ვერ უნდა ჩამასწროს! არ მინდა ჰაერში სიკვდილი. ბერკეტს ბოლომდე ვწევ, სავარძელს ვპოულობ და აკანკალებული ხელით ვებმები ზედ. მოვდივარ, დედამიწავ, მოვდივარ!

Advertisements

Cosmic Suicide


Soundtrack: Juno reactor – solaris [პილლედ პოსტ]

ჰაერში ვტივტივებ შავ ფონზე, რომელიც ვიღაცას ნემსით დაუხვრეტია და ახლა სინათლე შემოდის საიდანღაც, თეთრ და წვრილ წერტილებად.  თუმცა იმ რაღაცას, რაშიც მე ვტივტივებ, ჰაერი არ ქვია, ეს მე ვარ ჰაერის ბუშტში ჩაკეტილი და სრულ სიცარიელეში ვტივტივებ ბაწარზე გამობმული. ბაწარი დიდ, შავ მასასთან მაკავშირებს, რომელთანაც მე უკვე აღარაფერი კავშირი არ მაქვს და აღარც მინდა მქონდეს. ჩვენი ექსპედიციის დასაწყისში მანდ ვცხოვრობდით კიდეც, დაკვირვებებს ვაწარმოებდით, მაგრამ ახლა ის უფორმო და ჟანგიან მასას წარმოადგენს, რომელიც თავისი გათვლილი ტრაექტორიის მიხედვით მიდის და ჯერ კიდევ არ გადაუხვევია,  და ჩვენც, გადარჩენილებს თან დაგვათრევს.

ექსპედიცია ექვსი წლის წინ დაიწყო და  ჩვენც, 5 კაცი ამოგვიყვანა იუპიტერის ორბიტაზე და აგერ უკვე უსასრულოდ დავდივართ მის გარშემო, მისია ცხადია ჩაიშალა, დამჟანგავის ბალონები გასკდა და მთელი ხომალდი დახვრეტილია ჟანგიანი ნახვრეტებით. უკანა, სამატორო ფლანგი საერთოდ მოძვრა აფეთქებაზე და შევრჩით საცხოვრებელი განყოფილებების ამარა. ჩვენი ორბიტაც აირია, მართალია ისევ იუპირეტს ვუფრენთ გარშემო, მაგრამ სხვანაირად,  ხან ლამისაა მის ძრუბლებში გავყოთ თავი და ხან ძლივს ვხედავთ. რადიოკავშირი დაახლოებით სამი კვირაა აღვადგინეთ დედამიწასთან და გავიგეთ, რომ ჩვენს პირორებში, ნავიგაციის არარსებობის გამო გვრჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – ჩვენო სადგური-ხომალდი კიდევ იტრიალებდა ასე 20 წელი, სანამ არ ჩავარდებოდა ქვემოთ, ხოდა უახლოეს 6 წელიწადში დაგეგმილი იყო სამაშველო ექსპედიციის გამოგზავნა. შემოთავაზება იყო ერთი – როგორმე გაძელით და მოვალთ ალბათ.

აგერ უკვე მესამე დღეა (ჩემი საათის მიხედვით) იუპიტერის თავზე ვტივტივებ ჩემს მოთეთრო და დალაქავებულ სკაფანდრში და ვცდილობ ის მჟავა მოვიშორო, რომელიც კბილებშორის მაქვს ამოდებული. მაგრამ მჟავა მითრევს და უწონადობის გრძნობას ამძაფრებს. მარტოობა შემომაწვა… Continue reading “Cosmic Suicide”

იმედების სასაფლაო


ეძღვება მას, ერთადერთს, ვისი ნახტომიც ჩემთვის ასეთი რთული აღმოჩნდა.

ავაღწიე სახურავამდე როგორც იქნა, წკაპაწკუპის მიხედვით მივხვდი, რომ აქვე იყო. ასაძრომის ხუფს წიხლი ავარტყი პატარა ნახვრეტში წვიმა ჩამოიჭრა. ზემოთ ავძვერი და თავსახური თავის ადგილზე დავახურე. ნისლია გარშემო საშინელი, სახურავის ნაპირს ვერ ვხედავ და ამ სქელ და წებოვან ნისლში წვიმის წვეთები ნემსებივით ერჭობა. არც ელვა, არც გრუხუნი, მკვდარი წვიმაა, ჩემი ცხოვრებასავით მკვდარი, მდორედ მოდის, მაგრამ ყველაფერს ასველებს, აფუჭებს, ჟანგავს, გადის ტანსაცმელში, გადის სულში. გულზე ხელი რომ მომიჭირო, წყალი გამივა მაქედანაც წურწულით. მარტო მივიწევ წინ, ნახევრადბნელ სითეთრეში და ისიც თანდათან ვარდისფერი ხდება, მერე ნარინჯისფერი, თანდათან მატულობს მისი სინათლე. მე უკვე მზეს ვხედავ, მის კონტურებს ვარჩევ, ამოდის, ამოდის რომ შემხვდეს და წვიმამაც გადაიღოს, ნისლიც გაიფანტოს, მე მივდივარ მისკენ სიხარულითდა უცებ ვჩერდები. ჩემს წინ უფრსკრულია.

დიდი უფსკრული უნდა ჩანდეს, ძალიან დიდ უფსკრული, რადგან მასში ჩავარდნილი ბევრი მინახავს და ამომძრვრალი ჯერ არავინ, ბევრი გულანთებული  ჭაბუკი ამოსულა აქ, დაუმტვრევია თავის ბოლო იმედი და შემდეგ თავადაც გადაშვებული ქვემოთ, გამოუცნობისკენ. სადღაც მანდ ხომ სიცოცხლეა, ნისლი იფანტება და ხალხი დადი, მანქანები მიმოდია იქეთ-აქეთ, მაგრამ რამდენად შორია ეს ყველაფერი შენთვის, როგორი მიზერული ფასი აქვს ამ ყველაფერს შენთვის… ჩემთვის ამ შემთხვევაში. დაბინდული თვალებით ქვემოთ ვიყურები, ვცდინობ გავიგო, რას მიმალავს ნისლი, მაგრამ ის ჯიუტია, არ მაჩვენებს, ხელს მკრავს და ამავე დროს გულში მიკრავს, თითქოს მიბიძგებს, რომ გავყვე სადაღც იქ, ქვემოთ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იბადებიან, იზრდებიან, თავისნაირებს ბადებენ და ბოლოს კვდებიან, თავისივე მსგავსების ტირილ-ღრიალის შემდეგ. ნეტავ თვითმკვლელებს თუ ტირიან? თუ წყინთ მათი დასვენება და გამგზავრება ჩრდილების ქვეყანაში? ქარმა წამომიბერა და ხელი მკრა ქვემოთ. ბლანტი და ალერსიანი ნისლი გაქრა და ჩემს ქვემოთ დავინახე ქალაქი, ინდუსტრია, ცოცხალი ადამიანები და ცოცხალი პრობლემები. ჩემი თავიც დავინახე მანდ, მაგრამ ვერ გავარჩიე რას აკეთებდა, აპათიური თვალებით ამომხედა და დიდხანს აკვირდებოდა ჩემს ვარდნას, სანამ სანაგვე ტერმინალის უკან არ მოვეფარე თვალს და იქ რკინაბეტონის ნაგავში ჩავენარცხე.

…ვგდივარ ნაგვის გროვაში, არმატურის ნაჭერი მთელი სხეულის გავლით ნიკაპთან მაქვს ამოყოფილი და მიღიმის… აღარ მინდა… დააბრუნეთ ყველაფერი უკან. მტევანში გადამტვრეული ხელი ჩავჭიდე  ამ არმატურას, ამოძრობა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, მყესები დაწყვეტილი მქონდა. დამაბრუნეთ უკან, აღარ მინდა აქ ვეგდო. თვალების წინ უკვე ფერადი ბურთულები დარბიან, სისხლისგან ვიცლები და გონებას ვკარგავ, ორიოდე წუთი დამრჩა ალბათ. დამაბრუნეთ უკან და აჩვენეთ ჩემი ნაფლეთები ყველას, დაე იცოდნენ, და ნახონ. მე არ მინდა რომ აქ ასე ვეგდო.  ”და კი მაგრამ იქაც ასე არ ეგდე, სანამ გადმოხტებოდი?” ჩამსისინა ყურში ვიღაცამ, ”პატარა არმატურა გქონდა გულთან გარჭობილი და ნელ-ნელა იცლებოდი სისხლისგან და სიცოცხლისგან, სამაგიეროდ ვენაში თაფლი შეგდის კაპელნიცით. ასეთ ცხოვრებაზე ყველა ოცნებობს” -სისინა ხმის ავტორმა სისინითვე გაიცინა და სიცილს ხველა მოაყოლა. ”მაგრამ კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა.” – არმატურის ნაჭერი უხეშად ამომგლიჯა და ნახევარ შიგნეულთან ერთად გადამტვრეულ ხელში ჩამიდო. ”ესენი მიიწეპე, დასპირტე და გამოხვალ.”

იგივე დრო, იგივე ადგილი. ადგილი, სადაც ადრე ბაღი იყო აშენებული, ახლა გარე სამყაროსგან ერთი ჭრიალა თავსახურით არის მოწყვეტილი, ნისლითაა დაბურული და ჟანგს მიაქვს იქაურობა. არ მეშინია მე ამ ადგილის, არაფრის აღარ მეშინია, ისევ მივდივარ უფრსკრულთან, მაგრამ ამჯერა იქ სინათლე აღარ არის, მხოლოდ ერთი თეთრებში ჩაცმული ქალი დგას ქვემოთ და მიღიმის, მოდი, მოდი, ქენი ეს ყველაფერი, გადმოხტი და დამივიწყე რომ აქ ვდვაგარ. მე ფრთხილ ნაბიჯს ვდგამ უსასრულობაში და უფსკრული მიწოვს.

შენობას ბევრი სართული და სართულს კიდევ ბევრი ფანჯაქა აქვს. კინოს აჩვენებენ, ყველა სართულზე და ფანჯარაში ერთი და იგივე კინოს, თუმცა მე ვერ ვეწევი ყველა კადრს, მაგრამ მაინც ვხედავ რა ხდება ფილმში. ეს ფილმი ნანახი მაქვს ერთხელ და მერე ბევრჯერ გამოტირებულიც მაქვს მისი სიუჟეტი. ძალიან უცნაური და ახლობელი სიუჟეტი აქვს, თუმცა ჰო, ეს ხომ ჩემზეა ეს ფილმი. აგერ, ალკოჰოლურ ჩაობში ჩავეფალი, მანამდე ქალები იყო, ბევრი და სწრაფადცვლადი, ჭაობის დროსაცაა, თუმცა აქ მათი სახეები უფრო გადღაბნილია, მხოლოდ ზოგიერთების სახე იკითხება. მგონი კინოს უკუღმა ატრიალებენ, ან უბრალოდ მე მივფრინავ თავდაყირა, ფაქტია, რომ ჭაობი არის. გინდ აქედან შედი, გინდ იქედან, ის მაინც არის, მედება ფეხებზე ბოთლის თავსახურებით, ვიღაცეების ხელები დაცურავენ შიგნით, რომელც ხან მეხვევიან და იქვე მოყოლილი წაშლილი სახეებით მლოშნიან, ხან ტალახს მასხამენ ზედ, ალბათ იციან, რომ ნახვრეტში ჩამივა და გული გამიტალახიანდება. უცებ ჭაობი ქრება და ისევ ისე თეთრიანი ქალი. მემშვიდობება, გულნატკენი ჩანს ალბათ ეგეც, კარგად ვერ ვარჩევ. შემდეგ ანუ დროით წინა კადრებში ჩვენ ვართ ორივე, მაგრამ სახეში ტალახის და ჭუჭყის ტალღა მხვდება და ვეღარაფერს ვხედავ. ფილმიც სულ შხეფებშია და ძლივსღა ჩანს რა ხდება იქ. ალბათ წაიშლება… თუმცა სადღაც მაგის სარეზერვო ვარიანტიც მქონდა, გამოვიყენებ მერე… გავიხსენებ… მიწა წარმოუდგენელი ძალით ამომასკდა ზედ და შხეფებად დამცალა. მორჩა… აღარ ვარ…

Got high


როგორც იქნა მოვწყდი მიწას და ვლივლივებ ჰაერში, მივაღწიე ატმოსფეროს ზედა საზღვარს, მაგრამ აქ ჰაერი ცოტაა ვიგუდები… ვიფუშები, ვებრძვი უჰაერობას, ვხროტინებ და თან მსიამოვნებს, რომ მე ამსიმაღლეზე ვარ და ადამიანები ჭიანჭველებივით მოჩანან ქვემოთ, პატარა სათამაშოები…

სულისხუთვა მავიწყდება და ბავშვივით მიხარია, რომ ქვემოთ მყოფებს შემიძლია თავზე დავაფურთხო ზემოდან. მე ვიფურთხები, ვიგინები, ტანსაცმელს ვიფხრეწ და თავზე ვაყრი, როდესაც ტანსაცმელი მითავდება ტანს ვიფხაჭნი და რაც მძვრება, სისხლიანი ხორცის ნაჭრები, იმასაც ქვემოთ ვუშვებ. მე ის აღარ მჭირდება, რაც უფრო მსუბუქი ვიქნები, მით უფრო ადვილად ავფრინდები ზემოთ. არ მჭირდება მე ძუძუ, არ მჭირდება მე გულმკერდი, არც თიკმელი არ მჭირდება, არც ხორცი არ მჭირდება ფეხებზე… წაიღეთ, წაიღეთ…

ცივი და უცხო ჰაერი სჭვალავს ჩემს ნახევრადდაფლეთილ ფილტვებს, რომლებიც ყოველ შესუნთქვაზე სასაცილოდ იბერებიან და იფუშებიან, იბერებიან და იფუშებიან… არც ფილტვები არ მინდა, არაფრად არ მჭირდება ფილტვები მე აქ. მე ვხვდები, რომ ღმერთთან ძალიან ახლოს ვარ და ცოტაღა მაკლია მის მისაღწევად, ამიტომ ფილტვებსაც ქვემოთ მოძრავ ჭიანჭველებს ვაყრი თავზე და… ვჩერდები… აღარ მივფრინავ არც ზემოთ და არც ქვემოთ, უბრალოდ ვლივლივებ, ჩონჩხად და ზედ ხორცის სისხლიანი ნაფლეთები მკიდია. რა კარგია აქ, ნეტავი სულ აქ ვიყო, ვერ ვგრძნობდე ვერც მიწას, ვერც ცას, ვერც ხელს, ვერც ფეხს, არ მქონდეს არაფერი რაც შემაწუხებდა… უტკივილოდ კარგია… და მე უცებ დავინახე… ღმერთი დავინახე… ის ზუსტად ჩემნაირად იყო, სასაცილოდ შემოფლეთილი და სახეზე ღვთიური ნეტარება ეწერა. ეს ხომ მე ვარ? მე ღმერთი ვყოფილვარ! მე ვარ ღმერთი! ღმერთი ვარ მე!!!

მიწა საოცარი სისწრაფით მიხლოვდება… ვგრძნობ როგორ ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე ჩამიხუტოს, ადამიანები აღარ არიან ჭიანჭველების ხელები, სწრაფად იზრდებიან და თავები ზემოთ აქვთ მოქცეული, ჩემს ვარდნას უყურებენ, ჩემსავე ნაწილებს ჯიჯგნიან და წაშლილ თვალებში პირუტყვული ინტერესი უკრთით. მიწა კი… მას არანაირი ინტერესი არ უკრთის თვალებში, ის უბრალოდ მელის, ხელებგაშლილი მელის, რომ ჩავეხუტო. ბოლო წამს გავიგე მსუბუქი წამოკივლება და ირგვლივ დაბნელდა.

მე კიდევ ერთხელ მოვკვდი.

თვითმკვლელობა


თავი მოვიკალი.

გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული მქონდა, მაგრამ ცალკე შიშმა და ცალკე არ ვიცი რამ ხელი შემიშალა. მაგრამ ახლა ისე დაემთხვა გარემოებები, რომ სახლში როგორც იქნა მარტო დავრჩი და თან სამზარეულოშიც ცოტაოდენი არაყი ვიპოვე ერთი ბოთლის ძირში, მეორეში კი რაღაც უცნაური ფერის მქონე ლიქიორი. გამოვწრუპე ორივე და ნაუშნიკები ვითხარე ყურებში. რაღაც უცნაური დუდუკები ჟღერდა და თვალები ამიწყლიანდა. გადამირბინეს თვალწინ ძველმა დროებმა, ვიღაცის სახეებმა… საზიზღარი და გულისამრევი გრძნობა დამეუფლა. ვერ მივხვდი რა გრძნობა იყო, მაგრამ იმდენად საშინელი და გულისამრევი იყო, რომ ნაუშნიკები მოვიგლიჯე და გვერდზე დავყარე. და მივხვდი-ჩემი თავი მეცოდებოდა, გულისამრევად და საზიზღრად მეცოდებოდა. და ამ მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი…

აბაზანა თითქმის სავსეა, დინამიკები ბოლომდე მაქვს აწეული, ნა ვსე სტო და სიმღერა ლუპზე მაქვს გაშვებული. მეთოდი სტანდარტულია-ბრიტვა და ცხელი წყალი. კომბინაცია არ ვიცი, მაგრამ გუმანით ვხვდები-გადაიხსნი და ჩაწვები. დანარჩნი თავისით მოხდება.

სასიამოვნოდ თბილა. ბრიტვიან ხელს დავხედე და შევატყვე, როგორ მიკანკალებდა. ფუ… მეშინია ესე იგი. არადა ამბობენ საშიში არ არისო. რა სისულელეა, კვდები და საშიში არ არის? ჯანდაბას… გადაწყვეტილება მიღებულია… ბრიტვა ოდნავ შემეხო და ამუშავდა გადარჩენის ინსტიქტი. მესამე ცდაზე გაუბედავი ჭრილობა მივიღე… ამეწვა… მაგრამ შეუხედავად მივხვდი, რომ კანი მქონდა ოდნავ გაჭრილი მხოლოდ. დახედვა ვერ გავბედე, ბავშვობიდან მქონდა სისხლის პანიკური შიში. სამამდე უნდა დავითვალო და ბოლო მოვუღო ამას. სიმღერა თავიდან დაიწყო… დუდუკი… ბრიტვას გვერდულად ვიხახუნებ და მუსიკას ვუსმენ. აი შევა და გადავისვამ… ჩემ ჯინაზე დუდუკის სოლო უსასრულოდ გაიჭიმა, აღარ დაადგა საშველი. რიტმში ვიგლასუნებ ბრიტვას და ვგრძნობ როგორ მიკანკალებს თითოეული ნერვი. ხელი გავაჩერე, მარჯვენა ხელი მაგრად ჩავჭიდე რკინის პატარა ნაგლეჯს და ველოდები. ეგაა!

როგორც იქნა გავბედე და ხელი მაღლა ავწიე. კბილები ამიკაწკაწდა და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მიუხედავად იმისა, რომ თბილ წყალში ვიყავი, ფეხებში ყინული ვიგრძენი. წყალი ჯერ ალისფერი იყო, მაგრამ ნელ-ნელა მუქდებოდა. მე გამახსენდა ამასწინათ ესეთივე შემთხვევის მომსწრე რომ გავხდი, როდესაც არასწორად გადაჭრილმა ვენამ სისხლი შეაჩერა, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ბრიტვა ხელის სიგრძეზე დავისვი…

…მთელი სხეულით მაკანკალებს, კბილს კბილზე მაცემინებს და ვიკრუნჩხები. ტვინი გამალებული აზროვნებს, ცდილობს გადარჩეს ნებისმიერ ფასად, აკანკალებული ხელები სახეზე ავიფარე, წარმოუდგენელი შიში დამეუფლა, არ უნდა მოვკვდე, არ უნდა მოვკვდე, არ უნდა მოვკვდე!!! არადა ხელის მტევნები დამიბუჟდა უკვე და ვგრძნობ როგორ ამოცოცდა სიცივე ზემოთ, კუჭზე გადაიარა და კისრისკენ მოიწევს. კანკალი ერთ მთლიან კრუნჩხვად გადაიქცა… მე ვცდილობ მარჯვენა ხელი დავიმორჩილო, მაგრამ ის ჩემზე ძლიერ ძალას-თვითგადარჩენის მექანიზმს ემორჩილება. მხოლოდ ისღა მოვახერხე, რომ ხელი აკანკალებულ კბილებს შორის ჩავიდე და ვუკბიჩე მთელი ძალით. ტკივილმა წამით გამომაფხიზლა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მარცხენა მაჯა ჩამებღუჯა…

…ხელი ისევ ისეთია, როგორც იყო მანამდე. და მე სიცილი ამივარდა, ნერვიული სიცილი, კანკალნარევი სიცილი, მე მიხაროდა, რომ გადავრჩი და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემივე დაწერილი სცენა აღმოჩნდა, რომელიც მონიტორიდან დამცინავად მიყურებდა როგორ ვკანკალებდი და ვცდილობდი გადარჩენას.

ამ ყველაფრის მერე ერთი ვიცი, რომ მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ერთხელ უკვე მოვკვდი და მეყოფა.

ეს კი სიმღერა, რომელსაც ვუსმენდი, ალხან სამედოვის რაღაც.
მეშინია მე უკვე მაგ სიმღერის.